მოგვიანებით, FighterBomber-მა უარყო ეს ინფორმაცია და თქვა, რომ სინამდვილეში, რუსულმა МиГ-31-მა, სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით გადაუფრინა ამერიკულ დრონს და ჰაერის მძლავრმა ნაკადმა ის კურსიდან გადაიყვანაო.
- რა ძალისხმევას მიმართავს რუსეთი შავი ზღვიდან ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავების განსადევნად?
28 ივნისს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ბელოუსოვმა დაავალა რუსეთის გენერალურ შტაბს, მიიღოს ზომები „შავ ზღვაზე აშშ-ის სტრატეგიული თვითმფრინავების იმ მზარდ აქტივობაზე, რომლის მიზანი უკრაინის შეიარაღებული ძალებისათვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებაა“.
რუსმა პროპაგანდისტებმა ივარაუდეს, რომ რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალები დაიწყებდნენ შავი ზღვის თავზე ნატოს თვითმფრინავების ჩამოგდებას, ოღონდ არა პირდაპირი დამიზნებით, არამედ, მაგალითად, ჰაერში მყოფ თვითმფრინავზე დიდი რაოდენობით საწვავის ან წყლის დასხმით, როგორც ეს გააკეთეს 2023 წლის მარტში, როდესაც შავი ზღვის თავზე კატასტროფა განიცადა ამერიკულმა MQ-9 Reaper-მა.
დიდ გამოძიებაში რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ჟურნალისტებმა გააანალიზეს აშშ-ისა და მოკავშირეთა თვითმფრინავების ფრენები შავ ზღვაზე რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან;
ასევე გაარკვიეს, გაიზარდა თუ არა ბოლო დროს რეგიონში აშშ-ის თვითმფრინავებისა და უპილოტო საფრენი აპარატების აქტივობა;
გამოიკვლიეს, ნამდვილად ეხმარება თუ არა ნატოს ავიაცია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ანექსირებულ ყირიმსა და რუსეთის შავიზღვისპირა რეგიონებზე იერიშის მიტანაში;
შეაფასეს, რამდენად სავარაუდოა, რომ რუსეთის არმიამ შეძლოს აშშ-ის ავიაციის შავი ზღვიდან განდევნა და რა შეიძლება მოჰყვეს ამას.
„გაზრდილი ტურბულენტობა“. ინციდენტი ამერიკულ Global Hawk-თან დაკავშირებით
2024 წლის 23 ივნისს, 8:30 საათზე, შავი ზღვის თავზე გამოჩნდა ამერიკული სტრატეგიული უპილოტო თვითმფრინავი Global Hawk, რომელიც დიდხანს ტრიალებდა ანექსირებული ყირიმის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსთან. მორიგეობისას ამერიკულმა დრონმა ერთხელ გეზი აიღო აღმოსავლეთისკენ, სოჭის მიმართულებით.
Global Hawk-ის ჰაერში ყოფნისას უკრაინის შეიარაღებული ძალებმა ATACMS რაკეტებით იერიში მიიტანეს სევასტოპოლზე. რუსეთის ხელისუფლების ცნობით, ჩამოყრილი რაკეტებიდან ერთ-ერთის ნაწილი დაეცა უჩკუევკის პლაჟს, ოთხი ადამიანი დაიღუპა და 150-ზე მეტი კი დაშავდა. პენტაგონმა განაცხადა, რომ პლაჟი არ ყოფილა უკრაინის სარაკეტო იერიშის სამიზნე.
უცნობია, ახდენდა თუ არა ცეცხლის კორექტირებას ამერიკული თვითმფრინავი სევასტოპოლზე იერიშისას, თუმცა რადიო თავისუფლებამ აღმოაჩინა არაერთი დამთხვევა, როდესაც ყირიმზე იერიშის მიტანისას (ან ცოტა ხნით ადრე) შეერთებული შტატებისა და მოკავშირე ქვეყნების ავიაცია იმყოფებოდა შავი ზღვის აკვატორიაში.
რუსმა „ვოენკორმა“ ("სამხედრო კორესპონდენტმა") ალექსეი ჟივოვმა განაცხადა, რომ Hawk-ი ეხმარებოდა რაკეტების დამიზნებას სევასტოპოლზე, თუმცა ჟივოვს ნათქვამი მტკიცებულებებით არ დაუდასტურებია.მან ასევე დასძინა, რომ თვითმფრინავი რადარებიდან დარტყმისთანავე გაქრა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
ამერიკული თვითმფრინავის მარშრუტებში ვებსაიტ flightradar24-ზე (ეს საიტი თვალყურს ადევნებს თვითმფრინავების ფრენებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით) ხშირად შეინიშნება „ხარვეზები“, განსაკუთრებით 2024 წლის ივნისში, რაც შეიძლება აიხსნას რამდენიმე მიზეზით:
- შავი ზღვის რეგიონში სიგნალის ჩახშობა
- ამერიკული თვითმფრინავები ხშირად თიშავენ ტრანსპონდერებს
- მოხალისეთა აღჭურვილობა სიმძლავრის სიმცირის გამო უბრალოდ ვერ იჭერს სიგნალს შავი ზღვის ცენტრიდან
აქედან გამომდინარე, ძნელია დადგინდეს ამერიკული სტრატეგიული დრონის „რადარიდან გაუჩინარების“ რეალური მიზეზი.
