როგორ შეხვდნენ ქართველი და აფხაზი მწერალი ქალები ერთმანეთს ჯერ პირისპირ, მერე კი წიგნში

„ჩვენ ყველანი მომსწრენი ვიყავით „შეხვედრების“ მაგიის, როდესაც ერთმანეთისთვის თითქმის უცნობი ადამიანები უდიდესი ინტერესით საუბრობენ საათობით და უეცრად ახლობლები და ძვირფასები ხდებიან ერთმანეთისთვის“, - ეს ნაწყვეტია აფხაზი მწერალი ქალების გამოგზავნილი წერილიდან, რომელიც 17 ნოემბერს, ქართულ-აფხაზური პროზაული კრებულის პრეზენტაციაზე მოვისმინე.

„შეხვედრა“ აფხაზეთის ომის შემდეგ ქართულ ენაზე გამოსული პირველი ქართულ-აფხაზური პროზაული კრებულია, რომელშიც ქართველი და აფხაზი მწერალი ქალების მოთხრობები გაერთიანდა.

ამ წიგნში ერთმანეთს „შეხვდნენ“ მწერლები დიანა ანფიმიადი, ასტანდა არძინბა, ნინი ბატიაშვილი, შაზინა ბგანბა, თამარ გეგეშიძე, ნინა ეშსაუ, ეკატერინე ტოგონიძე და სირმა ფაჩულია.

„ომი, როგორც ასეთი, ამ მოთხრობებში თითქმის არ გვხვდება. მაგრამ ყოველ მათგანში იგრძნობა, იკითხება როგორც ერთგვარი საშიში ფონი, როგორც შეუბრალებელი გამანადგურებელი ძალა, რომელმაც მომავალში ბევრი წლით განსაზღვრა ავტორების მსოფლმხედველობა“, - წერენ პროექტის ავტორები, ქართველი და აფხაზი მწერლები, გურამ ოდიშარია და დაურ ნაჭყებია წინასიტყვაობაში.

ეს კრებული, როგორც ძველი მეგობრები შესავალ სიტყვაშიც წერენ, ომის დაძლევაზეა, ბოროტების დაძლევაზე და მას აერთიანებს „გულწრფელი გულისტკივილი ადამიანის მიმართ, მისდამი სიყვარული, თანაგრძნობა და სამართლიანობა“.

მოთხრობები თარგმნეს ირმა ოსიამ და დაურ ნაჭყებიამ. ყდის დიზაინი თათია ნადარეიშვილს ეკუთვნის. რედაქტორი - თეონა ბექიშვილია.

იდეა, რომ ერთ დღეს ქართველი და აფხაზი მწერალი ქალების წიგნი უნდა შექმნილიყო, წლების წინ დაიბადა - გურამ ოდიშარია იხსენებს, რომ ის და დაურ ნაჭყებია ამაზე სულ ლაპარაკობდნენ, ავტორებს ეძებდნენ.

"შეხვედრის" პრეზენტაციაზე

ეს არ იყო მარტივად გასავლელი გზა, რადგან პროცესი გულისხმობდა ამ მწერლების არა მხოლოდ პოვნას, არამედ მათი ტექსტების თარგმნას, ერთად მუშაობას და, რაც მთავარია, შეხვედრას, რომელსაც ცალკე გაბედვა სჭირდება.

„შეიძლება იკითხონ, რატომ იმუშავეთ ქართველებთან, საქართველოში შევდივართ თუ რა ხდება? ან: აფხაზებთან რატომ, დამოუკიდებლები არიან? ამიტომ ასეთი საქმის ბოლომდე მიყვანას დიდი სიფრთხილე სჭირდება. მშვიდობაა რთული, თორემ ომი მარტივი ამბავია - აიღებ იარაღს და იბრძვი. ხოლო როცა მშვიდობიან ნაბიჯებს დგამს ადამიანი, ეს დანაღმულ ველზე სიარულის ტოლფასია. ამიტომ, გულდაგულ ვასწორეთ და ვწონეთ ყველა სიტყვა, რომ კარგი თარგმანები მიგვეღო“.

