რომელი კონფესიისთვის რა შეცვალა კორონავირუსის პანდემიამ

საეკლესიო რიტუალი

ჯამბულ აბულაძე ადიგენის მუნიციპალიტეტში ჭელის მეჩეთის წინამძღვარია. აპრილის ბოლოდან, რამადანის მარხვის დაწყების შემდეგ მეჩეთში ლოცვას მარტო აღავლენს. ლოცვა ღამის 11 საათისთვის სრულდება, ჯამბულ აბულაძეს კი, „კომენდანტის საათის“ დროს გადაადგილებისთვის საჭირო საშვი არ აქვს. COVID-19-ის პანდემიის გამო, საქართველოს მეჩეთებში კოლექტიური ლოცვა დროებით შეწყდა. ეს გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ 19 მარტს, ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე მიიღო.

ჯამბულ აბულაძე

ამ ვირუსმა თავისუფლების ფასი დაგვანახა. ყველას და ყველაფრის ლუსტრაცია მოხდა. კარგად გამოჩნდა გაჭირვების დროს ვის რა შეგვძლებია. ვის შეიძლება ვენდოთ და ვის არა. კიდევ მეტი რამ შეიცვლება, როცა კორონავირუსი ჩაივლის. ჩვენთან ახლა რამაზანი დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთადერთი პერიოდია, როცა ერთობლივ ლოცვებში ქალები და ბავშვებიც იღებენ მონაწილეობას, წელს ვირუსის გამო ყველას სახლებში მოუწია ლოცვა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მეჩეთები დაიკეტა. ერთი ადამიანი ყოველთვის ლოცულობს. თხოვნა მექნება ჩვენ ხელისუფლებასთან, იქნებ მოხერხდეს ერთი საშვის გაცემა, - ამბობს ჭელის მეჩეთის წინამძღვარი ჯამბულ აბულაძე.

მღვდელი აკოფი

მრევლის გარეშე წირვის გადწყვეტილება საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე მიიღო სომხურმა სამოციქულო ეკლესიამაც. სპეციალური დეკრეტის თანახმად, სასულიერო პირები წირვას დახურულ კარს მიღმა აღავლენენ. დროებით არ ტარდება ნათლობა და ჯვრისწერა. „ადამიანს წინ თუ ქვა შეხვდება, მას ან უნდა დააბიჯოს და ან შემოუაროსო“, - ამბობს ახალციხისა და ბორჯომის მღვდელი აკოფ სააკიანი. ის კორონავირუსის პანდემიას უწოდებს ახალ დაბრკოლებას, რომელსაც უნდა გაერიდო, ან სხვა გამოსავალი მოძებნო: თუ სახელმწიფოს მიერ მიღებული ახალი კანონი შედის ძალაში, ეს არ ეწინააღმდეგება ჩვენს რწმენასა და მოღვაწეობას. როგორც გადაწყვიტა საქართველოს მთავრობამ, ჩვენც ვცდილობთ დავრჩეთ სახლში“.

დარიუშ კომადოვსკი

მრევლის გარეშე ტარდება წირვა-ლოცვა სამცხე-ჯავახეთის კათოლიკურ ტაძრებში. ხალხის თანდასწრებით ბოლო წირვა 22 მარტს ჩატარდა. მარხვის პერიოდში ვიდეობლოგებს აქვეყნებდა არლის კათოლიკური სამრევლო. პოლონელი მამა დარიუში მრევლს „უფლის სიტყვების მოსმენისკენ“ მოუწოდებდა: “საქართველო, პოლონეთი და მთელი მსოფლიო ახლა რთულ მდგომარეობაშია. ეპიდემია, რომელიც ყოველდღიურად ვრცელდება, გვაშინებს. ბევრ ადამიანს ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ართმევს, ჩვენ სიმშვიდეს. გვჭირდება მხარდაჭერა და ჭკვიანური სიტყვები, რომელიც დაგვეხმარება“.

წირვის მრევლის გარეშე ჩატარების, ან ზიარების წესის დროებით შეცვლის გადაწყვეტილება არ მიუღია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მიუხედავად ეპიდემიოლოგების გაფრთხილებისა, რომ ეს ვირუსის გავრცელების რისკებს შეიცავს. მართლმადიდებელი სასულიერო პირები აცხადებენ, რომ მთავრობის რეკომენდაციების დაცვა მორწმუნეებს შორის დისტანციის დაცვით და სადეზინფექციო ხსნარებისა და პირბადეების დარიგებით ხდება. მრევლი წირვას ტაძრების ეზოებში, ხმის გამაძლიერებლების საშუალებით ისმენს.

ამაღლების ეკლესია

„ვისაც არ შეუძლია ტაძარში მოსვლა, არ ინერვიულოს, არ ჩაეთვლება ცოდვაში. თუ ვერ მოვა სხვადასხვა მიზეზის გამო, ან რისკ-ჯგუფშია, ან ოჯახში ჰყავს ასეთი, ან სურს რეკომენდაციების გათვალისწინება, დარჩით სახლში, სახლიდან ილოცეთ, რომ უფალმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა. ვისაც სურს მოსვლა, მოვიდეს. ტაძრის კარები ღიაა ღამითაც და დილითაც და მათ ტაძრიდან სთხოვონ უფალს ჩვენი ხალხის და სამშობლოს გადარჩენა“, - ამბობს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე.

თეოლოგ ბექა მინდიაშვილის შეფასებით, შექმნილ ვითარებაში კონსტიტუციური შეთანხმება დაირღვა. კონკორდატის პირველსავე პუნქტში განმარტებულია, რომ საპატრიარქო და სახელმწიფო ადამიანების საკეთილდღეოდ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის საფუძველზე თანამშრომლებენ: „აქ არის დარღვეული როგორც ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპი, რადგან სახელმწიფოს და კანონის უზენაესობას ფაქტობრივად შლიდა მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ხელისუფლების დამოკიდებულება მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსადმი და ეწინააღმდეგებოდა ადამიანების კეთილდღეობის პრინციპს. ხელისუფლება ვალდებულია უბრალოდ, გაავრცელოს კანონები და დაიცვას ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე“.