„სად ხარ, აბა?“
„დე, სად დგახარ?“
„არ კითხულობ, რას გწერ?“
„რატო გაქვს გათიშული ტელეფონი, არ იჭერს?“
„მა, მგონი, დაშლას იწყებენ, წამოდი რა“
„გამოერიდე რა, არ გესმის, რომ გწერ?“
„მესმის“, - მხოლოდ ერთი სიტყვა.
„კაი“, - ყველაზე სასხვათაშორისო თანხმობა.
ბოლოს ნებდები, ხვდები, რომ მაინც არ დაგიჯერებს და ინსტრუქციების მიცემაზე გადადიხარ:
„ხალხში ღრმად არ დადგე. კიდეზე იდექი, რომ გაქცევა მოასწრო. ჩიტაძისკენ არ წახვიდე? ხო იცი, ჩიტაძე რომელია, სკოლის გვერდით არა, მეორე მხარეს, თავისუფლების მოედნისკენ, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისა და პარლამენტს შორის, მიხვდი ხო?“, პასუხი - „კი. ვიცი. კაი“, -
აი, იცი, როგორი პასუხია? იმას გწერს, რისი მოსმენაც გინდა. შენც ხვდები, მაგრამ გულს იმშვიდებ.
ბოლო კვირებში, ათასობით დედა-შვილის, მამა-შვილის (და სხვებისაც) სატელეფონო მიმოწერა ინახავს მსგავს გზავნილებს. მშობლები, რომლებიც შვილებთან ერთად ვერ დგანან ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ გამართულ, უკვე პერმანენტულად ქცეულ აქციებზე, ასე, ან ტელეფონით, ან ონლაინ ცდილობენ მათთან კომუნიკაციას, რათა დარწმუნდნენ, რომ უსაფრთხოდ არიან.
ვინც შვილებთან ერთად დგას, შედარებით მშვიდად არიან:
„ჩვენ გამოცდილები ვართ, 80-იანი წლებიდან აქციებზე ვდგავართ. 17 წლის გოგოს არ აქვს ასეთი გამოცდილება. დაშლა რომ იწყება, მე ვიფარებ ხოლმე ზურგს უკან“, - მეუბნება გოჩა ოქრომჭედლიშვილი. ის აქციებზე შვილებთან ერთად დადის.
შვილების გვერდით უნდა დგომა 49 წლის დედასაც. მის სახელს განგებ არ ვწერთ. ვიდეოინტერვიუზეც არ გვთანხმდება. მიუხედავად იმისა, რომ მხარს უჭერს შვილებს და იმ ხალხს, ვინც სამ კვირაზე მეტია მმართველი პარტიის მიერ ხელმეორედ ინიციირებულ ე.წ. აგენტების კანონს რუსთაველის გამზირზე აპროტესტებს, აქციებზე დგომას ჯერჯერობით ვერ ბედავს:
„მთელი გულით მათთან ვარ, ჩემს შვილებთან ერთად ვარ, მაგრამ საჯარო უწყებაში ვმუშაობ, მეშინია, რომ სერიოზული პრობლემები შემექმნება. იმედია, რომ ამ შიშის ეტაპსაც გადავლახავ, მაგრამ ახლა სხვა პასუხისმგებლობები მაქვს და იძულებული ვარ, ხმამაღლა, სხვების დასანახად არ გამოვხატო ჩემი პროტესტი. ამის გამო, ჩემი შიშის გამოც ძალიან ვბრაზობ, მაგრამ“...
ეს ქალი არ არის ერთადერთი, რომელთა შვილებიც აქციებზე დადიან, რომლებიც შვილებს მხარს უჭერენ, მათზე ნერვიულობენ, მაგრამ დაახლოებით ამ მიზეზის გამო ინტერვიუზე უარს ამბობენ.
გიორგი და ია
18 წლის სტუდენტი, გიორგი დუმბაძე, რომელიც ჯერ კიდევ შარშან აპროტესტებდა ე.წ. აგენტების კანონს და მარტის აქციებში აქტიურად იყო ჩართული, რამდენიმე დღის წინ, აქციის დაშლისას, ფაქტობრივად, პირდაპირ ეთერში დააკავეს.
