როგორია ჰააგაში რუსი პროპაგანდისტების გასამართლების შესაძლებლობა?

ოლგა სკაბეევა -"როსია-1"-ის წამყვანი, კოლაჟი

რუსული ტელევიზიების „ვარსკვლავები“ და ცნობილი პროპაგანდისტები მარგარიტა სიმონიანი, ვლადიმირ სოლოვიოვი, დმიტრი კისელიოვი, ოლგა სკაბეევა და სხვები, რეგულარულად მოუწოდებენ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრილ რუსეთის შეიარაღებულ ძალებსა და არაფორმალურ სამხედრო დაჯგუფებებს, გაანადგურონ უკრაინელი „ნაციკები“ და მიწასთან გაასწორონ უკრაინის დასახლებული პუნქტები. მართალია, ძალადობის შემცველი სიტყვებისა და მკვლელობისკენ მოწოდების გამო გასამართლება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ჩადენილი მკვლელობისა თუ ძალადობისთვის, მაგრამ, როგორც საერთაშორისო სამართლის სპეციალისტები განმარტავენ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საერთოდ შეუძლებელია „კრემლის რუპორების“ განსასჯელთა სკამზე დასმა.

ჰააგაში, უკრაინის მთავრობის მოთხოვნითა და საერთაშორისო ორგანიზაციების იურისტების მონაწილეობით, იქმნება სპეციალური ტრიბუნალი რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისათვის. უკრაინის მხრიდან სამუშაო ჯგუფის წევრი ოლეგ გავრიში ამბობს, რომ სასამართლოს წინაშე შესაძლოა ასევე წარდგნენ რუსი პროპაგანდისტებიც. ამასთან, გავრიში და უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე, გუნდუზ მამედოვი მონიშნავენ პროპაგანდისტების გასამართლების მთავარ სირთულეს: ბრალდების მხარემ უნდა დაამტკიცოს კავშირი სიტყვებსა და დანაშაულებრივ ქმედებებს შორის.

ოლეგ გავრიში

ისტორია იცნობს ორ ასეთ შემთხვევას, როცა პროპაგანდასა და მასობრივ მკვლელობებს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი დადგინდა:

  • ნიურნბერგის პროცესი, როცა განსასჯელთა სკამზე ისხდნენ მესამე რაიხის პროპაგანდისტები
  • რუანდაში ომის დამნაშავეთა დასჯის საერთაშორისო ტრიბუნალი, რომელმაც რუანდის „თავისუფალი რადიოსა და ათასი ბორცვის ტელევიზიის“ (RTLM) და ჟურნალ Kangura-ს ხელმძღვანელი პირები გაასამართლა ტუტსის ხალხის გენოციდისათვის

რუსეთის პროპაგანდის დანაშაულები

რუსული პროპაგანდისტული ტელეარხები „რაშა თუდეი“, „პერვი კანალი“, „როსია-24“, „ზვეზდა“ და სხვები, დიდი ხნის განმავლობაში, უწყვეტად აღვივებენ ზიზღის ატმოსფეროს. მათი ყველა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა:

  • ქმნის მტრის ხატს
  • ახდენს უკრაინელთა დემონიზებას
  • მთელი ერის არსებობის უფლებას აყენებს ეჭვის ქვეშ
  • მოუწოდებს თავის აუდიტორიას ძალადობისკენ

ვლადიმირ პუტინი ალექსანდრე ნეველის ორდენით აჯილდოვებს მარგარიტა სიმონიანს

რუსული ტელევიზიები ამგვარი ქმედებით ამართლებენ და ახალისებენ სისასტიკეს, ომის დანაშაულებებსა და გენოციდს. პროპაგანდისტული მედიის ლიდერები რუსეთში თითქმის სრულად იმეორებენ რუანდის რადიოსა და Der Stürmer-ის გამომცემლის იულიუს შტრაიხერის მუშაობის მეთოდებს, რადგან ქმნიან შეუზღუდავ პლატფორმას სიძულვილის ენისთვის. კერძოდ:

