რომელ სურათებს მიიჩნევს ფეისბუკი "სახიფათოდ"?

ფოტოების რუსი კოლორისტის, ოლგა შირნინას ახალ შთამბეჭდავ ნამუშევრებს სოცქსელებში მოუთმენლად ელის მისი 45 ათასზე მეტი მიმდევარი. მაგრამ შირნინას არ სურს მათი გამოქვეყნება ფეისბუკსა და ინსტაგრამში. როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა, ის ფიქრობს, რომ აუცილებლად შეუჩერებენ ანგარიშს.

ოლგა შირნინას გაფერადებული ფოტო, რომელზე მუშაობაც 26 მაისს დაასრულა. მასზე აღბეჭდილია გვირგვინის მიტანის ცერემონია ვარშავაში, 1939 წელს, ნაცისტური გერმანიის მიერ პოლონეთში შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე. ეს ერთ-ერთია იმ სამი ფოტოდან, რომლებზეც შირნინა ამბობს, რომ თითქმის დარწმუნებულია, რომ ანგარიშს შეუჩერებენ, თუკი მათ ფეისბუკზე გამოაქვეყნებს.

შირნინა (ზევით), რომელიც Klimbim-ის ფსევდონიმით მუშაობს, პროფესიონალი მთარგმნელია და მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კოლორისტადად ითვლება. ის Photoshop-ს იყენებს ისტორიული შავ-თეთრი ფოტოების გასაფერადებლად.

მოსკოვში მცხოვრები მთარგმნელისა და ისტორიის მოყვარულის თქმით, ის დიდ დროს უთმობს კომპიუტერით კვლევას და შემდეგ ერთფეროვანი სურათებისთვის სიცოცხლის შთაბერვას - „უბრალოდ, სიამოვნებისთვის“.

შირნინას მაღალ შეფასებას აძლევენ მსოფლიოს წამყვან საინფორმაციო და სახელოვნებო ვებსაიტებზე. მისი ნამუშევრები უფასოდ არის ხელმისაწვდომი ყველასთვის, ვისაც მათი არაკომერციული მიზნებით გამოყენება სურს. მისი გაფერადებული კოლექცია მოიცავს ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ ფოტოებს, პორტრეტებს, ისტორიულ ფოტოჟურნალიზმს მთელი მსოფლიოდან. არცერთი მისი წარწერა არ შეიცავს პოლიტიკურ კომენტარს.

რუსეთის იმპერატორი ნკოლოზე II 1916 წელს. შირნინას მიერ გაფერადებული ფოტო.

2019 წლის სექტემბერში შირნინამ ინსტრაგრამისგან მიიღო პირველი შეტყობინება, რომ მის მიერ გაფერადებული ფოტო, რომელზეც ნაცისტების ლიდერები არიან გამოსახული, „არღვევს თანამეგობრობის ძირითად პრინციპებს“ და რომ მისი ანგარიში შეიძლება წაშალონ, თუკი მომავალშიც გამოაქვეყნებს მსგავს მასალას.

ინსტრაგრამისგან მიღებული შეტყობინება, რომლის თანახმად, შირნინამ დაარღვია სოცქსელის წესები „სახიფათო ორგანიზაციების“ შესახებ.

ფოტოზე, რომელიც ინსტაგრამმა დაბლოკა 2019 წლის სექტემბერში, გამოსახული არიან SS-ის მეთაური ჰაინრიხ ჰიმლერი (მარცხნივ) და პოლონეთში გერმანიის ელჩი ჰანს-ადოლფ ფონ მოლტკე. 1939 წ.

მომდევნო თვეებში შირნინას რამდენიმე სხვა გაფერადებული ფოტო აიღეს ფეისბუკიდან და ინსტაგრამიდან, რომელიც ფეისბუკს ეკუთვნის.

ვითარება გამწვავდა, როცა შირნინას ფეისბუკის ანგარიში შეუჩერეს მას შემდეგ, რაც მან გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც გამოსახულია ორი ნაცისტი ჯარისკაცი უკრაინაში (იხ. ქვევით). ფოტოზე არ ჩანს ნაცისტური სიმბოლოები, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ სურათი საეჭვოდ მიიჩნია პიროვნებამ და არა ამომცნობმა სისტემამ. შირნინა კიდევ ერთხელ გააფრთხილეს, რომ მან დაარღვია ფეისბუკის წესები სახიფათო ორგანიზაციების თაობაზე. კოლორისტის თქმით, ეს პირველი და უკანასკნელი შემთხვევა იყო, რომ მისი საჩივარი შედეგიანი აღმოჩნდა.

