მოღალატე (2018, იტალია, რეჟისორი მარკო ბელოკიო)
თბილისის კინოფესტივალზე უჩვენეს დიდი იტალიელი რეჟისორის, მარკო ბელოკიოს, ბიოგრაფიული ფილმი-რომანი ტომაზო ბუშეტაზე, რომელსაც იტალიაში „ორი სამყაროს ბოსს“ ეძახდნენ. გასული საუკუნის 80-იან წლებში იგი პოლიციის ყველაზე გავლენიანი ინფორმატორი იყო. ერთხანს ბუშეტა იტალიის ხელისუფლებას ბრაზილიაში ემალებოდა. ბოლოს და ბოლოს, მიაგნეს და დააპატიმრეს. ბრაზილიის პოლიციამ მისი ცოლი (უფრო სწორად, „იქაური ცოლი“) თმებით ვერტმფრენზე დაკიდა. ამას აყურებინეს და ასე აწამეს. ამის შემდეგ ტომაზომ გაყიდა ყველა, ვისთანაც თანამშრომლობდა. უფრო მეტიც, პოლიციის მთავარი აგენტი გახდა სიცილიურ მაფიასთან ბრძოლაში.
1965 წელს, როცა მარკო ბელოკიომ თავისი ბიოგრაფიის მთავარი ფილმი, „მუშტები ჯიბეში“, გადაიღო, მაესტრო ლუკინო ვისკონტის სთხოვეს, შეეფასებინა ბელოკიოსა და მისი თაობის რეჟისორების ფილმები, ე.წ. კონტესტაციის კინო. ვისკონტი ძალიან დაუნდობელი აღმოჩნდა: „ბარემ დააფსან გარდაცვლილი დედის კუბოს“... უთქვამს მას მარკო ბელოკიოს ყველაზე რევოლუციურ ფილმზე. ესთეტი-დეკადენტის ასეთი შეფასება იმხანად არავის გაჰკვირვებია - ძნელი წარმოსადგენია, ვისკონტის ახალგაზრდა ბელოკიოს ცინიზმი მოსწონებოდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, „კონტესტაციის კინოს“ რეპორტაჟული სტილი, პრინციპული დაუდევრობა და ანტიესთეტიზმი სრულიად უცხო უნდა ყოფილიყო კლასიკური სიმეტრიის მოყვარული „რენესანსელი“ ვისკონტისთვის.
მაგრამ დრო გავიდა. იტალიურ კინოს გამოაკლდნენ ბუმბერაზები და მათი ადგილი 60-იანი წლების მეამბოხე თაობამ დაიკავა. გასული საუკუნის 80-იან წლებში „კონტესტაციის კინო“ დასრულდა. „ხულიგნები“ ესთეტიკურმა ძიებებმა გაიტაცა. ფრანჩესკო როზიმ, იტალიური პოლიტიკური კინოს ყველაზე სახელგანთქმულმა წარმომადგენელმა, მთლად კინოოპერა, ჟორჟ ბიზეს „კარმენი“, გადაიღო (1983). და ვინ იფიქრებდა ამას... ოპერაში მოვიდა მარკო ბელოკიოც. თან, სად - მთლად ლა სკალაში დაიწყო სპექტაკლების დადგმა.
„მოღალატე“, 80 წლის რეჟისორის ახალი ფილმი, ასევე აწყობილია როგორც არიების, დუეტების, ანსამბლების ერთობლიობა - თავისი უვერტიურით, რეჩიტატივებით. „მოღალატე“, ფაქტობრივად, ვერდის ოპერაა კინოს ენით (განსაკუთრებით, სცენა, რომელშიც ”Va, pensiero”ისმის „ნაბუკოდან“). ბელოკიო, 60-იანი წლების მეამბოხე, ისტორიას და, პირველ რიგში, „ამბოხების ხანას“ წარმოგვიდგენს, როგორც საოპერო სპექტაკლს, როგორც კარნავალს, რომელიც აღარასდროს განმეორდება არა იმიტომ, რომ მაფია აღარ არსებობს ევროპაში, არამედ იმიტომ, რომ მან სახე შეიცვალა, უხილავი გახდა.
