თვალების წვა და სუნთქვის გაძნელება აღარაფერია იმ რისკთან, რაც ჩნდება - კაფსულის უშუალოდ მოხვედრის დროს. შესაძლოა სერიოზული ტრავმა მიიღო, ანდა ზღვა ხალხში ჭყლეტაში მოყვე.
ვინც ასეთი ჭყლეტა გამოიარა, განცდილს ჯოჯოხეთს ადარებენ.
საერთაშორისო რეგულაციებით, გაზის გამოყენება დაუშვებელია, როცა აქციის მონაწილეებს გაქცევის შესაძლებლობა არა აქვთ.
„[შუა ხალხში] პირდაპირ ჩემს გვერდით, ჩემს მეგობარს დაეცა ცრემლსადენი გაზის კაფსულა. 2-3 წუთის განმავლობაში სუნთქვა შეუძლებელი იყო. ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. გვეგონა, რომ ცოცხლები ვეღარ გამოვიდოდით. ვერ ვხვდები, როგორ გადავრჩით... ვინ საით გარბოდა და ვინ ვის ეხეთქებოდა, ვერ გაიგებდით. არადა, საერთოდ არ იყო გაზის გაშვება აუცილებელი, ისედაც უკან-უკან მივდიოდით“, - 28 წლის არჩი ბოლქვაძე რადიო თავისუფლებასთან 30 ნოემბრის შუაღამეს იხსენებს.
ეს ერთ-ერთი ის ღამეა, როცა ძალოვნებმა მომიტინგეები ჯერ ალყაში მოაქციეს და შემდეგ დაედევნნენ.
დაახლოებით 3 საათზე, არჩი მომიტინგეების უზარმაზარ ნაკადში, ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე იდგა, როცა რობოკოპების მოახლოების გამო, ნაკადი დაიძრა და უკანა რიგებს მთელი ძალით მიაწვა. ხალხში უკვე ჭყლეტა იყო დაწყებული, როდესაც ცრემლსადენი კაფსულებიც ჩამოყარეს.
არჩი ბოლქვაძე აღწერს, რომ პანიკის დროს ხალხის უზარმაზარი ნაკადი სწრაფად იწყებს მოძრაობას, ადამიანები მიწაზე ეცემიან, ყვირიან. უკანა რიგებს გაქცევის საშუალება არა აქვთ და დიდად არც აზრი აქვს, რადგან ყველგან გაზის ბურუსია.
„ისე იქცევიან [ძალოვნები], რომ თითქოს სასიკვდილოდ გიმეტებენ. იმ ჭყლეტაში კიდევ გაზს რომ აგდებ ხალხში, მართლა სიკვდილისთვის იმეტებ. რომ გადავრჩით, იქვე მდგომი გამოცდილი აქტივისტების დამსახურებაა. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც მსგავს სიტუაციებში ადრეც არაერთხელ მოხვედრილან“, - ეუბნება არჩი ბოლქვაძე რადიო თავისუფლებას.
გარდა იმისა, რომ მსოფლიოში ჭყლეტის შედეგად დაღუპულთა სტატისტიკა საკმაოდ მაღალია და ლეტალური შედეგი დგება, მათ შორის რელიგიური დღესასწაულებისა თუ სპორტული ღონისძიებების დროსაც, თავისთავად, შორიდან გამოტყორცნილმა კაფსულამ შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლეც შეიწიროს.
მიტინგზე, ჭყლეტაში არჩისთან ერთად მოყოლილ მეგობარს, რომელსაც გაზის კაფსულა მოხვდა, გაუმართლა - მხოლოდ ქურთუკი დაეწვა.
სხვებს შეიძლება არ გაუმართლოთ.