სევასტოპოლზე დარტყმის შემდეგ, კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსკენ გადაამისამართა ჟურნალისტების კითხვა, აქვს თუ არა რუსეთს უფლება ჩამოაგდოს შავი ზღვის თავზე მყოფი ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავები.
„მოსკოვში იციან, ვინ დგას ბარბაროსული დაბომბვის უკან, პრეზიდენტმა გასულ კვირას ისაუბრა იმაზე, თუ ვინ მართავს ტექნოლოგიურად აბსოლუტურად რთულ რაკეტებს, ვინ უზრუნველყოფს მათ გაშვებას. ცხადია, არა უკრაინელები“, - დასძინა პესკოვმა და მიანიშნა ყირიმზე მიტანილ სარაკეტო იერიშში აშშ-ის მონაწილეობაზე. ამავე დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს აშშ-ის ელჩი ლინ ტრეისი.
ამერიკულმა Global Hawk-მა კი მშვიდად დაასრულა მორიგეობა 24 ივნისს შუაღამის პირველის ნახევარზე და დაბრუნდა თავის ბაზაზე სიცილიაში. მას შემდეგ, რაც ჩამოგდების ვერსია არ დადასტურდა, FighterBomber-მა დაწერა, რომ ამერიკელები სერიოზულად გააფრთხილეს, რომ, თუ კვლავ მოფრინდებიან, მზად უნდა იყვნენ დანაკარგისთვის, რადგან ამერიკული დრონები ვერაფერს დაუპირისპირებენ რუსი მფრინავების „არაპროფესიონალურ ქმედებებს“, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დაფრინავენ 16 კილომეტრის სიმაღლეზე. FighterBomber-მა ინციდენტის დეტალები 25 ივნისს „სოლოვიოვ LIVE“-ის ეთერში გაამხილა:
FighterBomber-მა ირონიულად აღნიშნა, რომ რუსულმა გამანადგურებელმა МиГ-31-მა „სრულიად შემთხვევით“ ამერიკულ დრონს გადაუფრინა 2,3 მახის (2800 კმ/სთ) სიჩქარით, რაც, მისი თქმით, "პირველი ასეთი შემთხვევაა ავიაციის ისტორიაში".
МиГ-31 რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების ერთადერთი თვითმფრინავია, რომელსაც ტექნიკურად შეუძლია შეასრულოს ასეთი მანევრი ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის ფრენის სიმაღლეზე. Global Hawk-ის მახლობლად "წარმატებული ჩაფრენა" მხოლოდ მეორე ცდით გამოვიდა, რის შემდეგაც, როგორც Z-ბლოგერმა თქვა, ამერიკულმა სტრატეგიულმა დრონმა „მკვეთრად გადაიფიქრა საბრძოლო დავალების შესრულება“. FighterBomber-მა ასევე აღნიშნა თავის Telegram-არხზე, რომ რუსი მფრინავი და შტურმანი დაჯილდოვდნენ ორდენით „მამაცობისათვის“.
უცნობია, რას გულისხმობდა რუსი ბლოგერი, როდესაც ამბობდა, ამერიკულმა თვითმფრინავმა „მკვეთრად გადაიფიქრა საბრძოლო დავალების შესრულებაო“. Global Hawk-მა მართლაც ჩვეულებრივზე ნაკლებ დროში - დაახლოებით 16 საათში დაასრულა შავი ზღვის თავზე ოპერატიული მორიგეობა. საშუალოდ, შავ ზღვაზე მისი მორიგეობა დაახლოებით 20 საათს ან ცოტათი მეტხანს გრძელდება.
თუმცა, რადიო თავისუფლების რუსულმა რედაქციამ აღმოაჩინა, რომ ყოფილა დღეები, როდესაც ამერიკული თვითმფრინავი ბევრად ადრეც გაფრენილა. მაგალითად, 2024 წლის 23 თებერვალს ამერიკულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა შავ ზღვაზე გაატარა 8 საათი, 9 აპრილს – 11,5 საათი, 12 აპრილსა და 14 მაისს – 14,5 საათი, ხოლო 11 ივნისს – 10 საათი.
გარდა ამისა, რუსმა „ვოენკორებმა“ არ გამოაქვეყნეს ვიდეო Миг-ის სავარაუდო გადაფრენის შესახებ, როგორც ეს გააკეთეს სირიაში მსგავსი ინციდენტის შემდეგ. ასე რომ, ამ ინფორმაციის ერთადერთ წყაროდ რუსი ომის მომხრე ბლოგერები რჩებიან.
