საარჩევნო კონფიგურაციების შესათანხმებლად წინასწარ განსაზღვრულ ვადაში, „არაუგვიანეს 8 ივლისისა“, ვერ ჩაეტია კიდევ ერთი ოპოზიციური ცენტრი - ოთხი ოპოზიციური პარტიის შემადგენლობით.
„ლელო“, „ახალი“, „გირჩი“, „დროა“ - 8 ივლისს, მთელი დღის განმავლობაში აგრძელებდნენ მოლაპარაკებებს. ჯერჯერობით ამ პროცესის მიღმაა „ევროპული საქართველო“, რომელიც საკუთარ თავს, თეორიულად, სწორედ ამ ცენტრში ხედავს და სავარაუდო პარტნიორების პასიურობაზე მიუთითებს.
8 ივლისი, როგორც საარჩევნო კონფიგურაციების გასაჯაროების ბოლო დღე, ოპოზიციური პარტიების მიერ ბრიუსელში ხელმოწერილი დეკლარაციით არის განსაზღვრული, თუმცა ამ დეკლარაციაზე ყველა პარტია არ აწერს ხელს და, შესაბამისად, პასუხისმგებლობას ყველა არ იზიარებს.
წინასწარი ვარაუდებით - მოსალოდნელია კიდევ ერთი ცენტრის შექმნა პარტიასთან „გახარია საქართველოსთვის“ ერთად; თუმცა ამ ეტაპზე ამ მიმართულებით სიახლეები არ არის.
რაც 8 ივლისისთვის ზუსტად არის ცნობილი - პარტიებს შორის შეწყვეტილია საუბარი ერთი საერთო საარჩევნო ცენტრის ჩამოყალიბებაზე. თუმცა ამ იმედს კვლავ იტოვებს „ნაციონალური მოძრაობა“.
„ნაციონალური მოძრაობის“ პლატფორმა
„როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია გავერთიანდეთ და შევქმნათ საერთო ფრონტი ივანიშვილის წინააღმდეგ. თუ ამას ამ ეტაპზე ვერ ახერხებენ პოლიტიკური პარტიები, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ყველანაირი განსხვავების გვერდზე გადადების დროა, ჩვენ ეს უნდა მოვახერხოთ ადამიანებთან, რომლებიც აქტიური არიან ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში“, - უთხრა ჟურნალისტებს თინათინ ბოკუჩავამ 8 ივლისს, რამდენიმე საათით ადრე „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობამდე და ამ პარტიის თავმჯდომარედ მის ოფიციალურ არჩევამდე.
უკვე ყრილობაზე კი გაირკვა, რომ დაფუძნდა ახალი პლატფორმა - „ერთიანობა - საქართველოს გადარჩენისთვის“, რომელიც არჩევნებში 5 ნომრით გავა.
ამ ოპოზიციურ ცენტრში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად იქნება კიდევ ერთი პარტია - გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელი“. ეს პარტიები ისედაც უკვე დიდი ხანია ერთად არიან.
კონკრეტულ პირთაგან კი, რომლებიც ახალ პლატფორმას შეუერთდნენ, ზოგიერთი, წარსულში ან აწმყოში, ისედაც წარმოადგენდა „ნაციონალურ მოძრაობას“.
პლატფორმის წევრებად დასახელდნენ:
- თამარ კორძაია, დამოუკიდებელი დეპუტატი - რომელიც 2020 წლის არჩევნებზე [მაშინ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი] „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიციის სიით გავიდა;
- არმაზ ახვლედიანი, დამოუკიდებელი დეპუტატი - რომელიც ერთ დროს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი და აღმასრულებელი მდივანი იყო, 2020 წლის არჩევნებზე კი „ევროპული საქართველოს“ სიით იყარა კენჭი;
- სოფო ჯაფარიძე - მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი;
- ირაკლი ფავლენიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი.
პლატფორმას - „ერთიანობა - საქართველოს გადარჩენისთვის“ ასევე შეუერთდნენ:
- ლაშა ბაქრაძე - ისტორიკოსი;
- გია ჯაფარიძე - საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი;
- ანა მოსაშვილი - ახალგაზრდების წარმომადგენელი, აქტივისტი;
- ლაშა დიაროვი - სამოქალქო აქტივისტი.
„26 ოქტომბრის არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა რეფერენდუმად აქცია - რეფერენდუმად რუსეთსა და ევროპას შორის. 26 ოქტომბრის არჩევნების წინ, ჩვენი ვალია, ვეძებოთ შეხების წერტილები, ის, თუ რა გვაერთიანებს, ახლა არ არის დანაწევრების, დაპირისპირების, ამბიციების ან ეგოების ჭიდილის დრო. ახლა საქართველოსთვის ერთიანობის დროა“, - თქვა ბოკუჩავამ პარტიის ყრილობაზე.