სკალპის ღია ჭრილობა, შუბლის ძვლისა და თვალბუდის ზედა კიდის კედლის მოტეხილობა, შუბლის წილის კონტუზიური დაზიანება, ტრავმული სისხლჩაქცევა თავის ტვინის გარსებში - 3 დეკემბერს, ინგოროყვას კლინიკის ექიმმა, ნინო ხარაიშვილმა ჟურნალისტებს 21 წლის პაციენტის - ალექსი თირქიას დაზიანებები ჩამოუთვალა. ახალგაზრდა კლინიკაში, აქციიდან, გამთენიისას შეიყვანეს, ოპერაცია ჩაუტარდა და ჯერ ისევ რეანიმაციულ განყოფილებაშია.
პაციენტის ბიძამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ 21 წლის ახალგაზრდას, რომლის მშობლებიც ემიგრაციაში იმყოფებიან, აქციაზე გაზის კაფსულა მოხვდა სახის არეში, ხოლო მის მეგობარ გოგოს - ფეხში.
„სახიფათოა. დაუშვებელია პირდაპირ ადამიანისთვის სროლა. შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ტრავმა ან სიკვდილი“, - საჯარო წყაროებში იძებნება ცრემლსადენი გაზის კაფსულების მწარმოებლების მიერ პროდუქციის ინსტრუქციაში შეტანილი რეკომენდაციები.
აღნიშნულია, რომ კაფსულის გასასროლ იარაღს არა აქვს მანძილის დასარეგულირებელი მექანიზმი, რის გამოც ერთადერთი უსაფრთხო მეთოდი არა ჰაერში, არამედ მიწის მიმართულებით სროლაა. დაუშვებელია კონკრეტული პირების მიმართულებით და მით უფრო დამიზნებით სროლა.
ჭყლეტაში მოყოლის მძიმე ღამეს იხსენებს თიკი მოსულიშვილი.
30 ნოემბერს, შუაღამისას, მეგობრებთან ერთად, სასტუმრო „თბილისი მარიოტთან“ იდგა, როცა დარბევა დაიწყო. ახსოვს, რომ ხალხის მჭიდრო ნაკადი სწრაფად დაიძრა და წინა რიგებს მიაწვა.
ეს იმ დროს მოხდა, როცა აქციის მონაწილეები, თვითორგანიზებით, ხალხის ნაკადში გასასვლელი სივრცეების გათავისუფლებას ცდილობდნენ, მაგრამ ვერ მოასწრეს.
„როცა გავაცნობიერე რა ხდებოდა, უკვე რუსთაველის თეატრის შესასვლელთან ვიყავით. ჩემი რამდენიმე მეგობარი ჩემს გვერდზე აღარ იყო. აი, ამ დროს გავიგეთ მხუთავი აირის კაფსულების გასროლის ხმა. ამ ხმაზე, ხალხის ნაკადი უფრო გააქტიურდა.
არ ვიცი, როგორ მოვახერხე და თეატრის სვეტს ავეკარი, ჩემი ორი მეგობარი მოვიზიდე ჩემკენ. ხნიერი ქალი იყო იქვე და ჩემს წელზე იყო ჩამოკიდებული. ხალხი წაიქცა ჭყლეტაში. მხუთავი აირის კაფსულები ჩვენს ფეხებთან ეყარა. არასდროს არ იცი, როგორ იმოქმედებ ამ დროს, გადარჩენის ინსტინქტი ირთვება. გაზის გამო სრულად პარალიზებული ხარ და თითქოს უმოქმედო ხდები“, - ეუბნება თიკი მოსულიშვილი რადიო თავისუფლებას.
მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა მეორე დღესაც, მაგრამ, მძიმე გამოცდილების მიუხედავად, აქციებზე სიარული განაგრძო და გაჩერება არც უფიქრია.
„შეიძლება მე ვარ ძალიან სენტიმენტალური ადამიანი, მაგრამ შეუძლებელია, რომ სხვანაირად იყოს... ამ კრიტიკულ სიტუაციაში გულში, თავში სულ მიტრიალებს სიმღერის ["ჰერიო ბიჭებო"] ტექსტი, მორის ფოცხიშვილის სიტყვები - "სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა"“, - გვეუბნება თიკი მოსულიშვილი.
