როდის გავა ბაკურიანის „კუკუშკა“ სადგურიდან? - მივიწყებული „სავიზიტო ბარათი“

Your browser doesn’t support HTML5

4 წელია ბორჯომ-ბაკურიანის მატარებელი "კუკუშკა" მგზავრებს აღარ ემსახურება.

პანდემიის შემდეგ ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზაზე მატარებელი აღარ დადის. ამ გზას, რომელიც ერთნაირად მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივებისთვისაც და ტურისტებისთვისაც, ყველასთვის ცნობილ "კუკუშკასთან", ეიფელის ხიდსა და სადგურებთან ერთად კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონი იცავს. თუმცა გაჩერებიდან მე-4 წლის თავზეც მის აღდგენას არავინ ჩქარობს.

ბაკურიანის რკინიგზის სადგურის მწვანე კარი დაკეტილია, მატარებლის ბაქანიც მაღალი თოვლითაა დაფარული. სამ შვილთან ერთად მატარებლის ბილეთების საყიდლად მისულ კაცს აქაურები ეუბნებიან, რომ უკვე ოთხი წელია, რაც მატარებელი აღარ დადის.

ბაკურიანის რკინიგზის სადგური. ეს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

ბაკურიანის რკინიგზის სადგურის ბაქანი. მგზავრები "კუკუშკას" აქ ელოდებოდნენ.

ბორჯომ-ბაკურიანის მატარებელს ყველა “კუკუშკას” (რუსულად გუგული) ეძახის. ეს მეტსახელი მას ორთქლის ძრავის სპეციფიკური ხმის გამო ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში შეარქვეს.

ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის ხაზის მშენებლობა ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროს 1897 წელს დაიწყო და 5 წელიწადში ვიწროლიანდაგიან სარკინიგზო ხაზზე პირველმა მატარებელმა გაიარა.

ბორჯომ-ბაკურიანის მატარებელი. ფოტო გადაღებულია 1961 წელს. იმ პერიოდისთვის ვაგონებს ღია ხის აივნები ჰქონდა.

“ამა წლის 2-დან დაიწყო მატარებელთა მიმოსვლა ბაკურიანის რკინიგზის შტოზე ცაგვერიდან ბაკურიანამდის”, - წერდა ამ დიდ მოვლენაზე გაზეთი "ივერია" 1902 წლის 3 იანვრის ნომერში.

„კუკუშკას“ ლიანდაგები 37 კილომეტრი და 2 მეტრია. ეს სარკინიგზო ხაზი, რომელიც ულამაზეს ხეობას მიუყვება, ბორჯომის რკინიგზის სადგურზე იწყება, დაბა ბაკურიანში სრულდება და გადის ბორჯომის ხეობის 6 სოფელს: დაბას, წაღვერს, ცემს, ტბას, ლიბანსა და საკოჭავს.

“ჩემი თაობის ადამიანებისთვის ეს არის დიდი სიმბოლო, კოლორიტული ტრანსპორტი, ბორჯომ-ბაკურიანის საფირმო ნიშანი. თუ ვინმე ფიქრობს გაუქმებაზე, ეს მცდარი აზრია. ალბათ ტურისტული მატარებელი უნდა გაკეთდეს კუკუშკას მონაწილეობით”, - ამბობს ბორჯომელი ლევან ლომიძე.

"კუკუშკა" ბორჯომის ხეობაში. ფოტო გადაღებულია 2018 წელს

1902 წლიდან მოყოლებული “კუკუშკას” ათიათასობით მგზავრი დაჰყავდა - ადგილობრივებიც და დამსვენებლებიც. მატარებელი კოვიდის პანდემიის დროს, 2020 წლის მარტში გაჩერდა და მას შემდეგ აღარც დაძრულა. ელმავალი და 8 ვაგონი ახლა ბორჯომის დეპოში დგას.

“1902 წელს გავიდა პირველი მატარებელი და მის მერე დადიოდა, არა მხოლოდ ტურისტები, ქართველებიც მოდიან და კითხულობენ, რატომ არ დადის კუკუშკა. ყველა მოითხოვს, რომ გაიხსნას, განსაკუთრებით საჭიროა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ტბაში, ცემში, დაბაში… კუკუშკის გაუქმების შემდეგ მათთვის იაფი და კომფორტული ტრანსპორტი აღარ არსებობს”, - ამბობს ბაკურიანელი ნიკოლოზ რუსტიმენკო.