პიერ ფრანჩესკო ფავინო, რომელიც ბუშეტას როლს ასრულებს, რომ არა ალმოდოვარი-ბანდერასი კანის კონკურსში, აუცილებლად დაჯილდოვდებოდა „პალმით“ მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. მას ძალიან კარგად ესმის, რისი მიღწევა სურს რეჟისორს და აბსოლუტურად ყველა კადრში იცავს დისტანციას თავის პერსონაჟთან. თანაც, ურთულესი როლი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ატმოსფეროს აქ ქმნიან, პირველ რიგში, ადამიანთა ჯგუფები - ტომაზო ბუშეტას ოჯახის წევრები, ყოფილი და ახალი თანამებრძოლები, პოლიცია, მოსამართლეები, ადვოკატები, პროკურორები, ჟურნალისტები მარკო ბელოკიოს ფილმის თითქმის ყველა კადრში ტრიალებენ, ისვრიან, კვდებიან და სისხლში იხრჩობიან... ქორწინდებიან და ასაფლავებენ. ზოგჯერ ჩამწკრივდებიან ხოლმე სურათოვან მიზანსცენებში, როგორც თეატრში, რათა მაყურებელთან დისტანცია შეინარჩუნონ და გაახსენონ, რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ თამაშობენ ისტორიას. დიახ, მიუხედავად ამ თავისებური „ქოროს“ მნიშვნელობისა, „მოღალატე“ მაინც მონოდრამაა, ამბავი ერთ კაცზე, რომელმაც მთლიანად შეატრიალა თავისი ქვეყნის ისტორია... კარგი, თავისი ქვეყნის თუ არა, სამასზე მეტი ადამიანის, ყოფილი „თანამშრომლების“ ცხოვრება ხომ მაინც დაანგრია? სამასზე მეტი კაცის! ამან - ტომაზო ბუშეტამ! მხოლოდ იმიტომ, რომ შეეშინდა, მხოლოდ იმიტომ, რომ წამებასა და დამცირებას ვერ გაუძლო, იმიტომ, რომ სიცოცხლე უყვარდა, სიცოცხლის მიწურულს კი აღიარა, რომ ერთი ოცნება ჰქონდა, პირდაპირ ასე განაცხადა: „ვოცნებობ, მოვკვდე ჩემს საწოლში!“
მარკო ბელოკიო ყოველთვის საინტერესოდ გვიამბობდა ისტორიებს, თუმცა, მეხსიერება თუ არ მღალატობს, დროის ისეთ ხანგრძლივ მონაკვეთს, როგორც „მოღალატეშია“, ის არასდროს შესჭიდებია. თავიდან შეიძლება გაგიჭირდეთ კიდეც ფილმის აღქმა, რადგან რეჟისორი უარყოფს სწორხაზოვან თხრობას. ბელოკიო ეყრდნობა ბუშეტას მოგონებებს და, რაც მთავარია, მისი დაკითხვის ოქმებს. ვინ იცის, აბა, როდის ამბობს მაფიის ბოსი მართალს და როდის იტყუება? მაგრამ როგორც კი შეეჩვევით ბელოკიოს წყვეტილი თხრობის სტილს, დროში მოგზაურობა (ფილმი მოიცავს 1963-2000 წლებს) ისე გაგიტაცებთ, რომ შეიძლება საერთოდ დაგავიწყდეთ, რომ კინოს უყურებთ. მას შემდეგ, რაც აწყობილი სისტემა დაინგრევა და მაფიის წევრებს გაასამართლებენ, ამ ე.წ. ჯვარედინ დაკითხვაზე, როცა ყოფილი „თანამშრომლები“ ერთმანეთს საჯაროდ აგინებენ, მათი ქალები კი - ცოლები, შვილები - ასევე საჯაროდ იწყევლებიან, მრავალი სიმართლე და ტყუილი შეეჯახება ერთმანეთს. ოდესღაც ძალიან ძლიერს, სიცილიის მბრძანებელს, აქ ნიღაბი მოეხსნა. დატყვევებული და დამცირებული, იგი უკვე სასაცილოდ გამოიყურება. მრავალი წლის შემდეგ, შეერთებულ შტატებში, სადაც ჩამშვები მაფიოზო (მე ბელოკიოს ფილმს სწორედ „ჩამშვებს“ ვუწოდებდი) შურისძიებას ემალება, თავის ძველ მეგობარს ეტყვის: „მთელი ცხოვრება მილიარდებს ვატრიალებდი, ახლა კი ჩემი ცოლის ხარჯზე ვცხოვრობ“... ძალიან რცხვენია, ამას რომ ამბობს. ხუმრობა ხომ არ არის, კოზა ნოსტრას ვარსკვლავი ცოლის ხარჯზე ცხოვრობს! რა არის „ასპროცენტიანი ვაჟკაცისთვის“ ამაზე უფრო ტრაგიკული?
ბუშეტას ბრაზილიაში დატყვევების ეპიზოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „მოღალატის“ ჟანრის გასაგებად. ეს სასტიკი სცენა ბელოკიომ, სარკაზმით ყოველთვის გამორჩეულმა ავტორმა, მექსიკური სიმღერით, „Historia de un amor“-ით გააფორმა. სწორედ ამ ეპიზოდიდან შეიგრძნობს მაყურებელი ავტორის ირონიას, ხან თანაგრძნობით შეზავებულს, ხანაც მწარეს... ირონიას, რომელიც მთელ ფილმს მიჰყვება. მარკო ბელოკიოს, 60-იანი წლების ცნობილი მეამბოხისა და პროვოკატორის, ირონიას თუ ვერ იგრძნობთ, ორსაათნახევარიანი ფილმის ყურებას აზრი არ ექნება, „მოღალატე“ შთაბეჭდილებას ვერ შეგიქმნით. მაგრამ მარკო ბელოკიოს გესლიან იუმორს თუ დააფასებთ, სრულიად ახალი რაკურსიდან დაინახავთ საათივით აწყობილი კოზა ნოსტრას ნგრევის ისტორიას, დარწმუნდებით, რომ ძლიერისა და საშიშის დასუსტება, დამცირება, ან, როგორც დღეს ამბობენ, „მიჩმორება“ თუ „მიჯირყვნა“, ერთდროულად გულისამაჩუყებელიცაა და სასაცილოც. ეს, დაახლოებით, ჰგავს თენგიზ კიტოვანის შეურაცხყოფის კადრებს (უფრო სწორად, კადრს), ამას წინათ რომ გავრცელდა სოციალურ ქსელებში. მაგრამ მოხუცი კიტოვანი უკვე აღარაა აქტუალური. მით უმეტეს, არც ბუშეტა. საქართველოში სხვები გვყავს - ძლიერები და საშიშები. მათ მიჯირყვნას, იმედია, ყველა მოვესწრებით.