ჩვენი რესპონდენტები გვეუბნებიან, რომ რუსთაველის გამზირზე, ერთმანეთის დახმარების იმედად - ერთმანეთის მხარდაჭერით დგანან და არ შეჩერდებიან, ვიდრე საქართველოს კვლავ ევროპის გზაზე დააყენებენ.
დაზარალდა ქეთიც.
1 დეკემბერს, ქეთი მოლაშვილი პარლამენტსა და პირველ სკოლას შორის იდგა, როცა, სადღაც ღამის 1 საათზე, რობოკოპები ხალხისკენ დაიძრნენ და ცრემლსადენი გაზის კაფსულების სროლა დაიწყეს.
აქციის მონაწილეთა უზარმაზარი ნაკადი დაიძრა ოპერის მიმართულებით.
„გაზის კაფსულები შორსაც ისროლეს [ოპერისკენ] და პირდაპირ ფეხებშიც ჩაგვიყარეს, როცა უკან მივდიოდით. ნელა იარეთ, ნელა იარეთ - ყვიროდნენ იქ მყოფები. ძალიან საშიშია ასეთ დროს სიჩქარე. იმდენი ხალხი იყო, რომ რესპუბლიკის მოედნამდე ყველაფერი გადაივსო, როცა ქვემოთ ჩავედით“, - გვეუბნება ქეთი მოლაშვილი.
მას შემდეგ სულ უფრო ძალიან ეწვის ყელი, სტკივა თავი და ბოლოს ხმაც დაკარგა. ჯერჯერობით შედეგი არც ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატებს მოუტანია.
ქეთი ზოგადად ალერგიულია და ამიტომ გაზის გაშვების მომენტს აქციებზე ყურადღებით აკვირდება. ზუსტად ახსოვს, რომ იმ დღეს ქალის ხმას მომიტინგეები არ გაუფრთხილებია.
„ვამბობდი, ხალხო, ჯერ არ ისვრიან - ჯერ გაფრთხილება არ ყოფილა და ხმა როცა იქნება - მერე რამეს მოვასწრებთ-მეთქი… მაგრამ ყველაფერი გაფრთხილების გარეშე, მოულოდნელად დაიწყო“, - ეუბნება ქეთი რადიო თავისუფლებას. ამ ინფორმაციას რადიო თავისუფლებას სხვა მომიტინგეებიც უდასტურებენ. სხვა საკითხია ასევე, რომ დიდ აქციაზე გაფრთხილება შესაძლოა ყველას არ ესმის.
სამართალდამცველთა სწრაფად მიწოლისა და კაფსულების სროლის გამო, ხალხში ჭყლეტის რისკი გაჩნდა სხვა დღეებშიც, სპეცრაზმელების მიერ აქციების დარბევისას. შემთხვევებს ფეისბუკის მომხმარებლებიც აღწერენ და ვიდეომასალასაც აქვეყნებენ.
მძიმე ღამეების შემდეგ, ხალხი ერთმანეთს ემადლიერება - გადარჩენისთვის და გამხნევებისთვის:
- “არ ვიცი ვინ იყავი, მაგრამ მადლობა რომ გადამარჩინე. გონებას ვკარგავდი როცა სამმა ბიჭმა მომასულიერა”
- “თვალებს ვერ ვახელდი და არც მახსოვს გულში ჩამიკრეს დამამშვიდეს და გამომიყვანეს მდგომარეობიდან”
- “იმ ჭყლეტაში და გაზში, ჩემი დაგდებული ჩანთა რომ აიღო და გამომეკიდა მადლობა იმ გოგოს”.
იურისტი ლაშა ტყეშელაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ კაფსულების ხალხში ჩაყრა „კანონდარღვევაა, რადგან ადამიანს შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს“ და მომიტინგეებს, მისი თქმით, თავისუფლად შეუძლიათ, რომ სამართლებრივი დავა დაიწყონ; ხოლო პოლიციელების ამ ტიპის მოქმედებები, წესით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა გამოიძიოს.