გურამ ოდიშარია ჩვენთან საუბრისას შენიშნავს, რომ ამ წიგნით, ქართველი და აფხაზი ავტორების მკითხველებიც უნდა გაერთიანდნენ. ამიტომ შეიძლება, ამ წიგნს ლიტერატურული ხიდიც კი ეწოდოს:

„ეს კრებული გვაჩვენებს, რომ მასში შესული მოთხრობების ავტორები ამ ომის მძიმე მოგონებებით ცხოვრობენ. ეს მინდა, რომ ყველამ ნახოს. ყოველთვის მჯეროდა, რომ ისევ ჩვენ ვართ ერთმანეთის მკურნალები და მინდა, რომ ეს წიგნიც გახდეს ის, რითიც ჩვენ ერთად ვიმკურნალებთ“, - უთხრა გურამ ოდიშარიამ რადიო თავისუფლებას.

მოთხრობები საგანგებოდ ამ წიგნისთვის იწერებოდა - ამიტომ ეს იყო პროცესი, რომლის დროსაც ქართველი და აფხაზი მწერლები ერთმანეთს ეცნობოდნენ და, მაგალითად, ერთად განიხილავდნენ, უნდა ყოფილიყო თუ არა მათი ტექსტები ომზე.

ქართველი ავტორები, ნინი ბატიაშვილი, თამარ გეგეშიძე, ეკა ტოგონიძე, დიანა ანფიმიადი და "ქართული ლიტერატურული ინიციატივის" დირექტორი დეა მეტრეველი

„ამ წიგნზე ნახევარ წელზე მეტხანს ვიმუშავეთ - მთელი ეს დრო ლიტერატურა გვაერთიანებდა. ეს კი ის სფეროა, რომელიც სულ სხვა სიღრმეებისკენ გიკვალავს გზას. ისეთი თემებისკენ, რაც ჩვეულებრივ საუბარში არ ჩნდება“, - გვეუბნება კრებულში შესული ერთ-ერთი მოთხრობის ავტორი, მწერალი ეკატერინე ტოგონიძე.

ეკა იხსენებს, რომ წერისას ერთმანეთისგან შთაგონებასაც იღებდნენ. ერთმანეთის ამბებით, ენით და მალე ისიც აღმოაჩინეს, რომ საერთო იმაზე მეტი ჰქონდათ, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა.

ეს კავშირი პირისპირ შეხვედრამ უფრო მჭიდრო გახადა.

„ვიცოდით, რომ ამ რამდენიმედღიანი შეხვედრის შემდეგ შეიძლება დიდხანს ან საერთოდ ვეღარ გვენახა ერთმანეთი. დაშორების წუთებში გვეგონა, რომ ბავშვობის მეგობრები ვიყავით“.

მოთხრობების კრებულს ახლავს ავტორების მიერ ერთმანეთისგან აღებული ინტერვიუებიც, რამაც ეს კავშირი კიდევ უფრო მჭიდრო გახადა.

ამ ინტერვიუებიდან გაიგებთ, რომ ასტანდა არძინბას დილა და გაზაფხული უყვარს, კითხვაზე, სად იცხოვრებდა, თავად რომ ირჩევდეს, ასე პასუხობს: „სოხუმში, ჩემს სახლში, რომლის ფანჯრებიც ზღვას გადაჰყურებს“.

შეიტყობთ, რომ სირმა ფაჩულიას ყველაზე ხშირად ისეთ ამბებზე უნდა წერა, რომელშიც თავად მონაწილეობს: „ჩემი თვალით დანახულ ისტორიებზე“.

შაზინა ბგანბასთან ყველაზე ახლოს დგანან თურმე აფხაზი მწერლების – ალიქსა გოგუას, შალოდია აჯინჯალის, ნელი თარბას ნაწარმოებებიდან ქალი პერსონაჟები...

აფხაზი ავტორების უმრავლესობა აფხაზეთში ომის დასრულების შემდეგ არის დაბადებული.

„შეხვედრა“ აფხაზეთში ომის შემდგომ გამოცემული პირველი ასეთი კრებულია. თუმცა მის გამოცემას აქვს თავისი წინაისტორიაც, რომლის საფუძველიც გურამ ოდიშარიას და მისი აფხაზი კოლეგების - დაურ ნაჭყებიას, ბათალ კობახიას და სხვათა სოხუმში დაწყებული მეგობრობა გახდა.

გურამ ოდიშარია და დეა მეტრეველი

გურამ ოდიშარია და დაურ ნაჭყებია ომის შემდეგ პირველად ერთმანეთს 1998 წელს - სამშვიდობო მოლაპარაკებებზე შეხვდნენ, რომელიც სახალხო დიპლომატიის ეგიდით იმართებოდა.

