მარტში რამდენიმე საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა სკანდალური ცნობა ჩერეპოვეცკისა და ბელოზერსკის ეპისკოპოსის, ფლავიანის, პეტერბურგის ბინაში ნაპოვნი ნარკოლაბორატორიის შესახებ.
რუსეთის პატრიარქმა კირილმა ფლავიანი სასწრაფოდ ჩამოაშორა ეპარქიას და შორეულ პავლო-ობნორსკის მონასტერში განაწესა.
ეპისკოპოსი ფლავიანი რადიო თავისუფლებას დაუკავშირდა ლონდონიდან, სადაც მან გაქცევა მოახერხა მორიგი ჩხრეკის ჩატარების შემდეგ.
იგი ამტკიცებს, რომ ნარკოტიკებთან არავითარი კავშირი არ აქვს და რუსეთის სპეცსამსახურების მსხვერპლი გახდა იმის გამო, რომ უარი თქვა ეფესბესთან თანამშრომლობაზე. ეს არის რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის (რმე) მაღალი რანგის მღვდელმთავრის დევნის პირველი შემთხვევა.
რას ვერ აპატიებს ეპისკოპოსი საკუთარ თავს
ეპისკოპოსი ფლავიანი, ერისკაცობაში მაქსიმ მიტროფანოვი, სარატოვში დაიბადა, სადაც მომავალი მღვდელმთავარი, ბებიის წყალობით, 13 წლის ასაკიდან ეზიარებოდა საეკლესიო ცხოვრებას.
1997 წელს მან დაამთავრა სარატოვის სასულიერო სემინარია, მიიღო მღვდლის ხარისხი და იმავე სემინარიაში ჯერ ასწავლიდა, შემდეგ კი სასწავლო დარგის პრორექტორადაც აირჩიეს.
მომავალი ეპისკოპოსი პარალელურად ღვთისმსახურებას ეწეოდა სამარის საკათედრო ტაძარში, საიდანაც ფლავიანი ღვთისმსახურების გასაგრძელებლად 2007 წელს ლონდონის საკათედრო ტაძარში გაგზავნეს. მღვდელმა ფლავიანმა 2009 წელს ლონდონშივე შეიძინა ბინა, შემდეგ კი ბრიტანეთის მოქალაქეობაც მიიღო.
ბინის საყიდი ფული, 200 000 ფუნტი სტერლინგი, როგორც ფლავიანი ამბობს, მას მამამ მისცა, 1990-იან წლებში რუსეთიდან ემიგრირებულმა სწავლულმა-ფიზიკოსმა.
2014 წელს ფლავიანს ეპისკოპოსობა შესთავაზეს.
„ჩემს მეგობარს, იმხანად ვოლოგოდსკის ეპისკოპოს იგნატის (დეპუტატოვს), სასწრაფოდ ესაჭიროებოდა მიტროპოლიტად გახდომა“, - უთხრა ფლავიანმა რადიო თავისუფლებას. – „ეს შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ პირობით, თუ მის ეპარქიაში სხვა ეპარქია შეიქმნებოდა და სხვა ეპისკოპოსი დაინიშნებოდა. მე მოსკოვის აკადემია მაქვს დამთავრებული ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით, ვარ ისტორიკოსი, ისტორიის მასწავლებელი...
[პატრიარქ] კირილს უყვარს უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები, ხოლო მან [იგნატიმ] ვერავინ მოძებნა და მე მიმიწვია“, - აცხადებს ფლავიანი და დასძენს, რომ იგი საკუთარ თავს ვერ აპატიებს, რომ ასეთი სისულელე ჩაიდინა და „წყნარი ლონდონიდან ვოლოგდაში გაემგზავრა“.