  • ტელეკომპანია „როსია 24“-ის ეთერში ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემაში ითქვა, რომ უკრაინა არის „ევროპის ნაგავი და ნეხვი, რომელიც უნდა გაქრეს“.
  • „რაშა თუდეის“ მაუწყებლობის დირექტორმა ანტონ კრასოვსკიმ თქვა, რომ „საჭიროა ყველა იმ უკრაინელი ბავშვის ცეცხლში დაწვა და წყალში დახრჩობა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგია“. კრასოვსკი ასევე დაემუქრა უკრაინელებს: „წაგართმევთ კონსტიტუციას და ხრეშჩატიკზე დავწვავთ თქვენთან ერთად თქვენსავე დანთებულ ცეცხლზე“.
  • „მნიშვნელობა არ აქვს, რას დაარქმევენ რაკეტას - მშვენიერ რუსულ სიტყვა „გერანს“ თუ ასევე მშვენიერ არაბულ სიტყვა „შაჰიდს“, მთავარია იფრინოს და ხახოლებს მოხვდეთ თავში“, - ითქვა რადიო „КП“-ის ეთერში.

რუსეთის პროპაგანდისტული მედია არწმუნებს მაყურებელს, რომ საჭიროა უკრაინის არა მხოლოდ დენაციფიკაცია, არამედ დეუკრაინიზაცია.

რუსი პროპაგანდისტების ეთერში უკრაინა და უკრაინელები არიან: ნაცისტები, უკროფაშისტები, ბენდერელები, ნარკომანები, დებილები, ბანდერლოგები, ამერიკის მარიონეტები, მაიმუნები, ტარაკნები, კოკაინისტები და ა.შ.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერმა და პროპაგანდისტმა ჟურნალისტმა, რომელსაც წლების განმავლობაში მიჰყავდა ტელეგადაცემები, პიოტრ ტოლსტოიმ, ერთ-ერთ ეთერში თქვა, რომ უკრაინელების ნაწილი „განათების ბოძებზეა ჩამოსახრჩობიო“. მისი თქმით, ეს ის ნაწილია, რომელიც თავს რუსად არ მიიჩნევს. იურისტების განმარტებით, ამ სიტყვებზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს როგორც მთქმელს, ასევე გადაცემის წამყვანს, რომელმაც მსგავსი აზრის გამოთქმის პირობები შექმნა.

ვლადიმირ პუტინი და ვლადიმირ სოლოვიოვი, კრემლი

რუსეთის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი ვლადიმირ სოლოვიოვი თავის გადაცემებში ამტკიცებს, რომ უკრაინა მძევლად ჰყავთ აყვანილი ბანდერას მომხრეებსა და ფაშისტებს და, რომ რუსეთის „სამშვიდობო მისია“ იმაში მდგომარეობს, რომ „გაათავისუფლოს“ უკრაინელები, რაც, იურისტების შეფასებით, ასევე აგრესიისკენ ფარული მოწოდება და ეთნიკური სიძულვილის გაღვივებაა.

დასჯის ორი გზა

როგორც უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე და ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის ყოფილი ხელმძღვანელი, გუნდუზ მამედოვი ამბობს, არსებობს ამ ტიპის დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემის ორი გზა:

  • I - სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ეროვნული იურისდიქციის ფარგლებში, მაგრამ ამ გზის მთავარი ნაკლი ისაა, რომ უკრაინის მართლმსაჯულება ვერ მისწვდება ეჭვმიტანილებს, რადგან ისინი რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან. როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში ძებნა ცხადდება ხოლმე.
  • II - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურის გამოძიება. უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილ მძიმე დანაშაულებზე გამოძიება უკვე დაწყებულია, აუცილებელია, უყურადღებოდ არ დარჩეს პროპაგანდისტების ქმედებები.

გუნდუზ მამედოვის თქმით, მართალია, ზოგადად რთულია პროპაგანდისტების განცხადებებსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში მოქცეულ სერიოზულ დანაშაულებს შორის კავშირის დამტკიცება, მაგრამ საეთერო ჩანაწერების რაოდენობისა და პროპაგანდისტების „გულწრფელობის“ გათვალისწინებით, გარკვეულ შემთხვევებში, ამგვარი კავშირის დამტკიცება ნამდვილად შესაძლებელია.

