როცა სხვა გლოვობს, შენ კი აშუქებ - როგორ ვყვებით ტრაგედიაზე?

ჩვენი პროფესია ასეთია - შეიძლება მშვიდად ამზადებდე რეპორტაჟს, ვთქვათ, სოციალურ უსამართლობაზე ან ქვეყანაში პოლიტიკურ პერიპეტიებზე და უცებ დაგეწიოს ელვა ამბავი - სადღაც კორპუსი ჩამოინგრა ან დიდი აფეთქება მოხდა… მაშინვე დგები და შემთხვევის ადგილზე გარბიხარ, რომ ნახო, რა მოხდა და სხვებსაც მოუყვე.

წასვლის წინ უკვე იცი, რომ ტრაგედიის გაშუქება მოგიწევს და შესაძლოა, მგლოვიარე ადამიანებსაც შეხვდე. როგორ იქცევი ასეთ დროს, რა ცოდნა გეხმარება მსგავსი ამბების გაშუქებისას, და როგორ უნდა მოჰყვე ამბავს ისე, რომ არც ტრაგედიის მსხვერპლი დააზიანო, არც ეთიკურ პრინციპებს უღალატო და თან მომხდარი სრულყოფილად აღწერო?

ეს კითხვები რამდენიმე დღის წინ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გაშუქებისას ერთხელ კიდევ დავსვით, როცა საცხოვრებელი კორპუსის ნგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნანგრევებიდან მათი ამოყვანის სამაშველო ოპერაციას კი პირდაპირ ეთერში, რამდენიმე საათის განმავლობაში ადევნებდა თვალს მთელი საქართველო.

ბათუმი, ჩამონგრეული კორპუსი 26 მაისის ქუჩაზე, სადაც ნგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

არსებობს კი „ოქროს წესები“, როგორ ვყვებით სხვების გლოვაზე?

ყველა ტრაგედია ხომ სხვადასხვანაირია და ყველას თავისი გმირები ჰყავს?

„ამიტომ, კითხვა, როგორ მოვყვები მე ამ კონკრეტულ შემთხვევაზე - დაგვისვამს ყველა კონკრეტული ამბის გაშუქების დროს“, - გვეუბნება ნინო ივანიშვილი, „როიტერსის“ ყოფილი რეპორტიორი მრავალწლიანი გამოცდილებით, რომელიც დღეს GIPA-ს ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის კავკასიური სკოლის დეკანია.

ნინო ივანიშვილი, კოსოვო.

თუ ტრაგიკული ამბის გაშუქებისას „ოქროს წესს“ რამეს დავარქმევთ, ეს, ალბათ, მაინც ის იქნება, რომ შემაძრწუნებელი ვიდეოკადრები არ ვაჩვენოთ. ან ვეცადოთ ამის ჩვენებას შორიდან ან სიმბოლურად.

ტრაგედიის ასეთი სიმბოლო, ამბობს ნინო ივანიშვილი, შესაძლოა იყოს, მაგალითად, ნანგრევებში გაჩხერილი ფეხსაცმელი ან ძირს დავარდნილი ნახატი, ჩამონგრეული შენობა, ხალხი მის ირგვლივ და მათი ემოციური განწყობა, ოღონდ ეს სურათი თხრობისას აუცილებლად უნდა იყოს შევსებული ფაქტებით - რა და როდის, როგორ მოხდა, რა ვიცით ამ მომენტისთვის: „ანუ პასუხი იმ მთავარ კითხვებზე, რომლებსაც ჩვენ ჟურნალისტები „ოქროს კითხვებს“ ვეძახით“.

მაგრამ ყველა ტრაგედიის გაშუქებას აქვს თავისი გასაღები.