25 ივნისს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკული თვითმფრინავი ჩამოაგდეს შავი ზღვის თავზე.
26 ივნისს (ბოლო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, პირველად) შედგა სატელეფონო საუბარი აშშ-ის და რუსეთის თავდაცვის მინისტრებს, ლოიდ ოსტინსა და ანდრეი ბელოუსოვს შორის [უკანასკნელად ორი ქვეყნის სამხედრო უწყებების ხელმძღვანელებმა ილაპარაკეს 2023 წლის მარტში, როცა შავ ზღვაში ჩავარდა ამერიკული სტრატეგიული დრონი MQ-9 Reaper]. უცნობია, რატომ შედგა საუბარი და განიხილეს თუ არა მხარეებმა Hawk-თან დაკავშირებული ვითარება.
27 ივნისს ტელეგრამარხ FighterBomber-ზე გამოქვეყნდა შემდეგი შეტყობინება:
„მეოთხე დღეა, გაურკვეველი მიზეზების გამო, არც Reaper-ებსა და არც Global Hawks-ებს არ სურთ შავი ზღვის თავზე ფრენა, საერთოდ არავის სურს”.
შეუძლებელია იმის გადამოწმება, საერთოდ თუ დაფრინავდნენ 2024 წელს შავი ზღვის აკვატორიაში MQ-9 Reaper-ები, რადგან მათი ფრენებისთვის თვალის მიდევნება შეუძლებელია Flightradar24 სერვისის საშუალებით. აქედან გამომდინარე, ბოლომდე არ არის ნათელი, რა მონაცემებს ეყრდნობა Z-ბლოგერი და აქვს თუ არა მას წვდომა რუსული დაზვერვის მონაცემებზე. ღია წყაროებიდან ამ ინფორმაციის დადასტურება შეუძლებელია.
სწორედ ამ დღეს (27 ივნისს) შავი ზღვის თავზე გამოჩნდა ბრიტანეთის საჰაერო ძალების RC-135 River Joint სადაზვერვო თვითმფრინავი რამდენიმე მოიერიშის თანხლებით. ამავე მომენტში საჰაერო განგაში გამოცხადდა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ბალისტიკური რაკეტების იერიშის საფრთხის გამო. FighterBomber-მა ბრიტანული RC-135 River Joint-ისა და თანმხლები თვითმფრინავების გამოჩენას უწოდა „პასუხი ჩვენს ძალიან გასაგებ განზრახვაზე, ჩამოგვეგდო მტრის უპილოტო საფრენი აპარატები შავ ზღვაში“.
28 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შავ ზღვაზე შეინიშნება აშშ-ის სტრატეგიული უპილოტო თვითმფრინავების აქტივობის ზრდა, რომლის მიზანია უკრაინის შეიარაღებული ძალებისათვის დაზვერვის მონაცემებისა და სამიზნეების კოორდინატების მიწოდება. მინისტრმა ბელოუსოვმა დაავალა რუსეთის გენერალურ შტაბს, შეიმუშაოს სწრაფი რეაგირების ზომები. FighterBomber-ის ვარაუდით, ზომებში უნდა იგულისხმებოდეს თვითმფრინავების ჩამოგდება.
28 ივნისს ცაში გამოჩნდა ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავი RC-135 River Joint, რომელმაც შემოუფრინა რუმინეთს და დაბრუნდა ბაზაზე. ამან ძალიან გაახარა ავიაციაზე მწერალი რუსი ბლოგერი. ”RC-135 დაბრუნდა თავის „ხატაში“, დღეს შავი ზღვა ჩვენია”, - დაწერა FighterBomber-მა. თუმცა მან შემთხვევით თუ შეგნებულად დაუშვა შეცდომა და მიანიშნა, რომ ამერიკული თვითმფრინავი არ შესულა შავი ზღვის აკვატორიაში. სინამდვილეში, ასეთია RC-135 River Joint-ის ჩვეული მარშრუტი, ბლოგერს კი ის ბრიტანულ RC-135-ში აერია.
29 ივნისს, პენტაგონის პრესმდივნის მოადგილემ საბრინა სინგჰმა განაცხადა, რომ გაეცნო ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის მინისტრის ბელოუსოვის ბრძანების შესახებ. სინგჰის თქმით, შეერთებული შტატები მოქმედებს საერთაშორისო სამართლის დაცვით და, შესაბამისად, გააგრძელებს ფრენას, ნაოსნობას და ოპერირებას საერთაშორისო წყლებსა და საჰაერო სივრცეებში. პენტაგონის წარმომადგენელს ამერიკულ დრონთან დაკავშირებულ შესაძლო ინციდენტზე არაფერი უთქვამს.
1 ივლისს შავი ზღვის თავზე კვლავ გამოჩნდა ბრიტანული RC-135. იმავე დღეს გავრცელდა ინფორმაცია ყირიმში მომხდარი აფეთქებების შესახებ, რომ იერიში განხორციელდა ATACMS-ის რაკეტებით. ომის მომხრე Z-ბლოგერებმა, მათ შორის Рыбарь-მა, ეს ორი ამბავი ერთმანეთს დაუკავშირეს.