იმ დროიდან ვოლოგდის ეპარქიის ტერიტორიაზე შეიქმნა სამი ეპარქია, რომელთაგან ერთ-ერთის, ჩერეპოვეცკის ეპარქიის, ეპისკოპოსად დაინიშნა ფლავიანი. მას თავად რუსეთის პატრიარქმა დაასხა ხელი ქრისტე მაცხოვრის ტაძარში, ხოლო იგნატი დაინიშნა ვოლოგდის მიტროპოლიტად (ამჟამად იგი სარატოვისა და ვოლოგდის მიტროპოლიტია.)
შემოსავალი ჩვენი არსობისა
ნებისმიერი ეპარქიის წინაშე მდგარი ერთ-ერთი ამოცანაა საეკლესიო მოღვაწეობით მიღებული შემოსავლის ზრდა.
„მე ჩავიბარე ეპარქია, სადაც არ იყო არც ერთი მონასტერი, მრევლის რაოდენობა ორ ათეულს შეადგენდა, მღვდელიც ამდენივე იყო. ხუთი წლის შემდეგ აქ უკვე იყო სამი მოქმედი მონასტერი, გვყავდა 30 მღვდელ-მონაზონი, აქტიურად ხდებოდა მონასტრების აღდგენა. 20-დან 100-მდე გაიზარდა მრევლის რაოდენობა, მღვდლებისა -75-მდე“, - ჩამოთვლის თავის დამსახურებას ფლავიანი.
მაგრამ, როგორც ირკვევა, პატრიარქმა კირილმა ფლავიანს მალე პოლიტიკური ხასიათის ამოცანა დაუსახა. იგი გახდა სირიულ-იაკობიტურ (სირიის მართლმადიდებელ) ეკლესიასთან დიალოგის ორმხრივი კომისიის თანათავმჯდომარე და 2018 წელს ლიბანსა და სირიაში იმოგზაურა საეკლესიო დელეგაციასთან ერთად.
აქ კი სულიერი კონტაქტი ჩამოყალიბდა - მას ვუჩვენებდი სამყაროს, ვატარებდი ევროპაში, ჩამოვიყვანე ლონდონში, მეხმარებოდ აქ ნივთების გადატანაში...ეპისკოპოსი ფლავიანი
ოფიციალურად დელეგაციამ რეგიონში ჩაიტანა ჰუმანიტარული ტვირთი, არაოფიციალურად კი ფული ჩაუტანია ანტიოქიის პატრიარქ იგნატი მე-4-ისთვის, რათა მას მოსკოვის მხარე დაეჭირა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ავტოკეფალიის თაობაზე წამოჭრილ დავაში.
თუმცა, საბოლოო ჯამში, როგორც ცნობილია, მოსკოვმა ეს ბრძოლა წააგო.
ამასობაში ეპისკოპოს ფლავიანის შრომა უხვად ჯილდოვდებოდა: მხოლოდ ოფიციალური საეკლესიო ანაზღაურება თვეში მილიონ-ნახევარ რუბლამდე გაეზარდა, რაც, მისი თქმით, რმე-ის ეპისკოპოსისთვის ნორმალურ შემოსავლად ითვლება.
თანხა მრევლის მიერ გროვდება შემოწირულების სახით ან საეკლესიო ნივთების - სანთლების, ხატების, სხვადასხვა ნაკეთობისა და სასულიერო ლიტერატურის - გაყიდვის გზით, რაც თავისუფალია გადასახადისგან. თავად სასულიერო პირები არ იხდიან საშემოსავლო გადასახადს და სოციალურ ანარიცხებს. ასე რომ, მილიონ-ნახევარი რუბლის შემოსავალი უშუალოდ ეპისკოპოსის ბარათზე ირიცხება. მაგრამ არავინ იცის, თუ რა თანხა დევს კონვერტებში, რომლებსაც ეპისკოპოსებს მრევლის შეძლებული წევრები პირადად აძლევენ ხელში.
„პრეზიდენტი“ ეფესბედან, ანუ კაენი ესკორტში
როგორც თავად ჰყვება, ფლავიანმა 2017 წელს პეტერბურგში გაიცნო ვინმე კაენ მონტანელი. დაბადების დროს ახალგაზრდა კაცმა მიიღო რუსული სახელი და გვარი (რედაქციისათვის ისინი ცნობილია). კარდინალი მონტანელი - ინგლისელი მწერლის, ეტელ ლილიან ვოინიჩის, რომან „კრაზანას“ მთავარი გმირია, ხოლო კაენი - ცნობილი ბიბლიური პერსონაჟი.