2010 წელს, ვანკუვერში, ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, სავარჯიშო დაშვებისას ტრაგიკულად დაღუპული ქართველი მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ამბავი „როიტერსში“ ერთ-ერთმა პირველებმა გაიგეს - ნინოს და მის გადამღებ ჯგუფს სთხოვეს, ბაკურიანში ჩასულიყვნენ და მოემზადებინათ რეპორტაჟი ქუმარიტაშვილის ოჯახის და იმ საზოგადოების რეაქციის შესახებ, ვინც 21 წლის მოციგავეს კარგად იცნობდა. ინტერესი თემის მიმართ ძალიან დიდი იყო.

ნოდარ ქუმარიტაშვილის დაკრძალვა, ბაკურიანი

როცა „როიტერსის“ ჯგუფი ადგილზე ჩავიდა, ოჯახმა ჯერ კიდევ არ იცოდა მომხდარის შესახებ. გადამღები ჯგუფი ქუმარიტაშვილების სახლთან დადგა და დაელოდა, სანამ ოფიციალური პირები მშობლებს ამ ტრაგიკულ ამბავს შეატყობინებდნენ:

„ღობის გარეთ ვიდექით, აზრად არც კი მოგვსვლია, რომ მათ შევყოლოდით და პირველი, ყველაზე მძიმე მომენტები გადაგვეღო. ვიღებდით, როგორ შედიოდა ხალხი. მათი ემოციებიდან უკვე ჩანდა, რომ იმ სახლში რაღაც არასასიამოვნო ხდებოდა“, - იხსენებს ნინო ივანიშვილი.

რადგან მალე ამბავი გახმაურდა, ადგილზე სხვა ჟურნალისტებიც ჩავიდნენ და მათი ნაწილი პირველივე წუთებიდან შიგნით შევიდა.

„როიტერსის“ ჯგუფი ისევ გარეთ რჩებოდა. ქუმარიტაშვილის მამამ შენიშნა, რომ ჟურნალისტები ეზოში არ შედიოდნენ. თავად მივიდა მათთან და ვინაობა ჰკითხა.

„ვუთხარით, რომ საერთაშორისო მედია ვართ და რომ საზოგადოებას ძალიან უნდა იცოდეს, ვინ იყო მათი შვილი. მამამ იმ წამს არაფერი გვიპასუხა, სახლში შებრუნდა, მაგრამ ზუსტად 15 წუთში უკან გამოვიდა და გვითხრა, რომ თავის შვილზე ყველაფერს მოგვიყვებოდა. ასე აღმოვჩნდით ნოდარ ქუმარიტაშვილის ოთახში“.

რა გინდათ, რომ თქვენს შვილზე მოუყვეთ ადამიანებს?

ეს კითხვა დაუსვა ნინომ ქუმარიტაშვილის დედ-მამას. მოსაყოლი კი მათ ბევრი ჰქონდათ.

რა მოხდებოდა, მამა რომ არ გამოსულიყო და თავად არ გასჩენოდა მედიასთან დალაპარაკების სურვილი? მაშინ სხვა გზას დავადგებოდითო, ამბობს ნინო, იმავე კითხვას ოჯახის ახლობელს დავუსვამდით, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაეგო, როგორი ბიჭი იყო ნოდარ ქუმარიტაშვილი.

„მარტივი რეცეპტია: ამ ადგილას ყველამ თავისი თავი უნდა წარმოიდგინოს. თავზარდამცემი ამბის დროს ადამიანის ემოცია სრულიად უკონტროლოა. არავის მოუნდება შემდგომში იმის დანახვა, რა მდგომარეობაში იყო ის მაშინ. როგორმე ეს უნდა გავიგოთ, რომ უკონტროლო რეაქცია ბევრს არაფერს მოგვცემს, ისედაც ხომ ვიცით, რომ დიდ ტრაგედიას მსგავსი რამ ახლავს? ამიტომ ჯობს დავიცადოთ, ან სიმბოლურად აღვწეროთ მომხდარი და არა უკონტროლო ემოციებით, რომლის გადაღებაც მოვახერხეთ“, - უთხრა ნინო ივანიშვილმა რადიო თავისუფლებას.