ყველა სადაზვერვო თვითმფრინავი, რომელიც ადრეც დაფრინავდა შავი ზღვის ან რუმინეთის თავზე, 23 ივნისის შემდეგაც გამოდიოდნენ მორიგეობაზე.
ამერიკული და ბრიტანული RC-135 თვითმფრინავები რამდენჯერმე გამოჩნდნენ რუმინეთისა და შავი ზღვის თავზე, რაც ასევე ზუსტად ჯდება მათ ჩვეულ განრიგში.
P-8 Poseidon-იც ასევე რეგულარულად დაფრინავდა მორიგეობის დროს. ორი დღის განმავლობაში, 9 და 11 ივლისს, ის მორიგეობდა მხოლოდ ბულგარეთის თავზე, რუმინეთზე გადაფრენის გარეშე, რაც ადრე საკმაოდ იშვიათად ხდებოდა. 24 ივნისის შემდეგ ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავი შავ ზღვაზე ჯამურად სულ ხუთი დღის განმავლობაში არ გამოჩენილა. შედარებისთვის: 1-23 ივნისის განმავლობაში არ უმორიგევია მხოლოდ სამი დღე, ხოლო 2024 წლის 1 იანვრიდან 23 ივნისამდე - 7 დღე. თუმცა, Poseidon-ის ფრენების და მარშრუტების სიხშირეში ანომალიური ცვლილებები არ დაფიქსირებულა.
შავი ზღვის ცაზე ჯერაც არ გამოჩენილა Global Hawk უპილოტო საფრენი აპარატი, მისმა არყოფნამ (15.07.2024-ის მდგომარეობით) უკვე გადააჭარბა 2024 წლისათვის რეკორდულ 20 დღეს. უცნობია, კვლავ გაჩნდება თუ არა Hawk შავი ზღვის თავზე.
FighterBomber-ი აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამერიკული დრონები შეწყვეტენ ფრენას შავ ზღვაზე, შეერთებულ შტატებს მაინც ექნება დამალული „კოზირი სახელოში“: ძველი ამერიკული მზვერავი თვითმფრინავი U-2, რომელიც 20 კილომეტრზე მეტ სიმაღლეზე დაფრინავს და რის გამოც რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების არცერთ თვითმფრინავს არ შეუძლია მასზე როგორც მაღალი სიჩქარით გადაფრენა, ასევე მისთვის წყლის ან საწვავის დასხმა. ერთადერთ ვარიანტად რჩება ჩამოგდება იარაღით, თუმცა ასეთ შემთხვევაში ადგილი ექნება აშშ-ის წინააღმდეგ პირდაპირ სამხედრო აგრესიას. არადა, Military Balance-ის მონაცემებით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების განკარგულებაშია ათობით U-2, რომელთა ექსპლუატაციის ვადა 2026 წელს იწურება.
რიჩარდ აბულაფია, სამოქალაქო და სამხედრო ავიაციის სფეროს ანალიტიკოსი 30-წლიანი გამოცდილებით, რომელიც ასევე თანამშრომლობს ამერიკულ აეროკოსმოსურ კომპანიებთან, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ შესაძლებლად მიიჩნია U-2-ების გამოჩენა შავი ზღვის თავზე. მას ასევე მიაჩნია, რომ Hawk-ებიც გააგრძელებენ ფრენას შავი ზღვის თავზე, შეერთებული შტატები კი შეეცდება უზრუნველყოს ისინი უკეთესი დაცვით, მათ შორის - გამანადგურებლების ესკორტის თანხლებით:
„ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ჩამოგდების ნებისმიერი მცდელობა გამოიწვევს შეიარაღებულ კონფლიქტს. არ მგონია, რომ მათ უბრალოდ წაშლიან დაზვერვის საერთო სურათიდან, მით უმეტეს, რომ ლაპარაკია საერთაშორისო წყლებსა და საჰაერო სივრცეზე".
აბულაფია აღნიშნავს, რომ ამერიკულ უპილოტო საფრენ აპარატებს, ალტერნატიული ვარიანტის სახით, შეუძლიათ შეიცვალონ სიმაღლე და შავი ზღვის თავზე ფრენის ტრაექტორია. ამასთან, ის იმასაც შენიშნავს, რომ სადაზვერვო მონაცემები გროვდება არა მხოლოდ დრონების გამოყენებით, არამედ სადაზვერვო თვითმფრინავებითა და სატელიტური სურათებით.
„თუნდაც შეცვალოს დრონმა თავისი მარშრუტი, ეს არ იმოქმედებს სადაზვერვო მონაცემების შეგროვების მთლიან სურათზე“, - განაცხადა რიჩარდ აბულაფიამ.