ბორჯომ-ბაკურიანის მატარებელი 4 წელია ბორჯომის დეპოში დგას.

ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის ეზო. ამ ადგილს "კუკუშკის" სახლსაც უწოდებენ.

სარკინიგზო ხაზზე ახლა მხოლოდ ერთი ვაგონი მოძრაობს. ყოველდღე დილის 9-ის ნახევარზე ის ლიანდაგის შესამოწმებლად ბაკურიანში ადის და უკან ბორჯომში, დეპოში ბრუნდება. მუშები რკინიგზის დაზიანებულ უბნებამდე მემანქანეებს მიჰყავთ, მათ შორისაა იური თედიაშვილი, რომელიც კუკუშკას 35 წელია მართავს.

“მიყვარდა” , - ამბობს იური თედიაშვილი და განაგრძობს, - “განძელებია დაზიანებული, ვამოწმებთ, რომ უფრო არ გაპარტახდეს, თუ შეკეთება შეგვიძლია, ამასაც არ დავზარდებით. სპილენძია იქ და მის მოპარვასაც ცდილობდნენ ხოლმე. ამასაც ვაკონტროლებთ”.

პანდემიამდე "კუკუშკა" ბორჯომიდან ბაკურიანისკენ დღეში ორჯერ, 07:15 საათსა და 10:55 საათზე გადიოდა, ბაკურიანიდან ბორჯომში უკან კი დილით 10-ზე და შუადღის 14:15-ზე ბრუნდებოდა. ამ გზას მატარებელი 2 საათს ანდომებდა, მგზავრობა 2 ლარი ღირდა.

ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზაში ახლა 54 ადამიანია დასაქმებული. გასულ წელს შტატები შეამცირეს და 18 თანამშრომელი გაათავისუფლეს. 2023 წლის მარტში შეიცვალა დირექტორიც.

“არ გაუთავისუფლებიათ, პენსიაში გაუშვეს”, - ამბობს წინა დირექტორზე ლევან ფასოევი, ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის ახალი ხელმძღვანელი. პასუხი კითხვაზე, როდის განაახლებს კუკუშკა მოძრაობას, არ აქვს, თუმცა საქმე რომ წინ არ მიდის, ამას გვიდასტურებს:

“ვიზუალურად და ტექნიკურად არ აქვს პრობლემა, მაგრამ არის მაინც რა... ცვეთა აქვს და რეაბილიტაცია უნდა რა... უნდათ, რომ რეაბილიტაცია ჩაუტარონ. ჩემი და ჩემი გუნდის მთავარი მოვალეობაა, ეს ხაზი უფრო არ გაუარესდეს და რეაბილიტაციამდე ამ სახით მივიყვანოთ“.

ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის დეპო სადგურის გვერდით მდებარეობს.

,,ბაკურიანის განვითარების სააგენტოს" ხელმძღვანელი ეკა ორჯონიკიძე ამბობს, რომ წლებია მატარებლის მოძრაობის აღდგენას ლობირებს. სააგენტოს მიერ მომზადებულ 2022-2023 წლის გეგმაში ეწერა, რომ ბაკურიანის 4 სეზონის კურორტად გადასაქცევად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი „კუკუშკის“ აღდგენაა.

“კუკუშკა არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ქვეყნის სავიზიტო ბარათია”, - ამბობს სააგენტოს ხელმძღვანელი და ამატებს, რომ რეაბილიტაციას საქართველოს მთავრობისგან ყველა შეხვედრაზე მოითხოვს, თუმცა “რაიმე ხელშესახები ნაბიჯი წინ ჯერ გადადგმული არ არის”.

საქართველოს რკინიგზაში ამბობენ, რომ მატარებლით მგზავრობა უსაფრთხო აღარაა, სამგზავრო ვაგონებს და ელმავალს ექსპლუატაციის ვადა პანდემიის დასრულებამდე გაუვიდა. დაძველდა და სარემონტოა ინფრასტრუქტურა. შესაკეთებელია ლიანდაგები, სადგური, კომუნიკაცია და მატარებლის ვაგონები.