მას არც ის უჩვენებია პირდაპირ, როგორ მოაჭრეს თავები და გამოჭრეს ყელი ჩეჩნეთში, წითელი ჯვრის თანამშრომლებს. აჩვენეს, რამდენი ხალხი იყო ირგვლივ, აჩვენეს დაღვრილი სისხლი, როგორ გლოვობდა ამ ამბავს საზოგადოება და არა მათი უახლოესი ადამიანები - ტრაგედია მთელი თავისი სისრულით ასეც გამოჩნდა. აჩვენეს, როგორ გამოჰყავდათ უკვე შეხვეული ცხედრები, მაგრამ არა ახლო კადრებით.

ნინო ივანიშვილი, დავით ჩხიკვიშვილი, ჩეჩნეთი, გროზნო.

მიკროფონის გამოჩენა ყველაზე მძიმე სიტუაციაში, არ ნიშნავს, რომ კარგი ჟურნალისტი ხარ.

თუ რამე ისეთს აჩვენებ, რაზეც თავადაც თვალებს დახუჭავ ან სხვაგან გადართავ, გამოდის, რომ ეს ჟურნალისტის წყალში ჩაყრილი შრომაა.

თუ მაყურებელთან ემოციას ვერ იკავებ, ამბავი მაყურებლამდე სწორად ვერ მიგაქვს.

მეორე მხრივ, თუ მხოლოდ ტელეგრამის ტექსტს მოჰყვები, რომ გარდაიცვალა ამდენი ადამიანი, იტყვი მხოლოდ მათ ასაკს და ამით დაასრულებ, სურათს ვერც ამით აჩვენებ.

სწორედ ამ ორ უკიდურესობას შორის ზღვრის მოძებნაა სწორი გაშუქება.

მაგრამ ხანდახან გიწევს ისეთი ტრაგედიის გაშუქება, როგორიც იყო, მაგალითად, ბესლანის ტერაქტი, როცა ისლამისტი სამხედროების ჯგუფმა 2004 წლის პირველ სექტემბერს მძევლად სკოლის მოსწავლეები აიყვანა. ამ ამბავს მაშინ 350 მძევლის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან ნახევარი - ბავშვები იყვნენ.

ბესლანი, მძევლების ევაკუაცია, 2004 წლის 3 სექტემბერი

დასაფლავების დღეს ნინო ივანიშვილი პულტთან იჯდა და უნდა გადაეწყვიტა, რომელიც კამერა რა რაკურსით გაეყვანა პირდაპირ ეთერში. ტრაგედიის კადრები უნდა აერჩია - ყველა ერთმანეთზე უარესი.

„შვიდ კამერას ერთდროულად ვუყურებდი. იქვე უნდა ამერჩია, რომელი გამეშვა. არაერთი ომი გამიშუქებია, მაგრამ ბესლანის ტრაგედიისნაირი არაფერი. იმ წუთებშიც ასე ვწყვეტდი, რომ აი, ამ დედას, რომელიც კი არ მოდის, მოათრევენ, ახლო კადრით მე ვერ ვუყურებ-მეთქი. ასეთ კადრებს არ ვუშვებდი. იმიტომ, რომ თუ გინდა ხალხმა უყუროს ასეთ კატასტროფას, უნდა აჩვენო ის, რისი გაძლებაც შესაძლებელია“.

დასაფლავების მეორე დღეს ნინოს რამდენიმე ინტერვიუ ჰქონდა დაგეგმილი. რომ გაიღვიძა, ბალიში სულ სველი იყო. ცრემლები თავისით მოდიოდა. სცადა წასულიყო ინტერვიუს ჩასაწერად, ფიქრობდა, რესპონდენტს რომ დავინახავ, გავჩერდებიო, მაგრამ მის სახლს რომ მიუახლოვდა, მიხვდა, რომ ამ ინტერვიუს ვერ ჩაწერდა და ეს ამბავი „როიტერსის“ ბიუროს შეატყობინა.

