„რომ უკეთესი გახდეს თბილისი“

"პროსპექტს მიჰყვება კაცი მაღალი,
ბევრის მნახველი და ხანდაზმული,
იღლიით მიაქვს სახლი ახალი -
გრაგნილ ქაღალდზე გადახაზული".

ასე იწყება პოეტ ოთარ ჭელიძის (და არა ჭილაძის) ლექსი „მაღალი კაცი“, რომელიც შორეულ 1958 წელს ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნების“ ერთ-ერთ ნომერში გამოქვეყნდა. ეს ის პერიოდია, როცა საბჭოთა საქართველო გამალებული აშენებს კომუნიზმს და მაღალ იდეალებთან ერთად დიდი გასავალი აქვს ყველაფერ მაღალს - მაღალ გეგმებს, მაღალ პროცენტებს და, ბუნებრივია, მაღალ შენობებს... მაღალი კაცი, რა ძნელი მისახვედრია, არქიტექტორია.

"ღამეებს თეთრად ტეხდა ჭარმაგი,
გადაუბია ღამე დილისთვის,
რომ დაამშვენოს ჩვენი ქალაქი,
რომ უკეთესი გახდეს თბილისი".

სწორედ ამ მიზნით („რომ უკეთესი გახდეს თბილისი“) მართლდებოდა და მართლდება ნებისმიერი ახალი მშენებლობა თბილისში, განსაკუთრებით მის ძველ ნაწილში, სადაც მშენებლებს, არქიტექტორებსა და ქალაქგეგმარების სპეციალისტებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ, სადაც დასაცავი და შესანარჩუნებელია ძველი ქალაქის იერსახის განმსაზღვრელი როგორც შენობა-ნაგებობები, ასევე უნიკალური ლანდშაფტი.

თბილისის იერსახეს მრავალი წლის განმავლობაში განსაზღვრავდა უნიკალური ლანდშაფტი და ამ ლანდშაფტს მორგებული არქიტექტურა, ფონური განაშენიანება, მტკვარზე გადაკიდებული აივნები და სოლოლაკის ქედზე შეფენილი ბანიანი სახლები, სათანადო პროპორციების დაცვით ჰარმონიულად რომ იმეორებდნენ რელიეფის ფორმას.

დღეს ანგრევენ ძველ, ხშირ შემთხვევაში ავარიულ, შენობებს და მათ ადგილზე აშენებენ გარემოსთან შეუფერებელი ფორმისა და სიმაღლის შენობებს. თანამედროვე მძლავრი ტექნიკის დახმარებით ანგრევენ და ცვლიან რელიეფსაც.

​არადა, თუ რამეა დასაცავი თბილისში, პირველ რიგში, დასაცავია მისი ლანდშაფტი, რომლის უნიკალურობა განსაზღვრავს ძველი ქალაქის იერსახეს; დასაცავია სოლოლაკის ქედი, რომელსაც უხეშად უცვლიან ფორმას, ანადგურებენ...

ცხადია, თბილისის ამფითეატრულად განლაგებული ფერდობები ყველა დროში იზიდავდა ადამიანებს (მთაწმინდის მჭიდროდ დასახლებული უბანი ამის ნათელი დადასტურებაა) და იზიდავდა, პირველ რიგში, ულამაზესი, გაშლილი ხედის გამო, რომლის შესანარჩუნებლად საჭირო იყო დაგეგმარების ელემენტარული წესების დაცვა, რომ ძირითადი შენობები დადგმულიყო დაქანების მართობული მიმართულებით, რაც გარდა იმისა, რომ ხელშემწყობ პირობებს შეუქმნიდა მშენებლობის პროცესს, საშუალებას მისცემდა შექმნილიყო მთაგორიანი პირობებისათვის შესაფერისი ხუროთმოძღვრული ანსამბლი.

ქალაქგეგმარების სწორედ ამ ხერხით იქნა მიღწეული ანსამბლური ერთიანობა თბილისის ფერდობების განაშენიანებაში, რასაც ასე აფასებენ სპეციალისტები და რაც ასე ხიბლავთ ადგილობრივებსა და ტურისტებს. ამასთან, მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ახალმოსახლეთა კულტურა და ზომიერების გრძნობა. ამ თვალსაზრისით, სამაგალითოა „მამლუქის“ ავტორის, კონდრატე თათარიშვილის (უიარაღოს), დასახლება მთაწმინდის ფერდობზე, გურამიშვილის (ახლანდელი მაყაშვილის) ქუჩაზე, სადაც ბელგიის დედაქალაქიდან გეოლოგის დიპლომით დაბრუნებულმა ყოფილმა მღვდელმა და მწერალმა სახლის მშენებლობა წამოიწყო.

კონდრატე თათარიშვილი (უიარაღო)

„თბილისში, დავითის მთაზე, გურამიშვილის ქუჩის გაგრძელებაზე კლდეს ანგრევდა, საკუთარი ხელით სახლს იშენებდა. ...მზე რომ ამოვიდოდა, წამოდგებოდა, ძალაყინს ხელს დასტაცებდა და სახლს უკან კლდეს დაუწყებდა ნგრევას, ვაზისათვის მოედანს ამზადებდა... მალე თელავიდან ნამყენებიც ჩამოიტანა და თავისი ხელით ჩაყარა კლდეში საგანგებოდ ამოთხრილ ორმოებში. ორ წელიწადში ვაზმა ტანი აიყარა“, - წერდა ბენო თათარიშვილი უიარაღოს ორტომეულისათვის წამძღვარებულ ვრცელ წერილში.

