რუსები ევროპაში - სავიზო გადასახადის გაზრდა, აკრძალვის ნაცვლად?

30-31 აგვისტოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რომლებიც პრაღაში იკრიბებიან, უნდა გადაწყვიტონ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის რეჟიმის ცვლილების საკითხი. სავარაუდოდ, მინისტრები შეჯერდებიან შენგენის ვიზების გაცემის გამარტივებული რეჟიმის შეჩერებაზე, რომელიც რუსეთისთვის 2007 წლიდან მოქმედებს. საუბარია ვიზების საფასურის გაძვირებასა (35 ევროდან 80 ევრომდე) და განაცხადის დამუშავების მაქსიმალური ვადის გაზრდაზე. სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების შეჩერების წინადადება ჩეხეთის რესპუბლიკამ წამოაყენა, როგორც კომპრომისული ვარიანტი. ბალტიის ქვეყნები რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის სრულად შეწყვეტას მოითხოვენ, რასაც დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა და ევროკომისიის ზოგიერთი წარმომადგენელი ეწინააღმდეგება.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა რადიო თავისუფლებისათვის 29 აგვისტოს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები პრაღაში უახლოეს დღეებში გამართულ შეხვედრაზე დაამტკიცებენ ზომებს, რომლებიც მიზნად ისახავს რუსეთის მოქალაქეების ევროკავშირში ვიზიტების შემდგომ შეზღუდვას. ამასთან, ბორელის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქმე მივიდეს სრულ აკრძალვაზე.

ჟოზეპ ბორელი

ბორელის თქმით, შეიძლება ვისაუბროთ ვიზების გაცემის მოქმედი წესების ერთგვარ „მოდიფიკაციაზე“. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უწყების ხელმძღვანელმა, კერძოდ, თქვა, რომ სავიზო განაცხადების განხილვისას მეტი ყურადღება უნდა მიექცეს განმცხადებლის ვინაობას.

"ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ უფრო შერჩევით და არ აიკრძალოს შესვლა ყველა რუსისთვის", - თქვა ბორელმა და გაიხსენა, რომ დაახლოებით 300 000-მა ადამიანმა დატოვა რუსეთი უკრაინაში ომის დაწყების პირველივე პერიოდში.

"მათგან უმეტესობა პროფესიონალი, კარგად განათლებული ხალხია, რომლებსაც აღარ სურთ რუსეთში დარჩენა. მათ არ სურთ ფრონტზე წასვლა და არ უჭერენ მხარს ომს. მათ არ სურთ ცხოვრება პუტინის რეჟიმის ქვეშ და ისინი მიდიან. ვფიქრობ, რომ მათ კარი არ უნდა დავუკეტოთ“, - თქვა ბორელმა, რომელმაც დააზუსტა, რომ გულისხმოს რუსეთის მოქალაქეების ისეთი კატეგორიებს, როგორებიცაა სტუდენტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

როგორ დაიწყო ვიზების ამბავი

რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის პოლიტიკა მწვავედ გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯერ The Washington Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, შემდეგ კი, 12 აგვისტოს, თავის ტელეგრამარხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

„არ შეიძლება განადგურდეს ევროპის იდეა, ჩვენი საერთო-ევროპული ფასეულობები, არ შეიძლება ევროპა იქცეს სუპერმარკეტად, სადაც არ აქვს მნიშვნელობა, ვინ შედის, სადაც მთავარია საქონლის საფასურის გადახდა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც მადლობა გადაუხადა ჩეხეთს, პოლონეთს, ლიეტუვას, ლატვიას, ესტონეთსა და ფინეთს იმისათვის, რომ „ვიზების საკითხი“ ევროკავშირში ოფიციალური განხილვის საგნად აქციეს.

„უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან 22 აგვისტოს ჩათვლით, თითქმის 1 მილიონი რუსი შევიდა ევროკავშირში“, იტყობინება გერმანული საინფორმაციო სააგენტო dpa, რომელსაც ინფორმაცია ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს Frontex-ის წარმომადგენელმა მიაწოდა. Frontex-ის ბოლო მონაცემებითვე, ომის დაწყებიდან ევროკავშირს შეაფარა თავი 7,7 მილიონმა უკრაინის მოქალაქემ, რომელთაგან 4,7 მილიონი მალევე უკან, უკრაინაში დაბრუნდა.

