ბაგა-ბაღებში მიმდინარე წლის 2 მარტს შეწყვეტილი სასწავლო სააღმზრდელო პროცესი 14 სექტემბერს უნდა განახლდეს, თუმცა რა წესებითა და პირობებით, ეს ამ დრომდე არავინ იცის. ერთადერთი, რაც წინასწარ არის ცნობილი, ესაა მსჯელობა ბავშვთა ჯგუფებში არსებულ ფართობებზე, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, კონკრეტულ ჯგუფში რამდენი ბავშვის მიღება იქნება ნებადართული.
თელავის მუნიციპალიტეტში 31 ბაგა-ბაღია. ბაღების მართვის სააგენტოს უფროსი, ია ლუარსაბიშვილი, რადიო თვისუფლებას ეუბნება, რომ დღეს კონკრეტულად არაფრის თქმა არ შეუძლია იმაზე, თუ რა რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ 14 სექტემბრიდან, რამდენი ბავშვი უნდა ირიცხებოდეს თითო ჯგუფში და ა.შ.
ლუარსაბიშვილი კონკრეტულ მითითებებს ელოდება, როგორ იმუშაონ პანდემიის პირობებში. მანამდე კი აპირებენ, ზოგადი რეკომენდაციების დასაკმაყოფილებლად შენობებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარონ და დაასუფთაონ. ასეთი სამუშაოები 25 აგვისტოდან დაიწყება.
„კონკრეტულ რეგულაციებზე ოფიციალური დოკუმენტი ჯერ არ გვაქვს, - მაგალითად, ისეთი, როგორც სკოლების შემთხვევაში არსებობს. რაც შეეხება ტექნიკურ საკითხებს, ტენდერებს, ის უკვე წარმოებაშია ჩაშვებული“, განაცხადა თელავის ბაღების მართვის სააგენტოს უფროსმა, ია ლუარსაბიშვილმა.
როგორ უნდა დავიწყოთ მუშაობა, რა რეგულაციებით და ბავშვთა რა ოდენობით, ამ საკითხებზე ახლა არაფრის თქმა არ შემიძლია.ლელა თევდორაშვილი
ჩვენ დავინტერესდით, შეიქმნება თუ არა პრობლემა იმ შემთხვევაში, თუკი აკრძალვა დაწესდა ჯგუფებში ბავშვთა რაოდენობაზე.
„თუკი ასე იქნება, შესაძლოა გაჭირდეს, რადგან არის ბაღები, სადაც დიდი ფართობია - მაგალითად, 500 კვ.მ - და არის პატარა ბაღებიც. შესაბამისად, რაღაც სხვა რეგულაციები უნდა მოიძებნოს და უნდა გამოვიყენოთ შიდა რესურსები“.
მართალია, სკოლამდელ დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესის განახლების თარიღად 14 სექტემბერი დასახელდა, მაგრამ კონკრეტული მითითებები არ მიუღიათ არც გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანებაში. სამსახურის უფროსის, ლელა თევდორაშვილის, თქმით, ამ დრომდე არ იციან, სავალდებულო იქნება თუ არა, მაგალითად, თერმოსკრინინგი და იქნება თუ არა შეზღუდვა ჯგუფებში ბავშვების რაოდენობაზე.
„როგორ უნდა დავიწყოთ მუშაობა, რა რეგულაციებით და ბავშვთა რა ოდენობით, ამ საკითხებზე ახლა არაფრის თქმა არ შემიძლია. ამ დროისთვის ჩვენ ჯანდაცვის და განათლების სამინისტროებიდან არანაირი რეკომენდაციები არ გვაქვს“.
ბაღებთან დაკავშირებით მიმდინარეობს რეკომენდაციების შემუშავება. პროცესში ჩართულია თბილისის ბაღების მართვის სააგენტო და ბიზნესომბუდსმენი.ბექა ფერაძე
როგორ უნდა იმუშაონ კორონავირუსის პანდემიის პირობებში ბაგა-ბაღებმა? როგორც ჩვენ გავარკვიეთ, ამ შეკითხვაზე პასუხი უნდა გასცეს და კონკრეტული სამოქმედო გეგმა დაამტკიცოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა. უწყების ხელმძღვანელი ბექა ფერაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მიმდინარე კვირის ბოლოს მზად იქნება დოკუმენტი, რომელიც ბაღების მართვის დროს ერთგვარი სახელმძღვანელო გახდება.
„ბაღებთან დაკავშირებით მიმდინარეობს რეკომენდაციების შემუშავება. პროცესში ჩართულია თბილისის ბაღების მართვის სააგენტო და ბიზნესომბუდსმენი. ყველა მხარის ინტერესის გათვალისწინებით იქნება დაწესებული ის მოთხოვნები, რომელიც კორონავირუსის პრევენციის განმსაზღვრელი იქნება“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას ბექა ფერაძემ. ის წინასწარ არაფერს ამბობს იმაზე, თუ უშუალოდ რა ტიპის რეკომენდაციებზე მუშაობენ, თუმცა შენიშნავს, რომ ერთ-ერთი საკითხია ჯგუფებში ბავშვთა რაოდენობის განსაზღვრა, უფრო კონკრეტულად კი, რამდენი ბავშვის ყოფნა იქნება ნებადართული ამა თუ იმ ჯგუფში, არსებული ფართობის მიხედვით.
„ერთ-ერთი განსახილველი საკითხია ჯგუფებში კვადრატული მეტრების რაოდენობა და ბავშვთა რაოდენობის შეზღუდვა, თუმცა ახლა ვერ გეტყვით კონკრეტულ რიცხვებს. ველოდებით, რომ კვირის ბოლოს დოკუმენტი დამტკიცებული იქნება“.
კორონავირუსის პანდემიის პირობებში როგორც საჯარო სკოლებში, ასევე ბაგა-ბაღებშიც სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი მარტის დასაწყისიდან შეწყვეტილია. ამ ხნის განმავლობაში ბაღების მართვის სააგენტოებმა ბავშვებისთვის განკუთვნილი 2-2 თვის საკვები ბავშვებს გადასცეს. იმ შემთხვევაში, თუ ეპიდსიტუაცია გართულდა და ამის გამო სააღმზრდელო პროცესის განახლება შეუძლებელი შეიქნა, ადგილობრივ თვითმმართველობებში არ გამორცხავენ, რომ ბაღებში ჩარიცხულ ბავშვებზე კვლავ საკვები პროდუქტების გაცემის გადაწყვეტილება მიიღონ.