ეს გურამს და თათიას შორის დაგვიანებული დიალოგი იყო. „კრიმინალურად“ დაგვიანებული. კონკასთან მისეირნობდნენ, ზუსტად იმ ადგილას, სადაც ადრე ხელი მოაწერეს,
ნია 6 თვის ჰყავდათ. იმ დღეს ბებიასთან და ბაბუასთან დატოვეს.
- მართლა. მართლა ბიჭები მომწონს.
- იტყუები (თათია იცინის, არ სჯერა).
- არ ვიტყუები.
- კაი. ეს რას შეცვლის?
- არ ვიცი.
ზუსტად ერთი წლის შემდეგ ამ დიალოგიდან, ოქტომბერში, გურამი ლაშას გაიცნობს. იანვარში კი ლაშასთან ერთად გადავა საცხოვრებლად.
ამ ამბიდან მალე გურამ მაცხონაშვილი სპექტაკლების დადგმას დაიწყებს. ერთ-ერთი ბოლო წარმოდგენა, „ჰამლეტი“, რომლის სასცენო ადაპტაციაც ლაშას ეკუთვნის (ლაშა დრამატურგია) და სადაც ჰამლეტი ტრანსგენდერი ქალია, კლუბში - „მტკვარზე“ აჩვენეს.
გურამ მაცხონაშვილს, თუ არ ვცდები, ახასიათებს მოულოდნელობები. ცხოვრებაშიც და თეატრშიც.
პოლიტიკური თამაში
გურამის ოჯახი, რამდენიმე წელი, საბურთალოზე, იგორ გიორგაძის მეზობლად ცხოვრობდა. მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის უშიშროების მინისტრი კორპუსს მუდმივად დაცვის სამსახური იცავდა. გურამის წარმოდგენაში იქ ვიღაც ძალიან საშიში კაცი ცხოვრობდა. 90-იანი წლები იყო, მეორე არხზე მაშინაც პარლამენტის სხდომებს გადასცემდნენ, რასაც გურამიც სულ თვალს ადევნებდა და მერე თამაშებში გადაჰქონდა. ეს იყო წმინდა წყლის პოლიტიკური თამაშები. გურამის სათამაშო რეზინის ფიგურები კი პოლიტიკოსებად გადაიქცეოდნენ ხოლმე და პოლიტიკურ საკითხებს არჩევდნენ.
ასანთის გადატეხილი ღერები პარლამენტის მიკროფონის როლს ასრულებდა. რეზინის მამალი იყო ზურაბ ჟვანია (რადგან ის მაშინ პარლამენტის სპიკერი იყო და სულ ჩანდა და ლაპარაკობდა), ნარინჯისფერი ღორის ფიგურა - ედუარდ შევარდნაძის ხმით მეტყველებდა, რეზინის დათვი კი თენგიზ სიგუას როლში იყო, რომელიც პოლიტიკაში დიდად აღარ ჩანდა, მაგრამ მისი სახელი მაინც სულ ისმოდა. გურამის სახლში - ნამცხვრის დასახელებადაც.
მეორე საყვარელი თამაშიც ჰქონდა - საკოლექციო მანქანებით პრეზიდენტის ტერაქტის მოწყობა, ოღონდ პრეზიდენტი თავად გურამი იყო ხოლმე, ყველაზე ხულიგნური იერსახის მანქანა „შევარდნაძის ესკორტს“ ეჯახებოდა. ესეც გურამის 90-იანი წლების ბავშვობის ფონი იყო - პრეზიდენტი, რომელსაც აფეთქებენ.
პოლიტიკაში მისი ასაკისთვის შეუფერებლად ერკვეოდა, „პათოლოგიურად“, როგორც დღეს თავად ამბობს. და მისი შთაგონების წყაროც ეს იყო. 2000-იანების დაწყების მერე ტელევიზორში ფეხბურთის მატჩების გადმოცემა დაიწყეს და გურამის ინტერესების სფეროს ფეხბურთიც დაემატა. კიდევ იყო გადაცემა „ფსიქო“, რომელსაც მამასთან ერთად უყურებდა ხოლმე და ბევრი ფილმი, რომელსაც ამ გადაცემაში აჩვენებდნენ და მერე მასზე მსჯელობდნენ, გურამმა პატარა ასაკში ნახა. მამა ამის ნებას რთავდა.
რამდენიმე წელი ნახალოვკაშიც იცხოვრეს, სადაც გურამ მაცხონაშვილი სკოლაში დადიოდა. სკოლა სძულდა, მაგრამ კლასელები პირიქით, ამიტომ თუ იმ ერთწლიან წყვეტას არ ჩავთვლით, როცა გლდანში საცხოვრებლად გადასვლა მოუწიათ, თავისი კლასი და კლასელები არ მიუტოვებია. მათთან მეგობრობდა. ჰყავდა შეყვარებულებიც - გოგოები.