„ნაციონალური მოძრაობა“ ყველა ოპოზიციური პარტიისთვის ერთიანი სიის ინიციატივით გამოდიოდა და, როგორც აცხადებენ, მზად იყვნენ, ამისთვის დაეთმოთ ყველანაირი პარტიული სიმბოლიკა და საარჩევნო ნომერიც კი.
მართალია, სრული ერთობის ამ იდეამ ამ ეტაპამდე ვერ გაიმარჯვა, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობაში“ კვლავ იმედი აქვთ, რომ შემოდგომისთვის კიდევ უფრო ფართო კოალიციის შექმნა იქნება შესაძლებელი. პარტიაში აცხადებენ, რომ „სხვა პარტიებს ისინი უყურებენ არა როგორც კონკურენტებს, არამედ როგორც - პარტნიორებს“.
2024 წლის არჩევნებზე დაშვებული არ არის პოლიტიკური ბლოკების შექმნა. თუკი პარტიები ძალებს აერთიანებენ, მათ დიდი არჩევანი არა აქვთ - ან კოალიციაში შემავალი რომელიმე პარტიის სახელის ქვეშ უნდა გაერთიანდნენ, ანდა საერთო ახალი სახელი უნდა მოიფიქრონ. ამასთან, სხვა პარტიის სიაში ვერ მოხვდებიან პოლიტიკოსები სხვა პარტიიდან - მათ თავიანთი პარტიის დატოვება მოუწევთ.
ასევე ნახეთ ოპოზიციის დეკლარაცია პრეზიდენტის ქარტიის შემდეგ - რას ნიშნავს ერთიანობა?ყრილობამდე რამდენიმე საათით ადრე, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე დისტანციური ჩართვისას, განაცხადა, რომ საარჩევნო სიის „აბსოლუტური უმრავლესობა ახალი ხალხით დაკომპლექტებული“ უნდა იყოს, მაგრამ არავის უნდა აწყენინონ, რადგან - „ძველი გვარდია ძალიან მნიშვნელოვანია“.
„ჩვენ დაბადებულები ვართ გამარჯვებისთვის, მე პირადად დაბადებული ვარ გამარჯვებისთვის“, - ამბობს სააკაშვილი.
ასევე ნახეთ ერთი თუ რამდენიმე? - რა უნდა ამომრჩეველს, სოციოლოგიური კვლევებით
„ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა 8 ივლისს, სწორედ იმ დღეს გაიმართა, როდესაც პარტიების დეკლარაციაში განსაზღვრული ვადა ამოიწურა.
- ორი კვირის წინ, ევროპარლამენტარებთან შეხვედრის ფარგლებში, ბრიუსელში დამტკიცებულ დეკლარაციას ხელს აწერენ: „ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“.
# კიდევ ერთი ცენტრი
წინასწარი ინფორმაციით, 2024 წლის არჩევნებზე ერთად გავლენ: „ლელო“, „ახალი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“; თუმცა 8 ივლისმა ისე ჩაიარა, რომ ამ პარტიებს ერთობის შესახებ საჯარო განცხადება არ გაუკეთებიათ.
დღის განმავლობაში ზუსტად ვერსად გვითხრეს - ეტეოდნენ თუ არა ე.წ. დედლაინში, რომელიც დეკლარაციით განისაზღვრა. გვპასუხობდნენ, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ყველა შესათანხმებელ საკვანძო საკითხთან დაკავშირებით და, რომ უცნობია - მოხერხდება თუ არა შეთანხმება უახლოეს საათებში.
„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ ტელეკომპანია „პირველს“ ისიც უთხრა, რომ 8 ივლისი - „საორიენტაციო თარიღია“ და, რომ რთული პოლიტიკური შეთანხმების მისაღწევად ოპოზიციურმა პარტიებმა ეს ვადა, მათ შორის - საკუთარ თავსაც განუსაზღვრეს და არაფერი დაშავდება, თუკი გადაწყვეტილება, ვთქვათ - 9 ივლისს გამოცხადდება.
ჯერ ისევ უცნობია, იქნება თუ არა ამ ოპოზიციურ ცენტრში - „ევროპული საქართველო“.
პარტიის ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, 8 ივლისს, ბრიფინგზე განაცხადა, რომ შესაძლო პარტნიორებს არაერთხელ მიმართეს, მაგრამ საპასუხოდ - კონსულტაციების ინტერესი არ გამოუვლენიათ და „საწყისი კომუნიკაციის შემდეგ, მათგან მხოლოდ დუმილია“.
