"უნივერსალური ბოლშევიკური მიგნება" - როგორ ჩაანაცვლა სსრკ-მ შობა ახალი წლით

საბჭოთა კავშირში დაგმობილი იყო შობა-ახალ წელთან დაკავშირებული ყველა რიტუალი - მეკვლეობა, ალილო და ა.შ. ბეთლემის საშობაო ვარსკვლავის ნაცვლად, თაყვანისცემის საგნად კომუნისტურ, ხუთქიმიან წითელ ვარსკვლავს იყენებდნენ, რომელსაც მოგვიანებით ნაძვის ხის წვერზე მიუჩინეს საპატიო ადგილი

საბჭოთა კავშირში ახალი წელი ყველაზე სახალხო და იდეოლოგიურად ნეიტრალურ დღესასწაულად მიიჩნეოდა, თუმცა, როგორც ისტორიკოსები და კულტურის მკვლევრები გვარწმუნებენ, საქმე მთლად ასე მარტივადაც არ ყოფილა.

ახალი წელი - დღესასწაული, რომელსაც ჩვენ აღვნიშნავთ ნაძვის ხეებით, თოვლის ბაბუებით, ფოიერვერკებით, კარნავალებით, შუშხუნა ღვინოებითა და საფუძვლიანი მოლხენით - შედარებით ახალი ფენომენია, რომელიც საბჭოთა კავშირში შეიქმნა გასული საუკუნის 30-იან წლებში. ცხადია, ახალ წელს მთელ მსოფლიოში დღესაც და საქართველოში რუსეთის ოკუპაციამდეც აღნიშნავდნენ, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლებამ დღესასწაულს სულ სხვა მასშტაბი და ისეთი ესთეტიკური ელემენტები შესძინა, რითაც სცადა იდეოლოგიურად მიუღებელი შობისა და ზამთრის სხვა დღესასწაულების ჩანაცვლება.

„ძირს შობა!“

1917 წლის ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ ბოლშევიკების მიერ შექმნილი ახალი „მუშურ-გლეხური სახელმწიფო“ უსასტიკესი მეთოდებით ებრძოდა „წინა ცხოვრების“ ყველა გამოვლინებას, მათ შორის რელიგიურ დღესასწაულებს. შესაბამისად, ბოლშევიკების რისხვას ვერ გადაურჩა მთავარი ქრისტიანული დღესასწაული - შობა. იმდროინდელი რუსული გაზეთები წერდნენ: „რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლა არის ბრძოლა სოციალიზმისთვის!“, „შობა არის სიცრუის დღესასწაული, ხალხის სიღარიბის ბოროტი დაცინვა“ და ა.შ.

1920-იანი წლებიდან საბჭოთა პროლეტარული პრესა აქტიურად აქვეყნებდა როგორც ეკლესიის კარიკატურებს, ასევე ბიბლიის კრიტიკას.

ბეთლემის საშობაო ვარსკვლავის ნაცვლად, თაყვანისცემის საგნად გამოცხადდა კომუნისტური, ხუთქიმიანი წითელი ვარსკვლავი, რომელსაც მოგვიანებით ნაძვის ხის წვერზე მიუჩინეს საპატიო ადგილი.

„ჩვენ ვიცით, რომ არ არსებობს არანაირი ღმერთები და სულები, რომ ეს ყველაფერი გამოიგონეს ჩვენმა ველურებმა წინაპრებმა. ასე რომ, ამ გამონაგონისა და სისულელის გახსენების არანაირი საჭიროება არ არსებობს!“ - წერდა გაზეთი „რევოლუციის გზა“ 1923 წლის დეკემბერში.

„ნამდვილად იყო შობა?“ - ასეთი სათაური აქვს 1925 წლის 25 დეკემბერს გაზეთ „საბჭოთა გზაში“ დაბეჭდილ სტატიას, ხოლო „ჩრდილოელი ბოლშევიკი“ სტატიაში „საიდან გაჩნდა საშობაო ზღაპარი?“ წერდა: „მეცნიერებამ დაამტკიცა, რომ ქრისტე არასოდეს არსებობდა და ამიტომ ის არასოდეს დაბადებულა“.

