როგორ ჩაგვიდგეს ლენინი

1956 წლის 21 აპრილს, 9 მარტის სისხლიანი მოვლენებიდან ერთი თვის თავზე, თბილისის მთავარ მოედანზე საზეიმო ვითარებაში გაიხსნა “საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენიალური ბელადის, მსოფლიოში პირველი სოციალისტური სახელმწიფოს დამაარსებლის“, ვლადიმერ ილიას ძე ლენინის მონუმენტი. „ბელადის ძეგლით დამშვენებული ლენინის მოედანი - ეს ჩვენი ეპოქის ღირსეული ადგილი - განახლებული თბილისის სახელი და სიამაყეა“, - წერდა პოეტი-აკადემიკოსი იოსებ გრიშაშვილი.

„ძეგლი, ვით ქიმი დიად მთა-გორის“

21 აპრილი, ლენინის დაბადების წინა დღე, ცხადია, შეგნებულად შეირჩა. აკი შენიშნავდა კიდეც ქართული საბჭოთა პრესა, რომ „თბილისელმა მშრომელებმა“ ერთად აღნიშნეს როგორც „საერთაშორისო პროლეტარიატის დიდი ბელადისა და მასწავლებლის დაბადების 86-ე წლისთავი“, ასევე თბილისის ცენტრში მისი დიდებული ძეგლის გახსნა, რასაც მიეძღვნა კომუნისტური პარტიისა და ლენინის დიდი საქმისადმი უსაზღვრო სიყვარულით და ერთგულებით გაჟღენთილი მრავალათასიანი მიტინგი.

„მიტინგი გახსნა თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარემ ამხ. მ.კ. მაღრაძემ“, - წერდა 1956 წლის „დროშის“ მე-5 ნომერი. -„ვრცელი სიტყვა წარმოთქვა საქ. კპცკ-ის პირველმა მდივანმა ამხ. ვასილ პავლეს ძე მჟავანაძემ. სიტყვებით გამოვიდნენ ქალაქის მშრომელთა წარმომადგენლები“.

1956 წ. 21 აპრილი. თბილისი. ლენინის ძეგლის გახსნა

საგანგებოდ ამ მოვლენას - ლენინის დაბადების დღესა და მონუმენტის დადგმას - მიუძღვნა ლექსი არაერთმა საბჭოთა პოეტმა, მათ შორის ხარიტონ ვარდოშვილმაც:

„ჰყვავის აპრილი, ხეებს აქოჩრილს

თავს დაჟრიალებს ჩიტების გუნდი,

ქუჩებში მღერის ნიავი კოჯრის,

ამოდ ლივლივებს ცა იაგუნდის.

დგას მოედანზე გაშლილი მკერდით

ძეგლი, ვით ქიმი დიად მთა-გორის,

მთაწმინდის მთვარე, ვარდივით თეთრი,

ბელადის სახეს ამკობს ამბორით“.

...მიტინგი კი ძეგლის საზეიმო გახსნით გაგრძელდა:

„...ნელა მოეხსნა ძეგლს თეთრი საბურველი, შეკრებილთა თვალწინ წარმოდგა ვ. ი. ლენინის დიდებული ფიგურა, რომელიც დადგმულია მაღალ კვარცხლბეკზე. ლენინი გამოსახულია იმ მომენტში, როცა იგი სიტყვას ამბობს, წინ ხელგაწვდილი. 7,5 მეტრი სიმაღლის სკულპტურა დადგმულია ლამაზი ყავისფერ-წითელი გრანიტის 11,5 მეტრი სიმაღლის კვარცხლბეკზე. კვარცხლბეკი ეყრდნობა გრანიტის საფეხურებიან საფუძველს. სკულპტურული ფიგურის კომპოზიცია გამოხატავს კომუნიზმისაკენ წინსვლის იდეას, გადმოგვცემს ბელადის სიდიადეს, მის დაუცხრომელ ენერგიასა და შეუდრეკელ ნებას... მონუმენტმა სახე შეუცვალა ქალაქის ცენტრალურ მოედანს, იგი უფრო მიმზიდველი და ლამაზი გახდა“.