6 და 13 ივლისს, ამერიკული Hawk-ი, ზღვის აკვატორიაში შესვლის გარეშე (რუმინეთის გავლით), ჩაფრინდა პოლონეთში, სადაც მორიგეობდა ბელარუსისა და რუსეთის საზღვრების მახლობლად. სულ მცირე, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ამერიკული ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი არ დაფიქსირებულა ამ რეგიონში. უცნობია, უკავშირდება თუ არა ახალ მარშრუტზე ფრენა შავ ზღვაში მომხდარ ინციდენტს და ხომ არ ისახავს ის მიზნად ესკალაციის თავიდან აცილებას.
23 ივნისის შემდეგ გახშირდა რუსეთის სამხედრო უწყების ცნობები იმის შესახებ, რომ სირიის ცაშიც ადგილი აქვს ამერიკული ავიაციის „სახიფათო მიახლოებებსა და არაპროფესიონალურ ქმედებებს“. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 25, 28 და 29 ივნისს ამერიკული დრონი MQ-9 Reaper სახიფათო მანძილზე მიუახლოვდა რუსულ Су-34 და Су-35 თვითმფრინავებს.
Conflict Intelligence Team-ის (CIT) ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ასეთი ინციდენტები პერიოდულად ხდება ხოლმე რამდენიმეეპიზოდიანი სერიების სახით და შემდეგ ქრება. CIT-ში მიაჩნიათ, რომ ეს შემთხვევები ნაწილობრივ რუსული პროპაგანდის მუშაობის შედეგია და მიმართულია შიდა აუდიტორიაზე, რათა აჩვენოს, რომ რუსეთის საჰაერო კოსმოსურ ძალებს შეუძლიათ წინ აღუდგნენ შეერთებულ შტატებს. რუსული პროპაგანდა იმაზეც ამყარებს იმედს, რომ ასეთი ახალი ამბები ამერიკის ამომრჩეველთა ნაწილშიც გააღვივებს შიშს, რომ რუსეთთან დაპირისპირება შეიცავს ბირთვული ომის დაწყების საფრთხეს. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ინციდენტები შავ ზღვასა და სირიაში აშშ-ისთვის გარკვეული დიპლომატიური სიგნალების გადაცემის საშუალებაც არის.
"ჩვენ არ გვსურს სროლა, ვაკვირდებით". რას აკეთებს აშშ-ისა და მოკავშირეების ავიაცია შავი ზღვის თავზე?
რადიო თავისუფლების ჟურნალისტებმა შეისწავლეს, თუ როგორ იცვლებოდა ვითარება შავ ზღვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ.
2021 წლის აგვისტოში შავი ზღვის აკვატორიაში 9-ჯერ იქნა შემჩნეული ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავი RC-135 River Joint. ამ თვითმფრინავს შეუძლია განახორციელოს როგორც რადიოდაზვერვა (COMINT - დაზვერვა: რადიოსადგურების საშუალებით გადაცემული ინფორმაციის - საუბარი, ტექსტი და ა.შ. ჩაწერა), ასევე ელექტრონული დაზვერვა (ELINT დაზვერვა - ელექტრონული სიგნალების წყაროების, მაგალითად, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და სარადარო სადგურების ძიება და აღმოჩენა)
თვითმფრინავი მოიპოვებს ინფორმაციას და აანალიზებს მოწინააღმდეგის საჰაერო ძალების და საჰაერო თავდაცვის სისტემების მოქმედებებს. ამავდროულად, ითვლება და ანალიზდება RC-135 River Joint-ის მოქმედების რადიუსში მდებარე ყველა სახმელეთო სამხედრო ტექნიკის, გემისა და თვითმფრინავის რადართა ემისია. ამ გზით ყალიბდება რეგიონში არსებული რადიოელექტრონული მდგომარეობის ზოგადი სურათი.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, River Joint-ს შეუძლია რადიოდაზვერვის ჩატარება 280 კილომეტრამდე მანძილზე, რადიოტექნიკურისა კი - 926 კილომეტრზე.
2021 წელს თავისი მოვალეობის შესრულებისას ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავი რეგულარულად დაფრინავდა რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ტერიტორიულ წყლებთან.
ერთხელ, იმავე წლის აგვისტოში, გამოჩნდა ამერიკული სტრატეგიული დრონი Global Hawk, რომელმაც მორიგეობის ფარგლებში შემოუფრინა დონბასს.
ეს დრონები დაფრინავენ დაახლოებით 16 კმ სიმაღლეზე და აღჭურვილი არიან კამერებით, რომლებიც 55 კმ მანძილზე მაღალი გარჩევადობის სურათების გადაღების შესაძლებლობას იძლევიან. Hawk-ს შეუძლია შეასრულოს დაზვერვა თავისი რადარების გამოყენებით 200 კმ-ზე მეტ მანძილზე.
ტაქტიკურ უპილოტო საფრენ აპარატს შეუძლია ჰაერში 30 საათზე მეტი ხნის განმავლობაში დარჩენა და, დღის განმავლობაში, ინფორმაციის შეგროვება 138 ათასი კვ.კმ-ის ფართობიდან (შედარებისთვის საქართველოს ფართობი 70 ათასი კვ.კმ-ია). დრონიდან მონაცემები იგზავნება სატელიტური კომუნიკაციების საშუალებით.
