როცა სიკვდილშია მთელი სიცოცხლე...

“მშვიდობით, ვახტანგ, უშლელო ვარდო,/ უმღერებელო, უთქმელო ლექსო!” – ეს არის ფრაგმენტი გიორგი ლეონიძის ლექსიდან „ჭაბუკი პოეტის სიკვდილი“, რომლიდანაც მკითხველი შეიტყობს, რომ ახალგაზრდა პოეტი, სახელად ვახტანგი, გასული საუკუნის 50-იანი წლების მეორე ნახევარში გარდაცვლილა მძიმე სენით. ვინ შეიძლება იყოს ეს პოეტი? ტყუილად მოცდებით პოეზიის ანთოლოგიებში ქექვით, დიდად ვერც google დაგეხმარებათ.

მომაგონდება... თუ რა ტანჯული,
მოკლე ცხოვრება ჰქონდა გავლილი...
რა მორცხვი იყო, ყუჩი, რა ჩუმი,
როგორც გზის პირას მდგარი ყვავილი.
მის გულის ფსკერზე წყნარი ნათელი
დაუქრობელი ენთო მარადის,
იმ ნათლის შუქით ჩამონადენი
ლექსით იღწვოდა ლექსის ხარატი,
სიტყვის ეჯიბი, რითმის მსტოვარი,
(არ მისცა ჭლექმა მღერის უფლება!)
ვაჰ, გაჰქრა, როგორც შუქი მთოვარის,
აწ, მოგონებით მესაუბრება.

გიორგი ლეონიძე

აშკარაა, რომ გიორგი ლეონიძის ეს ლექსი რეალური ცხოვრების გამოძახილია. როგორც კიდევ ერთი ქართველი საბჭოთა პოეტი სიმონ ჩიქოვანი იტყოდა, ავტორის პირადული ცხოვრება გარდატეხილია ლირიკულ სამყაროში. და მართლაც, გიორგი ლეონიძე და იმ ეპოქის სხვა ცნობილი მწერლები იცნობდნენ და აფასებდნენ პოეტს, რომელიც ახალგაზრდა (უშლელი ვარდივით) გარდაცვლილა გასული საუკუნის 50-იანი წლების მიწურულს. ალბათ, შემთხვევით არ არის, რომ გალაკტიონსაც 1958 წელს დღიურში ჩაუწერია:

„მწერალთა კლუბი - 26 მაისს პოეტ ვახტანგ ნადარეიშვილის ხსოვნის საღამო“.

უცნაურია, მაგრამ დღეს თითქმის არავის (მათ შორის ლიტერატორებისა და ლიტერატურის მკვლევართა წრეებში) არ ახსოვს ამ პოეტის არც სახელი და არც შემოქმედება.

ვახტანგ ნადარეიშვილი

ფართო საზოგადოებისათვის უცნობია მისი ბიოგრაფიაც: სად და როდის დაიბადა, სად ისწავლა, როდის და სად დაიკრძალა... სავარაუდოდ, ვახტანგ ნადარეიშვილმა ვერ მოასწრო კრებულის გამოცემა. გამოაქვეყნა მხოლოდ რამდენიმე ლექსი, რომლებიც გაფანტულია 50-იანი წლების პერიოდიკაში, ძირითადად ჟურნალ „დროშაში“, რომლის რედაქციაშიც მას უმუშავია.

გამოვიარე შენს აივანთან, -
წვიმდა და წვიმდა თავგამეტებით,
და მე ვიგრძენი,
თურმე უშენოდ,
კი არ დავდივარ, დავეხეტები...
და მე ვუმადლი აბეზარ წვიმას,
რომ ისევ აქეთ გამომატარა...
შენს აივანქვეშ,
შენი ბავშვობის -
წინსაფრის ჯიბეს რომ ჰგავს პატარას...

ის ფანჯარა მაშინ ღია იყო,
ის ფანჯარა...
ეჰ, რაც იყო, იყო...

ვახტანგ ნადარეიშვილის ეს ლექსი („შენს აივანთან“), სხვა რამდენიმე ლექსთან ერთად, 1955 წლის „დროშის“ მე-8 ნომერში გამოქვეყნდა, 1957 წლის მაისის (N5) ნომერში კი დაიბეჭდა მისი ფოტო და ხელმოუწერელი ნეკროლოგი, რომლის ავტორი, სავარაუდოდ, გრიგოლ აბაშიძე უნდა იყოს - ცნობილი მწერალი და ჟურნალ „დროშის“ მაშინდელი მთავარი რედაქტორი.