მაშინ „როიტერმა“ ნინოს გარდა, ადგილიდან თავისი შვიდივე ჯგუფი გაიყვანა.

„მე ასე ვფიქრობ, ჩვენ საზოგადოებას ვემსახურებით, კი არ ვძაბავთ მას, არამედ ინფორმირებით ვაძლევთ საშუალებას, რომ საჭირო მომენტში საჭირო გადაწყვეტილებები მიიღოს ან საჭირო დასკვნები გააკეთოს. თუ ეს არის მედიისთვის მნიშვნელოვანი, მაშინ ის ამ ღირებულებებს ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს“.

რა შეუძლია ერთ ფოტოკადრს და როდის ვწევთ კამერას დაბლა?

ისეც ხდება, რომ ადამიანს სურს, ღიად, კამერის წინ იგლოვოს და თავისი ამბავი ყველას გააგებინოს. ასეთი ფაქტების მოწმე გამხდარა ფოტორეპორტიორი დავით მძინარიშვილი, რომელმაც 18 წელი იმუშავა სააგენტო „როიტერსში“.

რას აკეთებს ამ დროს ფოტოგრაფი? უპირობოდ იღებს? სად არის გადამკვეთი ხაზი, როცა კამერა დაშვებულია?

დავით მძინარიშვილისთვის ასეა: აფექტში მყოფ ადამიანს, რომელიც თავის თავს ვერ აკონტროლებს, არ აჩვენებ, როცა ხვდები, რომ მეტისმეტი დარდისა და ტრავმისგან არაადეკვატურია, მისი გადაჭარბებული ემოციის გამოჩენას ერიდები.

ერგნეთის საგუშაგო, 2008 წელი, აგვისტოს ომამდე რამდენიმე კვირით ადრე დავით მძინარიშვილი ფოტოს უღებს ქართველ ჯარისკაცს

მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ აჩვენო გლოვა.

„არ აჩვენო, მაგალითად, როგორ ამოჰყავთ დაშავებული თუ გარდაცვლილი ადამიანები ნანგრევებიდან, უბრალოდ ეს არ უნდა იყოს სასამართლო ექსპერტიზის მსგავსი ფოტოები, მაგრამ ამბავი სრულად უნდა გადმოსცე“, - როგორ გააკეთო ეს, აქ უკვე ერთობლივად მუშაობს რეპორტიორის გამოცდილება, ზოგადი ეთიკური ნორმების ცოდნა და კონკრეტული მედიასაშუალების დაწესებული სტანდარტი.

მიდგომები იცვლება, - ამბობს დავით მძინარიშვილი, მედიისგან საზოგადოება სულ უფრო ხშირად ითხოვს, ესა თუ ის ფოტო არ გამოაქვეყნოს: „მაგალითად, ფოტოკადრი, რომელზეც ამბობენ, რომ მან ვიეტნამის ომი გააჩერა, ფეისბუკმა დააცენზურა“.

დავით მძინარიშვილი გულისხმობს Associated Press-ის ფოტოგრაფის, ნიკ უტის 1972 წლის 8 ივნისს ფოტოს, რომელზეც მოჩანან ბავშვები, მათ შორის 9 წლის შიშველი, დამწვარი გოგონა კიმ ფუკი, რომელიც გამორბის გზატკეცილზე და ითხოვს შველას მას მერე, რაც სამხრეთ ვიეტნამის თვითმფრინავმა შემთხვევით ჩამოაგდო ნაპალმი მშვიდობიან მოსახლეობაზე. ამ ფოტოს ასეც ჰქვია „ნაპალმის გოგონა“ და მისი ავტორი ამ ფოტოსთვის პულიცერის ჯილდოს მფლობელი გახდა.

