რადიო თავისუფლება ესაუბრა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის, მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორს ვახტანგ კობალაძეს.
- თქვენი დაკვირვებით, სისტემაში, რომელიც სურსათის უვნებლობას უზრუნველყოფს, ყველაზე სუსტი რგოლი რომელია?
- აღსრულება, რადგან კანონმდებლობა ასე თუ ისე გვაქვს. მეწარმეებმა ხშირად არც იციან თავიანთი მოვალეობები, არც სურვილი აქვთ ნორმატივები დააკმაყოფილონ. დიდ საწარმოებში ნაკლებად არის ამის პრობლემა, მაგრამ რაც უფრო დაბლა ჩავდივართ, მით უფრო ნაკლები ცოდნა აქვთ.
მაგალითად, 2023 წელს საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ 500-ზე მეტი მეფუტკრე გამოკითხვა და დიდმა ნაწილმა არც ნორმატივები იცოდა, არც ის მოთხოვნები, რომლებიც უნდა დაეკმაყოფილებინა. წინაპრებმა როგორც ასწავლეს ისე აკეთებდნენ და არ ფიქრობდნენ, რომ თაფლს შემოწმება სჭირდება. ფუტკარს ისეთ პრეპარატებს აძლევენ, რომლებიც არ უნდა მისცენ. თან როდესაც პრეპარატს მისცემ, ფუტკარი იქნება თუ სხვა ცხოველი, გარკვეული დროის განმავლობაში, მისი პროდუქტი არ უნდა მოიხმარო.
ძროხას ანტიბიოტიკს რომ მისცემ იმ დღეს, შესაძლოა ერთი კვირის განმავლობაშიც კი, მოწველილი რძე უნდა გადაღვარო.
- არ ღვრიან?
- ეს ვერ კონტროლდება. გლეხური მეურნეობების უმეტესობა რეგისტრირებულიც არ არის, მექანიზმიც არ არის, რომ აიძულო დაარეგისტრირო. რომც დაარეგისტრირო, სურსათის ეროვნული სააგენტო ყველას მაინც ვერ გააკონტროლებს. ხედვაც არ არსებობს, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს საკითხი.
- ანუ თუ მაგალითად, ძროხას მისცეს ანტიბიოტიკი, მისი რძისგან კი მაშინვე ყველი გააკეთეს, რომელიც ადამიანმა შეჭამა, მას ანტიბიოტიკისადმი რეზისტენტულობა ჩამოუყალიბდება?
- კი, ეს გადადის ადამიანის ორგანიზმში. არის ძლიერი ანტიბიოტიკები, რომლებიც თანდათან წამლავს ადამიანს. მთავარი პრობლემა მაინც მიჩვევაა. ორგანიზმი ეჩვევა ანტიბიოტიკს და როდესაც მას ანტიბიოტიკით მკურნალობა დასჭირდება, ის ვეღარ უშველის. ამის გამო მსოფლიოში უამრავი ადამიანი იხოცება. კაცმა არ იცის, რა დონის რეზისტენტულობა გვაქვს თითოეულ ჩვენგანს.
- ცხოველებსაც ხომ ყოველდღიურად არ აძლევენ ანტიბიოტიკს?
- არა, მაგრამ, ხანდახან ამას სისტემური სახეც აქვს. თან არის ძალიან ძლიერი ანტიბიოტიკები, რომლებიც რთულად გამოდის ორგანიზმიდან. იყო შემთხვევა მეფუტკრემ არ მისცა ფუტკარს ანტიბიოტიკი, მაგრამ თაფლში მაინც აღმოჩნდა. შემდეგ გაირკვა, რომ ანტიბიოტიკი იყო ფიჭაში, რომელიც სხვისგან იყიდა.
თაფლში ადრე ანტიბიოტიკების ძალიან დიდ რაოდენობას პოულობდნენ, შემოწმებულიდან 50 პროცენტში. მერე მიხედეს ამ საკითხს და ბოლო წლებში უკვე ნაკლები შემთხვევებია. შარშან სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ანტიბიოტიკი თაფლის 100-დან 5 ნიმუშში აღმოაჩინა, მაგრამ ეს ხუთი ძალიან ცნობილი კომპანიების ნაწარმია, ყველგან ვრცელდება. ანუ ეს ჯერაც პრობლემაა.
- თუ მყიდველმა შეამჩნია პრობლემა, ვის უნდა მიმართოს?
- ჯერ გამყიდველს, შემდეგ კი შეუძლია სურსათის ეროვნულ სააგენტოსაც. ცხელი ხაზიც აქვს სააგენტოს 1501. მიმართვიანობა ყოველწლიურად იზრდება, თუმცა, რეაგირება მოიკოჭლებს.
- როგორ მოწმდება პროდუქცია?
- ახლანდელი მსოფლიო მიდგომა არის ასეთი: ყველაფრის შემოწმება შეუძლებელია, ამიტომ მოწმდება რისკის საფუძველზე. მოწმდება საწარმო, მაღაზია... დამატებით ლაბორატორიულადაც ამოწმებენ. საზღვარზეც მოწმდება შემოსული პროდუქტი, მაგრამ ისიც შერჩევით. შერჩევით მოწმდება ბაზარშიც, გარევაჭრობა კი საერთოდ უკანონოა. მეწარმეს თავად აქვს ვალდებულება, უვნებელი პროდუქტი გაყიდოს. მასვე ევალება პროდუქტის პერიოდულად შემოწმებაც.