როგორც თავად კაენმა უამბო ეპისკოპოს ფლავიანს, ის დაიბადა კურგანელი მღვდლის მრავალშვილიან ოჯახში. ბავშვობაში მას ხშირად სცემდნენ ყველა წვრილმანი დანაშაულისათვის და აიძულებდნენ დაჩოქილს საათობით ელოცა. სკოლის დამთავრების შემდეგ ეს კაენ მონტანელი ეკატერინბურგში წასულა, სადაც უმაღლესი სასწავლებლის გამოცდები ვერ ჩააბარა და იძულებული გახდა ბედი ეცადა პეტერბურგის ეფესბეს ინსტიტუტში. ამბობს, რომ იქაც ხელი მოეცარა არასაკმარისი ფიზიკური მონაცემების გამო, რის შემდეგაც მუშაობა ესკორტში დაიწყო.
ეპისკოპოსი ფლავიანი ამბობს, რომ „ის ამ ბიზნესიდან ამოათრია“, უქირავა ბინა თვეში 40 000 რუბლად და სხვადასხვა სამუშაოს შესრულება დაავალა.
„მე ის შემიყვარდა, გარკვეული სახის სუბლიმაცია მქონდა. თავის დროზე არ მქონდა კარგი ურთიერთობა მამასთან, შვილთანაც ისეთი ურთიერთობა მქონდა... ფულთან დაკავშირებული. აქ კი სულიერი კონტაქტი ჩამოყალიბდა - მას ვუჩვენებდი სამყაროს, ვატარებდი ევროპაში, ჩამოვიყვანე ლონდონში, მეხმარებოდ აქ ნივთების გადატანაში“, - ჰყვება ფლავიანი და „აბსურდულად“ მიიჩნევს შეკითხვას, ჰქონდა თუ არა მას ინტიმური კონტაქტი კაენთან. „ბერს არ აქვს ინტიმური ცხოვრების უფლება“.
ფლავიანი ამბობს, შევამჩნიე, რომ კაენს საიდანღაც ფული გაუჩნდაო. Louis Vuitton-ის ჩანთებით ვვაჭრობ და ფული იქიდან მაქვსო, - პასუხობდა ეპისკოპოსს და მასაც შესთავაზა ეყიდა ორი ცალი ჩანთა საჩუქრად დედისა და დისთვის.
ამ შემოსავლების საიდუმლოს ფარდა ერთი წლის შემდეგ აეხადა.
მე მას ვუთხარი, რომ არ ვითანამშრომლებდი ორგანიზაციასთან, რომელსაც რუსი მღვდლებისა და რუსი ხალხის სისხლში აქვს ხელები გასვრილი...ეპისკოპოსი ფლავიანი
კაენი 2019 წლის დეკემბერში დააკავეს და სხვა ორ ახალგაზრდასთან ერთად ბრალად წაუყენეს ნარკოტიკების წარმოება. როგორც მოგვიანებით ეპისკოპოსმა ფლავიანმა ადვოკატების საშუალებით გაარკვია, გამოძიება მიიჩნევს, რომ ახალგაზრდები ზრდიდნენ და შემდგოში აწარმოებდნენ მარიხუანას. მერე ისინი დაუკავშირდნენ ვინმე „პრეზიდენტს“, რომელმაც უფრო მსხვილი ბიზნესის დაწყება შესთავაზა (ეპისკოპოს ფლავიანის აზრით, ეს „პრეზიდენტი“ ეფესბეს აგენტი იყო).
თანამზრახველებს შეუძენიათ აგარაკი პეტერბურგის ოლქის ერთ-ერთ რაიონში, ხოლო „პრეზიდენტმა“ მათ უყიდა მოწყობილობა, რომლითაც ჯგუფი სინთეტიკურ ნარკოტიკს ამზადებდა.