"კუკუშკის" ხაზის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან თანხა ჯერ გამოყოფილი არ არის.

მატარებლის შეკეთებას სულ მცირე 90 მილიონი ლარი სჭირდება. ამ ხარჯებში არ შედის სარელსო/სამშენებლო ტექნიკის საფასური.

საქართველოს რკინიგზის კომპანიაში ამბობენ, რომ ბორჯომ-ბაკურიანის მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტი არა აქვთ, თანაც, „კუკუშკის“ ხაზი პრიორიტეტი აღარ არის, კომპანიის მთელი ყურადღება შუა დერეფნის პროექტსა და ტრანზიტული სარკინიგზო ხაზის განახლებაზეა მიპყრობილი.

მატარებლის სამგზავრო ვაგონები ბოლოს 2016 წელს განაახლეს. 2 წლის შემდეგ, ზამთარში "კუკუშკა" სოფელ არდაგანთან რელსებიდან გადავიდა და რამდენიმე ვაგონი გადაყირავდა კიდეც. მაშინ არავინ დაშავებულა და ლიანდაგების შეკეთების შემდეგ მოძრაობა მალევე აღდგა.

"კუკუშკის" ისტორია სათავეს მეფის რუსეთიდან იღებს, როდესაც 1871 წელს ბორჯომის ხეობა რუსეთის მეფე ალექსანდრე II-მ თავის ძმას, მიხაილ რომანოვს უბოძა. სწორედ მისი მმართველობის დროს (1898-1901) გაიყვანეს ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა.

რკინიგზის შემადგენელია წაღვერ-ცემის მაკავშირებელი ხიდიც, რომელიც მდინარე გუჯარულაზეა გადებული. ეს ხიდი კავკასიის მეფისნაცვალმა მიხეილ რომანოვმა სპეციალურად დაუკვეთა ცნობილ ფრანგ კონსტრუქტორს ეიფელს. ხიდის ნაწილები ბორჯომში 1902 წელს ჩაიტანეს. ის მფრინავ-კონსტრუქტორმა ბესარიონ ქებურიამ ააწყო.

ეიფელის ხიდი მდინარე ცემისწყალზე, ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის წაღვერი-ცემის მონაკვეთზე

ბორჯომ-ბაკურიანის ხაზისთვის პორტერის ტიპის ორთქლმავალი სპეციალურად ინგლისიდან ჩამოიტანეს. იმ პერიოდში, "კუკუშკას" ღია ტიპის ვაგონები ებმოდა, რომლებიც მხოლოდ მოაჯირით იყო შემოსაზღვრული. 1967 წელს ორთქლმავლი ელექტრომატარებელმა შეცვალა.

ორთქმავლის ეს ნაწილი იმ "კუკუშკას" ეკუთვნის, რომელიც 1902 წელს, ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზაზე სამოძრაოდ სპეციალურად ინგლისიდან ჩამოიყვანეს.

პირველი "კუკუშკა" სამუზეომო ექსპონატი გახდა. ის ბაკურიანისკენ მიმავალ გზაზე ხელმარცხნივ, სადგურიდან 50 მეტრში გზის პირზე პატარა სკვერში დგას. ორთქლმავალი ჩამონგრეულ კვარცხლბეკზეა შემოდებული და თუ ვინმემ საგანგებოდ არ გითხრათ რა არის, ვერ მიხვდებით, რომ ის ისტორიული ექსპონატია.

დაბა ცემის რკინიგზის სადგური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. სადგურის შენობის ფანჯრები ჩამტრეულია, კარი დაკეტილი.

ასე გამოიყურება წაღვერის რკინიგზის სადგურის ინტერიერი. ფოტო გადაღებულია 2024 წლის 10 იანვარს.

2017 წელს ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის კომპლექსს „კუკუშკასა” და ეიფელის ხიდთან ერთად კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. კომპლექსში შედის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წესები ვრცელდება იმ რკინიგზის სადგურებზეც, სადაც მატარებელი აჩერებს. მათ შორისაა წაღვერი და ცემი. ორივე სოფელში სადგურები მიტოვებულია, კარი დაკეტილი, მინები კი ჩამსხვრეული.