ასევე დაგმეს შობა-ახალ წელთან დაკავშირებული სხვა ტრადიციული რიტუალები - მეკვლეობა, ალილო და ა.შ. ბეთლემის საშობაო ვარსკვლავის ნაცვლად, თაყვანისცემის საგნად გამოცხადდა კომუნისტური, ხუთქიმიანი წითელი ვარსკვლავი, რომელსაც მოგვიანებით ნაძვის ხის წვერზე მიუჩინეს საპატიო ადგილი. თუმცა მანამდე 1929 წელს საბჭოთა კავშირში აიკრძალა როგორც შობის, ასევე ახალი წლის აღნიშვნა. მართალია აკრძალვის ოფიციალური დოკუმენტი არ გამოცემულა, მაგრამ გაზეთები და ჟურნალები უმოწყალოდ დასცინოდნენ და აკრიტიკებდნენ იმათ, ვინც გაბედავდა „ბურჟუაზიულ-რელიგიური“ დღესასწაულის აღნიშვნას. გარდა ამისა, მოზრდილ ქალაქებში ადგილობრივი ხელისუფლება გამოსცემდა რეგულაციებს, რომლებიც კრძალავდნენ საშობაო და საახალწლო არდადეგებზე ნაძვის ხეების გაყიდვას. ხშირ შემთხვევაში ნაძვის ხეების გაყიდვა ისჯებოდა 100-მანეთიანი ჯარიმით (რაც საშუალო თვიურ ხელფასზე მეტი იყო) ან ერთი თვის იძულებითი შრომით.

საახალწლო ნაძვის ხე ხუთქიმიანი ვარსკვლავით კრემლის მოედანზე. 1978 წ.

„ზეიმი ადამიანის სახით"

საბჭოთა კავშირში ზამთრის „მთავარი დღესასწაული“ გაიხსენეს 30-იანი წლების შუა ხანებში. 1935 წლის 28 დეკემბერს გაზეთ „პრავდაში“ გამოჩნდა საბჭოთა უკრაინის ერთ-ერთი პარტიული ლიდერის, პაველ პოსტიშევის სტატია სათაურით „მოდით, გავუმართოთ ბავშვებს ახალი წლისთვის კარგი ნაძვის ხე!“

პაველ პოსტიშევის სტატია გაზეთ "პრავდაში". 1935 წ. 28 დეკემბერი

პოსტიშევის ეს სტატია სამი დღის შემდეგ, 31 დეკემბერს გამოქვეყნდა ქართველი კომუნისტების მთავარ ორგანოში, გაზეთ „კომუნისტში“:

გავუმართოთ ბავშვებს ახალი წლისთვის კარგი ნაძვის ხე

რევოლუციამდე ბურჟუაზია და ბურჟუაზიის მოხელეები ახალი წლისათვის თავიანთ ბავშვებს ყოველთვის უმართავდნენ ნაძვის ხეს. მუშათა ბავშვები ფანჯრიდან შურის თვალით უყურებდნენ ათასფრად გაჩირაღდნებულ ნაძვის ხეს და მდიდართა შვილებს, რომლებიც მის გარშემო მხიარულობდნენ. რატომ არის, რომ ჩვენი სკოლები, საბავშვო სახლები, ბაგები, საბავშვო კლუბები, პიონერთა სასახლეები ამ დიდ სიამოვნებას აკლებენ საბჭოთა ქვეყნის მშრომელთა ბავშვებს? ვიღაცა გადამხვევებმა, უეჭველია „მემარცხენე“ გადამხვევებმა, ბავშვთა ეს გასართობი ბურჟუაზიულ თავშესაქცევად მონათლეს. საჭიროა ბოლო მოვუღოთ ბავშვთა ამ საუცხოო გასართობის - ნაძვის ხის უმართებულო დაგმობას. კომკავშირელებმა, პიონერ-მუშაკებმა ახალი წლისათვის უნდა მოაწყონ კოლექტიური ნაძვის ხეები ბავშვთათვის. სკოლებში, საბავშვო სახლებში, პიონერთა სასახლეებში, საბავშვო კლუბებში, საბავშვო კინოებსა და თეატრებში - ყველგან უნდა იყოს საბავშვო ნაძვის ხე! არ უნდა დარჩეს არცერთი კოლმეურნეობა, სადაც მისმა გამგეობამ, კომკავშირელებთან ერთად, ახალი წლის წინა დღეს არ მოაწყოს ნაძვის ხე თავისი ბავშვებისათვის. საქალაქო საბჭოებმა, რაიონული აღმასკომების თავმჯდომარეებმა, სასოფლო საბჭოებმა, სახალხო განათლების ორგანოებმა დახმარება უნდა გაუწიონ საბჭოთა ნაძვის ხის მოწყობას ჩვენი დიადი სოციალისტური სამშობლოს ბავშვთათვის. ჩვენი ბავშვები მხოლოდ მადლობელი დარჩებიან საბავშვო საახალწლო ნაძვის ხის მოწყობით.

