უპატრონო ძაღლების რაოდენობა და მათ მიერ ადამიანების დაკბენის შემთხვევები კახეთში ყოველწლიურად მატულობს. უპატრონო ცხოველებს ვხვდებით ყველგან - ბაზარში, სადარბაზოებთან, კვების ობიექტებთან და იმ შენობების კიბეებზეც კი, სადაც, წესით, მათი პრობლემის მოგვარებაზე უნდა ზრუნავდნენ. გასული წლის მიწურულს გაკეთდა განცხადება, რომ გურჯაანში უპატრონო ძაღლების რეგიონალური თავშესაფრის მშენებლობა იგეგმებოდა, თუმცა კონკრეტული სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა. მოსახლეობა ხელისუფლებას დროული, ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ურჩევს. რას ამბობს თავად ადგილობრივი ხელისუფლება?
Your browser doesn’t support HTML5
კახეთის არც ერთ მუნიციპალიტეტში უპატრონო ძაღლების თავშესაფარი ამ
დრომდე არ არსებობს. არადა, თითოეულ რაიონში მათი რაოდენობა თითქმის ყოველდღე მატულობს. რეგიონის თითოეულ მუნიციპალიტეტში წლიდან წლამდე ძაღლის მიერ ადამიანის დაკბენის 300-ზე ნაკლები შემთხვევა არ ფიქსირდება. დაინტერესებული პირები ადგილობრივი ხელისუფლებისგან პრობლემის მოგვარებას მუდმივად მოითხოვენ, თუმცა ბიუჯეტში თანხების სიმცირის მიზეზით თვითმმართველობებისგან ყოველთვის უარს იღებენ. რესპონდენტი, რომელიც ამ თემაზე გველაპარაკა, ლაგოდეხის ყოველდღიურ ბაზარში ბოსტნეულსა და სხვა სახის პროდუქტს ყიდის. ამბობს, რომ ხშირად ქუჩის ძაღლები დახლიდან პროდუქტს იპარავენ, ზოგჯერ კი ბაზარში შესულ მომხმარებელს თავს ესხმიან. ჩვენ მიერ გამოკითხული ადამიანები ამბობენ, რომ უპატრონო ძაღლების პრობლემა მათთვის თავშესაფრის აშენებით უნდა მოგვარდეს და დახოცვა, როგორც ათწლეულების წინ ხდებოდა, დაუშვებელია.
„ვიჯექი დახლთან. უცბად ძაღლმა ყველს დასტაცა პირი და გაიტაცა. იმდენი უპატრონო და მშიერი ძაღლია, რომ ნამდვილად უნდა მიექცეს ყურადღება. დაიჭირონ ეს ძაღლები და გამოკვებონ, თავშესაფარში მოუარონ. ასე როგორ შეიძლება?! მარტო ყველის მოპარვაზე არ არის ლაპარაკი, შეიძლება ადამიანიც დაკბინონ“;
„ოჯახის ძაღლებს კი უვლიან, მაგრამ ეს მაწანწალები გარეთ არ უნდა იყვნენ“;
„აგერ, უღელტეხილზე იმდენი ძაღლია გაშვებული უპატრონოდ... ტრასაზე გაივლი და გაჭყლეტილები ყრიან. თუ გააკეთებენ თავშესაფარს, კარგი იქნება. გარეთ გამოსვლა აღარ იქნება საშიში“;
„ხევის პირზე ვცხოვრობ და სავსეა ქუჩა მაწანწალა ძაღლებით. იქ ბავშვები თამაშობენ. ჩვენ ვითხოვთ, რომ შეიქმნას რამე ორგანიზაცია და მოაცილონ ეს ძაღლები ქუჩებს, რადგან უკვე ძალიან საშიშია გარეთ გასვლა“;
აუცილებელია პრევენცია, ანუ, რომ დაგკბენს ცხოველი, მაშინვე უნდა დაიწყო ცოფის საწინააღმდეგო აცრები, რომ თავიდან აიცილო ცოფი. თუ ადამიანში კლინიკურად გამოვლინდა ცოფი, მერე აღარაფერი ეშველება.თამარ მღებრიშვილი
„ძაღლის სიკვდილი არ შეიძლება, ზოგი ადამიანზე უკეთესია. თავშესაფარი უნდა ჰქონდეს რაიონს. მიიყვანონ იქ და დატოვონ და, შესაბამისად, აცრებიც უნდა ჩაუტარდეთ“.