ეს ბავშვობა, რომელშიც, თითქოს, ყველაფერი წესის მიხედვით მიდიოდა, დასრულდა მაშინ, როცა გურამი 12 წლისა იყო და როცა ოჯახი გლდანში გადაბარგდა.
მაშინ გურამმა უკვე იცოდა, რომ ბიჭები მოსწონდა.
პირველი, ვინც მკაფიოდ ახსოვს, ის ბიჭი იყო, თონეში რომ მუშაობდა, რომლის სანახავადაც მიდიოდა ხოლმე. ოღონდ ამაზე ხმამაღლა არასოდეს ულაპარაკია.
მერე იყო გლდანში ცხოვრება.
რომანი "გლდანი"
და როგორც მოგვიანებით გამოჩნდა, მხოლოდ ცხოვრება კი არა, რომანიც. „გლდანი“ - ასე ჰქვია ჯერჯერობით ერთადერთ წიგნს, რომელიც მურამ მაცხონაშვილმა დაწერა.
თბილისის გარეუბანში ფინანსური პრობლემების გამო აღმოჩნდნენ - სულ ბოლო, მერვე მიკროში. იქ ცხოვრებაში, იყო რაღაც ეგზოტიკურიც, წესით თითქოს პირიქითაა, ქალაქის ცენტრიდან როცა უყურებ, გარეუბნები ეგზოტიკად მაშინ უფრო გეჩვენება, მაგრამ აქ ასე მოხდა. თავისი „საძილე უბანი“ საკმარისად იკვლია, რომ მერე წიგნიც დაეწერა, რომელიც მთლად არც უბან გლდანზეა, მაგრამ იქ ცხოვრებით ნამდვილად არის შთაგონებული. ამ ეგზოტიკის ნიშანი კი გურამისთვის ის იყო, რომ გლდანს ყველაფერი თავისი ჰქონდა - თეატრიც კი.
და ეს არ იყო პატარა ამბავი, იმიტომ, რომ გურამი ცნობილი თეატრალების შვილთაშვილია. როცა გურამი დაიბადა, მისი დიდი ბაბუა, ცნობილი მსახიობი პიერ კობახიძე და გურამის დიდი ბებია - ასევე ცნობილი „ხანუმა“, პიერის ერთ-ერთი ცოლი, თამარ ჭავჭავაძე ცოცხლები აღარ იყვნენ, მაგრამ მათი ფოტოებით სავსე იყო გურამის ბებიის, ასევე მსახიობის, სახლის კედლებიც, სადაც გურამი შაბათ-კვირას მიდიოდა ხოლმე.
ყველას, გურამის დედის გარდა, თითქოს მასთან შეუთანხმებლად გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ გურამიც აუცილებლად რეჟისორი გახდებოდა. შეიძლება ამიტომაც იყო, რომ თავიდან გზას გადაუხვია და სხვა პროფესია აირჩია, მაგრამ საბოლოოდ მაინც თეატრის რეჟისურას მიადგა.
ბავშვობაში თანატოლებთან ცნობილი წინაპრებით კეკლუცობა მოსწონდა კიდეც. ახლა, თუ ეკითხებიან, მხოლოდ მაშინ ახსენებს ამ ამბავს და არც დღეს აქვს შეგრძნება იმის, რომ რადგან თეატრში მუშაობს, საოჯახო თეატრალური დინასტიის ნაწილია. ის ამბავი ბებიის სახლში დარჩა.
არაპირდაპირი ქამინგაუთი
არც მაშინ, როცა ბიჭი მოეწონა პირველად და არც მერე, როცა ზუსტად იცოდა თავისი სექსუალური იდენტობის ამბავი, ამაზე პირდაპირ ოჯახის წევრებთან არ ულაპარაკია, კლასიკური სცენარი, დედა, მამა, მე გეი ვარ, არ ყოფილა.
გურამისგან ასე ჩანს, რომ დედა თითქოს სინამდვილეს უძალიანდებოდა, დიდხანს აგებდა თეორიას, რომ ის და ლაშა უბრალოდ როგორც მეგობრები, ისე გადავიდნენ ერთად საცხოვრებლად. ასე იყო ორი წელი.
ორი წლის თავზე გურამმა დედისგან მესიჯი მიიღო - საზამთროზე და ყავაზე ეპატიჟებოდა ორივეს. გამოდითო, სწერდა. ეს იყო, ალბათ, მათი, როგორც წყვილის მიღების პირველი ნაბიჯი. წავიდნენ.
„ჩვენთან თითქოს პირიქით მოხდა - დედაჩემი დაქამინგაუთდა როგორც გეის დედა“.