ევროკავშირის წევრმა და რუსეთთან მოსაზღვრე ქვეყნებმა, პრაღის არაოფიციალურ მინისტერიალამდე ერთი კვირით ადრე, განაცხადეს, რომ აუკრძალავენ რუს ტურისტებს თავიანთი ქვეყნების ტერიტორიებზე შესვლას, თუ ევროკავშირი არ მიიღებს ერთიან გადაწყვეტილებას შეზღუდვების შესახებ. ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთისა და ფინეთის გეგმები გამოაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა:

„ველაპარაკე ყველა ამ ქვეყნის მინისტრებს... ვერ ვხედავ დიდ პოლიტიკურ განსხვავებებს. რუსი ტურისტები ევროკავშირში არ უნდა იყვნენ მაშინ, როცა მათი ქვეყანა სჩადის გენოციდს (უკრაინაში)“.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი

ევროკავშირის წევრი ამ ქვეყნების პოზიციას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ის ფაქტი, რომ რუსეთსა და ევროკავშირს შორის საჰაერო მიმოსვლის შეჩერების შემდეგ რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირში ძირითადად სახმელეთო საზღვრების გადაკვეთით ხვდებიან.

ამასთან, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ შეზღუდვა უნდა გავრცელდეს მხოლოდ ე.წ. ტურისტებზე და არავითარ შემთხვევაში - პუტინის რეჟიმის მიერ დევნილ დისიდენტებზე. ასეთივე პოზიცია აქვს ვოლოდიმერ ზელენსკისაც, რომლის თქმითაც, ისინი, ვინც ომს ეწინააღმდეგებიან და პუტინის რეჟიმს ებრძვიან, ევროპამ პოლიტიკური დაცვის მექანიზმებით უნდა მიიღოს.

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმაც განაცხადა, რომ სრულად იზიარებს უკრაინის პრეზიდენტის პოზიციას რუსეთის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გამკაცრებასთან დაკავშირებით.

„რუსეთის მოქალაქეებს ომი არ დაუწყიათ, მაგრამ, ამავდროულად, ნათლად უნდა გვესმოდეს, რომ ისინი მხარს უჭერენ ომს... არ მიმაჩნია სწორად, რომ რუსეთის მოქალაქეები თავისუფლად მოგზაურობენ ევროკავშირში, შენგენის ზონაში და ათვალიერებენ ღირსშესანიშნაობებს იმ დროს, როცა რუსეთი უკრაინაში ხალხს ხოცავს“, - განაცხადა სანა მარინმა 15 აგვისტოს, ოსლოში გამართულ სკანდინავიის ხუთი ქვეყნის მთავრობათა სამიტზე.

ვოლოდიმირ ზელენსკი და სანა მარინი

საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ი ვარაუდობდა, რომ გერმანია და საფრანგეთი პრაღის არაფორმალურ მინისტერიალზე შეთანხმებული პოზიციით გამოვიდოდნენ და შეეცდებოდნენ კოლეგების დარწმუნებას რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის გაგრძელების აუცილებლობაში, რომლებიც არ არიან დაკავშირებული პუტინის რეჟიმთან. ბერლინმა და პარიზმა არაერთხელ მოუწოდეს კოლეგებს, სათანადოდ დააფასონ „დემოკრატიული სისტემების მქონე ქვეყნებში ცხოვრების გამოცდილების ტრანსფორმაციული ძალა“.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ამბობს, რომ ომის მოწინააღმდეგე რუსებს უნდა შეეძლოთ თავიანთი ქვეყნიდან გასვლა.

„გადაწყვეტილებამ, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, არ უნდა გაურთულოს მათ დიქტატორისგან თავის დაღწევის, თავისუფლების მოპოვებისა და ქვეყნის დატოვების პროცესი. ეს არ არის რუსი ხალხის ომი, ეს პუტინის ომია“, - განაცხადა კანცლერმა შოლცმა.