დარწმუნებული ვარ, კომკავშირელები უაღრესად აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ამ საქმეში და გააქარწყლებენ იმ სულელურ აზრს, თითქოს საბავშვო ნაძვის ხე ბურჟუაზიულ ცრურწმენას წარმოადგენდეს. მაშ ასე, მოვაწყოთ ახალი წლის მხიარული შეხვედრა ბავშვთათვის, მოვაწყოთ კარგი საბჭოთა ნაძვის ხე ყველა ქალაქსა და კოლმეურნეობაში (ვ. პოსტიშევი).

პაველ პოსტიშევის სტატია გაზეთ "კომუნისტში". 1935 წ. 31 დეკემბერი

პაველ პოსტიშევი (1887-1939) - საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწე და პარტიის ლიდერი, პროპაგანდისტი და პუბლიცისტი; 1937-1938 წლების პოლიტიკური რეპრესიების ერთ-ერთი ორგანიზატორი სსრკ-ში. 1938 წლის 22 თებერვლის ღამეს დააპატიმრეს მოსკოვის ბინაში. 1938 წლის 26 თებერვალს იგი ყველა თანამდებობიდან გაათავისუფლეს. 1938 წლის 9 აპრილს, პოსტიშევმა დაწერა განცხადება შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის ნიკოლაი ეჟოვის სახელზე, რომელშიც ირწმუნებოდა, რომ აპირებდა „გულწრფელი ჩვენების მიცემას საგამოძიებო ორგანოებისთვის, რომ მრავალი წლის განმავლობაში ეწეოდა კონტრრევოლუციურ საქმიანობას პარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. გამოძიების მიხედვით, „პოსტიშევი იყო მემარჯვენე ტროცკისტული ორგანიზაციის ცენტრის წევრი. აქტიურ მონაწილეობას იღებდა უკრაინაში დივერსიული საქმიანობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში. 1920 წლიდან იყო იაპონიის დაზვერვის აგენტი, რომელიც გადასცემდა მნიშვნელოვან ჯაშუშურ ინფორმაციას საბჭოთა კავშირის შესახებ“. 1939 წლის 26 თებერვალს პაველ პოსტიშევს სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ მიუსაჯა სიკვდილით დასჯა. განაჩენი იმავე დღეს აღსრულდა ბუტირკის ციხეში.

პაველ პოსტიშევი

თუმცა ქართველი ბოლშევიკები პაველ პოსტიშევის ინიციატივის ოპერატიულად გამოქვეყნებას არ დასჯერდნენ. როგორც მაშინდელი პრესა იუწყება, დიდი საახალწლო სამზადისი ყოფილა ტფილისის მე-18 სკოლაში:

„სკოლის მხატვრულად მორთულ დარბაზს ცქრიალა გოგო-ბიჭების ჟრიამული, სიცილ-კისკისი და საქმიანი ფუსფუსი აცოცხლებდა. შუაგულ დარბაზში მდგომ ნაძვის ხეს წითელ-ყვითელ ბურბუშელათი, პატარა კალათებითა და ბამბის ქულებით რთავდნენ.‎

დარბაზის ერთ კუთხეში ლუბა ლაცაბიძე ფერად-ფერადი ქაღალდის კოხტა კალათებს აკეთებდა.

- აქ კანფეტებსა და ბისკვიტებს ჩავაწყობთ, მერე ნაძვის ხეზე ჩამოვკიდებთ, სტუმარი რომ მოგვივა, გავუმასპინძლდებით, - სიამაყით მიამბობს 8 წლის ცუგრუმელა ლინა მხეიძე.

- შარშან გქონდათ ნაძვის ხე? - ვეკითხები ბავშვთა ერთ ჯგუფს.

- არა, წელს ძია პოსტიშევის თაოსნობით ეწყობა თურმე, ასე აგვიხსნა მასწავლებელმა ამ დილით. „კომუნისტშიც“ სწერია, - დინჯად მიპასუხებს ნათელა კოპლატაძე.

