როგორ ხუმრობდნენ 100 წლის წინ

იუმორი მეოცე საუკუნის დასაწყისში - ეროვნული არქივის ვებგვერდზე ახალი კოლექცია გამოჩნდა, რომელიც 1910-1920 წლებში ქართულ პრესაში დაბეჭდილი შარჟებისგან შედგება.

შარჟებს უმეტესად ცნობილ ადამიანებზე ხატავდნენ: მწერლებზე, მსახიობებზე, კომპოზიტორებზე. მათგან დღეს მხოლოდ რამდენიმე ადამიანია ცნობილი, მაგალითად, დავით კლდიაშვილი, ან ვანო სარაჯიშვილი. ხშირად აღარც ის მინაწერებია გასაგები, რომლებიც შარჟებსა და კარიკატურებს ერთვის.

მაგალითად, ერთ კარიკატურას, სადაც ზაქარია ფალიაშვილს პარტიტურით ოთახი აქვს მოწყობილი, აწერია: „მშვენივრად მოვეწყვე ამ ჩემი ოპერის პარტიტურაში, მაგრამ ეს ანგარიშები!“

დღეს უკვე რთული მისახვედრია, რაზე ხუმრობდა მხატვარი, რადგან ის იმ დროს მომხდარი კონკრეტული ამბის გამოძახილია.

არის ყველა დროის კარიკატურებიც, მაგალითად, კაცი თბილისის ბინებს ათვალიერებს და წუხს: „სადაც არ ჩავიხედე ყველგან სივიწროვე და უადგილობაა“.

პერიოდულ გამოცემებს, რომლებიც მეოცე საუკუნის დასაწყისში საქართველოში იბეჭდებოდა, ცნობილი მხატვრები აფორმებდნენ, მათ შორის: შალვა ქიქოძე, მიხეილ ჭიაურელი, ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, ოსკარ შმერლინგი...

თურმე პაოლო იაშვილიც კი ხატავდა.

ძალიან ხშირად გვხვდება მსახიობ ელისაბედ ჩერქეზიშვილის შარჟები, ის იმ ეპოქის ცნობილი მსახიობი იყო.

„მიუხედავად მძიმე ცხოვრებისა, მაშინ ძალიან ლაღი იუმორი ჰქონდათ, - ამბობს თამარ ბჟალავა, ეროვნული არქივის სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, - განსაკუთრებით ერთ კარიკატურაზე გამეცინა, კოლექციაში ჯერ არ არის. ეს იყო ილუსტრაცია ქოლერის თემაზე. სტუმრები შემოდიან და მასპინძელი „პირბადეს“ (სახვევს) ახვედრებს. მაშინაც არ უშვებდნენ ხალხს სახლში პირბადის გარეშე“.

ასევე ნახეთ

„დაეძებენ მასალას ეშმაკი და თაგუნა“

შარჟები დაბეჭდილია გამოცემებში: „ცნობის ფურცლის სურათებიანი დამატება“, „თეატრი და ცხოვრება“, „ეშმაკის მათრახი“.

ამ პერიოდში გამოდიოდა სხვა გამოცემებიც: „ახირებული“, „ნიშადური“, „ტარტაროზი“, „მათრახი“. მათი საერთო ხელწერა პოლიტიკური სატირა იყო, ანუ იმდროინდელი ხელისუფლების კრიტიკა.

ჟურნალისტიკის დოქტორი მანანა შამილიშვილი ამბობს, რომ იმ პერიოდის ყველაზე დღეგრძელი იუმორისტული გამოცემა „ეშმაკის მათრახია“. ის დამოუკიდებელი საქართველოს მმართველი პარტიის (სოციალ-დემოკრატების) ყოველკვირეული გამოცემა იყო და 1921 წლამდე გამოდიოდა.

„უფრო ადრე, როდესაც საქართველო, ასე ვთქვათ, რუსეთის საზღვრისპირა კოლონია იყო, პოლიტიკურ შარჟს ნაკლებად ბეჭდავდნენ. პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა კი, მიუხედავად იმისა, რომ სოციალ-დემოკრატები მართავდნენ, მედიაპლურალიზმით გამოირჩეოდა. ამ შარჟებში დაუნდობლად აკრიტიკებდნენ მთავრობას, პარლამენტს, ადგილობრივ ჩინოვნიკებს. საერთაშორისო აქტორებსაც კი გადასწვდებოდნენ ხოლმე“, - ამბობს მანანა შამილიშვილი.

1921 წლის შემდეგ საქართველოში სატირული გამოცემები მცირე ხნით კიდევ შემორჩა. მათში აქა-იქ ბოლშევიკების კრიტიკაც იბეჭდებოდა. თუმცა, მოგვიანებით ისინი საბჭოთა ჟურნალმა „ნიანგმა“ ჩაანაცვლა, რომელიც რუსული „კროკოდილის“ ანალოგს წარმოადგენდა.