ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის მოსახლეობამ სარწყავი წყლის მოთხოვნით ცენტრალური მაგისტრალი 4 ივლისს გადაკეტა. რუისელებმა სარწყავი წყლის მოთხოვნით აქცია ჯერ სოფლის ცენტრში გამართეს, ხოლო მოგვიანებით - ცენტრალური მაგისტრალისკენ გადაინაცვლეს და ავტომობილების მოძრაობა რამდენიმე წუთით შეაფერხეს.
საპატრულო პოლიციის მოთხოვნის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა გზა გახსნეს. რუისელების თქმით, უკვე ორი კვირაა, სარწყავი წყალი არ მიეწოდებათ და მოსავალი უხმებათ.
ადგილზე ჩავიდნენ მელიორაციის სამსახურის წარმომადგენლები და ქარელის საკრებულოს წევრები. მოსახლეობა მათ უყურადღებობაში ადანაშაულებს. მელიორაციის სამსახურის წარმომადგენლები რუისელებს გრაფიკის დაცვას სთხოვენ. ტაშისკარის მაგისტრალური არხიდან სოფელს წყალი გრაფიკით, მხოლოდ ღამის საათებში მიეწოდება.
მელიორაციის სამსახურის წარმომადგენლის თქმით, საღამოს რვა საათზე წყლის მაგისტრალზე ფარები იკეტება და სოფელ რუისს სარწყავი წყლით სარგებლობა 22:00 საათიდან დილამდე შეუძლია. მოსახლეობა აცხადებს, რომ ამ გრაფიკით წყალი ყველას არ ყოფნის და ბოლო ორი კვირაა - ხალხს წყალი აღარც ღამის საათებში მიეწოდება.