გუნდუზ მამედოვი

„იმის გათვალისწინებით, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 120 ქვეყანას აერთიანებს, მართლმსაჯულების აღსრულების პერსპექტივა მეტად რეალისტურად გამოიყურება, - ამბობს გუნდუზ მამედოვი, - პროპაგანდისტების საქმიანობა ქმნის სიძულვილის ატმოსფეროს, რაც ზრდის რუსეთის საზოგადოების მხარდაჭერას ხელისუფლების აგრესიული პოლიტიკის მიმართ. პროპაგანდისტების ამ დანაშაულებრივი მოქმედების შედეგად საზოგადოება დანაშაულების თანამონაწილე ხდება, ამიტომ პროპაგანდისტები აუცილებლად უნდა წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე“.

ნიურნბერგის და რუანდის ტრიბუნალების გაკვეთილები

1945 წელს ნიურნბერგში ტრიბუნალის წინაშე წარდგნენ გაზეთ Der Stürmer-ის გამომცემელი, იულიუს შტრაიხერი და გერმანიის პროპაგანდის სამინისტროს რადიოს განყოფილების ხელმძღვანელი, ჰანს ფრიცშე. მთავარი პრობლემა, რომლის წინაშეც აღმოჩნდნენ ბრალმდებლები, მდგომარეობდა პროპაგანდისტების საქმიანობასა და მასობრივი მკვლელობის პოლიტიკის განხორციელებას შორის პირდაპირი (მიზეზშედეგობრივი) კავშირის დამტკიცებაში. თუ შტრაიხერის ბრალდებასთან დაკავშირებით პრობლემები არ არსებობდა (მის გაზეთში 1938 წლიდან 1941 წლამდე გამოქვეყნდა 23 ისეთი სტატია, რომლებიც შეიცავდნენ პირდაპირ მოწოდებებს ებრაელების განადგურების შესახებ), ფრიცშეს საქმეში სასამართლომ დაადგინა მნიშვნელოვანი განსხვავება სიძულვილის ენასა და სიძულვილის გაღვივებას შორის. მიუხედავად იმისა, რომ ფრიცშეს გამოსვლები გაჟღენთილი იყო ანტისემიტიზმით, ბრალდებული (რომელიც, როგორც ოფიციალური პირი, უძღვებოდა რადიო გადაცემას „Hier Spricht Hans Fritzsche!“) პირდაპირ არავის მოუწოდებდა ხოცვა-ჟლეტისკენ. შესაბამისად, ჰანს ფრიცშე გაამართლეს ბრალდების სამ ეპიზოდში, თუმცა მთლიანობაში ციხეს მაინც ვერ გაექცა.

გერმანია. ნიურნბერგის სასამართლო პროცესი, 1945 წელი

რუანდის საერთაშორისო ტრიბუნალმა დაადგინა, რომ პროპაგანდისტები პასუხისმგებლობას ვერ აიცილებენ თავიდან ევფემიზმებისა და მეტაფორების მარჯვე გამოყენებით. სასამართლომ გაარკვია, რომ „თავისუფალი რადიოსა და ათასი ბორცვის ტელევიზიის“ წამყვანებისა და ჟურნალისტების მიერ მკვლელობის მოწოდებები კეთდებოდა იმგვარი ევფემიზმებისა და მეტაფორების გამოყენებით (მაგალითად, „მოჭერით მაღალი ხეები“ და „გაჟუჟეთ ტარაკნები“), რომლებიც „ერთმნიშვნელოვნად გასაგები იყო რუანდელი მსმენელისთვის“.

რუანდის „თავისუფალი რადიოსა და ათასი ბორცვის ტელევიზიის“ ლიდერებს ფერდინანდ ნაჰიმანს, ჟან ბოსკო ბარაიაგვიზუს და ჟურნალ Kangura-ს მთავარ რედაქტორს ჰასან ნგეზის ბრალი წაუყენეს გენოციდის წაქეზებასა და, ფაქტობრივად, გენოციდისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში (მიესაჯათ 30-დან 35 წლამდე პატიმრობა).