„ჩვენ ვთვლით, რომ ყველაზე სასარგებლო და სწორი გზა არის იმ ტიპის პოლიტიკური ცენტრების შექმნა, რომელიც ჯამში მეტ ხმას მოუტანს ოპოზიციურ ამომრჩეველს“, - აცხადებს „ევროპული საქართველო“.
პარტიას თავადაც აქვს ერთი მთავარი და უცვლელი პირობა - „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მკაფიო გამიჯვნა.
- „ახალი“, „ლელო“, „ევროპული საქართველო“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“/„დროა“ - ამ ოპოზიციური პარტიების სავარაუდო ცენტრმა, სხვა ოპოზიციურ ჯგუფებთან შედარებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მოაგროვა - „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) მიერ ჩატარებული ბოლო სოციალური კვლევის მიხედვით.
8 ივლისს, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ცოტნე კობერიძემ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ განაცხადა, რომ „ევროპული საქართველო“ მოლაპარაკებების პროცესში ჩართული არ ყოფილა - „ხელმომწერ დოკუმენტზე "ევროპული საქართველო" არ ყოფილა და სკეპტიკურად უყურებდა ამ სიტუაციას“. თუმცა არ გამორიცხავს, რომ - „ევროპულ საქართველოსთან“ მოლაპარაკებები გაგრძელდეს.
ბრიუსელში გაფორმებული დეკლარაცია პროდასავლური ოპოზიციური პარტიების მხრიდან ერთმანეთზე თავდაუსხმელობის პირობასაც მოიცავს. „ევროპული საქართველო“ ამ დეკლარაციის ხელმომწერთა შორის არ არის.
ასევე ნახეთ „შეთანხმებულია საკითხების უდიდესი ნაწილი“ - 4 პარტია გაერთიანებაზე მოლაპარაკებას მართავს
გახარიას ცენტრი?
ამ ეტაპისთვის არ მართლდება ვარაუდები ოპოზიციური პარტიების მესამე სავარაუდო ცენტრთან დაკავშირებით, სადაც მოიაზრებენ პარტიებს: „გახარია საქართველოსთვის“, „მოქალაქეები“ და „ხალხისთვის“.
„ჯერჯერობით არაფერი გარემოება არ შეცვლილა და ჩვენი პოზიციაც რჩება უცვლელი - ჩვენ არჩევნებზე ვიქნებით წარმოდგენილი ჩვენი პარტიული იდენტობით, ჩვენი პარტიული ნიშნით, 25 ნომრით“, - ამბობს პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი, ბექა ლილუაშვილი; ხოლო ალეკო ელისაშვილი [„მოქალაქეები“] და ანა დოლიძე [„ხალხისთვის“] კვლავ ადასტურებენ ოპოზიციის ძალების გაერთიანების აუცილებლობას და აცხადებენ, რომ მოლაპარაკებებსაც მართავენ, მაგრამ ვისთან - უცნობია.
„გახარია საქართველოსთვის“, „მოქალაქეები“ და „ხალხისთვის“ - ამ სამი ოპოზიციური პარტიისგან დაკომპლექტებული ცენტრი ასევე წარმოადგენდა შესწავლის საგანს, ISSA-ის მიერ ჩატარებული ბოლო სოციალური კვლევის ფარგლებში. შედეგებმა აჩვენა, რომ ამ ცენტრს საარჩევნო ბარიერის დაძლევის პრობლემა არ ექნება.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიასთან დაკავშირებით სხვადასხვა დროს სხვადასხვა ვარაუდი არსებობდა. ახლო წარსულში, „ლელოსთან“ გაერთიანების შეთავაზებად აღიქვეს გახარიას სიტყვები - რომ ყველაზე მეტ საერთოს მისი პარტია „ლელოსთან“ ხედავს. „ლელოს“ წარმომადგენლებმა მაშინ სწრაფად განაცხადეს, რომ გახარიას პარტიასთან კონსულტაციები არც მიმდინარეობს და არც იგეგმება.
„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) ივნისის კვლევის თანახმად:
პროდასავლური ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლების 80%-ზე მეტი ოპოზიციური ძალების რაღაც ტიპის გაერთიანებას ემხრობა; ამავე პოზიციაზეა გადაუწყვეტელი/ნიჰილისტი ამომრჩევლის თითქმის 50% და „გაერთიანებებს არ მოაქვთ იმაზე ნაკლები ხმა, ვიდრე ცალკე აღებული ამ პარტიების ჯამია“.
ასევე, გაერთიანების მოსურნე არცერთი პროდასავლური ოპოზიციური პარტია არ რჩება ბარიერს მიღმა.
პროდასავლური ოპოზიციური პარტიები ჯამში აგროვებენ „ქართულ ოცნებაზე“ მეტ ხმას.