ნაცისტი ჯარისკაცები უკრაინის ქალაქ ხარკოვში 1943 წელს.

ფეისბუკის წესებში სახიფათო პირებსა და ორგანიზაციებზე ვკითხულობთ:

„რეალური ზიანის თავიდან ასაცილებლად და შესაკავებლად ჩვენ ფეისბუკზე ყოფნის უფლებას არ ვაძლევთ ორგანიზაციებსა და კერძო პირებს, რომლებიც ქადაგებენ ძალადობრივ იდეებს ან მონაწილეობენ ძალადობაში. მათ შორის არიან ორგანიზაციები და კერძო პირები, რომლებიც ჩართული არიან:

ტერორისტულ საქმიანობაში

ორგანიზებულ სიძულვილში

მასობრივ მკვლელობაში (მათ შორის მცდელობაში) ან მრავალჯერად მკვლელობაში

ადამიანთა ტრეფიკინგში

ორგანიზებულ ძალადობაში ან დანაშაულებრივ საქმიანობაში

ჩვენ ასევე არ ვუშვებთ კონტენტს, რომელიც ამ საქმიანობაში ჩართული ჯგუფების, ლიდერების ან პირების მიმართ მხარდაჭერას ან ქებას გამოხატავს.“

შემდეგ, მაისის დამდეგს, ფეისბუკმა სამი დღით დაბლოკა შირნინას ანგარიში. ამჯერად გაფერადებული ლეგენდარული ფოტოსთვის, რომელზეც გამოსახულია საბჭოთა ჯარისკაცების, მიხაილ ეგოროვისა და მელიტონ ქანთარიას მიერ ბერლინში, რაიხსტაგის შენობაზე საბჭოთა დროშის აღმართვა 1945 წელს. შირნინამ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, მაგრამ უარი მიიღო და ანგარიშის კვლავ გამოყენება მხოლოდ სამი დღის შემდეგ შეძლო მას მერე, რაც ფეისბუკმა მართვის უფლების სკანირებული ასლის გაგზავნა მოსთხოვა.

ევგენი ხალდეის ლეგენდარული ფოტო, რომლის გაფერადებული ვარიანტი გამოაქვეყნა შირნინამ ფეისბუკზე.

შეტყობინება, რომელიც შირნინამ მიიღო მას მერე, რაც მისი ანგარიში დაიბლოკა რაიხსტაგზე დროშის აღმართვის ამსახველი ფოტოს გამოქვეყნებისთვის.

შირნინა ამბობს, რომ ის „სახტად დარჩა“ ფეისბუკის წესების აშკარა შეუთანხმებლობის გამო. მისი თქმით, გაურკვეველია, რომელმა სურათებმა შეიძლება გამოიწვიოს სამუდამო აკრძალვა და რომელმა - არა.

„მე რეალურ ისტორიულ ფოტოებზე ვმუშაობ და მათი შესწორება არ შეიძლება!“ - ამბობს მოსკოველი კოლორისტი.

პრობლემა არ მოჰყოლია მის გვერდზე იმ ფოტოების გამოქვეყნებას, რომლებზეც მილიონობით ადამიანის სიკვდილისთვის პასუხისმგებელი საბჭოთა ლიდერები არიან გამოსახული. თანაც ამ ფოტოებზე მკაფიოდ მოჩანს საბჭოთა სიმბოლიკა.

ვლადიმირ ლენინის ფოტო, რომელიც შირნინამ უპრობლემოდ გამოაქვეყნდა ფეისბუკსა და ინსტაგრამში.

მარცხნიდან მარჯვნივ: საბჭოთა ლიდერები იოსებ სტალინი, მიხაილ კალინინი, კლიმენტ ვოროშილოვი და ლაზარ კაგანოვიჩი 1930 წელს. პოლიტიკური ტერორის სხვა აქტებთან ერთად ოთხივე იდგა 1940 წელს კატინში 22 ათასი პოლონელი სამხედრო ოფიცრის, პოლიციელისა და მეცნიერის დახოცვის უკან, რომლებიც საბჭოთა კომუნისტური რეჟიმის მოწინააღმდეგეებად მიიჩნეოდნენ.

ოლგა შირნინას თქმით, ეს ფოტოც უპრობლემოდ გამოქვეყნდა ფეისბუკსა და ინსტაგრამში.​