წარმოიდგინეთ, თქვენზე იძალადეს. გცემეს, გაგაუპატიურეს. სექსუალურად შეგავიწროვეს. თქვენ ეს თქვით და არ დაგიჯერეს. თავდაცვა სცადეთ და არ გამოგივიდათ. და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი ხართ. ეს ამბავი სწორედ ამაზეა.
მოდი ჩაგეხუტო. უთხრა და ჩაეხუტა.
ოფისში მარტოები იყვნენ. ეს კაცს ადრეც გაუკეთებია, როცა გარშემო არავინ იყო. უთქვამს, იმიტომ გიხუტებ, რომ დადებით ენერგიას გადმომცემო. არაფერია, ფიქრობდა თამთა, მამის ტოლია. ცდილობდა, უფროსის ქცევით გამოწვეული უსიამოვნო განცდა არ შეემჩნია. რამე რომ ვუთხრა, ალბათ, მეტყვის, რა გჭირს, მამასავით გეხუტებიო. მაგრამ იმ დღის ჩახუტება მამაშვილურ მოფერებას აღარ ჰგავდა. კისერში კოცნაზე რომ გადავიდა, უთხრა, ბატონო ილია, რას აკეთებთო.
რა, არ გსიამოვნებსო? იყო პასუხი. მერე ბრძოლაც დაიწყო.
თამთა ტელეფონს დასწვდა. ვიდეოს ვიღებ და თუ არ გამიშვებთ, ყველაფერს ხმამაღლა ვიტყვიო. უფროსმა ტელეფონი ხელიდან წაგლიჯა და იატაკზე დაანარცხა, მერე თამთაც ძირს დააგდო და ხელებით და ფეხებით დაუწყო ცემა. „აბა, სად არის შენი მტკიცებულებებიო“, - თან იძახდა. როცა ბრაზმა შედარებით გადაუარა, ხელი გაუშვა. თამთა გამოიქცა და 10 წუთში პოლიცია გამოიძახა. ასე იხსენებს თავს გადამხდარ ამბავს თამთა თოდაძე.
ასევე ნახეთ რატომ არ ცნობს პროკურატურა დაზარალებულად თამთა თოდაძეს?ეს ამბავი 2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში მედიამაც გაავრცელა. „ქართული ოცნების” საკრებულოს ყოფილ დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს მისი თანაშემწე, თამთა თოდაძე სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებდა. ჯიშკარიანს ბრალი არ უღიარებია.
"ჩემს ხელებს შეხედეთ… ახალგაზრდობაში ძალიან ბევრჯერ მიჩხუბია, მაგრამ პოლიციაში წასვლა ყოველთვის სამარცხვინო იყო ჩემი ასაკის გადმოსახედიდან. ახლა არ ვიცი, არავის არაფრის არ რცხვენია, განსაკუთრებით ქალებს, სპეციალურად ტყუილებს რომ იგონებენ. ჩემ დროს სირცხვილი იყო…", - თქვა მან დასკვნით სიტყვაში.
თავდაცვის და სიმართლის დასამტკიცებლად, თამთა თოდაძემ თავად გადაწყვიტა მომხდარზე ღიად საუბარი და სასამართლოში ბრძოლა, თუმცა, როგორც ახლა იხსენებს, მაშინ, ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა, წინ რა ელოდა.
ზუსტად ერთ წუთში, მას შემდეგ, რაც სატელევიზიო რეპორტაჟი ეთერში გავიდა, თამთას ცხოვრება ამოყირავდა: პირადი მესიჯების ყუთი უცნობი და ნაცნობი ადამიანების წერილებით გაივსო, ზოგი ლანძღავდა, ზოგი აქებდა. სოციალურ ქსელში თამთას ბევრი ამტყუნებდა. ზოგსაც მისი მხარე ეჭირა. დაკარგა სამსახური, დაიფანტნენ ადამიანები, ვისაც მეგობრებად მიიჩნევდა, დიდი ხნით დაიკეტა ყველა კარი საჯარო უწყებებში, ფეისბუკზე სიძულვილის გვერდებმა და ხელისუფლებასთან ასოცირებულმა მედიამ მისი დისკრედიტაციის ორგანიზებული კამპანია დაიწყო.