„მადლობა დიდ სტალინს საამური და მხიარული ცხოვრებისათვის“, „მადლობა ძია პოსტიშევს ბავშვებზე დიდი მზრუნველობისათვის“.

- წინათ ნაძვის ხეზე სანთლებს აკეთებდნენ და ბავშვებს ალოცებდნენო, ასე გვითხრა დღეს ნუნუ მასწავლებელმა, - ამბობს ზეინაბ თაყაიშვილი და განაგრძობს:

- რა სულელები ყოფილან! აბა, ლოცვა რის მაქნისია? ძია ლენინი გვასწავლიდა: ისწავლეთ, ისწავლეთ და კიდევ ისწავლეთო. თუ კარგად არ ისწავლე, ისე არც მხიარულება ვარგა, - დარბაისლურად დაასკვნის ზეინაბი.

მოწაფეებს არც მასწავლებლები ჩამორჩებიან. ამ საერთო მხიარულებას ისინიც გაუხალისებია. ბავშვთა მხიარულ ცეკვა-სიმღერას ჩუმად თვითონაც აყოლებენ ფეხსა და ხმას. აღტაცებული ხვდებიან კანფეტებით, მანდარინებით, ვაშლებით, ჩურჩხელებით, გოზინაყით დაჯილდოებულ ბედნიერ და მხიარულ ბავშვებს, უხარიან ყველას, უხარიან თვით სკოლის კედლებსაც, სადაც ფერად პლაკატებზე დიდი ასოებით გამოყვანილია:

„მადლობა დიდ სტალინს საამური და მხიარული ცხოვრებისათვის“, „მადლობა ძია პოსტიშევს ბავშვებზე დიდი მზრუნველობისათვის“.

საახალწლო ზეიმი თბილისის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში. 1983 წ.

პაველ პოსტიშევის წერილს გამოეხმაურა ტფილისის სახელმწიფო ოპერაც:

6 იანვარს გაიმართება „ნაძვის ხე - მასკარადი“ . სცენაზე დაიდგმება 7 მეტრის სიმაღლის ნაძვის ხე, შემკული როგორც ნამდვილი, ისე ბუტაფორიული სათამაშოებით. ტოტებზე გაბრწყინებული იქნება ფერადი ნათურები, ხოლო კენწეროზე აღიმართება ხუთქიმიანი ვარსკვლავი. სცენაზე გამოხატული იქნება ზამთრის პეიზაჟი, თოვლით დაფარული წიწვიანი ტყე, თოვლის კაცები... დარბაზში გააკრავენ ლოზუნგებს: „მადლობა ძია სტალინს“ და სხვა.

მასკარადის დაწყებამდე წითელ ფოიეში დაუკრავს ორკესტრი.

ბავშვებს განუმარტავენ, თუ როგორ „დღესასწაულობდნენ“ წინათ პირველ იანვარს სიღატაკეში მყოფი მშრომელთა შვილები. ამის შემდეგ დაიწყება სპექტაკლი, პირველ განყოფილებაში გაიმართება ცეკვა ნაძვის ხის გარშემო; მეორე განყოფილებაში - საბავშვო კონცერტი: შეასრულებენ საბავშვო პროგრამას. მესამე განყოფილებაში - სიმღერები და ცეკვა სხვადასხვა ოპერებიდან. ზოგიერთი სიმღერა შესრულდება იარუსებში, რომლებიც რეფლექტორებით გაშუქდება.

ოპერა აცხადებს კონკურსს სამასკარადო კოსტუმებზე, აგრეთვე რუსულ-ქართულ კლასიკოს და თანამედროვე მწერალთა ლექსების საუკეთესოდ წაკითხვაზე. დაწესებულია ჯილდო 100-დან 250 მანეთამდე ღირებული სათამაშოები, რომლებსაც ნაძვის ხის ტოტიდან ჩამოხსნიან და იქვე გადასცემენ გამარჯვებულს“.

ასევე ნახეთ საახალწლო

პოსტიშევამდე რა ხდებოდა?