კონდრატე თათარიშვილს სწორედ ამ სახლში სტუმრობდა ბრიუსელში სტუდენტობისას დამეგობრებული მწერალი დავით კასრაძე, რომელსაც მოგონებების წიგნში ჩაუწერია:

„მთაწმინდის კალთებს ავუყევით. კონდრატეს საკუთარი ხელით გამოენგრია კლდე, გაეჭრა საძირკველი, ლოდებით აეშენებინა მკვრივი კედლები და მშვენიერი სახლი დაედგა მთაწმინდის ფერმკრთალი ვარსკვლავების ქვეშ. „გახედე აქედან თბილისს! რომელი ბრიუსელი შეედრება!“ - მითხრა თბილისის ხედით მოხიბლულმა“.

როგორც ჩანს, მთაწმინდის ფერდობზე ადგილზე მოპოვებული ბუნებრივი მასალით გარემოსათვის შესაფერისი მასშტაბის სახლის აშენება ფართოდ იყო გავრცელებული ძველ თბილისში. სწორედ ასეთნაირად აშენებულ სახლში (მარაბდის 11) ცხოვრობდა ცნობილი მთარგმნელი მედეა ზაალიშვილი, რომელიც ავტობიოგრაფიულ რომანში „ცაში გამოკიდებული სახლი“ იხსენებს: „[მამა] დღეს და ღამეს იმ ქოხში ატარებდა, ჩემი ძმებიც მიჰყავდა და დიდი რკინის ლომებით კლდეს ებრძოდნენ, ლოდებს ტეხდნენ და მომავალი სახლისთვის აგროვებდნენ”.

ასე შენდებოდა სახლები მშვენიერი ხედებით, შენდებოდა ისე, რომ არც ლანდშაფტი მახინჯდებოდა, არც სხვას ეხერგებოდა ხედი და ქვემოდანაც საამო საცქერი იყო ტერასულად მტკვრიდან ცამდე აზიდული ქალაქი.

დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა: ადამიანის ზომიერი მოთხოვნილება სამშენებლო კომპანიის დაუოკებელმა მადამ ჩაანაცვლა, ძალაყინი - ზემძლავრმა ექსკავატორმა, კლდის ნამტვრევები - მილიონობით კუბურმა მეტრმა ბეტონმა, რომლისგანაც ჩამოსხმულმა სახლებმა ლამის სრულად დაუკარგა ავთენტურობა ძველი თბილისის ამ ნაწილს.

ძველ თბილისში ბევრი სახლი (შეიძლება უმეტესიც კი) ავარიულ მდგომარეობაშია, მათში ცხოვრება სახიფათოა სიცოცხლისათვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა შენობა და მთელი უბანი ექსკავატორითაა მოსათხრელი ისე, როგორც მოითხარა მთელი უბანი ჯავახიშვილის (ყოფილი ელბაქიძის) დაღმართთან. არადა, ჯერ კიდევ 1979 წელს (ჟურნალი „ძეგლის მეგობარი“) წერდა მიხეილ სოფრომაძე ამ უბნის, საქანელას ქუჩის მნიშვნელობასა და შენარჩუნების აუცილებლობაზე.

„მოკლე და ვიწრო ქუჩაა, თავისი უაღრესად კოლორიტული შენობებითა და ვიწრო შესახვევებით, მას გადმოჰყურებს ელბაქიძის დაღმართის მარჯვენა მხარის შენობები ძველი თბილისისათვის დამახასიათებელი აივნებითა და შუშაბანდებით. აღსანიშნავია, რომ ეს უბანი ერთი თვალის მოვლებით აღიქმება სასტუმრო „ივერიიდან“ და ამჟამად მის წინ მდებარე ახალი მოედნიდან, აგრეთვე მტკვრის მარცხენა სანაპიროდან და მარჯანიშვილის ქუჩიდან. ეს უბანი, რეგენერაციისა და ცალკეული სახლების ფასადების სარესტავრაციო სამუშაოს შესრულების შემდეგ, რაც არ მოითხოვს დიდ კაპიტალურ დაბანდებას, პირდაპირ ძველი თბილისის „ოაზისად“ ჩაიხატება თანამედროვე თბილისის პანორამაში... მხედველობაშია აგრეთვე მისაღები ისიც, რომ ამ უბანს მიწის მცირე მონაკვეთი უჭირავს და მოქცეულია ისეთ დაქანებულსა და ციცაბო რელიეფზე, რომ ამ ადგილას არაფრის დაგეგმარება და გაშენება არ შეიძლება, ამიტომ ამ ტერიტორიის გამოყენება სხვა მიზნით მაინც შეუძლებელია“, - ვკითხულობთ სტატიაში.​

თუმცა, როგორც ჩანს, ის ხალხი, ვინც თბილისში მშენებლობის (იგულისხმე ნგრევის) საკითხებს წყვეტს, დიდად არც „ძეგლის მეგობრის“ ძველ ნომრებთან მეგობრობს და არც საკუთრივ ძეგლებთან.

დღეს საქანელას უბანი ნასახლარადაა ქცეული და სამომავლოდაც ან ასეთად დარჩება, ან მინაბეტონის გროვად იქცევა. ყველა შემთხვევაში, თუ არაფერი შეიცვალა, აუხდენელი დარჩება პოეტის ოცნება, „რომ უკეთესი გახდეს თბილისი“.