ეს ორი წელი ისე გავიდა, რომ მოვლენებს სახელს არ არქმევდნენ, ეს გურამსა და მის ოჯახს შორის ფარულ შეთანხმებას ჰგავდა. მერე ნახეს გურამის და ლაშას ვიდეო, სადაც ისინი ღიად ლაპარაკობდნენ სიყვარულზე, სირთულეებზე, თემის პრობლემებზე.
„დედამ ეს გზა თავად გაიარა. ვხვდები, რომ ამ ორწლიანი თავის თავზე ბევრი იმუშავა. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გვქონდა კონტაქტი, მაგრამ პირადთან დაკავშირებით კითხვა არ დასმულა. რომ დასმულიყო, არ დავმალავდი“.
მამამ, რომელიც იმ წელს წავიდა ოჯახიდან, რომელ წელსაც გურამი დაშორდა თათიას, ერთხელ ახსენა ეს თემა. ცოტა ნასვამი იყო რომ დაურეკა და სიცილით ჰკითხა, ჩვენმა ნათესავმა მითხრა, შენ და ლაშა შეყვარებულები ხართო. ამ სიცილის მიღმა, როგორც გურამი ამბობს, ამ ამბის უარყოფის მოლოდინი იდგა.
მერე ვილაპარაკოთო, უთხრა, ახლა ნასვამი ხარო. არაფერი უარყვია. მას მერე ამ თემაზე ღიად აღარ ულაპარაკიათ.
ამ რაღაცნაირ სიჩუმეში მანამდეც ბევრი წელი გავიდა. ლაშას გამოჩენამდე თათია შეუყვარდა. ის 20-იანი წლების ბოლო პერიოდის კინომსახიობს ჰგავდა. ქორწილიც იყო, მერე ერთად ცხოვრება, მერე ნია გაჩნდა... ლაშას ჯერ არ იცნობდა, როცა თათიას ყველაფერი უთხრა. გვიან, მაგრამ მაინც.
თათია გამოდის პირველი, ვისთანაც ღიად ილაპარაკა. და მაშინ უკვე ორივემ იცოდა, რომ ერთ დღეს მათი ერთობა, როგორც ოჯახი, დასრულდებოდა. ის ერთი დღე იყო სამუშაო დღე ორჯანიზაცია „იდენტობაში“, სადაც გურამი ლაშას შეხვდა.
ყველაფერი ასე იდეალურადაა?
არც ისე. გარეგნულად თითქოს ყველაფერი რიგზეა, არც ვინმე დასხმია თავს იმის გამო, რომ გეი იყო, ასე ღიად არავინ დამუქრებია, არც სახლიდან გაგდების და ოჯახიდან მოკვეთის ისტორია აქვს, როგორც ლგბტ თემის ძალიან ბევრ წევრს, მაგრამ ყველაფერი იყო უფრო რთული, ვიდრე ახლა ყვება.
გურამთან ხილული ბრძოლები არ მომხდარა, მაგრამ ნაღმები ჯერ კიდევ ღრმადაა ჩამარხული და როგორც ამბობს, დღემდე მათი ამოთხრის პროცესშია. შეიძლება ის უთქმელობა იცავდა კიდეც.
„ ეს კი უნდა ითქვას - რადგან მე არ შემქმნია საფრთხე, ეს სულაც არ ნიშნავს იმს, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა. საერთოდ არ მაქვს ეს განცდა. შეიძლება 17 მაისის მერე სულ ოდნავ რაღაც დაიძრა. დღეს თუ წერენ, რომ „იყავით, მაგრამ დარჩით თქვენთვის“, მანამდე იყო, რომ უბრალოდ, „არ იყოთ“. მოკლედ, თუ მე და ლაშას დღეს არ გვემუქრება საფრთხე, რომ უბნის მაღაზიაში ჩავიდეთ, პური ვიყიდოთ და უკან დავბრუნდეთ, ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში დაცულია ჩვენი უსაფრთხოება. მე ამას უფრო რაღაც სოციალურ პრივილეგიად აღვიქვამ, ალბათ, რაღაცებში გამიმართლა რომ შედარებით უსაფრთხო კუნძულზე აღმოვჩნდი“.
Your browser doesn’t support HTML5
შეიძლება ქამინგაუთიც არის დაცვის ერთ-ერთი მექანიზმი. ამ დასკვნამდე მისვლაში პოლიტიკოსების ფარული ჩანაწერების გავრცელების ამბავი დაეხმარა - მაგალითად, ეკა ბესელიას შემთხვევა, რომლის პირადი ცხოვრებაც ფარულ კამერაზე გადაიღეს და მის დასაშანტაჟებლად გამოიყენეს.