„რა თქმა უნდა, არანაირი ნაძვის ხეები არ იყო, რადგან ნაძვის ხე მიიჩნეოდა რელიგიური დღესასწაულის ატრიბუტად. არც საჩუქრების დარიგება არ ხდებოდა, რადგან ეს ყველაფერი ასოცირდებოდა შობასთან, - ამბობს რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივი პროექტის The Current Time-ის რედაქციასთან საუბარში, საბჭოთა კავშირის მკვლევარი და კულტუროლოგი იან ლევჩენკო, - უნდა მომხდარიყო რიტუალის „გადატვირთვა“, გადააზრება. ამიტომ საჭირო გახდა მაღალი რანგის პარტიული ფუნქციონერის, პოსტიშევის ენერგიული ინიციატივა, რათა შობის დღესასწაულს ახალი შინაარსი შეეძინა“.

გაზეთმა „პიონერსკაია პრავდამ“, ყველასთვის მოულოდნელად, 1936 წლის დადგომა მიულოცა თავის ახალგაზრდა მკითხველებს და პირველ გვერდზე გამოაქვეყნა სადღესასწაულოდ მორთული ნაძვის ხის ფოტოსურათი. იგივე გააკეთა ქართულმა „ოქტომბრელმაც“, რომელმაც მორთულ ნაძვის ხესთან ერთად გამოაქვეყნა სიკო ფაშალიშვილის ლექსი „ნაძვის ხე ჩვენს სკოლაში“

საბავშვო ჟურნალი "ოქტომბრელი". 1936 წ. N1

1937 წლიდან მოყოლებული კი ახალი წელი უკვე აღინიშნებოდა მთელი კავშირის მასშტაბით. ქვეყანაში რეპრესიები მძვინვარებდა, გაზეთებში კი ქვეყნდებოდა ბედნიერი ბავშვებისა და მორთული ნაძვის ხეების ფოტოები.

„ეს მართლაც სრულიად უნივერსალური ბოლშევიკური მიგნება იყო: იმის თქმა, რომ ყოველივე ეს კეთდებოდა ბავშვებისთვის, რომლებიც ქვეყნის მომავალია. თითქოს არანაირი იდეოლოგია, მხოლოდ გართობა და ხალისობა“, - ამბობს იან ლევჩენკო.

თოვლის ბაბუა, საჩუქრები, გირლანდები და ნაძვის ხეები, სადღესასწაულო სუფრა - ახალი წლის დღესასწაული გულს უხარებს საბჭოთა მოქალაქეს, რომელიც სულაც არ არის განებივრებული გართობით.

„კალენდარული არ ნიშნავს რელიგიურს. საბჭოთა სახელმწიფოსთვის ეს იყო პრინციპული განსხვავება, ერთგვარი მაშველი რგოლი, რომ რიტუალური, კალენდარული ნიშნავს სახალხოს, ხალხი კი ის არის, ვის გამოც რევოლუცია მოხდა. ამ გაგებით, ახალი წელი, მისი კალენდარული კომპონენტით, ღრმად ხალხური ფენომენი გამოდიოდა“, - განმარტავს საბჭოთა წარსულის მკვლევარი.

მეორე მსოფლიო ომის დროს ახალი წელი იქცა მშვიდობიანი ცხოვრების, ოჯახური კერის, იმედის სიმბოლოდ ანუ ყველაფერ იმად, რაც მანამდე შობა იყო, ომისშემდგომ წლებში კი საახალწლო ტრადიციებმა საბოლოო, დასრულებული ფორმა შეიძინა, მათ შორის პრესასა და კინოში უსასრულო გამეორებით.

„ყველაფერი საბჭოთაა“

საბჭოთა ახალი წელი აღინიშნებოდა ყველგან, სადაც საბჭოთა ხელისუფლება იკიდებდა ფეხს: უკრაინისა და ბელარუსის დასავლეთ რეგიონებში, ბალტიის ქვეყნებში, კავკასიაში, შუა აზიის ქვეყნებში და ა.შ.

1940 წელს ლატვიის ოკუპაციის შემდეგ საბჭოთა კავშირმა გააუქმა შობის საზეიმოდ აღნიშვნა. 25 დეკემბერი იყო ჩვეულებრივი, სადაგი დღე, სკოლებიც კი მუშაობდნენ ახალ წლამდე და მხოლოდ შემდეგ იწყებოდა არდადეგები. ასეთივე სცენარით აღინიშნებოდა ახალი წელი მთელ საბჭოთა კავშირში. ყველგან ნაძვის ხე და თოვლის ბაბუა, მათ შორის იქაც, სადაც, როგორც წესი, არც ყინვებია და არც ნაძვის ხეები იზრდება.