პუბლიკაცია ჟურნალ "დროშაში". 1957 წ. N8

„ახალგაზრდა პოეტებს შორის, რომელთა ლექსებმა უკანასკნელ ხანს დაამშვენეს ჩვენი ჟურნალ-გაზეთების ფურცლები, ვახტანგ ნადარეიშვილი გამოირჩეოდა თავისი გულწრფელობით, ორიგინალური პოეტური გააზრებითა და მოულოდნელი საინტერესო შედარებით“, - ვკითხულობთ ჟურნალში, - „ ვახტანგ ნადარეიშვილი, როგორც პოეტი, ჯერ კიდევ ძიების პროცესში იყო, მან ცოტა მოასწრო, მაგრამ მისი ლექსები შეიძლება იმ წვეთს შევადაროთ, რომელიც ზღვის ყველა თვისებებს ატარებს, და, ალბათ, ზღვასავით დიდ მღელვარებასაც შეძლებდა, ამ წვეთს რომ გაზრდა დასცლოდა. დიდი ხნის განმავლობაში ლოგინს მიჯაჭვული ახალგაზრდა პოეტი არასოდეს წყვეტდა კავშირს გარე სამყაროსთან და მხატვარივით შორიდან უყურებდა ჩვენი ცხოვრების დიდსა და ლამაზ ტილოს“.

ნეკროლოგთან ერთად „დროშის“ ამ ნომერში დაიბეჭდა რამდენიმე ლექსიც, მათ შორის „ცაცხვები“:

ცაცხვებს აქვთ რაღაცა ქალური,
შერხევა,
სურნელი,
სინაზე. –
ჭორები - ფოთლების ხმაურით,
გუშინწინ რაც მოხდა იმაზე...
წვიმდაო,
წვიმდაო გუშინწინ,
დავსველდით ტოტიან-ფოთლიან.
- თქვენ ცაცხვებს ოღონდ ნუ დაუშლით
და ამბებს ამბებზე მოსთვლიან...
წვიმდაო,
წვიმდაო გუშინწინ,
უეცრად სად იყო, სად არა,
იმ ბიჭმა
ის გოგო
სიცილით,
ჩვენს ქვემოთ გამოატარა.
შვენოდათ ბავშვური სიცილიც
და მერე...
ბავშვური დარცხვენაც,
წვიმდაო,
წვიმდაო გუშინწინ,
ისინიც იცდიდნენ ცაცხვებთან...
ცაცხვებს აქვთ რაღაცა ქალური,
შერხევა,
სურნელი,
სინაზე.
ჭორები - ფოთლების ხმაურით,
გუშინწინ რაც მოხდა იმაზე...

„დროშაში“ გამოქვეყნებული ნეკროლოგის ავტორი იმასაც ამბობს, რომ ვახტანგ ნადარეიშვილი პასუხისმგებლობით ექცეოდა ყოველ ლექსს, ძნელად გადაწყვეტდა ხოლმე მისი რედაქციაში გაგზავნისა და დაბეჭდვის საკითხსო, ეს ლექსებიც, რომლებსაც აქ ვბეჭდავთ, იქნებ კიდევ დიდხანს არ გამოექვეყნებინა თავისი თავისადმი მომთხოვნელსა და ნიჭიერ ახალგაზრდა პოეტსო, და ნიმუშად მოტანილია რამდენიმე ლექსი, მათ შორის

„ფიროსმანს“:

თბილისის ცა რომ ჩამოიხეს,
უმალ შენ სურათს ავაფარებდი -
და ზეცას იმით გავამთელებდი! –
ვერც შეამჩნევდნენ -
ისეთნაირად დაემთხვეოდნენ
სურათისა და
ზეცის ფერები...

კიდევ ერთი ლექსიდან, რომლის სათაურია „სკოლის ფანჯრები“, შევიტყობთ იმას, რომ პოეტს, სავარაუდოდ, თბილისის პირველ სკოლაში უსწავლია და მისი პედაგოგი ლ. ქუთათელაძე (მიძღვნის ადრესატი) ყოფილა. ფრაგმენტი ამ ლექსიდან:

თოვლმა დაფარა ჩიტაძის ქუჩა,
დაფარა,
სკოლის ბაღიც დაფარა,
თითქოს სარკმელშიც შეიჭრა ურჩად
და უცებ თმები გაგიჭაღარათ...
ნეტავი ბურთი არ მეთამაშა,
ნეტავ ფანჯარა არ ჩამემტვრია,
რომ ზეცას თოვლის თეთრი ფიფქები,
თქვენთვის ჭაღარად არ დაეფრქვია... და ა.შ.

გიორგი ლეონიძე თავის ლექსში, რომელიც არსებითად დატირებაა, ერთგან კითხულობს:

ნეტავ რათ უნდა სიკვდილს პოეტი,
განა სიკვდილი მღერის ან გალობს?

და თითქოს თავისი უფროსი კოლეგის ამ შეკითხვას ეხმიანებაო, ვახტანგ ნადარეიშვილი ერთ ლექსს, რომელიც გაჟღენთილია მოახლოებული სიკვდილის წინათგრძნობით, ასე ამთავრებს:

როდესაც იცი:
შეუსმელი დაგრჩა წყარონი...
სანამ დრო არის გაიქეც ბარემ,
გაიქეც ბარემ...
იმ ყვავილებს თვალი შეავლე -
შერხეული ნაზად იხილე.
გაიქეც ბარემ...
იმ წყაროთა ჩქერი გასინჯე.
....
ჰა, როგორია?..
შენ კი ნატრობდი:
ოღონდაც მისი წყალი შემასვა
და მერე...
თუნდაც მომკლა მაშინვე...
...
ჰო, და, იცოდე, -
მაგ სიკვდილშია მთელი სიცოცხლე!