დეპუტატს ამართლებდნენ. თამთას კი, ყველგან, სადაც მიდიოდა, უწევდა თავის მართლება და ამბის ხელახლა მოყოლა: მუდმივად მტკიცება, რომ არაფერს იგონებდა. „ალბათ, თავად გამოიწვია. ალბათ, არასწორად ეცვა. ნასვამი იყო“, - წერდნენ კომენტარებში უცნობი ადამიანები. ვრცელდებოდა ვიდეო, სადაც თამთა ცეკვავს და ა.შ.
ორწლიანი დავის შემდეგ, სასამართლომ საკრებულოს დეპუტატი გაამართლა. თამთა მოელის, რომ უზენაესი სასამართლოც იმავე განაჩენს გამოიტანს, მაგრამ დარწმუნებულია, რომ სიმართლეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მაინც დაამტკიცებს.
მანამდე კი, ამ ვიდეოში თამთა თოდაძე გვიყვება იმაზე, რა არის ღიად თავდაცვის ფასი, რისი გავლა უწევთ ძალადობის მსხვერპლ ქალებს, რომლებიც გაბედავენ და ხმამაღლა ჰყვებიან, თავს რა გადახდათ. და როგორია, როცა მათი მხოლოდ იმიტომ არ სჯერათ, რომ ისინი ქალები არიან.
Your browser doesn’t support HTML5
რატომ ვერ იცავენ ხშირად ქალები თავს ძალადობისგან? - ვკითხე იურისტსა და ქალთა უფლებების დამცველს, თამარ დეკანოსიძეს, რომელიც დღეს საერთაშორისო ორგანიზაცია „Equality Now”-ს თანამშრომელია და დიდი ხანია იცავს ქალების უფლებებს.
„იცით, რომ ეგ კითხვა ხშირად ქალების საწინააღმდეგოდ მუშაობს?“, - მითხრა და თან განმარტა - „თითქოს, ქალი ვალდებულია ძალადობისგან თავის დასაცავად რამე მოიმოქმედოს. ხოლო თუ ამას არ გააკეთებს, პასუხისმგებლობის ისრები მისკენ გადაიხრება“.
- თითქოს მსხვერპლობაში თავადაა დამნაშავე? და რომ ვალდებული იყო, მოძალადისგან თავი დაეხსნა?
- დიახ. და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეების გამოძიების დროს, ასეთ დამოკიდებულებას ხშირად აწყდებიან ქალების უფლებების დამცველები: მთავარი კითხვა ის კი არ არის, მოძალადემ რა ჩაიდინა, არამედ ის, თუ რა რეაქცია ჰქონდა მსხვერპლს. ხშირად ამ რეაქციით წყვეტენ, რა მოხდა სინამდვილეში. წინააღმდეგობა არ გაუწია? არ გაიქცა? მაშინ, „ეგ არ იქნება ძალადობის მსხვერპლი“. გაქცევა და ფიზიკური შეწინააღმდეგება კი, ძალადობის დროს, მსხვერპლი ქალების ერთ-ერთი რეაქციაა და არა ერთადერთი.
ამას კვლევებიც ადასტურებს. მაგალითად, შვედეთის სექსუალური ძალადობის კრიზისული ცენტრის კვლევამ აჩვენა, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალების მხოლოდ 30%-მა შეძლო წინააღმდეგობის გაწევა ან გაქცევა.
ყველა სხვა შემთხვევაში, მსხვერპლები ან ადგილზე შეშდებოდნენ და განძრევას ვერ ახერხებდნენ, ან თავი რომ გადაერჩინათ, მოძალადესთან ტკბილი საუბრის წამოწყებას ცდილობდნენ.