ზემოხსენებული აგარაკის ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა ტონამდე პრეკურსორი (ფსიქოტროპული საშუალება) ამოიღეს.
თუ ახალგაზრდების დანაშაული დადასტურდა, მათ უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
ეფესბეს ოპერრწმუნებული კრასავინი
პარალელურად ჩხრეკა ჩატარდა ეპისკოპოსის ბინაში. მისგან ამოიღეს პასპორტი, საკრედიტო ბარათები, მობილური მოწყობილობა და 570 000 რუბლის ოდენობის თანხა. ფლავიანი დაკითხეს, ნარკოტიკულ საშუალებაზე შეამოწმეს, მაგრამ ვერაფერი აღმოუჩინეს და გაათავისუფლეს.
რადიო თავისუფლების რედაქციას მოეპოვება ჩხრეკის ოქმი და ასევე პეტერბურგის ადვოკატთა კოლეგიის, „იუსტუმის“, მიმართვა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი საეკლესიო სასამართლოსადმი, რომელშიც ამტკიცებენ, რომ მაქსიმ მიტროფანოვიჩის (ეპისკოპოს ფლავიანის) ბიოლოგიურ მასალებში არ აღმოჩენილა არავითარი ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მასალების კვალი.
ფლავიანი ჰყვება, რომ ჩხრეკის დროს მასთან კონტაქტში შესვლას ცდილობდა ეფესბეს ოპერრწმუნებული კრასავინი მ. კ. (სახელი ფიგურირებს ზემოხსენებულ ოქმში). მას სურდა გაეგო, თუ ვისთან ჰქონდა ლონდონში კავშირი ფლავიანს და დამუქრებია, რომ 2007 წლიდან დამუშავებაში ჰყავთ და მასზე ყველაფერი იციან.
„მე მას ვუთხარი, რომ არ ვითანამშრომლებდი ორგანიზაციასთან, რომელსაც რუსი მღვდლებისა და რუსი ხალხის სისხლში აქვს ხელები გასვრილი“, - ამბობს ფლავიანი.
პასუხად ეფესბეს ლეიტენანტი ეპისკოპოსს დამუქრებია, რომ ანანებდა ამ გადაწყვეტილებას.
მეორე კაცი რუსეთის საპატრიარქოში
ამ საქმეზე 2020 წლის მარტამდე სიჩუმემ დაისადგურა, მაგრამ მოულოდნელად მედიაში გამოჩნდა ცნობა იმის შესახებ, რომ ზემოხსენებული ნარკოლაბორატორია ლამის ეპისკოპოს ფლავიანის სახლში აღმოუჩენიათ.
ეპისკოპოსი მოსკოვში ჩავიდა მიტროპოლიტ დიონისესთან (ვოსკრესენსკი) შესახვედრად, მიტროპოლიტთან, რომელიც, როგორც მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი, რმე-ში ლამის მეორე კაცად ითვლება.
„დიონისემ მითხრა: რატომ თქვით თანამშრომლობაზე უარი? რად გინდოდათ ეს უსიამოვნება? ყველანი თანმშრომლობენ. ადექით ახლა და დაწერეთ განცხადება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლების თაობაზე. მეც დავწერე“, - ეუბნება ფლავიანი რადიო თავისუფლებას.
მითხრეს: შეაგროვე კბილის ჯაგრისი, საოჯახო თეთრეული, უნდა დაგაპატიმროთო. არაფერსაც არ შევაგროვებ! თუ დამაპატიმრებთ, შიმშილობას გამოვაცხადებ და შიმშილით მოვკვდები-მეთქი, მივუგე...ეპისკოპოსი ფლავიანი
ამის შემდეგ იგი განაწესეს ვოლოგდიდან 70 კილომეტრით დაშორებულ ნახევრად დანგრეულ პავლო-ობნორსკის მონასტერში, სადაც არ იყო არც წყალგაყვანილობა და არც კანალიზაცია, არავითარი პირობა.