შესაბამისად, რუანდის ტრიბუნალმა ევფემიზმები ძალადობის პირდაპირ მოწოდებებთან გააიგივა. ნიშანდობლივია, რომ, როგორც რუსი კულტუროლოგი, ანდრეი არხანგელსკი ამბობს, რუსული პროპაგანდაც აქტიურად იყენებს ევფემიზმებს („ფაშისტები“, „ნაცისტები“, „ბენდერელები“, „მწამებლები“ და ა.შ.) უკრაინისა და უკრაინის მოქალაქეების წინააღმდეგ, რაც კრემლის კონტროლირებად მედიაში ნორმად იქვა და მიღებულია 2014 წლიდან.

დანიელ ნიარა ბაზუნგუ, რუანდის გენოციდის მემორიალის მომვლელი 1994 წელს დახოცილთა თავის ქალების ფონზე. რუალნადში 100 დღის განმავლობაში მოკლული იქნა 800 ათასიდან 1,1 მლნ ტუტსის ტომის წარმომადგენელი

„რუსული პროპაგანდის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი თავისი მიზნებისთვის იყენებს 70 წლის წინანდელ ტერმინოლოგიას (მაგალითად, სიტყვა „დენაციფიკაცია“, რუსეთის პრეზიდენტის პირიდან გაისმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გასამართლებლად). ამ სიტყვებსა და გამოთქმებს აქვს ცალსახად უარყოფითი კონოტაცია მასობრივ ცნობიერებაში არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მთელ მსოფლიოში, ვინაიდან ნაციზმი აღიარებულია კრიმინალურ იდეოლოგიად. ეს სიტყვები „აბსოლუტური ბოროტების“ სინონიმებია და ისინი შედარების ობიექტს ართმევენ „დანდობის უფლებას“, რადგან აძევებენ ნორმალურობის საზღვრებიდან“, - ამბობს ანდრეი არხანგელსკი.

ანდრეი არხანგელსკი

რუანდის ტრიბუნალის გამოცდილებაზე დაყრდნობით, რუსული პროპაგანდის მიერ გამოყენებულ ევფემიზმებსა და მეტაფორებსაც თავისუფლად შეიძლება ეწოდოს „მსმენელისა და მაყურებლისთვის ცალსახად გასაგები“ და, შესაბამისად, განიმარტონ ისინი, როგორც „განადგურებისკენ მოწოდება“.

ტრიბუნალი რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის

2022 წლის 28 თებერვალს, როცა რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთი კვირაც კი არ იყო გასული, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გაავრცელა განცხადება, რომ გამოიძიებს უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებებს.

„გამოძიება რაც შეიძლება მალე დაიწყება“, განაცხადა სასამართლოს მთავარმა პროკურორმა ქარიმ ხანმა, რომლის თქმითაც, გამოძიება თავდაპირველად ყურადღებას გაამახვილებს შესაძლო დანაშაულებზე, რომლებიც ჩადენილი იყო უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციამდე. თუმცა, უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ძალების შეჭრის გათვალისწინებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გენერალური პროკურორი ასევე გამოიძიებს „ნებისმიერ ახალ სავარაუდო დანაშაულს, რომელიც სასამართლოს იურისდიქციაშია“.

ცნობისათვის, არც უკრაინა და არც რუსეთი არ არიან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მონაწილე სახელმწიფოები, თუმცა, ოფიციალურმა კიევმა ადრე ორჯერ მიმართა ჰააგის სასამართლოს, რათა გამოეძიებინათ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებები. შესაბამისად, სასამართლომ უკვე გამოიძია ინციდენტები, რომლებიც დაკავშირებულია 2013-2014 წლებში კიევში პროევროპული პროტესტის სასტიკ ჩახშობასთან, ასევე 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტული პრორუსული ფორმირებების გაჩენასთან.

„არსებობს საკმარისი საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ უკრაინაში ჩადენილია როგორც ომის, ასევე კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები“, - განაცხადა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარმა პროკურორმა.