30 ნოემბერს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება 28-30 ნოემბერს პარლამენტთან გამართულ აქციებზე სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე. თუმცა, ჯერჯერობით, ძალოვნები მომიტინგეების გამო საქართველოს ახლო წარსულში არასოდეს დაუსჯიათ, არც „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციების დროს.
ლაშა ტყეშელაძე თავადაც დაზარალებულია. გვეუბნება, რომ აქციაზე გაშვებულმა ცრემლსადენმა გაზმაც მოწამლა და ასევე დამწვრობა მიიღო წყლის ჭავლით, რომელსაც, ბევრის აზრით, ქიმიური ნივთიერება აქვს შერეული. ტყეშელაძე ჩვენთან საუბრისას იხსენებს, რომ კანის სიწითლე და წვა დიდხანს გაჰყვა, ასევე მომატებული ჰქონდა სხეულის ტემპერატურა.
„ქართული ოცნება“ პოლიციელებს ყოველდღე მადლობას უხდის - მომიტინგეების წინააღმდეგ მოქმედებისთვის. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პოლიციელების მხრიდან გამოვლინდა ძალის გადამეტების „ცალკეული შემთხვევები“, ხოლო მომიტინგეების მხრიდან - „ბრუტალური, სისტემური ძალადობა“.
„მძიმე დანაშაული, რომელსაც დღეს პოლიციის ფორმაში ჩაცმული ადამიანები სჩადიან, რა თქმა უნდა, დაუსჯელი ვერ დარჩება“, - განაცხადა 3 დეკემბერს გიორგი გახარიამ, „ოცნების“ ხელისუფლების შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, რომლის მინისტრობის დროს საპროტესტო აქცია რეზინის ტყვიებით დაარბიეს და ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა. ბრიფინგზე გახარიამ თქვა, რომ „დასაბუთებული ეჭვით“, ნიღბებს უკან განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ადამიანები სხვადასხვა არაფორმალური დაჯგუფებების წევრები არიან.
ასევე ნახეთ 2 დეკემბრის აქციიდან კლინიკაში 26 ადამიანი მოხვდა
რას ამბობს კანონი და საერთაშორისო რეგულაციები
ეუთო/ოდირის [OSCE/ODHIR] გზამკვლევის [„სახელმძღვანელო ადამიანის უფლებებისა და საჯარო შეკრებების დროს მართლწესრიგის უზრუნველყოფის თაობაზე“] თანახმად:
- ცრემლსადენი გაზი „არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს გამოყენებული იქ, საიდანაც ხალხი გაქცევას ვერ შეძლებს“;
- სათანადოდ უნდა შეფასდეს რისკები როგორც [აქციის] მშვიდობიანი მონაწილეებისთვის, ასევე არამონაწილეებისთვის, რათა რისკმა არ გადააჭარბოს ფაქტობრივ ზიანს, რომლის აღმოფხვრას ან შეჩერებას ისახავს მიზნად აქციის დაშლა;
- გაზის გამოყენება შეიძლება მომიტინგეების გაფრთხილების შემდეგ;
- ცრემლსადენი გაზის გამოყენებისას ოპერატიული მიზანი უნდა იყოს საპროტესტო აქციების დაშლა, როცა აქციები ძალადობრივია და მიზნის მიღწევის შემდეგ - გამოყენება უნდა შეწყდეს.
ეუთო/ოდირის რეგულაციებით, გაზის გამოყენება დაუშვებელია მშვიდობიან აქციებზე, სადაც არიან ხანდაზმულები, ბავშვები თუ არაჯანმრთელი ადამიანები, რომლებსაც გაქცევა გაუჭირდებათ.
„უნდა იყოს გათვალისწინებული გაქცევის გზები, პანიკის შემთხვევებისთვის“, „გაქცევის მარშრუტი უნდა იყოს მკაფიო და თვალხილული, რათა მოხდეს [მონაწილეთა] დაზიანების პრევენცია ან მინიმალიზება“, - წერია გზამკვლევში.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ცრემლსადენი გაზის გამოყენება ნებადართულია „პირზე, პოლიციელზე ან/და დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად; მართლწესრიგის მასობრივი და ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად; დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დაკავებისას ან მისი იძულების მიზნით, დატოვოს დაკავებული ტერიტორია, სატრანსპორტო საშუალება ან შენობა-ნაგებობა, სადაც თავს აფარებს“.