2022 წელს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, აშშ-ისა და მისი მოკავშირეების საჰაერო აქტივობა შავ ზღვაზე მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა კოალიციის თვითმფრინავებმა და დრონებმა შეწყვიტეს ყირიმის სანაპიროებთან მიახლოება.
2022 წლის ივნისში უკვე დაფრინავდნენ არა მხოლოდ ამერიკული Global Hawk უპილოტო საფრენი აპარატები და RC-135 თვითმფრინავები, არამედ ამავე ტიპის ბრიტანული სადაზვერვო თვითმფრინავები, ასევე ამერიკული თანამედროვე გემსაწინააღმდეგო საპატრულო თვითმფრინავები P-8 Poseidon და ადრეული აღმოჩენის დისტანციური მოქმედების (AWACS) სარადარო თვითმფრინავები E-3 Sentry.
P-8 Poseidon-ს, გარდა იმისა, რომ შეუძლია გემებისა და წყალქვეშა ნავების აღმოჩენა, ასევე შეუძლია დაზვერვის წარმოება. მაგალითად, იგი აღჭურვილია APY-10 რადარით, რომელსაც დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად (ამ თვითმფრინავის შესახებ თითქმის ყველა მონაცემი გასაიდუმლოებულია), შეუძლია დაინახოს მიზანი 1 კვ. მეტრის ეფექტური გაფანტვის ფართობით (მეოთხე თაობის ავიაგამანადგურებლების ეფექტური გაფანტვის ფართობი მერყეობს 3-დან 12 კვადრატულ მეტრამდე).
Poseidon-ი ასევე აღჭურვილია მგრძნობიარე AN/ALQ-240 ელექტრონული გამოსხივების სენსორით. ELINT-ის დაზვერვის მაქსიმალური მანძილი, არაოფიციალური ინფორმაციით, 900 კილომეტრზე მეტია. როგორც 2022 წლის ივნისში, ასევე ამჟამად, P-8-ები დაფრინავენ მხოლოდ რუმინეთის საჰაერო სივრცეში, ყველაზე ხშირად ჩრდილო-აღმოსავლეთით უკრაინის საზღვართან.
E-3 Sentry-ს აქვს მძლავრი 360-გრადუსიანი სარადარო სისტემა. ამ თვითმფრინავებს ასევე შეუძლიათ მიიღონ და დაამუშაონ სადაზვერვო ინფორმაცია სხვა სადაზვერვო თვითმფრინავებიდან.
AWACS სისტემა უზრუნველყოფს ერთდროულად 100-მდე სამიზნის სტაბილურ თვალთვალს. ბომბდამშენების აღმოჩენა ხდება 520 კმ მანძილიდან, დაბალ სიმაღლეზე მყოფი მცირე სამიზნეების აღმოჩენა შესაძლებელია 400 კმ-მდე მანძილზე, ჰორიზონტის ზემოთ სამიზნეებისა - თვითმფრინავიდან 650 კმ-მდე. E-3 Sentry, პოსეიდონების მსგავსად, დაფრინავს ექსკლუზიურად რუმინეთის თავზე, შავი ზღვის აკვატორიაში შესვლის გარეშე.
ამ თვითმფრინავებს შეუძლიათ გადასცენ სამიზნეების მონაცემები უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებს. 2024 წლის 27 ივნისს, როცა რუსეთმა იერიში მიიტანა უკრაინის დასავლეთ ნაწილზე, სადაც მდებარეობს სტაროკონსტანტინოვის სამხედრო აეროდრომი, პოლონეთის მხრიდან უკრაინის საზღვართან დაფრინავდა E-3 Sentry, თუმცა ოფიციალურად უცნობია, ნამდვილად ხვდება თუ არა ამ თვითმფრინავების მონაცემები უკრაინის არმიის ხელში.
ანალიტიკოსი რიჩარდ აბულაფია აღნიშნავს, რომ ეს თვითმფრინავები ქმნიან ერთიან სადაზვერვო სისტემას და მთლიანობაში იჭერენ რუსეთის არმიის მიერ გადაცემულ ყველა სახის სიგნალს, მათ შორის, სამხედროების საუბრებს და სხვადასხვა მოწყობილობის რადიოსიგნალებს. მთელი ეს ინფორმაცია გადამუშავდება და იქმნება სრული სურათი საკვლევ ტერიტორიაზე არსებული ვითარებისა.
2023 წლის ივნისში შავი ზღვისა და რუმინეთის თავზე იგივე თვითმფრინავები ჩნდებოდნენ, რაც 2022 წელს, იმ განსხვავებით, რომ შემცირდა მათი ფრენის სიხშირე.
2024 წლის ივნისისათვის მორიგე თვითმფრინავების სტრუქტურა იგივე დარჩა, თუმცა ფრენების სიხშირე წინა წელთან შედარებით გაიზარდა, ძირითადად იმის გამო, რომ ამერიკული "პოსეიდონები" თითქმის ყოველდღე დაფრინავდნენ შავ ზღვაზე.