ეპისკოპოსი რამდენიმე დღის შემდეგ დაბრუნდა პეტერბურგში.
მიტროპოლიტმა დიონისემ უარი თქვა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუზე და რმე-ის მედიასთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილებისკენ გადაგვამისამართა.
რამდენიმე თვის განმავლობაში ეპისკოპოს ფლავიანისათვის არავის დაურღვევია სიმყუდროვე, ვიდრე 2 დეკემბრის დილის 5 საათზე მის სახლში კვლავ არ შეიჭრა ეფესბეს ოპერატიული ჯგუფი, იმავე ლეიტენანტ კრასავინის ხელმძღვანელობით.
ფლავიანი და მასთან სტუმრად მყოფი მისი მეგობარი იატაკზე დააწვინეს. ამასთან, იხმარეს ძალა - ახალგაზრდა კაცს შუბლი გაუსისხლიანეს, ხოლო ეპისკოპოსი დაალილავეს. ჩხრეკა დღის პირველ საათამდე გაგრძელდა.
პირზე წაყენება ეფესბეს „დიდ სახლში“
ეპისკოპოს ფლავიანს კვლავ ჩამოართვეს პასპორტი, საკრედიტო ბარათი და ტელეფონი და გადაიყვანეს ეფესბეს სანკტ-პეტერბურგის განყოფილებაში, ე.წ. ლიტეინზე მდებარე „დიდ სახლში“.
„მითხრეს: შეაგროვე კბილის ჯაგრისი, საოჯახო თეთრეული, უნდა დაგაპატიმროთო. არაფერსაც არ შევაგროვებ! თუ დამაპატიმრებთ, შიმშილობას გამოვაცხადებ და შიმშილით მოვკვდები-მეთქი, მივუგე“, - ამბობს ეპისკოპოსი ფლავიანი.
„დიდ სახლში“ ფლავიანი საღამოს 9 საათამდე აყურყუტეს და ამის შემდეგ პირზე წააყენეს ზემოხსენებული კაენის ერთ-ერთ თანამზრახველთან. ამ მოწმეს უამბია აბსურდული ისტორია, თუ რა ვითარებაში გაიცნო პირველად მაქსიმ ვალერის ძე მიტროფანოვი (ეპისკოპოსი ფლავიანი) და რა ვითარებაში გადასცა სასულიერო პირმა მას 500 000 რუბლი ნარკოლაბორატორიის შესაძენად.
„მეორე შეხვედრის დროს რესტორან „მოსკოვში“, სადაც ჩვენ არაფერი არ შეგვიკვეთია, მიტროფანოვმა მოიტანა 500 000 რუბლი. მე ფული მაგიდის ქვეშ გადავითვალე. მან ფული გადმომცა ნარკოლაბორატორიის შესაძენად“, - უთქვამს კაენის თანამზრახველს ეფესბეს გამომძიებლისთვის.
ეპისკოპოსი აცხადებს, რომ ყოველივე ეს სრული სიცრუეა.
საგულისხმოა ისიც, რომ გამოძიების პროცესში არსებულ დანაშაულს ერთი წლის განმავლობაში ახალ-ახალი ეპიზოდები დაემატა.
თუ 2019 წლის დეკემბრის ჩხრეკის ოქმში ნარკოტიკების წარმოებასა და გასაღებაზეა ლაპარაკი, 2020 წელს ამას დაემატა ფულადი სახსრების დატაცება და შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზებაც კი.
„მე ისე გავიგე, რომ იგი [მიტროპოლიტი] შეუთანხმდა ეფესბეს, რომ მე გამოძიებას დაველოდებოდი არა საგამოძიებო იზოლატორში, არამედ მონასტერში...ეპისკოპოსი ფლავიანი
ეპისკოპოს ფლავიანის თანახმად, საქმე ეხება მის ერთ-ერთ ხელქვეითს ჩერეპოვეცის ეპარქიიდან, შემჩნეულს ზემოხსენებულ სავარაუდო დანაშაულში (რადიო თავისუფლებამ ამ სისხლის სამართლის საქმეზე ინფორმაცია ვერ მოიპოვა).