ხშირია კითხვაც, რატომ არ ტოვებს ქალი ოჯახში მოძალადე ქმარს?
რატომ არ მიდის სამსახურიდან, თუ ის სექსუალური შევიწროების მსხვერპლია?
როგორც წესი, არავინ იკვლევს, რატომ უწევს ქალს ასეთი გადაწყვეტილების მიღება.
ოჯახში ძალადობის შემთხვევაში ბევრი მიზეზია:
- ქალს არა აქვს თავისი ფული;
- ეშინია საზოგადოების, მეზობლების, ახლობლების;
- თავისი თუ ქმრის ოჯახის წნეხის;
- ვერ წყვეტს წასვლას შვილების გამო;
- არ გააჩნია სხვა სახლი;
- ემოციური დამოკიდებულება აქვს მოძალადის მიმართ.
და როდესაც ყველაფრის გადალახვის და თავდახსნის შემდეგ, ის საბოლოოდ იწყებს ლაპარაკს წარსულზე, პასუხად იღებს - მაშინვე რატომ არ თქვი? რას ელოდი? ალბათ, ტყუი და შურისძიება გინდა.
ქალებს ხშირად წლები სჭირდებათ, რომ ალაპარაკდნენ.
ქალთა მიმართ ძალადობის არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ მთელ მსოფლიოში, მსხვერპლი ქალების 90% არ მიმართავს პოლიციას.
თუ ძალადობა, განსაკუთრებით კი, სექსუალური ხასიათის, სამუშაო ადგილზე ხდება, იქ ქალებს დამატებითი ბარიერები ეღობებათ: ძალაულების არათანაბარი გადანაწილება მასსა და მოძალადეს შორის, რადგან ძალიან ხშირად სექსუალურად ქალებზე მათი ხელმძღვანელები ძალადობენ.
ისინი არიან „კაცები ძალაუფლებით“, საზოგადოებაში „კარგი სახელითა“ და ნდობით. მათ სიტყვას აქვს „მეტი წონა“, ვიდრე მსხვერპლისას. და ამ დაპირისპირებაში ქალი ხშირად მარცხდება.
„მარცხდება ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ის არ იქცევა „იდეალური მსხვერპლივით“ და მეორე, ამ საზოგადოებაში ქალს ჯერ კიდევ არა აქვს ის ღირებულება, რაც მამაკაცს“, - ამბობს თამარ დეკანოსიძე.
არის კიდევ ერთი მიზეზი, რატომ არ სჯერათ ძალადობის მსხვერპლი ქალების.
ძალიან ხშირად, გადატანილი ტრავმის, შიშის და სხვა მსგავსი მიზეზების გამო, ისინი ვერ ახერხებენ ბოლომდე იყვნენ თანმიმდევრულები, უარყოფენ მომხდარს, ცვლიან ჩვენებას, უკან მიაქვთ თავიანთი სიტყვები... ოღონდ, არავინ ინტერესდება, რატომ ხდება ეს.
ეს ცალკეული უკან დახევა კი ერთი დიდი უკან გადადგმული ნაბიჯია ძალადობის მსხვერპლი ბევრი ქალისათვის, ვისაც არ უჯერებენ.
დეა გოშხეთელიანის შემთხვევაშიც ასე იყო.
„არც ნათესავებს სჯეროდათ ჩემი“ - დეა
დღეს აღარავისთან მეგობრობს, ვინც მას არ დაუჯერა. არც იმ ნათესავებთან, ვინც მას მომხდარში ადანაშაულებდა. მაშინ, როცა ეს ამბავი დაიწყო, დეა გოშხეთელიანი სულ რაღაც 21 წლისა იყო და მასაც დრო დასჭირდა, რომ თავი დაეცვა. თავდაცვა - ღიად ლაპარაკს და პოლიციაში წასვლას ნიშნავდა. სხეულის სხვებისთვის ჩვენებას.