ეხმარებიან თუ არა აშშ და მოკავშირეები უკრაინას დაზვერვის მონაცემების მიწოდებით?
რუსული მედია, თავდაცვის სამინისტრო, სამხედრო ბლოგერები და ოფიციალური პირები რეგულარულად ადანაშაულებენ შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს უკრაინისათვის სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემაში, რასაც შემდეგ უკრაინა, მათი თქმით, ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ობიექტებზე თავდასხმისთვის იყენებს.
2022 წლის აპრილში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა უპასუხა კითხვას Wall Street Journal-ის სტატიის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ვაშინგტონი აპირებს მნიშვნელოვნად გაზარდოს უკრაინისთვის მიწოდებული სადაზვერვო ინფორმაციის რაოდენობა. პრაისმა განაცხადა, რომ ამერიკა აწვდის უკრაინას სადაზვერვო, სტრატეგიულ და ტაქტიკურ ინფორმაციას სამხედრო მოქმედებების შესახებ.
აპრილის ბოლოს Bloomberg-მა ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა გააუქმა რიგი შეზღუდვები უკრაინისათვის სადაზვერვო მონაცემების გადაცემაზე. კონკრეტულად რომელი შეზღუდვები, არ დასახელებულა.
იმავე წლის მაისში, Washington Post-მა ანონიმურ უკრაინელ და ამერიკელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით დაწერა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას რეალურ დროში გადასცემდა დაზვერვის მონაცემებს, კერძოდ, ინფორმაციას რუსული ჯარების ადგილმდებარეობისა და გადაადგილების შესახებ, მათ შორის - სატელიტურ სურათებსა და ანგარიშებს. თუმცა შეერთებულმა შტატებმა დააწესა მთელი რიგი შეზღუდვებისა იმაზე, თუ რა სახის ინფორმაცია არ შეიძლება გადაეცეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ესკალაცია რუსეთთან ურთიერთობებში. მაგალითად, შეერთებული შტატები არ აწვდის ისეთ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება დაეხმაროს უკრაინას რუსეთის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის განადგურებაში.
2023 წლის მარტში პენტაგონის პრესმდივანმა პატრიკ რაიდერმა კვლავ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ გადასცემს მონაცემებს უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების განსახორციელებლად.
„ვითარება უფრო საშიშია, ვიდრე ცივი ომის დროს იყო. რა მოხდება, თუ ჩამოაგდებენ?“
ცივი ომის დროს სსრკ-მ ჩამოაგდო 40-ზე მეტი ამერიკული თვითმფრინავი. ერთ-ერთი ასეთი ინციდენტი მოხდა 1958 წლის 2 სექტემბერს, როდესაც საბჭოთა Миг-17-ის პილოტებმა ჩამოაგდეს ამერიკული სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავი C-130, რომელიც ახორციელებდა სომხეთის სსრ ტერიტორიის დაზვერვას. ამერიკული მხარის ცნობით, თვითმფრინავი არ იყო შეიარაღებული და შემთხვევით შევიდა საბჭოთა კავშირის საჰაერო სივრცეში. ინციდენტის შედეგად 17 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის მსვლელობისას რუსული არმიის მიერ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის განადგურების პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი შემთხვევა მოხდა 2023 წლის 14 მარტს, როდესაც შავი ზღვის თავზე ჩამოაგდეს ამერიკული თვითმფრინავი MQ-9 Reaper. თუმცა ამ თვეში რაიმე სახის ანომალიური აქტივობა აშშ-ისა და მოკავშირე ავიაციის მხრიდან არ დაფიქსირებულა: Hawk-ები, River Joint-ები და Poseidon-ები კვლავ დაფრინავდნენ თავიანთ ჩვეულ მარშრუტებზე, რუსეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გარეშე.
რაც შეეხება Reaper-ებს. Reaper-ების მარშრუტების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არსებობს, რადგან მათი ტრაექტორია არ კონტროლდება კომერციული სერვისებით, თუმცა, თუ ვიმსჯელებთ აშშ-ის წარმომადგენლების განცხადებებით, Reaper-ებიც დაახლოებით იმავე ადგილებში დაფრინავდნენ, სადაც Hawk-ები - ყირიმიდან სამხრეთ-დასავლეთით 120 კილომეტრში.
ერთადერთი უჩვეულო მომენტი, რომელიც Reaper-ის განადგურების წინ დაფიქსირდა: 9 მარტს რუმინეთის ცაზე გამოჩნდა ორი B-52 - ამერიკული კონტინენტთაშორისი სტრატეგიული ბომბდამშენი.
13 მარტს რუმინეთის თავზე, მორიგეობის ჩვეულ ზონაში გამოჩნდა P-8 Poseidon, რომელმაც ჰაერში ექვსი საათი დაჰყო და შემდეგ ბაზაზე დაბრუნდა. შავი ზღვის თავზე ცაში ტრიალებდა Global Hawk, მაგრამ 14 მარტის ღამეს ისიც ასევე დაბრუნდა ბაზაზე.