მოგვიანებით ნიკ უტი იხსენებდა, რომ ეს ფოტო არ ჯდებოდა AP-ის მკაცრად გაწერილ სარედაქციო პოლიტიკაში, რადგან კადრში სრულიად შიშველი პატარა გოგონა ჩანდა, მაგრამ მაშინ რედაქციამ გადაწყვიტა, რომ მისი გამოქვეყნება უფრო მეტ სიკეთეს მოიტანდა, ვიდრე არგამოქვეყნება.

ნიკ უტის ფოტო „ნაპალმის გოგონა“.

თავად გოგონა, კიმ ფუკი, შემდეგ იხსენებდა, როცა საავადმყოფოდან გაწერეს და ეს ფოტო ნახა: „ღმერთო ჩემო, რატომ გადაიღო ეს ფოტო, შიშველი ვარ და აგონიაში... მაგრამ დრო რომ გავიდა, მივხვდი, რომ ეს უძლიერესი ფოტო იყო. მე ომის მსხვერპლი გავხდი, მაგრამ მილიონობით ბავშვისთვის, ვინც ასევე იტანჯებოდა ამ ომით, სურათები არავის გადაუღია“.

„მე მგონია, რომ მეორე უკიდურესობაში არ უნდა გადავვარდეთ. სტერილურ უკიდურესობაში. მაშინ საერთოდ რა საჭიროა ამბის მოყოლა? ეს ნიშნავს, რომ არავის უნდა დაინახოს ის, რაც სინამდვილეში ხდება“, - ეუბნება დავით მძინარიშვილი რადიო თავისუფლებას.

აგვისტოს ომი, გორი, 2008 წლის 9 აგვისტო, ფოტო დავით მძინარიშვილის

ტრაგედიის გაშუქება სრულყოფილად, მაგრამ ჰუმანურად

ჟურნალისტებისათვის არაერთი სახელმძღვანელოა შექმნილი (მათ შორის, ქართულადაც), როგორ გააშუქონ ტრაგედია, როგორ დაელაპარაკონ ტრავმირებულ ადამიანებს.

თავად „ტრავმის გაშუქების“ ცნება ჟურნალისტიკაში ამერიკელმა ფსიქიატრმა, ფრენკ ოგბერგმა შემოიტანა, რომელიც საქართველოსაც არაერთხელ სტუმრობდა. მანვე დააფუძნა ცნობილი „დარტ ცენტრიც“, რომელიც დღეს ჟურნალისტებს ასწავლის, როგორ ესაუბრონ ტრავმირებულ რესპონდენტებს და, რაც მთავარია, „ჰუმანურად გააშუქონ ტრაგიკული მოვლენები“.

ასევე, როგორ დაიცვან თავი ე.წ. მეორადი ტრავმატიზაციისგან (ტრავმული ემოციები გადამდებია და ჟურნალისტის პროფესია, ტრავმის „გადადების“ თვალსაზრისით, მაღალი რისკის პროფესიაა).

2011 წელს „ლიბერალისათვის“ მიცემულ ინტერვიუში ოგბერგი ხსნიდა, რომ ეს ცენტრი მან „ადამიანური სისასტიკის შემცირებაში თავისი წვლილის შესატანად შექმნა“. მან ტრავმის გაშუქება სამ აქტად გაყო. და მათგან პირველი და, ალბათ, ყველაზე რთული, ახალი ამბების ფორმატში ტრაგედიის გაშუქებაა.