ამას გარდა, ჩხრეკის დროს ამოღებულ იქნა კაენის მიერ იზოლატორიდან გამოგზავნილი წერილები: „არავის არ აინტერესებს შენი კავშირი ნარკოტიკებთან. მათ აინტერესებთ შენი საქმიანობა საზღვარგარეთ“, - წერს ახალგაზრდა კაცი ეპისკოპოს ფლავიანს.
მეორე წერილში კაენი წერს, რომ მას „საშინლად ემუქრებიან“.
გარდა ამისა, რადიო თავისუფლების რედაქციას მოეპოვება კაენ მონტანელის ადვოკატის, ნადეჟდა ჟირონოვას, წერილი, გაგზავნილი რმე-ის უმაღლესი საეკლესიო სასამართლოს სახელზე, რომელშიც ადვოკატი იტყობინება, რომ „მისი დაცვის ქვეშ მყოფზე განხორციელდა ზეწოლა მაქსიმ მიტროფანოვის (ეპისკოპოსი ფლავიანი) საკუთრებაში არსებული ქონებისა და საზღვარგარეთის ბანკებში გახსნილი ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით. მისგან ასევე ითხოვდნენ ცნობებს იმის დასადგენად, თუ ვისთან ჰქონდა პირადი ნაცნობობა მიტროფანოვს სხვადასხვა ქვეყნის საეკლესიო წრეებში, გაეროსა და ევროკავშირის თანამშრომლებს შორის ან რუსი ოლიგარქების უახლოეს გარემოცვაში. აღნიშნულ საუბარს ჰქონია არაოფიციალური ხასიათი და მათზე ადვოკატი ჟირონოვა მიწვეული არ ყოფილა, არ უწარმოებიათ პროცესუალური საქმიანობის დროს საჭირო ოქმი“.
ვინაიდან ზემოხსნებულმა კაენ მონტანელიმ უარი თქვა თანამშრომლობაზე, ეფესბეს თანამშრომლები შეეცადნენ ფარულად მოესმინათ ადვოკატისა და მისი დაცვის ქვეშ მყოფის საუბრებისთვის. ამის გამო ჟირონოვამ საჩივარი შეიტანა პროკურატურაში, პეტერბურგის ეფესბეს საგამოძიებო კომიტეტსა და ქალაქის საადვოკატო კოლეგიაში.
თუმცა რადიო თავისუფლებასთან საუბარზე ადვოკატმა ნადეჟდა ჟირონოვამ უარი თქვა.
გაქცევა დიდ ბრიტანეთში
ზემოხსენებულ ეფესბეს „დიდ სახლში“ მოწყობილი პირზე წაყენების შემდეგ ეპისკოპოსი ფლავიანი გაათავისუფლეს, მაგრამ მისთვის არ ჩამოურთმევიათ გაუსვლელობის ხელწერილი. საქმეში იგი დარჩა როგორც მოწმე. მალევე მას დაურეკა მიტროპოლიტმა დიონისემ, რომელმაც გამოიძახა მოსკოვში და შესთავაზა ან პავლო-ობნორსკის მონასტერში განმარტოება, ან მას აყრიდნენ ეპისკოპოსის ღირსებას.
„მე ისე გავიგე, რომ იგი [მიტროპოლიტი] შეუთანხმდა ეფესბეს, რომ მე გამოძიებას დაველოდებოდი არა საგამოძიებო იზოლატორში, არამედ მონასტერში,“ - ამბობს ეპისკოპოსი ფლავიანი.
ერისკაცობაში მაქსიმ მიტროფანოვმა ამაზე მოჩვენებითი თანხმობა განაცხადა, მაგრამ რამდენიმე დღეში რუსეთი დატოვა და სათადარიგო პასპორტებით დიდ ბრიტანეთს შეაფარა თავი.