ია გაბაიძე გიორგი დუმბაძის დედაა.
გიორგი პირდაპირ ეთერში მიცემული ინტერვიუდან ორიოდ წუთში დაიჭირეს. წინასწარი დაკავების იზოლატორში გატარებული 48 საათის შემდეგ, ისე გაათავისუფლეს, რომ სასამართლო სხდომა არც დანიშნულა და როგორც უთხრეს, არც დაინიშნება.
შვილის დაკავებას ია გაბაიძემ ასე, პირდაპირ ეთერში უყურა. გიორგი ბათუმელია. მისი ოჯახი, ბათუმში ცხოვრობს.
„ძალიან რთულია, როცა დედა უყურებს როგორ აკავებენ მის შვილს „რობოკოპები“. იმ დღეს, აქცია რომ დაიწყო, ტელევიზორთან ვიჯექი, არხიდან არხზე ვრთავდი, რომ სადმე თვალი მომეკრა. აქციების დროს ტელეფონზე არ მპასუხობს ხოლმე, არ სცალია, ან სიტყვით გამოდის, ან წინა რიგებში დგას. ასე იყო იმ დღესაც. იმ დროს, როდესაც მისი დაკავების კადრები გამოჩნდა ეკრანზე, ვეღარ ვაცნობიერებდი, რას ვაკეთებდი. რომ არა ჩემი უმცროსი შვილი, ალბათ გონს ვერ მოვიდოდი, ისეთ დღეში ჩავვარდი.
სანამ დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ნორმალურად არის და პოლიციის განყოფილებაში გადაჰყავდათ, ძლივს გადავიტანე ის ნახევარი საათი. პირველს მე დამირეკა და მითხრა, დედა, სათვალე გამიტყდა და ახალს ხომ მიყიდიო“, - იხსენებს ია შვილის დაკავების დღეს.
Your browser doesn’t support HTML5
ია გაბაიძის თქმით, აუცილებლად იდგებოდა შვილის გვერდით, თბილისში რომ ცხოვრობდეს: „წინა რიგებში თუ არა, უკანა რიგებში მაინც ვიდგებოდი, რომ რამენაირად დამეცვა“, - იმასაც ამბობს, რომ კარგად ესმის, რისთვის იბრძვის მისი შვილი და მიუხედავად ნერვიულობისა და შიშისა, ამ ბრძოლაში ხელს არ შეუშლის:
„როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, როგორი მომენტიც არ უნდა დაუდგეს, იცის, რომ ყოველთვის მის გვერდით ვარ, ნებისმიერ შემთხვევაში. ეს მღელვარებაც გადაივლის. ჩვენ ვისაუბრეთ და მივხვდი, რომ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს და ახლა ვერ ვთხოვ, ბათუმში დაბრუნდეს. ეს ყოვლად დაუშვებელია. თუკი მის გვერდით ვერ ვარ ფიზიკურად, შევეცდები, სხვანაირად დავუდგე გვერდში, სიტყვით, ესემესით“.
ელენე და კოტე
ელენე თევდორაძე სკოლის მოსწავლეა, 14 წლის. აქციებზე სიარული ჯერ კიდევ შარშან დაიწყო. საკუთარი ხელით დაამზადა პლაკატი და მშობლებს უთხრა: „მზად ვარ, წავედით“.
პლაკატზე კი ეწერა ილია ჭავჭავაძის ფრაზა: „მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა“.
თუკი შარშან ელენე მშობლებთან ერთად დადიოდა აქციებზე, ახლა ისაა „გამწევი ძალა“:
„წელს, რა თქმა უნდა, გულით და სულით მის გვერდით ვართ, მაგრამ ახლა უკვე ელენე მიგვითითებს. სწორედ მისი მითითებით გავდივართ აქციაზე. ორჯერ გაგვეპარა. დაჟინებით არა, მაგრამ საფრთხის გამო, გვითხოვია კიდეც, იქნებ არ წახვიდე, მაგრამ მას იქ უნდა. თუ მარტოა, მეგობრებთან ერთად, მასთან სულ კავშირზე ვართ. რამდენჯერმე ვერ მოახერხა წასვლა და ტელევიზიით რომ ადევნებდა თვალს, ძალიან განიცდიდა, მეც იქ უნდა ვიყო ახლაო.