14 მარტს დილით აშშ-ის არმიის მზვერავი დრონი MQ-9 Reaper აფრინდა რუმინეთის ბაზიდან შავ ზღვაში დაგეგმილი სადაზვერვო მისიით. ამერიკის სამხედრო უწყების წარმომადგენლების თქმით, საფრენი აპარატი შეიარაღებული არ ყოფილა და დაფრინავდა ყირიმიდან დაახლოებით 120 კილომეტრში. დაახლოებით დილის 6:30 საათზე, Reaper-ის მახლობლად, ცაში ორი რუსული გამანადგურებელი Су-27 შენიშნეს. დაახლოებით ორმოცი წუთის შემდეგ უპილოტო საფრენი აპარატის ერთ-ერთი პროპელერი დაზიანდა, რის გამოც აპარატმა ვარდნა დაიწყო. კონტროლის დაკარგვის შემდეგ, ოპერატორები იძულებულნი გახდნენ უპილოტო საფრენი აპარატი ზღვაში ჩაეგდოთ, თუმცა მანამდე დისტანციურად გაანადგურეს თვითმფრინავის პროგრამული უზრუნველყოფა და ყველა სხვა მონაცემი.
აშშ-ის საჰაერო ძალების მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, რუსეთმა ჩამოაგდო დრონი, რომელიც „ახორციელებდა რუტინულ ოპერაციას საერთაშორისო საჰაერო სივრცეში“. „რუსების ამ სახიფათო და არაპროფესიონალურ ქმედებას კინაღამ მოჰყვა ორივე თვითმფრინავის კატასტროფა. აშშ-ისა და ალიანსის თვითმფრინავები კვლავ გააგრძელებენ ოპერირებას საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, რუსეთს კი მოვუწოდებთ მოიქცეს პროფესიონალურად და უსაფრთხოდ”, - განაცხადა აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალმა ჯეიმს ჰეკერმა.
აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს კომუნიკაციების საკითხთა კოორდინატორმა ჯონ კირბიმ კი რუსი მფრინავების ქმედებებს „სახიფათო, არაპროფესიონალური და დაუფიქრებელი“ უწოდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო თავის განცხადებაში ამტკიცებდა, რომ მის Су-27-ებს საერთო არაფერი აქვთ შავ ზღვაში ამერიკული MQ-9 Reaper-ის ჩამოვარდნასთან.
15 მარტს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ და პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. მეორე დღეს პენტაგონმა გაავრცელა ვიდეო, სადაც აშკარად ჩანს, რომ რუსული გამანადგურებლები ამერიკულ უპილოტო თვითმფრინავს ზემოდან ასხამენ საწვავს, რის გამოც გამოსახულება ჯერ უარესდება, შემდეგ კი წყდება.
17 მარტს შავ ზღვაზე, Reaper-ის ჩამოგდების შემდეგ, პირველად გამოჩნდა ამერიკული Hawk-ი, რომელმაც დიდხანს იტრიალა რუმინეთის თავზე, შემდეგ კი შავი ზღვით ჩვეულებრივზე შორს იფრინა და უკან დაბრუნდა. უპილოტო თვითმფრინავის შავი ზღვის აკვატორიაში შესვლისას რუმინეთის თავზე უწყვეტად ტრიალებდა ამერიკული RC-135.
შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის სხვა სადაზვერვო თვითმფრინავები - RC-135 და P-8 Poseidon - რუტინულად მორიგეობდნენ მარშრუტების შეუცვლელად. მთლიანობაშიც, შავი ზღვის თავზე საავიაციო ფრენების სიხშირეში ფუნდამენტური ცვლილებები არ მომხდარა.
ანალიტიკოსი რიჩარდ აბულაფია მიიჩნევს, რომ ამერიკის ტაქტიკურ დრონებსა და თვითმფრინავებზე რუსების ზეწოლის (იქნება ეს საწვავის დასხმა თუ სხვა საშუალებები) მთავარი მიზანია ამერიკული ავიაციის კონფლიქტის ზონიდან გაყვანა. რუსეთს მიაჩნია, რომ ამერიკული დრონების პერიოდულ ჩამოგდებას არ მოჰყვება რუსეთისთვის კატასტროფული შედეგები და, რომ მას შეუძლია ერთი-ორჯერ თავს ამის უფლება მისცეს, რათა აშშ-ს გაუგზავნოს საჭირო სიგნალები, რომ უკრაინისათვის სადაზვერვო მონაცემების გადაცემა უპასუხოდ არ დარჩება. თუმცა, აბულაფიას თქმით, რუსეთში ესმით, რომ ტაქტიკური დრონების ხშირი ჩამოგდება აუცილებლად გამოიწვევს აშშ-ის მკვეთრ საპასუხო რეაქციას.