ასევე ნახეთ „აფლატოქსინის საწინააღმდეგო წამლები არ არსებობს“ - "სოფლის ნობათში" აღმოჩენილი საშიში AFM1სახელმწიფოს არა აქვს ხედვა, თუ როგორ უნდა აღმოიფხვრას ხარვეზები. ხომ არ არის აუცილებელი, ყველამ ყველი აკეთოს, შეუძლია რძე ჩააბაროს. პრობლემაა ორგანიზებული ადგილებიც, სადაც გლეხს პირდაპირ, შუამავლის გარეშე შეეძლება ხილის და ბოსტნეულის გაყიდვა. ამის გამო არაორგანიზებულად ყიდიან.
90-იან წლებში სურსათის უვნებლობის კონტროლის ძველი, საბჭოეთიდან გადმოყოლილი სისტემა არსებობდა. ახალმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა კორუფცია მოესპო და სრულიად გააუქმა მაკონტროლებელი. ეს გაუმართლებელი იყო, ამ ლოგიკით შეიძლება პოლიცია და სასამართლოც გააუქმო. შემდეგ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების წყალობით რეალური ბერკეტები იქმნებოდა. ჩამოყალიბდა სურსათის ეროვნული სააგენტო, მაგრამ ახლა შემდეგი ნაბიჯებია საჭირო.
ასოცირების ხელშეკრულებაში მთელი რიგი ვალდებულები გაიწერა, რომლებიც 2028 წლამდე უნდა შესრულდეს. საქართველო ევროკავშირის ნორმატიულ ბაზას ყოველწლიურად უახლოვდება. ამის შედეგია ისიც, რომ ქათმის ნაკელის ძროხების საჭმელად გამოყენება არ შეიძლება. მანამდე ცხოველის საკვები საერთოდ არ კონტროლდებოდა.
ასევე ნახეთ როგორ მოუგო ლაშა პაპაშვილმა 4,7 მილიონი ლარი „ბიუ ბიუს“ მფლობელს - დავა ნაკელის გამობოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებისთვის ევროინტეგრაცია არ არის პრიორიტეტი. დასავლურ, პირდაპირ ხელისუფლებისადმი მიმართულ დაფინანსებას ძალიან დიდი როლი ჰქონდა სურსათის უვნებლობის სფეროში. სააგენტო რომ არსებობს ეს ევროკავშირისა და დასავლელი დონორების დიდი დამსახურებაა. ეს დაფინანსებაც შეწყდა და რა პროგრესზეა საუბარი?! შეიძლება რასაც მივაღწიეთ ისიც დავკარგოთ.
იმის გამო, რომ ეს სფერო მოწესრიგებული არ არის, ევროკავშირში ცხოველური პროდუქტის შეტანის უფლება ჩვენ არ გვაქვს, გარდა თაფლისა და კიდევ ერთი სახეობის თევზისა.
- ხორცში, ყველშიც არის ანტიბიოტიკები?
- ფიქსირდება, კი, ანტიბიოტიკების გარდა კიდევ სხვა დამაბინძურებელიც, ლითონები, თუნდაც ტყვია.
- ტყვია სუნელებში მახსოვდა.
- სხვათა შორის, როდესაც გავიგეთ (ისიც ამერიკიდან), რომ ჩვენს სუნელებში ტყვია იყო, გამოვითხოვეთ მონაცემები და ყველაზე მეტად ტყვია საქონლის ხორცში აღმოჩნდა. ახლანდელი მონაცემები არ ვიცი, მაგრამ ყველგან არის საფრთხეები. გაშვებული ჰყავთ ძროხები და ისინიც სადაც რას მოახერხებენ იმას ჭამენ, ხშირად ნაგავსაყრელებზეც.
- ვთქვათ, მომავალში ქართველ მეწარმეს მისცეს ევროკავშირში პროდუქციის გატანის შესაძლებლობა. საქართველოს წარმოება მცირეა ევროკავშირის ბაზართან შედარებით, მაგრამ აუცილებელია ტონობით გაიტანოს? რაც აქვს, თუნდაც მცირე, იმას ვერ გაიტანს?
- რაღაც მინიმალური რაოდენობა მაინც საჭიროა, მაგრამ მაგალითად, თაფლთან დაკავშირებით უკვე გაჩნდნენ გამტანები. აგროვებენ კერძო მეწარმეებისგან და ერთიანად გააქვთ. მეფუტკრეების სტიმული, დააკმაყოფილონ სურსათის უვნებლობის მოთხოვნები სწორედ ის არის, რომ თაფლი ევროკავშირის ბაზარზე გააქვთ.
- ამ ბაზარს ემუქრება დღეს საფრთხე?
- თუ სანქციები დაგვიწესეს და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაც შეაჩერეს, რაც სულაც არ არის გამორიცხული, რა თქმა უნდა, ყველაფერს დაემუქრება.