ოლაფ შოლცი

მსგავსი პოზიცია აქვს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელსაც, რომელმაც პრაღის არაოფიციალურ მინისტერიალამდე რამდენიმე დღით ადრე ავსტრიულ ტელერადიოკომპანია ORF-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა:

„ჩემი აზრით, ნებისმიერი მიზეზით ყველა რუსისთვის სრული აკრძალვის დაწესება ყველაზე კარგი იდეა არ არის. არ მგონია, რომ რუსეთის სამოქალაქო მოსახლეობასთან ურთიერთობის გაწყვეტა რამეს უშველის. არ მგონია, რომ ამ იდეას [ევროკავშირში] ერთსულოვანი მხარდაჭერა ექნება“.

ე.წ. კოლექტიური პასუხისმგებლობის წინააღმდეგია იუსი ლასილაც, ფინეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, რომლის თქმითაც, კოლექტიური დანაშაულის იდეა მიუღებელია იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაციაში ოპოზიცია ჩახშობილია და პროტესტის რეალური შესაძლებლობა არ არსებობს. იმედს, რომ საზღვრის ჩაკეტვა რუსეთში უკმაყოფილებას გაზრდის და მოსახლეობას ვლადიმირ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ განაწყობს, ლასილამ გულუბრყვილო უწოდა, რადგან, მისი თქმით, რუსების აბსოლუტური უმრავლესობა საზღვარგარეთ არ ისვენებს და, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება მათზე გავლენას ვერ მოახდენს.

ცნობილმა რუსმა პუბლიცისტმა, პუტინის რეჟიმის მიერ დევნილმა ვიქტორ შენდეროვიჩმაც ჟურნალ „ნასტოიაშჩაია როსიაში“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც, კოლექტიური დანაშაულის კრიტიკის კონტექსტში, გამოთქვა აზრი, რომ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგაც, მორალის თვალსაზრისით, ადამიანები არ იყოფიან რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეებად, რომ არც ენა, არც ადამიანის მოქალაქეობა და არც მისი საცხოვრებელი ადგილი არ აქცევს მას არც უკეთესად და არც უარესად.

ვიკტორ შენდეროვიჩი

„მოქალაქეობა და საცხოვრებელი ადგილი ადამიანს მძევლად ან გარკვეული დრამატული (ზოგჯერ ტრაგიკული) გარემოებების მსხვერპლად აქცევს. მორალური გამყოფი ხაზი არ გადის მოსკოველ უფლებადამცველ ალექსეი გორინოვსა (7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაგმობის გამო) და იმ ხარკოველ კაცს შორის, რომელიც ლოცულობს მოკლული შვილის ცხედართან. გამყოფი ხაზი გადის მათსა და იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც ხარკოველი ბიჭი სასიკვდილოდ გაწირეს, ხოლო გორინოვი გაუშვეს ციხეში ომის შესახებ ნათქვამი სიმართლის გამო. მორალური წყალგამყოფი გადის არა უკრაინელებსა და რუსებს შორის (და არა ევროპელებსა და რუსებს შორის), არამედ მათ შორის, ვინც ცდილობდა დაპირისპირებოდა პუტინს და მათ, ვინც ეხმარებოდა პუტინს რუსეთის გახრწნასა და მსოფლიოს ხელში ჩაგდებაში“, - წერს ვიქტორ შენდეროვიჩი.

რუსეთში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები, რომლებიც ჯერ კიდევ სამხედრო ცენზურის შემოღებამდე ჩატარდა, ადასტურებს ომის მასობრივ მხარდაჭერას:

  • 26-28 თებერვლის არასახელმწიფო სოციოლოგიური კვლევების ჯგუფის Russian Field-ის კვლევით, ომის მხარდაჭერის მაჩვენებელი 59% იყო.
  • რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დამოუკიდებელი გამოკითხვებით კი - 71%.
  • საზოგადოებრივი აზრის კვლევის სახელმწიფო ორგანიზაციის ВЦИОМ-ის 5 მარტით დათარიღებული გამოკითხვების მიხევდვით, გამოკითხულთა 71% მხარს უჭერდა უკრაინაში შეჭრას.
  • ლევადა-ცენტრის 24-30 მარტის მონაცემებით, გამოკითხულთა 83% იწონებდა ვლადიმირ პუტინის საქმიანობას პრეზიდენტის თანამდებობაზე.