„ცენტრალური აზიის რესპუბლიკებისათვის ახალი წელი იყო საბჭოთა კავშირის ნაწილად ყოფნის ერთგვარი ატრიბუტი“, - განმარტავს იან ლევჩენკო.

ახალი წლის აღნიშვნა სსრკ-ის ერთ-ერთ რესპუბლიკაში

თუ საბჭოთა კავშირის ევროპულ ნაწილში საახალწლო ტრადიციები გარკვეულწილად შეცვლილ-გადაკეთებული საშობაო ტრადიციებია, ცენტრალურ აზიაში ყველაფერი ნულიდან შეიქმნა. მზის კალენდრის მიხედვით ახალი წელი - ნოვრუზი - გაზაფხულზე აღინიშნება. ეს დღესასწაული ძალიან განსხვავდება საბჭოთა ათეისტური ტრადიციებისგან, რის გამოც ოფიციალურად იყო აკრძალული მრავალი წლის განმავლობაში. რაც შეეხება ახალ წელს, მაშინდელი შუა აზიის რესპუბლიკების პარტიული ფუნქციონერები მკაცრად ასრულებდნენ მეტროპოლიის - მოსკოვის მითითებებს, რაზეც იდგა კიდეც საბჭოთა იმპერია.

საბჭოთა ახალი წელი

პირველმა ბოლშევიკებმა და მათმა შთამომავლებმა ჯერ აღადგინეს ახალი წელი, ხოლო შემდეგ ამ თავიანთი საბჭოთა ახალი წლით ჩაანაცვლეს ისეთი რელიგიური დღესასწაულები, როგორიცაა ქრისტიანული შობა, მუსლიმური ნოვრუზი, ებრაული როშ ჰაშანა, ბუდისტური საგაალგანი. საბჭოთა კავშირის მკვლევრების თქმით, ახალი წლის აღნიშვნა კრემლის კურანტების ფონზე, შამპანურით, ოლივიეს სალათით და ა.შ. - ყოველივე ეს მიზნად ისახავდა განსხვავებული კულტურების მქონე მოქალაქეების გაერთიანებასა და დამორჩილებას.

ოლივიე - საბჭოთა საახალწლო სუფრის განუყოფელი ნაწილი

„ბევრ საბჭოთა ადამიანს, რომელსაც ენატრება სსრკ, ეჩვენება, რომ „ახალი წელი“ არაიდეოლოგიური დღესასწაული იყო. რა თქმა უნდა, აუცილებელი არ არის, რომ იდეოლოგია თვალსაჩინოდ, პირდაპირი ტექსტით იყოს ჩადებული მოვლენაში. ცნობილია, რომ იდეოლოგია უფრო ეფექტიანი შეიძლება იყოს არასრულყოფილად გამოხატულ, ნაგულისხმევ მდგომარეობაში, რადგან ასეთ პირობებში ის ხმამაღლა არ აცხადებს თავის თავს და თანდათანობით, შეუმჩნევლად ვრცელდება“, - განმარტავს იან ლევჩენკო.

საბჭოთა კავშირის დაშლამ ნელ-ნელა შეცვალა მისი ყოფილი მოქალაქეების დამოკიდებულება საახალწლო ზეიმისადმი. რასაკვირველია, ყოფილი სსრკ-ის მთელ ტერიტორიაზე „ახალი წელი“ კვლავ უქმე დღეა და კვლავ მხიარულად და ხმაურით აღინიშნება როგორც ოჯახურ გარემოში, ისე ქუჩებსა და მოედნებზე, და უფრო ემსგავსება ახალი წლის დადგომის აღნიშვნას დასავლურ ქვეყნებში. ამავე დროს შობა, ნოვრუზი და სხვა უძველეს დღესასწაულებიც დაინრუნეს საბჭოთა რუსეთის მიერ დაპყრობილმა ხალხებმა.

„ეს დღესასწაულები ეხმარება ამ ხალხებს, გაიხსენონ და შეიგრძნონ თავიანთი ეროვნული ტრადიციები, რომლებიც ფესვგადგმული იყო მათ ცხოვრებაში ბოლშევიკების საშინელ და ტრაგიკულ „სოციალურ ექსპერიმენტამდე“ დიდი ხნით ადრე“, - ამბობს იან ლევჩენკო, საბჭოთა კავშირის მკვლევარი და კულტუროლოგი.