2015 წლის 13 ივნისის სტიქია, თბილისის ზოოპარკი

რას გრძნობთ ახლა? რას გრძნობდით მაშინ? - კითხვები, რომლებსაც არ ვსვამთ

რთული იმიტომ, გვეუბნება ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი, რომ ტრაგიკული ახალი ამბების გაშუქებისას ჟურნალისტი ადგილზე სწრაფად, მოუმზადებლად მიდის - ამიტომ აქ გამოსავალი იმ ძირითადი წესების ცოდნაა, რომელიც უკვე დაწერილია სახელმძღვანელოებში:

„და ამას ჟურნალისტს ვერ ასწავლის მხოლოდ ფსიქოლოგი. არც ფსიქოლოგთან ინტერვიუში უნდა ამოიკითხოს ეს წესები. ტრავმის გაშუქება საუნივერსიტეტო სასწავლო პროგრამის ნაწილი უნდა იყოს“, - გვეუბნება ჯანა.

ჟურნალისტის პროფესიული მისია საზოგადოების ხელშეწყობაა ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში, და თუ ჟურნალისტი ტრაგედიის გაშუქებას ამ „პროფესიული სათვალით“ შეხედავს, ის არასაჭირო, მხოლოდ სეირის შესაქმნელ კითხვებს არ დაუსვამს ტრავმირებულ ადამიანს, ზედმეტი შეკითხვები თავისთავად გაიცხრილება, - ამბობს ფსიქოლოგი.

ჯანა ჯავახიშვილი

ჯანა ჯავახიშვილს მოჰყავს ისევ ფრენკ ოგბერგის სიტყვები, რომ ტრაგიკული ახალი ამბების ყურებისას, საზოგადოებას უჩნდება „პარადოქსული სიამოვნების განცდა“ - რასაც უყურებს, ის თან შემზარავია, მაგრამ თან გნუსხავს და თუ ასეთ დროს ჟურნალისტი არ არის კომპეტენტური, მაშინ მან შესაძლოა ნებსით თუ უნებლიეთ ისარგებლოს ამ პარადოქსული სიამოვნების განცდით და არასაჭირო დეტალები გააშუქოს:

„და ეს დეტალები მხოლოდ ამ პარადოქსული სიამოვნების განცდაზე მუშაობს. თუმცა, ფაქტია, ტრაგედია რომ არ გვიზიდავდეს, არც ამფითეატრები იარსებებდა ანტიკური ხანიდან და არც ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საჯარო სიკვდილით დასჯა - შუა საუკუნეებში. ამიტომ, ჟურნალისტი მომზადებული უნდა შეხვდეს ასეთი სიტუაციას. ის უნდა კომპეტენტური იყოს ტრავმის მიმართ მგრძნობიარე, ტრავმაზე ინფორმირებული ჟურნალიზმის პრინციპებზე და მეთოდებზე“.

ჯანა ჯავახიშვილი იხსენებს 2006 წელს, როცა თბილისში „დარტ ცენტრის“ წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსულები და GIPA-ს სტუდენტებისთვის ტრაგედიის გაშუქების როლური გათამაშება მოაწყვეს - გმირების როლში ქართველი დამწყები მსახიობები იყვნენ ბატონი გიორგი თოდაძის კლასიდან და როდესაც პროცესი დასრულდა, მათ აღნიშნეს, თუ რა არაკომფორტული იყო მათთვის დასმული შეკითხვები: „რატომ მოიქეცით ასე?“, ან „რას გრძნობთ ახლა?“

„დიახ, არ არის სასურველი, ჰკითხო ადამიანს რას გრძნობს ის მაშინ, როცა ის ემოციებით არის მოცული“, - ჯანა შენიშნავს, რომ არც „რატომ“ შეკითხვის დასმაა სასურველი, რადგანაც ადამიანს შესაძლოა ტრაგედიასთან დაკავშირებით უმიზეზო ბრალეულობის განცდა აწუხებდეს და ამგვარმა შეკითხვამ ის გააღრმაოს. ასევე, საჭიროა სიფრთხილე ისეთი ვიზუალური მასალის გავრცელებისას, რომელიც წამებში ხდება პოპულარული და ვირუსულად ვრცელდება.