„შენგენის ზონის ქვეყნებში რუსეთის მოქალაქეების შესვლის შეზღუდვა - აუცილებლობა თუ რუსების დაუსაბუთებელი შევიწროება?“ - ამ კითხვას წაღმა-უკუღმა ატრიალებს რუსეთის პროპაგანდისტული მედია, რომელსაც რუსოფობიის მაგალითად მოჰყავს ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის ინიციატივა, შეჩერდეს ან შეიზღუდოს რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თქმით, „ეს არის ნაცისტური პოლიტიკის კიდევ ერთი ნათელი გამოვლინება, როდესაც რუსოფობია აქტიურად ვრცელდება ევროპული ტრიბუნებიდან“.

სერგეი შოიგუ

რუსეთის მთავრობა განსაკუთრებით აღშფოთებულია ესტონეთის მთავრობით, რომლის გადაწყვეტილებითაც, 18 აგვისტოდან აღარ მოქმედებს რუსეთის მოქალაქეებზე გაცემული შენგენის ტურისტული ვიზები. ესტონეთში შესვლა ნებადართულია მხოლოდ:

  • დიპლომატიური მისიების წევრებისა და მათი ოჯახებისთვის
  • ესტონეთის მოქალაქეების ახლო ნათესავებისა და მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირებისათვის
  • ვინც მუშაობს საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვის სფეროში (ესტონეთში უძრავი ქონება არ გახდა გამონაკლისის დაშვების მიზეზი)

რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემაზე შეზღუდვებს მხარს უჭერს ფინეთის ხელისუფლებაც. სრული აკრძალვა არ გამოუცხადებიათ, მაგრამ განაცხადეს, რომ ათჯერ ნაკლებ განაცხადს მიიღებდნენ 2022 წლის სექტემბრიდან.

ჩეხეთს რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზა 2022 წლის ივლისიდან არ გაუცია. აკრძალვა ერთი წლითაა შემოღებული. იმავეს აკეთებს დანია მაისის თვიდან, თუმცა მორატორიუმის ვადები ოფიციალურად არ გამოუცხადებია.

პოლონეთმა რუსეთის მოქალაქეებზე შენგენის ვიზების გაცემა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისთანავე შეაჩერა.

მთლიანობაში, „შენგენის ხელშეკრულებაში“ 26 ქვეყანაა, მათგან 22 ევროკავშირის წევრია. ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, ფინეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა მკაფიოდ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია - მხარს უჭერენ შეზღუდვას. შეზღუდვების წინააღმდეგი არიან გერმანია, საფრანგეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, კვიპროსი.

რუსული პასპორტები...

31 აგვისტოს (პრაღის მინისტერიალის დასრულების) შემდეგ ცნობილი გახდება, ოფიციალურად რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, მინისტრები შეჯერდებიან შენგენის ვიზების გაცემის გამარტივებული რეჟიმის შეჩერებაზე, რომელიც რუსეთისთვის 2007 წლიდან მოქმედებს. საუბარია ვიზების საფასურის გაძვირებასა (35 ევროდან 80 ევრომდე) და განაცხადის დამუშავების მაქსიმალური ვადის გაზრდაზე.

არ არის გამორიცხული, ესტონეთმა, როგორც ამაზე მინისტერიალის დაწყებამდე იყო საუბარი, პარტნიორებს მაინც შესთავაზოს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტში შეიტანონ ტურისტული ვიზების გაცემის აკრძალვის საკითხი, თუმცა რაზეც უნდა შეთანხმდნენ მინისტრები, გადაწყვეტილების ძალაში შესვლას გარკვეული დრო დასჭირდება, რადგან საჭირო იქნება ევროკავშირის ქვეყნებსა და შენგენის ხელშეკრულების ქვეყნებს შორის კოოპერირება - შენგენში ევროკავშირის ყველა ქვეყანა არ შედის, ისევე როგორც შენგენის ყველა ქვეყანა არ შედის ევროკავშირში.