მე ვარ ამაყი, რომ ჩემი შვილი არ იმალება და თავის აზრს ყოველთვის გამოთქვამს. ეს თაობა, რომელიც ახლა იზრდება, არის თამამი და მიზანმიმართული. მათ ძალიან კარგად იციან, რა სურთ“.
Your browser doesn’t support HTML5
ნიკო და ხათუნა
ხათუნა ოქროპირიძე ნიკო ბუთხუზის დედაა. 30 წლის ნიკოს 3 მაისს, გმირთა მოედანზე მიმდინარე აქციაზე, „შავებში ჩაცმულმა“ პირებმა სცემეს. გონება დაკარგა. მას ტვინის შერყევა აქვს და მკურნალობას ახლაც აგრძელებს. იმ ღამეს, გმირთა მოედანზე, ნიკოსთან ერთად „კაცებმა შავებში“ რამდენიმე ადამიანს სცემეს.
ცემის კადრები თვითმხილველებმა გადაიღეს და მალევე გავრცელდა როგორც ტელევიზიებით, ისე სოციალურ ქსელებში.
ხათუნა ოქროპირიძე ამბობს, რომ ღმერთმა გადაარჩინა და ეს კადრები მხოლოდ მაშინ ნახა, როცა ნიკომ სახლის კარი შეაღო:
„სანამ სახლში წამოვიდოდა, მომწერა, დე, მშიერი ვარ, რამე მომიმზადეო. ასე მომაშორა სოციალურ ქსელებს. სანამ სამზარეულოში ვტრიალებდი, ეს კადრები გავრცელდა. ახლობელმა დამირეკა, ნიკა სად არისო, კი გამიკვირდა, რატომ დამირეკა-მეთქი, მაგრამ აღარაფერი უთქვამს. ნიკა რომ შემოვიდა სახლში, სწორედ იმ მომენტში დავინახე ის კადრი, სადაც ჩემი შვილი უგონოდ გდია ასფალტზე. მას მერე, თუკი სადმე გადავაწყდები ამ ვიდეოს, ვცდილობ, რომ არ ვნახო“.
ნიკო პროფესიით სამართალმცოდნეა. ე.წ. აგენტების კანონს მეგობრებთან ერთად ეწინააღმდეგება. მისი პროტესტი შარშან, მარტში, დაკავებით დასრულდა და სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 2000-ლარიანი ჯარიმის გადახდაც დააკისრა:
„შარშან, 3 მარტი, დედის დღე, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან მომილოცა. ბანკიდან გამოიტანა ის 2000 ლარი და გადაიხადა ჯარიმა“, - ამბობს ხათუნა და აგრძელებს:
„მე რომ ახლა ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას მაძლევდეს, რა თქმა უნდა, მეც იქ ვიქნები. ისედაც სულ დავდიოდი აქციებზე და ახლაც იქ ვიდგებოდი. მე ვთვლი, რომ ყველანი იქ უნდა ვიყოთ და პირველ რიგში, ვიწყებ საკუთარი თავით და ჩემი შვილით. მე სხვას ვერ ვეტყვი, რომ გადი და იქ დადექი, თუკი მე სახლში ვიჯდები. პირიქით, ამ ყველაფრის შემდეგ, უფრო გაძლიერდა ხალხის პროტესტის მუხტი“.
თეკო, ნინო და დათო
თეკო ჯანგველაძე ერთი წელია ემიგრაციაშია. იტალიის ერთ-ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობს.
შარშან, მარტის აქციებზე, შვილებთან, ნინოსთან და დათოსთან ერთად იდგა რუსთაველის გამზირზე. დღეს შორიდან გულშემატკივრობს მათ.