თუმცა მანამდე, 1996 წელს, იყო კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც გადაწყდა, რომ ქალები შეეხვედრებინათ ერთმანეთს - აფხაზური მხარე მაშინ ამას დათანხმდა.

„ომის ყველა ტყვია პირველ რიგში დედას ხვდება გულში. ქალი ომს სხვაგვარად განიცდის და მისი ომი სხვა ომია. მერე ბავშვების შეხვედრა იყო, მერე ნაომარი ხალხი დაჯდა ერთმანეთის პირისპირ, ვინც ამ ომმა დაახეიბრა... სწორედ ამ დროს დაიბეჭდა აფხაზეთში ნაწყვეტები ჩემი წიგნიდან „სოხუმში დაბრუნება“ - რუსულ ენაზე, რასაც აფხაზებიდან გამოხმაურება მოჰყვა. პირველად სწორედ მაშინ ვთქვით მე და ბათალ კობახიამ, რომ შეგვეხვედრებინა მწერლები“.

ორი წელი იმუშავეს. გამოიცა კრებული, „ჟამი ცხოვრებისა“, რომელშიც ქართველი, აფხაზი, ოსი, სომეხი და აზერბაიჯანელი ავტორების მოთხრობები შევიდა - ეს წიგნი 2003 წელს გამოვიდა (რუსულ ენაზე) და მაშინ ავტორები თბილისშიც შეიკრიბნენ.

შემდეგი ერთობლივი კრებული (უკვე ინგლისურ და რუსულ ენებზე) გურამ ოდიშარიამ და დაურ ნაჭყებიამ 2011 წელს გააკეთეს. მერე კი ქალი მწერლების წიგნის იდეაც გაჩნდა.

ათზე მეტი წლის გასვლის შემდეგ კი გამოიცა კრებული „შეხვედრა“, რომელიც სულაკაურის გამომცემლობამ დასტამბა ქართული ლიტერატურული ინიციატივის და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.

„ქართული ლიტერატურული ინიციატივის“ დირექტორის, მედეა მეტრეველის სიტყვებით, რომელიც ამ წიგნის დაბადებას, „ერთ საოცარ თავგადასავალს“ უწოდებს, მთავარი მიზანი ქართველი და აფხაზი მკითხველისთვის განსხვავებული ლიტერატურული ხმების გაცნობა იყო.

დეა მეტრეველი

ეს კი უნდა მომხდარიყო სწორედ კულტურის და ლიტერატურის სივრცეში, რომელიც დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, კითხვების დასმისა და პასუხების მოძებნისათვის უსაზღვრო საშუალებებს იძლევა:

„ამაშია ხელოვნების და ლიტერატურის ძალაც - ადამიანებს ერთმანეთი აღმოაჩენინოს და ერთმანეთთან ურთიერთობა მოანდომოს. რატომ ქალები? ვფიქრობ, დღევანდელი სამყაროს წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევას, სულ უფრო მეტად სჭირდება ქალების გამოცდილება, მათი გულწრფელი და თამამი ხმები, უფრო მეტი მშვიდობისთვის, ურთიერთგაგებისთვის და კეთილდღეობისთვის“.

იყო კიდევ ერთი მიზანიც:

თანამედროვე აფხაზური საზოგადოებისთვის აფხაზური ენის შენარჩუნების და განვითარების საკითხი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა - ამ ენაზე ლიტერატურის შექმნაში კი მწერლებს განსაკუთრებული მისია აქვთ - როგორც მედეა მეტრეველი შენიშნავს, ქართულ და აფხაზურ ენებზე ამ წიგნის გამოცემა ამ მიზნისთვის მცირეოდენი წვლილის შეტანის მცდელობაცაა.

PS: მოთხრობების კითხვა რომ დავასრულე და წიგნი დავხურე, მივხვდი, როგორ მოვიდა საიდანღაც იმედი - ეს წიგნიც იმედის წიგნია, რომელიც მეგობრობის ძალაში გარწმუნებს, შერიგების შესაძლებლობაზე გაფიქრებს, რაღაც ძალიან მშობლიურთან მიახლოებას გრძნობ და ფიქრობ, რომ შეხვედრა - შესაძლებელია.

ერთ დღეს ერთმანეთს შევხვდებით.