იანვრის დასაწყისში ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა, რომ მალე ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს დაამტკიცებდნენ. ბრიუსელის დიპლომატები ვარაუდობენ, რომ ახალი შეზღუდვები შევა კრემლის წინააღმდეგ მიმართული სანქციების მეათე პაკეტში. ელიან, რომ მათ 24 თებერვლისთვის - რუსეთის მიერ უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმის წლისთავზე - დაამტკიცებენ.
ევროკავშირმა მინსკის წინააღმდეგ უკვე რამდენჯერმე დაამტკიცა შემზღუდავი ზომები - სანქციების 5 პაკეტი, 2020 წლის გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების და საპროტესტო ტალღის ჩახშობის შემდეგ. მორიგი შეზღუდვები მოჰყვა მინსკში თვითმფრინავის იძულებით დასმას ჟურნალისტ რამან პრატასევიჩის დასაპატიმრებლად.
ეს სანქციები ძირითადად გულისხმობს ქონების გაყინვას და ვიზების გაცემის აკრძალვას 200-მდე ადამიანისთვის, მათ შორის ქვეყნის ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკასა და მისი გარემოცვისათვის. ბელარუსის ავიახაზებს აეკრძალათ ევროკავშირის თავზე ფრენა და ევროკავშირის აეროპორტებში დაჯდომა.
2022 წლის თებერვალში, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებისთანავე, ბრიუსელმა მინსკის ბრალეულობაც გაითვალისწინა და ბელარუსი კრემლის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტში შეიყვანა - თუმცა რუსეთის წინააღმდეგ მიღებული ზომები უფრო მკაცრი იყო. ევროკავშირმა აკრძალვები დაუწესა მთელ რიგ ინდუსტრიებს, მაგალითად, ცემენტს, ლითონს, ხეს, და ფოლადის პროდუქტებს, ასევე ბელარუსის მთავარ ექსპორტს ევროპაში - კალიუმის მარილს.
აკრძალვები შეეხოთ ბელარუსის ბანკებსაც, მათ შორის ქვეყნის ცენტრალურ ბანკს. ევროკავშირში აიკრძალა 100 ათას ევროზე მეტი დეპოზიტის მიღება ბელარუსის მოქალაქეებისგან.
ბოლო ზომები ბელარუსის წინააღმდეგ ევროკავშირმა 2022 წლის ივნისში მიიღო. მას შემდეგ ბრიუსელმა რუსეთს კიდევ არაერთი სანქცია დაუწესა, თუმცა ის - ლიეტუვისა და პოლონეთის მოთხოვნების მიუხედავად - მინსკს აღარ შეხებია.
საქმეში ჩახედული ევროპელი დიპლომატები - რომლებსაც ამაზე საჯაროდ ლაპარაკი არ სურთ - ამბობენ, რომ ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციებისგან თავის შეკავება ბრიუსელს კიევმა სთხოვა. კიევი ამ თეორიას უარყოფს.
ლოგიკა ასეთია - უკრაინას არ სურს, რომ ბელარუსი კიდევ უფრო მეტად ჩაერთოს ომში და მოსკოვის კუთხეში აღმოჩნდეს მომწყვდეული. დიპლომატები ამბობენ, რომ სწორედ მინსკთან ახალი დაპირისპირების თავიდან ასარიდებლად იკავებენ თავს უკრაინის ლიდერები ბელარუს ოპოზიციონერებთან შეხვედრებისგან.
ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციები სუსტი იქნება. მათი ამოცანა ძირითადად არსებული შეზღუდვების გამკაცრება და „ხვრელების ამოვსება“ იქნება. ასე, მაგალითად, ამჟამად აკრძალულია ხის იმპორტი, ხისგან დამზადებული ავეჯისა კი - არა. ევროკავშირის ქვეყნებს აკრძალული აქვთ ბელარუსის თამბაქოს ქარხნებისთვის მრავალნაირი პროდუქციის მიწოდება, თუმცა ეს აკრძალვა ჯერ არ შეეხება რამდენიმე ტიპის სიგარეტის ფილტრს.
თუ საჭირო გახდა, ევროკავშირს მინსკისთვის უფრო მტკივნეული დარტყმების მიყენებაც შეუძლია. განიხილება ბელარუსში ფუფუნების საგნების ექსპორტის აკრძალვა. ბელარუსის ტელევიზიებს შესაძლოა - რუსული ტელევიზიების მსგავსად - აეკრძალოთ ევროკავშირში მაუწყებლობა და მათი საიტები გაითიშოს.
ყველაზე მძიმე კი ბელარუსისთვის ტელეკომუნიკაციის სექტორის წინააღმდეგ შეზღუდვების დაწესება იქნებოდა - კომპიუტერები და IT სექტორი მინსკის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტია, რომელმაც 2021 წელს 3 მილიარდამდე დოლარი შეადგინა.