ცოფის შემთხვევა არ გამოვლენილა, თუმცა მიმდინარე წლის 6 თვეში მხოლოდ თელავში შინაური და გარეული ცხოველების მიერ ადამიანების დაკბენის 300-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. აქ ლაპარაკია მხოლოდ ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ადამიანებმა სამედიცინო დაწესებულებას ცოფის საწინააღმდეგო აცრისთვის მიმართეს, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ ზოგი ექიმს არ მიმართავს და, შესაძლოა, ეს რიცხვი კიდევ უფრო დიდი იყოს. ეპიდემიოლოგი თამარ მღებრიშვილი ამბობს, რომ მათ მიმართავენ პაციენტები, რომლებიც ამბობენ, რომ დაკბინა ან დადორბლა როგორც შინაურმა ცხოველმა, ასევე ქუჩის ძაღლმა:
„აუცილებელია პრევენცია, ანუ, რომ დაგკბენს ცხოველი, მაშინვე უნდა დაიწყო ცოფის საწინააღმდეგო აცრები, რომ თავიდან აიცილო ცოფი. თუ ადამიანში კლინიკურად გამოვლინდა ცოფი, მერე აღარაფერი ეშველება. ხომ შეიძლება ცხოველი იყოს ცოფიანი, მაშინ მისი დაკაწრულიც კი აუცილებლად ცოფის გადამდებია და ამიტომ ვიწყებთ მაშინვე მკურნალობას“.
კახეთში რომ უპატრონო ძაღლების პრობლემა მწვავედ დგას, ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ღიად ლაპარაკობენ. გასული წლის მიწურულს გურჯაანის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ნატო გონგაძემ ადგილობრივი ტელეკომპანია “გურჯაანის“ ეთერში განაცხადა, რომ 2018 წლის ბიუჯეტში 100 000 ლარი გაითვალისწინეს, რომელიც უპატრონო ძაღლების თავშესაფრის მშენებლობას უნდა მოხმარებოდა.
„აშენდება ძაღლების თავშესაფარი და ადგილობრივ ბიუჯეტში 2018 წლისთვის გავითვალისწინეთ 100 ათასი ლარი, მაგრამ 100 ათასი ცოტაა ამ სამუშაოებისთვის. სავარაუდოდ, სამხარეო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით მოხდება მუნიციპალური დაფინანსებაც, ჩვენი წილობრივი თანხა კი ამ ეტაპზე 100 ათასი იქნება“.
რეგიონალური თავშესაფრის მშენებლობაზე არაფერი ინფორმაცია არ მაქვს. პროექტს აპირებდა გუბერნია, თუმცა ჯერჯერობით თავი ვერ მოება და რა პროცესშია, მაგის პასუხს გუბერნია გაგცემთ.კოტე ბერიძიშვილი
ეს განცხადება გურჯაანის მერიის თანამშრომელმა 2017 წლის ნოემბერში გააკეთა. ჩვენ დავინტერესდით რა მდგომარეობაა ახლა, დაიწყო თუ არა უპატრონო ძაღლებისთვის რეგიონალური თავშესაფრის მშენებლობა. მერიის ეკონომიკის სამსახურის ხელმძღვანელი კოტე ბერიძიშვილი ამბობს, რომ მშენებლობა არ დაწყებულა და მას დეტალური ინფორმაციაც არ აქვს. ბერიძიშვილი ამბობს, რომ გურჯაანის მერიამ ამ პრობლემის მოგვარება დამოუკიდებლადაც სცადა, რაც
140 ძაღლის დაჭერას, საერთაშორისო სტანდარტებით გამოკვლევების ჩატარებას, სტერილიზაციას, კასტრაციას და ვაქცინაციას გულისხმობდა, თუმცა გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო და პრობლემის მოგვარება გადაიდო. კოტე ბერიძიშვილის თქმით, უპატრონო ძაღლების პრობლემა გურჯაანში მწვავედ დგას:
„რეგიონალური თავშესაფრის მშენებლობაზე არაფერი ინფორმაცია არ მაქვს. პროექტს აპირებდა გუბერნია, თუმცა ჯერჯერობით თავი ვერ მოება და რა პროცესშია, მაგის პასუხს გუბერნია გაგცემთ. ჩვენ თავშესაფრამდე ვგეგმავდით ქუჩის 140 ძაღლის დაჭერას, წაყვანას და დამუშავების პროცედურებს, შემდეგ კი ისევ ჩამოყვანას და გაშვებას. ეს 140 ძაღლი ტენდერის გათვალისწინებით იყო, თუმცა ტენდერი ჩაიშალა. ახლა ბაზრის კვლევას ვატარებთ, რათა გავიგოთ, რა არ მოეწონათ ტენდერში. შემდეგი ტენდერისთვის შენიშვნებს გავითვალისწინებთ“.
მართალია, არ არსებობს კვლევა და ზუსტად იმის თქმა, თუ რამდენი უპატრონო ძაღლი ბინადრობს კახეთში, შეუძლებელია, მაგრამ არსებობს მოსახლეობის ვარაუდი, რომ რეგიონის თითოეულ მუნიციპალიტეტში 300-დან 400-მდე ძაღლი ცხოვრობს ქუჩაში, რომლებიც წლიდან წლამდე მრავლდებიან. უპატრონო ძაღლებს ვხვდებით ყველგან, ძირითადად კი კვების ობიექტების მიმდებარე ტერიტორიებზე და ნაგვის ურნებთან. წლიდან წლამდე იზრდება ძაღლების მიერ ადამიანების დაკბენის შემთხვევებიც.