8 მარტს თბილისში ფემინისტური ფილმების ფესტივალი იხსნება. წელს კინოფესტივალის დამფუძნებელი, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ მაყურებლის ყურადღებას ქალის სხეულზე ამახვილებს - სხეულზე, არა მხოლოდ როგორც ანატომიურ ფენომენზე, არამედ როგორც პოლიტიკური, სოციალური, გენდერული იდენტობის სუბიექტზე.
„საუბარი თავისუფლებაზე“ მასპინძლობს ფესტივალის ორგანიზატორებს - ნინო ხარჩილავას და ეკა წერეთელს, რომლებიც ამ კინოფორუმში ჩართული ფილმების შესახებ საუბრობენ. ფესტივალი გაიხსნება ქართული ანიმაციით, ნათია ნიკოლაშვილის ფილმით „ქალგმირები“. გარდა ამისა ნაჩვენები იქნება მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმები ბრიტანელი, უკრაინელი, გერმანელი, რუმინელი რეჟისორებისა, რომლებიც ახერხებენ კინოს ენით გამოიკვლიონ ადამიანის სხეულში და მის გარეთ არსებული შეზღუდვები.
როგორია ქალის სხეულის როლი კულტურის ისტორიაში? რატომ მალავს კულტურა ზოგიერთი ქალის სხეულს და რატომ ცდილობს დათრგუნოს, ან, საერთოდ გააქროს ის, რასაც არაესთეტიკურად, არასექსუალურად მიიჩნევს? ამ კითხვებს სვამენ ფესტივალზე წარმოდგენილი ფილმების ავტორები. ამ თემებზე ისაუბრებენ ქალთა უფლებების დამცველები ყოველი კინოსეანსის დასრულების შემდეგ.