ლენინის ძეგლის გახსნისადმი მიძღვნილი მიტინგი თბილისში, სიტყვით გამოდის ვ. მჟავანაძე

განახლებული ლენინის მოედნით აღფრთოვანებას ვერც იოსებ გრიშაშვილი მალავდა:

„მოედანი მთლიანად ასფალტირებულია. მის გარშემო ლამაზად აშენებულ მრავალსართულიან სახლთა რკალია შემოვლებული. ეს ადგილი ისევე კრიალა და სუფთა ქუჩებით უერთდება ჩვენი დედაქალაქის დანარჩენ ნაწილს, ხოლო მის გვერდით პუშკინის სახელობის კოხტა სკვერია... ამ ბაღში სემინარიის მოწაფეები საუბრობდნენ პოეზიის, მეცნიერების და პოლიტიკის ურთულეს საკითხებზე... აქ ლაპარაკობდნენ ისინი ლენინის შესახებ“.

ლენინით ნაშოვნი ფული

1956 წლის 21 აპრილამდე თბილისში ლენინის სხვა არაერთი ძეგლი იდგა. ლენინის მოედანზე განხორციელებული პროექტის ავტორს, სტალინური პრემიის ლაურეატ მოქანდაკეს ვალენტინ თოფურიძესაც უკვე გაკეთებული ჰქონდა ლენინის ბიუსტი (1953 წ). საქმე ისაა, რომ 1921 წლიდან ამუშავდა ე. წ. ლენინის „მონუმენტური პროპაგანდის საკავშირო გეგმა“, რომლის მიზანი ხალხში რევოლუციური იდეების დანერგვა იყო. როგორც ხელოვნებათმცოდნე მერი კარბელაშვილი შენიშნავს თავის ნაშრომში „ქართული ქანდაკება“ (1920-იანი წლები)“, უნდა შექმნილიყო თანამედროვე ბელადების და წარსული ეპოქების ცნობილი რევოლუციური მოღვაწეების ძეგლები, რომლებიც საზოგადოებრივ ადგილებში დაიგეგმებოდა.

„ეს გეგმა, რასაკვირველია, საქართველოშიც დაინერგა... ამიერიდან ბელადების პორტრეტები დიდი ხნის განმავლობაში ქანდაკების მთავარი თემა იყო“.

ლენინის ბიუსტი. მოქ. ვალენტინ თოფურიძე

ამ გეგმის მიხედვით, ლენინის პირველი ბიუსტი თბილისში 1921 წელს დადგეს (მოქანადკე ვ. ანდრეევი). 1924 წელს კონკურსი გამოცხადდა „გენიალური ბელადის“ ძეგლის პროექტზე, მომდევნო წლებში კი კონკურსგარეშეც არერთი ძეგლი დაიდგა (მაგ. 1935 წ. მოქ. მიხეილ ჭიაურელისა), თუმცა 1956 წლის 21 აპრილს გახსნილი ძეგლი - 7,5 მეტრი სიმაღლის სკულპტურა გრანიტის 11,5 მეტრიან კვარცხლბეკზე - თვისებრივად განსხვავდებოდა სხვებისგან.

მხატვარ გია ბუღაძის თქმით, ვალენტინ თოფურიძის ლენინი, მართალია, გემოვნებით იყო გაკეთებული, კარგად ჰქონდა შერჩეული წითელი გრანიტით დამუშავებული კვარცხლბეკი (ავტ. კ. ჩხეიძე, შ. ყავლაშვილი და სხვ), ასევე კარგად იყო განაწილებული მოედანი და ზუსტად იყო დასმული მასშტაბი, მაგრამ არანაირი განსაკუთრებული მხატვრული ღირებულება ამ ძეგლს არ ჰქონდა, განსხვავებით ზაჰესის მახლობლად აღმართული ივან შადრის ლენინისგან.

გია ბუღაძე, მხატვარი

„თუმცა, რა თქმა უნდა, თოფურიძის „ლენინის“ გადაგდება არ შეიძლებოდა. ეს და სხვა ძეგლები უნდა შენახულიყო სპეციალურ მუზეუმში, საცავში. ყოველთვის ამის მომხრე ვიყავი. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი დაიკარგა“, - ამბობს გია ბუღაძე.

