რა გველის: კარგი, ცუდი თუ უფრო ცუდი ეკონომიკური მომავალი
PMC კვლევითმა ცენტრმა ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა, სადაც გათამაშებულია 3 - ოპტიმისტური, ნაკლებად პესიმისტური და ძალიან პესიმისტური სცენარები საქართველოს ეკონომიკისთვის მომდევნო თვეების განმავლობაში.
კარგ შემთხვევაში, ანუ ოპტიმისტურ სცენარში, ეკონომიკური აქტივობები სრულიად შეჩერებულია 2,5 თვის განმავლობაში, ცუდ შემთხვევაში, ანუ ძალიან პესიმისტურ სცენარში კი - 6 თვით. პირველ შემთხვევაში საქართველოს რეალური ეკონომიკა 2020 წელს 4,3%-ით შემცირდება, მეორე შემთხვევაში - 12,9 პროცენტით.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის დონე რეკორდულ მასშტაბს აღწევს და ზუსტად იმის გათვლა, როგორი იქნება საბოლოო ეკონომიკური ზარალი ან როდის დასრულდება დაღმასვლა, შეუძლებელია.
PMC კვლევითი ცენტრის პროგნოზების მიხედვით, კარგ შემთხვევაში უმუშევრობის დონე 14,1%-მდე გაიზრდება, ძალიან ცუდ შემთხვევაში კი - 22,7%-მდე. ეს იმას ნიშნავს, რომ ოპტიმისტური გათვლებით, სამსახურს დაკარგავს ამჟამად დასაქმებულთა 6,3%, ძალიან პესიმისტური გათვლებით კი - 14,4%.
რომელი სექტორი დაზარალდება ამ გათვლებით ყველაზე მეტად და ვისთვის იქნება შედარებით უმტკივნეულო მომდევნო თვეები? - კვლევის ეს და სხვა მონაცემები წაიკითხე ნასტასია არაბულის სტატიაში.
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში
დადასტურებული შემთხვევა - 517
გარდაცვლილი - 6
გამოჯანმრთელებული - 178
კარანტინში - 5247
სტაციონარში - 532
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან, რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა კი 517-მდე გაიზარდა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ვირუსის შედეგად დაინფიცირებულია გორის სამხედრო ჰოსპიტალის სანიტარი. ის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისში ცხოვრობს.
ცნობილი ხდება, რომ სანიტარი 28 აპრილს სოფელ კარალეთში ძმის ოჯახში იმყოფებოდა სტუმრად.
როგორც კარალეთში გორის მერის წარმომადგენელი, ჰამლეტ პეტუაშვილი ამბობს, ინფიცირებულს შეხება ჰქონდა დედასა და რძალთან, რომლებსაც ეპიდემიოლოგების მიერ თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცათ.
კარალეთსა და თერგვისში ეპიდემიოლოგები უკვე მუშაობენ. გორის სამხედრო ჰოსპიტალს სანიტრის დაინფიცირების შესახებ ჯერ არ გაუვრცელებია ოფიციალური განცხადება.
დღეს მადრიდიდან თბილისში საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ეტაპობრივად საქართველოში დაბრუნება გრძელდება. დღეს შესრულდება მადრიდი-თბილისის რეისი. მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდებიან, სავალდებულო ორკვირიან კარანტინს გაივლიან.
ავიარეისებს აპრილის თვეში Georgian Airways-ი ასრულებდა. მომდევნო ფრენა კი უკვე 2 მაისს არის ჩანიშნული. მაისში მორიგი რეისი შესრულდება პრაღიდან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 29 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა სხვადასხვა ქვეყანაში 17 ათასზე მეტ მოქალაქეს გაუწიეს დახმარება, ხოლო საქართველოში სპეციალური ავიარეისებით 8 ათასზე მეტი ადამიანი დაბრუნდა.
სააპელაციო სასამართლომ კომპანიას "ანას ბაღთან" კორპუსის აშენების უფლება აღუდგინა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ სამშენებლო კომპანიას თბილისში, ვარკეთილში, იქ, სადაც "ანას ბაღი" მდებარეობს, კორპუსის აშენების უფლება აღუდგინა. სასამართლოს განჩინება დღეს, 29 აპრილს გახდა ცნობილი.
"ანას ბაღის" დამცველები არ ვაპირებთ შევეგუოთ უსამართლობას, არ დავუშვებთ მშენებლობის გაგრძელებას, გვაქვს იმედი ფართო საზოგადოების მხარდაჭერის", - წერია "ანას ბაღის" დამცველების ფეისბუკის გვერდზე.
თავად "ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის" წარმომადგენელი, გიორგი ბენაშვილი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მშენებლობას, სავარაუდოდ, კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების შემდეგ განაახლებენ.
ვარკეთილში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის უფლება თბილისის საქალაქო სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე თებერვალში შეაჩერა.
მარიამის საკერავი მანქანა
ბებიის საკერავი მანქანა ძალიან ძველი იყო, გრძელი მაქოთი და წარწერით „ზინგერ“.
ამ მანქანას ბებიის დაუკითხავად ვერავინ მიეკარებოდა. ვერც კერვის მცოდნე მამიდები. მარიამ ცხოვრებაშვილი, რომელსაც დღეს ტყიბულში თავისი პატარა სამკერვალო ატელიე და დიდი გეგმები აქვს, მაშინ პატარა გოგო იყო და ახალციხეში ცხოვრობდა. სახლში, სადაც ყველამ იცოდა კერვა. სადაც არც ისე დალხენილად ცხოვრობდნენ. ან ვინ ცხოვრობდა 90-იანი წლების საქართველოს პატარა ქალაქებსა და სოფლებში უდარდელად.
იმ უსინათლო და ცივ ზამთრებში ნასწავლი ხელსაქმე იქცა წლების შემდეგ მარიამის პატარა ბიზნესად მეშახტეების ქალაქ ტყიბულში, სადაც ის დღეს თავის მეუღლესა და ხუთ შვილთან ერთად ცხოვრობს და პანდემიის პირობებში, ტანსაცმლის გარდა, ფერად პირბადეებსაც კერავს.
კოვიდ 19-ის პანდემიის გამო თავიდან მარიამის სამკერვალომაც აიღო პაუზა, მაგრამ მხოლოდ ცოტა ხნით, რადგან მალევე მიხვდა, რომ ცვლილებებზე მორგება ყველაზე კარგი გამოსავალი იყო.
ლაგოდეხში მცხოვრები ვაგნერ ოღიაშვილი მეზობელს, შალვა მუმლაძეს ორიგინალურად ულოცავს 71 წლის იუბილეს ფიზიკური დისტანციის დაცვით, საკუთარი ეზოდან.