Your browser doesn’t support HTML5
თითქოს განგებ ჩაივლიდა ხოლმე მის უნივერსიტეტთან ავტობუსი სოციალური წარწერით - „თქვი, რომ დაგეხმარონ“ კრიზისული ცენტრის ცხელი ხაზის ნომრით, რომელზეც ერთ დღეს დარეკა კიდეც.
სახალხო დამცველის 2021 წლის საპარლამენტო ანგარიშის თანახმად, წინა წლების მსგავსად, ფემიციდის და ფემიციდის მცდელობის შემთხვევები არ იკლებს. გაზრდილია ქალთა თვითმკვლელობამდე და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის შემთხვევების რაოდენობაც.
რატომ არ უჯერებენ ქალები ქალებს?
დეა გოშხეთელიანმა ჩვენთან ინტერვიუში გაიხსენა, როგორ მისწერა მის მიმართ ხუთი ყველაზე კრიტიკული კომენტარის ავტორ ქალებს პირადი წერილი. მიწერ-მოწერის დროს გაირკვა, რომ წარსულში ისინიც ძალადობის მსხვერპლები იყვნენ, მაგრამ საჯაროდ მაინც დეას ამტყუნებდნენ.
ამ ქცევის ახსნა ფსიქოლოგ თამარ თანდაშვილს ვთხოვე - რატომ არ სჯერათ ქალებს - ქალების? განსაკუთრებით მათ, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა სექსუალური თუ სხვა სახის ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი?
ხანდახან, ასეთი ქცევა, შენს თავს გადამხდარი ამბის უარყოფით თავდაცვააო, - მითხრა თამარ თანდაშვილმა. შენ იყავი ძალადობის მსხვერპლი, მიზეზების გამო არ გეყო გამბედაობა, ეს გეთქვა, ეს ამბავი შენს თავშივე მიჩქმალე და თავს აჯერებ, რომ ის არ მომხდარა. მაგრამ ეს ამბავი არასოდეს მოგასვენებს. როცა უცებ იგებ მეორე ადამიანის მსგავს ისტორიას და მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსაც ხედავ, იქაც იწყებ უარყოფას.
„თუ აღიარე, რომ სექსუალურად შეიძლება იძალადონ ქალზე, რომელსაც თავად არავინ გამოუწვევია და ამ ქალმა მაინც გამოაშკარავა ყველაფერი, შენ უშვებ იმასაც, რომ შენც შეგეძლო იგივე, მაგრამ არ გააკეთე. შენი ფსიქე ამას არ დაუშვებს. ამიტომ, რომ გადარჩე, თავს იტყუებ. იმ სხვა ადამიანსაც ლანძღავ და ეუბნები, რომ ისიც ტყუის. რომ არ მომხდარა, რასაც ის ამბობს. რეალურად კი ამ დროს შენს თავს ელაპარაკები“.
კითხვაზე, ზოგადად რატომ არ სჯერათ იმ ქალების, ვინც ძალადობაზე ხმამაღლა ლაპარაკს იწყებს, თამარ თანდაშვილი გვპასუხობს, რომ ამის მიზეზი მიზოგინიაა - ქალის მიმართ სიძულვილი. ამ სიძულვილში კი ქალი ავტომატურად დამნაშავეა.
ფსიქოლოგი ამბობს, რომ გასაკვირი არც ის არის, რატომ უჭირთ, განსაკუთრებით, ოჯახში ძალადობაგანცდილ ქალებს თავიანთი ცხოვრების შეცვლა - ხანდახან მათ ცხოვრებაში ძალადობა იმდენი ხანია არსებობს, ისე ნელა იწყება, ჯერ შენიშვნით, საყვედურით, მერე ყვირილით, მუშტების ბრაგუნით და ისე გადადის ხელის დარტყმაში, რომ ქალების ნაწილი ამას თითქოს ეჩვევა კიდეც. ზოგი კი ფიქრობს, რა მოხდა, ეს ყველას ცხოვრებაში ხდებაო.