ლენინი ზაჰესთან. მოქ. ივან შადრი

საქართველოს დედაქალაქში 80-იანი წლების ბოლოს ლენინის 7 ძეგლი იდგა, ბევრად მეტი იყო მათი რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით. გია ბუღაძის თქმით, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ავტორებს კარგი ჰონორარის მიღების სურვილი უფრო ამოძრავებდათ, ვიდრე დამკვეთთან (ანუ საბჭოთა ხელისუფლებასთან) იდეოლოგიური თანხვედრა. როგორც ირკვევა, ლენინით ფულის კეთება განსაკუთრებულად გავრცელებული პრაქტიკა ყოფილა ფერმწერებში:

ლენინის ძეგლი, თბილისი

„არაფერი განსაკუთრებული ღირებულება ამ ძეგლებს არ ჰქონდათ, გარდა იდეოლოგიურისა. რასაც მე ვხედავდი, შაბლონი ჰქონდათ და იმის მიხედვით აკეთებდნენ... უფრო მეტად ვიცი (ნანახი მაქვს), როგორ კეთდებოდა იდეოლოგიური ფერწერული პორტრეტები. იყო ჯგუფები, რომელთა წევრებსაც მექანიკურად ჰქონდათ განაწილებული შრომა: ერთი ხატავდა პიჯაკს, მეორე წვერს, მესამე თვალებს და ა.შ. კონვეიერივით ჰქონდათ აწყობილი. ეს მინახავს. ცხადია, გარკვეულ შემოსავალს იძლეოდა ამგვარი საქმიანობა. ფულს კატეგორიების მიხედვით იხდიდნენ: ე. წ. „შემოქმედებითი“ ნამუშევარი ღირდა 5-10 ათასი მანეთი. იყო ძალიან იაფებიც - 80 მანეთიდან 300 მანეთამდე. „შემოქმედებით“ რომ ერქვა, სინამდვილეში, არაფერი შემოქმედებითი იქ არ იყო. ითვლებოდა, რომ ეს შეკვეთა იყო ძვირი და დიდი ჩალიჩი მიდიოდა მის ასაღებად. ერთგვარი მაკლერებიც კი არსებობდნენ, რომლებიც სერიოზულად მუშაობდნენ შეკვეთების ჩამოტანაზე. დაახლოებით, 20 %-ს უტოვებდნენ მხატვრები ამ მაკლერებს. რაზე იყო მოთხოვნა? ლენინისა და პოლიტბიუროს წევრთა პორტრეტებზე, რევოლუციურ თემებზე, რომლებიც მიჰქონდათ ქარხნების, ფაბრიკების, კულტურის სახლების, სკოლების, სადგურების და ა.შ. გასაფორმებლად.“

„ეს მოედანი თბილისის გულში“

პოეტ ხარიტონ ვარდოშვილის ლექსი, რომელიც თბილისში ლენინის ძეგლის აღმართვას ეძღვნება, ასე მთავრდება:

ლენინის მოედანი, 1987 წ.

„დგას ნებით მტკიცე, ტიტანი მართლა,

მონობის ტახტის დამამხობელი.

ახარებს, მშრომელთ რომ გაუნათა

კომუნიზმის მზით ქვეყანა ბნელი.

ვარსკვლავთ კამარა გაუბამთ ცაში,

კრთის შუქი, მთვარით გადმოფენილი,

დედას ღიმილით შეხედავს ბავშვი,

ეტყვის: - დედილო, შეხე, ლელინი!“

ამგვარი დიალოგი თეორიულადაც კი შეუძლებელი გახდა 1990 წლის 28 აგვისტოს შემდეგ, როცა, თბილისის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით, ლენინის ძეგლი აიღეს მისივე სახელობის მოედნიდან.

ლენინის ძეგლის დემონტაჟი თბილისში, 1990 წლის 28 აგვისტო

რატომ?