„ისევ ბათუმის ტრაგედიას თუ დავუბრუნდებით, მართლაც ასე გავრცელდა ერთი-ორი ფოტო, რომელიც ფოტოზე გამოსახულმა ადამიანებმა რომ მოგვიანებით ნახონ, შესაძლოა, ეს მათთვის ემოციურად ძალიან მტკივნეული აღმოჩნდეს. უნდა გავუფრთხილდეთ ადამიანებს, ვისაც ტრაგედია შეეხო. მათ ისედაც ძალიან დიდი ტკივილი მიადგათ და ჩვენ მათი ტკივილის მიმართ მგრძნობიარე უნდა ვიყოთ, რომ თავად არ გავხდეთ მათი დამატებითი ტკივილის მიზეზი. დავაყენოთ თავი მათ ადგილზე და მაშინვე მივხვდებით, რომ ამგვარ ემოციურ მომენტში გადაღებული ზედმეტად აშკარა ფოტოს გავრცელება არ მოგვეწონებოდა. არ უნდა გავუკეთოთ ისეთი რაღაცა სხვას, რასაც ჩვენი თავისთვის არ ვისურვებდით. მაგრამ, ისევ და ისევ, სწორი გაშუქება არ უნდა იყოს ინტუიციასა და კარგ ადამიანობაზე დამყარებული. ამას სჭირდება პროფესიული ცოდნის სისტემა და კომპეტენტურობა“, - გვითხრა ჯანა ჯავახიშვილმა.

ტრავმის გაშუქების ოგბერგისეული მეორე და მესამე აქტების დროს, მედიას მეტი დრო აქვს დასაფიქრებლად და მოსამზადებლად და შეცდომების დაშვების ალბათობაც იკლებს. თუმცა, როგორც ჯანა შეგვახსენებს, ამ შემთხვევაშიც არ ვივიწყებთ, რომ ჩვენ მატრავმირებელი გამოცდილების მქონე ადამიანებს ველაპარაკებით, ვზრუნავთ იმაზე, რომ რეტრავმატიზაცია არ გამოვიწვიოთ:

  • ერთად ვათანხმებთ მათთვის ხელსაყრელ დროსა და ადგილს,
  • ფრთხილად ვარჩევთ კითხვებს,
  • არც აქ ვეკითხებით, რატომ გააკეთე ასე? ან როგორ გრძნობდით იმ მომენტში თავს?
  • და აუცილებლად ვუქმნით ინფორმირებული თანხმობის საშუალებას: ანუ წინასწარ ვაყენებთ საქმის კურსში, თუ სად და როგორ დაიბეჭდება/გამოქვეყნდება მასთან ინტერვიუზე დაფუძნებული მასალა.

„ტრაგედიის გაშუქების „მეორე აქტში“ მედია ცდილობს ტრაგედიაგამოვლილი ადამიანების პიროვნულ ძალაზე, გამკლავების უნარებზე, პიროვნულ ზრდაზე ამბის თხრობას. „მესამე აქტი“ კი არის ის შემთხვევა, როცა ვისიგრძეგანებთ, რომ უბედურება მოხდა, მას ვერ გამოასწორებ და ვერც ოპტიმიზმით შეხედავ.

„აქ ჟურნალისტი, ფაქტობრივად, აფიქსირებს, რომ ის რაც მოხდა, ნამდვილად მოხდა; და აღწერს, თუ რა შეიცვალა მას მერე, რაც ეს მოხდა. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ თუ საზოგადოება მომხდარ ტრაგედიას არ აღიარებს, ან ივიწყებს და არაფერს ცვლის მომავალში ამგვარი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად, ეს არ უწყობს ხელს ადამიანებს გადატანილ უბედურებასთან გამკლავებაში“, - გვეუბნება ჯანა ჯავახიშვილი.

ასევე ნახეთ ბათუმში კორპუსი ჩამოინგრა | განახლებადი ინფორმაცია