„უფრო დიდია შანსი, თავი დაიცვას იმ ადამიანმა, ვისთვისაც ძალადობა მოულოდნელია და ვისაც მოულოდნელად ესხმიან თავს. ეს მისთვის უცხოა და არ მოითმენს“.
დუმილს ხშირად სხვა მიზეზებიც აქვს, გვეუბნება თამარ თანდაშვილი. როცა გირტყამენ - გრცხვენია. ზუსტად იცი, რას იგრძნობ ამ ამბის სხვებისთვის გამხელის შემთხვევაში და ამ შესაძლო სირცხვილის შიშით ისევ ჩუმდები.
სად არიან კაცები?
კაცების როლზე ქალთა მიმართ ძალადობის შეწყვეტაში და იმაზე, რატომ არის საჭირო ამისთვის „რამდენიმე კარგ მამაკაცზე მეტი“, ბევრს წერს და იკვლევს ცნობილი ამერიკელი მკვლევარი, გენდერული ძალადობის პრევენციისა და განათლების პროგრამის ავტორი, ჯექსონ კატზიც, რომელიც ამბობს, რომ ეს არ არის მხოლოდ „ქალთა საკითხი“, რომ ეს სწორედ „კაცების პრობლემაა“.
„ხოლო ვარაუდი, რომ გენდერული ძალადობა ქალთა პრობლემაა, მამაკაცებს აძლევს საბაბს, რომ ამას ყურადღება არ მიაქციონ“, - წერს ის.
მისი აზრით, კაცების ქცევას არავინ იკვლევს. ქალების მიმართ ძალადობის დროს, კაცები (როგორც დომინანტური ჯგუფი) საერთოდ ამოშლილები არიან ამ საკითხზე მსჯელობიდან.
ჯექსონ კატზი ამბობს, რომ ის მამაკაცები, რომლებიც თავად არ არიან მოძალადეები, უნდა დაუპირისპირდნენ მოძალადე კაცებს. მათი მონაწილეობით უნდა შეიქმნას ისეთი კულტურა, სადაც ძალადობა და შეურაცხყოფა მიუღებელი იქნება და კაცები, რომლებიც სექსისტურ და მოძალადეობრივ ქცევაში არიან შემჩნეულები, სტატუსს დაკარგავენ.
ერთ-ერთი ლექციის დროს, ჯექსონ კატზმა, ბიჭ სტუდენტბს ჰკითხა, რას აკეთებენ იმისათვის, რომ მათზე სექსუალური ძალადობა არ მოხდეს. უმეტესობამ არაფერი უპასუხა. ხოლო ვინც ხელი ასწია, თქვა: „არაფერს“ ან: „მე არ ვფიქრობ ამაზე“.
როცა იგივე შეკითხვა მან გოგონებს დაუსვა, ათობით სხვადასხვა პასუხი მიიღო. „დიდი ძაღლი უნდა გყავდეს“, მანქანის კარი უნდა ჩაკეტო“, „მარტო არ იარო“. „ოჯახის წევრებს ყოველთვის აცნობე, სად ხარ“... სია გრძელი იყო.
თამარ დეკასონიძესაც ვკითხე, რა უნდა მოხდეს, რომ ძალადობაგამოვლილ ქალებს დაუჯერონ საქართველოში. მან მითხრა, რომ ეს მოხდება იმ შემთხვევაში, როცა:
- ქვეყანაში იარსებებს სამართლიანი მართლმსაჯულება - მოძალადეებს დასჯიან და ქვეყანას ექნება გამართული კანონმდებლობა (რომელიც საქართველოში ისევ არ არსებობს);
- როცა შეიცვლება პატრიარქალური კულტურა.