თბილისის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის მაშინდელმა თავმჯდომარემ და თბილისის მომავალმა მერმა, ნიკო ლეკიშვილმა, გაზეთ „თბილისისათვის“ მიცემულ ინტერვიუში (1990 წ. 30 აგვისტოს) განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე ადგილი ჰქონდა ძეგლის თვითნებურად აღების რამდენიმე მცდელობას:

„ როგორც ჩანს, ქვეყნის სხვა ქალაქებში ლენინის ძეგლების აღებამ ჩვენთანაც [თბილისში] წარმოშვა იგივე სურვილი. ...ყოველდღიურად ამ ადგილს იცავდა მილიციელთა გაძლიერებული რაზმი. ადამიანებთან მილიციის სისტემატური შეხლა-შემოხლა უარყოფითად მოქმედებდა ქალაქის ცხოვრების რიტმზე. ყველაფერ ამის გათვალისწინებით საქალაქო საბჭოს პრეზიდიუმმა მიიღო დადგენილება „ლენინის მოედნის რეკონსტრუქციისა და კეთილმოწყობის შესახებ“, რომელიც ძეგლის გატანას ითვალისწინებს“.

ლენინის ძეგლის ნაშთი, 1990 წ.

ლენინის ძეგლის აღებიდან ერთი კვირის თავზე (1990 წ., 7 სექტემბერი) ნიკო ლეკიშვილმა ინტერვიუ მისცა „ლიტერატურულ საქართველოსაც“, სადაც ილაპარაკა ლენინის ძეგლისადმი თბილისელების ნეგატიური დამოკიდებულების კიდევ ერთ მიზეზზე.

"გაძევებული" ლენინი თბილისის ერთ-ერთ უბანში

„ანგარიშგასაწევია, რომ ეს ძეგლი 1956 წლის 9 მარტის ტრაგედიას უკავშირდება და, ამდენადაც, უარყოფით ემოციებს იწვევდა თბილისელებში. ამის გარდაც, მივიღეთ აგრეთვე დადგენილება, მოედნისთვის სახელის გადარქმევის შესახებ და მას თავისუფლების მოედანი ვუწოდეთ“, - ამბობს ნიკო ლეკიშვილი, რომელიც იქვე ლაპარაკობს „გათავისუფლებული მოედნის ხვალინდელ დღეზე“:

მწვანე ნარგავები ლენინის ძეგლის ნაცვლად

„როდესაც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ და განვახორციელეთ, საჭიროდ ჩავთვალეთ, ჯებჯერობით ამ ადგილას მწვანე გაზონი აღდგენილიყო. შემდეგ საქალაქო საბჭოს აღმასკომსა და არქიტექტორებს დაევალათ, თავიანთი წინადადებები წარმოადგინონ მოედნის შესახებ. მივმართეთ მოსახლეობასაც, მოგვაწოდონ თავიანთი წინადადებები და მოსაზრებები. ისე, მე თუ მკითხავთ, ეს მოედანი თავისუფლების მოედანია და, შესაძლოა, არც იყოს აუცილებელი რომელიმე მონუმენტის ან ძეგლის დადგმა, თუმცა უკვე ბევრი წინადადება შემოდის ამის შესახებ და განზრახული გვაქვს, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით, შევარჩიოთ ისეთი პროექტი, რომელიც მისაღები იქნება ყველა თბილისელისა და ქართველისათვის“.

თავისუფლების (ყოფილი ლენინის) მოედანი ასე გამოიყურება 2006 წლის 23 ნოემბერიდან

თავისუფლების მოედანი დიდხანს ვერ დარჩა თავისუფალი. მწვანე გაზონი ჯერ შადრევანმა, შემდეგ კი ზურაბ წერეთლის იმგვარმა მოოქროვილმა წმინდა გიორგის მონუმენტმა შეცვალა, რომელიც არც ყველა ხელოვნებათმცოდნისათვის არის მოსაწონი და არც „ყველა თბილისელისა და ქართველისათვის“, თუმცა, ამის მიუხედავად, 15 წელია დგას (2006 წლის 23 ნოემბრიდან) და 40 მეტრის სიმაღლიდან გადმოჰყურებს თბილისს.