"უცნაური გრძნობა მაქვს. შიშის, სიხარულის, სიამაყის. ყველაფრის ნაზავია ერთად. მიუხედავად იმისა, რომ, რა თქმა უნდა, მეშინია ჩემი ორი სიფრიფანა შვილის გამო, როგორ და რა იქნება, რა მოხდება, მშვიდად ვარ, რადგან ისინი იქ არიან და საკუთარ მომავალს საკუთარი ხელით ქმნიან".
ნინოს და დათოს დედა აფხაზეთიდან დევნილია. მისთვის ორმაგად მნიშვნელოვანია პროტესტი, რომელმაც საქართველოში "აგენტების კანონის" წინააღმდეგ იფეთქა:
"ნახევარი გული აფხაზეთში დავკარგე. შარშან მეორე ნახევარი საქართველოში და ჩემს შვილებთან დავტოვე. ახლა ისეთი იმედი გამიჩნდა, რომ ეს ზვავი, რომელიც ახალგაზრდებმა ააგორეს, ისე გადაწმენდს ყველაფერს ცუდს, რომ შესაძლოა, ისეთი საოცარი დროც დადგეს, რომ მე ჩემი სახლი ვიხილო აფხაზეთში და ჩემს მიწას ვემთხვიო პირდაპირი მნიშვნელობით, რაც 30 წელია სანატრელი მაქვს".
Your browser doesn’t support HTML5
ანასტასია და გოჩა
ანასტასია ოქრომჭედლიშვილი 17 წლისაა, აბიტურიენტი, სკოლას წელს ამთავრებს. აქციებზე მამასთან, გოჩასთან ერთად დგას:
„ჩემი თანატოლები, ვისაც ეშინიათ, ფიქრობენ, რომ მშობლები არ გაუშვებენ, მშობლებთან ერთად დადგნენ, მარტოს არც მე მიშვებდნენ, მაგრამ მშობლებთან ერთად ვდგავარ. თუ აქციებზე არ გამოვლენ, ის მაინც ვიცოდეთ ყველამ, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში“, - ამბობს ანასტასია და მეგობრებს, რომლებიც ნაკლებ ინტერესს იჩენენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართ, ცდილობს მაგალითი მისცეს:
„ბევრი მეგობარი მყავს, რომელიც ამბობს, რომ პოლიტიკაში არ ვერთვები, არ ვიცი რა ხდება და სულ ვეჩხუბებოდი ხოლმე, რას ჰქვია, არ იცი, შენი ქვეყანაა, არ უნდა იცოდე, რა ხდება? მოკლედ, მას მერე გადავწყვიტე, რომ მაგალითი უნდა ვაჩვენო, როგორ უნდა იარონ აქციებზე. ახლა ნელ-ნელა მიერთდებიან ისინიც“.
ანასტასიას მამამ, რომელიც ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან დგას აქციებზე, კარგად იცის, რა დროს და როგორ დაიცვას შვილი, რომელსაც ლაპარაკისას თან გული უჩუყდება და თან იმასაც ამბობს, რომ ამაყობს შვილებით:
„გამორიცხულია, ბავშვი მარტო იყოს. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჭკუა უნდა დავარიგო, რა შემთხვევაში როგორ მოიქცეს. მარტო არ იყოს, ვიღაცამ სცემოს იმის გამო, რომ მას თავისი მოსაზრება აქვს და არ ეთანხმება სხვის აზრს? ეს ხომ გამორიცხულია. ამას არ დავუშვებ. შიშის გრძნობა მაქვს ამათ გამო. ასეთ დროს ვცდილობ ხოლმე, რომ ესენი გამოვიყვანო სამშვიდობოს, რომ საფრთხე არ შეექმნათ... მაქვს ამათი იმედი. ამ თაობის იმედი ნამდვილად მაქვს. ძალიან კარგი თაობა იზრდება“.