„მაშინ დავფიქრდი - ბესელიამ პირდაპირ თქვა, დიახ, ეს იყო. და რა? და მგონია, რომ ამით უფრო დაიცვა თავი. ამ დროს, ჩემთვის ბევრად უფრო საპატივცემულო პოლიტიკოსები თუ მოაზროვნეები აღმოჩნდნენ იგივე განსაცდელში, მაგრამ მათ ვერ შეძლეს საკუთარი სივრცის დაცვა. მათ უბრალოდ ბოდიში მოიხადეს იმისთვის, რომ სექსი ჰქონდათ და გავიდნენ პოლიტიკიდან. თუმცა, მეორე მხრივ, მე ძალიან არ მიყვარს როცა თემი თავის წევრებს ქამინგაუთს აიძულებს. ეს ძალიან რთულია და ყველამ თავად უნდა გადაწყვიტოს“.
ბრძოლა ნიას (თვის)
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ნიას კითხვებია. გურამი ელის, რომ ნია თავად შეარჩევს დროს, როდის დაუსვას კონკრეტული კითხვა. მაგ მომენტის მოლოდინშია. სირთულეებიც, ალბათ, მისი გაზრდის შემდეგ გამოჩნდება. რაც თვითონ აისხლიტა ამ დრომდე ამ ქვეყანაში, ის შეიძლება მის შვილს მიემართოს.
„და რამდენადაც მე არ დამჭირვებია თავის დაცვა, მგონია, რომ დამჭირდება მისი დაცვა ამ კულტურისა და სოციუმისაგან. ამისთვის, როგორც სამსახურისთვის, ისე ვემზადები“.
სხვა თეატრი
მაგრამ მანამდე გურამის და ლაშას ერთობლივი ცხოვრება და ერთად გაკეთებული სპექტაკლებიც იქნება. თეატრი, რომელიც სივრცეებს მუდმივად იცვლის და ეძებს. ოღონდ არა იმიტომ, რომ ეს იდეაფიქსია, ეს გამოსავალი უფროა, რადგან ძალიანაც რომ გინდოდეს, დრამატულ თეატრებში ასე არავინ შეგიშვებს.
ამიტომ, ეს ძებნა, ალბათ, გაგრძელდება. თან, ახალ სპექტაკლზე მუშაობა თითქმის დასრულებულია. ამ პროცესში გურამის, როგორც რეჟისორის ყველაზე საყვარელი თავსატეხი ის არის, რომ მსახიობებს, რომლებთან დაკავშირებითაც მაყურებელს წინასწარი განწყობები აქვს (რომ ის სპექტაკლში აუცილებლად ასეთი და ასეთი იქნება), მთლიანად შეუცვალოს პროფესიული ესთეტიკა და ფორმა, რომლითაც მაყურებელს ეკონტაქტება და მის სპექტაკლში ამოყირავდეს.
„მე ფეხბურთშიც და თეატრშიც კომბინაციური თამაში მომწონს. პირველში, მაგალითად, ყველაზე ძვირად გოლი ფასობს, სტატისტიკაც გოლებს იმახსოვრებს. წერია, ვინ გაიტანა გოლი, მაგრამ არასოდეს - ვინ იყო გოლის ავტორის ასისტენტი. ქართულ თეატრშიც ასეა, მსახიობი იშვიათად ფიქრობს პარტნიორზე. მე კი მომწონს ისეთი მსახიობები, ვინც არ არის გოლზე დაგეშილი და პასს იძლევა“.
უკვე „ტუსოვკის“ ნაწილი ხომ არ ვარ?
კი, გურამთან ეს შიში არსებობს, უცებ ისეთი არ გახდეს, ვისაც თავად აკრიტიკებდა. ვინც და რაც არ მოსწონდა და ცდილობდა იმ ყველაფრის/ყველას ალტერნატიული რაღაცები შეექმნა. ამასწინათ ერთმა მეგობარმა გოგომ მისწერა, მომწონს შენი სტრატეგია, თან ყველგან ხარ და თან არსადო. ეს ინტერპრეტაცია მოეწონა, მასში დარჩებოდა. მაგრამ დღეს მაინც ეშინია, რომ „ტუსოვკის“ ნაწილად იქცეს.
„და იმის ეშინია, რომ შეიძლება უკვე იქიდან გელაპარაკები შეიძლება. არ ვიცი“.
ამასობაში, მეშვიდე წელი დაიწყო რაც გურამი და ლაშა ერთად ცხოვრობენ. ვინც მათ იცნობს, ის ხედავს, რომ გურამს ვიღაც შეყვარებული ბიჭი კი არ ჰყავს. მას ჰყავს ლაშა. და პირიქით.
მათი ურთიერთობა განსაზღვრავს სხვების დამოკიდებულებებს ამ ურთიერთობაში. სიყვარული - სიყვარულია, რა სექსუალური იდენტობაც არ უნდა გქონდეს. და ეს გადამდებია.