ახალციხეში, რაბათის დასახლებაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, აღმოსავლური "წყვილი აბანოების" რეაბილიტაცია თურქი სპეციალისტების მონაწილეობით უნდა განხორციელდეს. ამას ითვალისწინებს საქართველოსა და თურქეთის მთავრობების მიერ 2017 წელს მიღწეული შეთანხმება. ზიარი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხში შეტანილი ძეგლების რესტავრაცია ორივე ქვეყნის ექსპერტების მონაწილეობით უნდა მოხდეს. სწორედ ამ შეთანხმების საფუძველზე მიეცათ ქართველ სპეციალისტებსაც ოშკის რესტავრაციაში მონაწილეობის საშუალება.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ ქართულ მხარეს აბანოების რესტავრაციის პროექტი მზად აქვს. პროექტიც და აბანოებიც თურქმა სპეციალისტებმა 2018 წელს შეისწავლეს. ისინი საქართველოში ამ გაზაფხულზეც ჩამოვლენ.
"როცა ზიარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხა განისაზღვრა, ჩვენ მიერ შეთავაზებული ოსმალური ძეგლების ჩამონათვალში იყო ახალციხის და აწყურის აბანოები. თურქულმა მხარემ გამოთქვა მოსაზრება, რომ პროცესში მომხდარიყო მათი სპეციალისტების ჩართვა, საპროექტო დოკუმენტაციის განხილვა, შეჯერება და რეაბილიტაციის მათივე ჩართულობით განხორციელება. აბანოების პროექტის საპირწონედ დგას ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხი - ოშკის რეაბილიტაცია. შედგება სამოქმედო პროგრამა, რომელიც სახელმწიფოების შეთანხმების საფუძველზე, ვალდებულების სახით გვექნება" - ამბობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურის უფროსი ბექა ბარამიძე. მისი ინფორმაციით, ჯერჯერობით თურქი სპეციალისტების მხრიდან რეკომენდაციებსა და შენიშვნებზე საუბარი არ ყოფილა.
ახალციხის ისტორიული აბანოების რესტავრაცია ჯერ კიდევ 2016 წელს დაიგეგმა, თუმცა, არ განხორციელებულა. დღეს პროცესის დაწყება გარკვეულწილად უკვე თურქულ მხარეზეცაა დამოკიდებული.
სპეციალისტები ამბობენ, რომ მე-17 მე-18 საუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის ამ ძეგლს შველა სჭირდება, რადგან პირვანდელ სახეს დღითიდღე კარგავს. "წყვილი აბანოების" აუზები წლების განმავლობაში მიწით ივსებოდა და იშლებოდა გუმბათი, წლების წინ გაიძარცვა მოზაიკა და მარმარილო, რომლითაც აბანო იყო მოპირკეთებული.
2016 წლის იანვარში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გაწმენდით სამუშაოებზე ახალციხის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. 34 000 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. ეს თანხა მიწით ამოვსებული აუზებისა და ოთახების გასუფთავებას მოხმარდა.
„თავისი საინჟინრო-ტექნიკური გადაწყვეტით, ძალიან წააგავს ბერძნულ-რომაულ აბანოებს. ნაგებობა იატაკის ქვეშიდან ორთქლით თბებოდა. მისი სივრცე ადამიანს გააკვირვებს, რადგან 8-10 მეტრი სიმაღლისაა. დღევანდელმა ინჟინრებმა აქედან უნდა ისწავლონ, როგორ ახერხებდნენ ამხელა შენობაში სითბოს შენარჩუნებას“, - ამბობს ისტორიკოსი რეზო ანდღულაძე.
აღმოსავლური "წყვილი აბანოები" მცირე და დიდი ზომის ოთახებისგან შედგებოდა და თითოეულ მათგანს თავისი დანიშნულება ჰქონდა. ქალებს ცალკე ოთახები ჰქონდათ, მამაკაცებისთვის კი სპეციალური აუზები იყო მოწყობილი. ახალციხის აღმოსავლურ აბანოებს მეცნიერები სტრუქტურულად უნიკალურს უწოდებენ.