შსს ჯერ კიდევ ოქტომბერში აცხადებდა, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტები წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის ერთდროულად ან პარალელურად გამოყენებას არ კრძალავენ. საკუთარი არგუმენტის გასამყარებლად შსს-მ ეუთო/ოდირის სახელმძღვანელო დოკუმენტებიც მოიშველია. თუმცა ამ რეგულაციებში ლაპარაკია განსაკუთრებულ შემთხვევებში წყალში ცრემლსადენი გაზის [CR] შერევაზე და ამ ნარევის განსაკუთრებით სახიფათო და აგრესიული დამნაშავეების წინააღმდეგ გამოყენებაზე - არა სამშვიდობო აქციების დროს.
„ცრემლსადენი გაზი შეიძლება დაემატოს წყალს, რომელიც გამოიყენება წყლის ჭავლისთვის“, - წერია საერთაშორისო რეგულაციაში.
რუსთაველის გამზირზე პოლიციელების მხრიდან სპეციალური საშუალებების გამოყენების წესების უხეშ დარღვევაზე ჯერ კიდევ ოქტომბრიდან მიუთითებენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სხვა ორგანიზაციები მესამე სექტორიდან. საია იმეორებს, რომ შსს-ს წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის ერთდროულად გამოყენების უფლება არა აქვს.
29 ოქტომბრის არჩევნების სადავო შედეგებთან დაკავშირებული საპროტესტო აქციები მასშტაბური მას შემდეგ გახდა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნის საკითხი, რაც აუცილებელი ეტაპია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისთვის.
საპროტესტო აქციებზე, 3 დეკემბრის მონაცემებით პოლიციამ 300-მდე ადამიანი დააკავა. დაკავებულთა უმრავლესობა ჰყვება პოლიციის ძალადობის შესახებ. მათ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები ძირითადად სახეზე აღენიშნებათ. ვიდეომასალებში ჩანს, რომ დაკავების დროს საპროტესტო აქციის მონაწილეებს სპეცრაზმელები ჯგუფურად სცემენ. ხშირად ძალადობა გრძელდება საპოლიციო ტრანსპორტშიც.
ნაცემთა და დაკავებულთა ისტორიები
რადიო თავისუფლებამ დაიწყო პროევროპული აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება:
"საათი ამგლიჯეს და საყურე მომახიეს დაჭერისას" - მთარგმნელ დათა ხარაიშვილის დაკავების ამბავი
"აქციაზე დაკავებიდან მეორე დღეს მიგრაციის სამსახურიდან დამირეკეს" - გელა შიშობს, რომ საქართველოდან გაძევებას უპირებენ
"რევოლუციონერი ბიჭი დაუკავებიათ, გვითხარი რამდენი ფოიერვერკი და რამდენი ქვა ისროლეო" - ლუკა ძიძიგურის დაკავების ისტორია
„გადარჩენილი ვარ“ - ახალგაზრდა, რომლის ცემის კადრებმა აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გაიყვანა
„რამდენმა პოლიციელმაც დამინახა, ყველამ დამარტყა“ - როგორ ასამართლებენ აქციაზე დაკავებულებს
„რამდენჯერაც თავი ავწიე, იმდენი მუშტი მომხვდა“ - როგორ მოხვდა დაკავებული თორნიკე ბერაძე კლინიკაში
„კედელზე მიმანარცხა და მერე თავში მირტყა“ - სალომე ზანდუკელის ცემის ამბავი
„ფეხსაცმლის ლანჩებით მწიხლავდნენ. შემთხვევით გადავრჩი“ - გია ჯვარშეიშვილის ცემის ამბავი
ხელებშეკრულს მირტყამდნენ მუშტებს სახეში: ზვიად რატიანის ცემისა და დაკავების ამბავი