Your browser doesn’t support HTML5
ანკა და ელენე
ელენე ჯაფარიძე აქციებზე შვილთან, 18 წლის ანკასთან ერთად დგას. ბოლო სამი წელია აქციებზე ერთად დადიან, თუმცა, ბოლო ერთი თვეა, მის სიმშვიდეს შიშიც შეეპარა და ამიტომაა, რომ ცდილობს, კიდევ უფრო ახლოს იყოს შვილთან:
„ერთდროულად მაქვს სიამაყისა და შიშის შეგრძნება. ძალიან დიდი გულშემატკივრობა და ძალიან დიდი შფოთვა. მყიფეა ეს ზღვარი და პერმანენტულად მაქვს კითხვა საკუთარ თავთან, რაიმე არ შემეშალოს. თავის მეგობრებთან ერთად დგას ძირითადად და უბრალოდ არ ვუტოვებ შანსს, რომ მარტო დარჩეს, რადგან ვერც მე ვრჩები სახლში. ამ პროცესს მე ტელევიზიით ვერ ვადევნებ თვალს, შესაბამისად, ჩვენ ერთად, ერთ ქუჩაზე ვდგავართ, მაგრამ სხვადასხვა ადგილას.
როგორც კი სიტუაცია ირევა და გადადის ძალადობრივ ქმედებებში, მეწყება ათმაგი შფოთვა. ვიცი, რომ ძალიან ვაწუხებ ჩემი ზარებით, ესემესებით, თუმცა, იმასაც ვუხსნი, რომ ამას იმიტომ კი არ ვაკეთებ, რომ მას არ ვენდობი, არამედ იმიტომ, რომ მე მჭირდება, რომ არ გავგიჟდე“.
ელენე ამბობს, რომ მისთვის დიდი იმედგაცრუება იქნებოდა, მისი შვილი დღევანდელი პროტესტის მონაწილე რომ არ ყოფილიყო:
„მისი მხრიდან ნიჰილისტური დამოკიდებულებაც კი ჩემთვის გაუგებარი იქნებოდა. საერთოდ არ განვიხილავ იმას, რომ ის მომხრე იქნებოდა რუსეთიზაციის, ამ კანონის, მაგრამ თუნდაც ინდიფერენტული დამოკიდებულებაც კი, ჩემთვის რთული მისაღები იქნებოდა. მიხარია, რომ მარცვალი სამშობლოს სიყვარულის, თავდადების, ჩაგვიდია მასში და ახლა ვხედავ ამას ნათლად.
საოცარი შეგრძნებაა, რომ ეს ადამიანები დღეს გაიზარდნენ და იზიარებენ იმ ღირებულებებს, რომელთა დაცვასაც ჩვენ ამდენი წელია ვცდილობთ. აღარაა მარტოობის შეგრძნება. იმხელა ძალა მოაქვს იმას, რომ შენ, შენი ასაკიდან გამომდინარე თუ დაიღალე, რაღაც ვეღარ მოახერხე, არ ჩაცხრება პროტესტი, რადგან ახალგაზრდები აგრძელებენ. და მხოლოდ აგრძელებენ კი არა, ახალგაზრდობა გახდა გამწევი ძალა და ჩვენ ვუდგავართ გვერდში“.
Your browser doesn’t support HTML5
3 აპრილს, "უცხოეთის აგენტების" შესახებ კანონპროექტის ხელახალ ინიციირებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, მიუხედავად ხალხმრავალი აქციებისა, პირველ მაისს მეორე მოსმენით მიიღო კანონი. მესამე მოსმენა 13 მაისის კვირას არის დაგეგმილი.
კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას. გასულ წელს ინიციირებული კანონპროექტით, მათი აგენტებად რეგისტრაცია იყო გათვალისწინებული. ერთი წლის შემდეგ ხელახლა წარდგენილ კანონპროექტში საპარლამენტო უმრავლესობამ მხოლოდ ორგანიზაციების სარეგისტრაციო სიის სახელდება შეცვალა.
ასევე ნახეთ ერთი წლის შემდეგ "აგენტების კანონი" პარლამენტში ისევ დაბრუნდა