მიგიქცევიათ ყურადღება, რა რაოდენობის პლასტმასს აგროვებთ ყოველდღიურად? რადიო თავისუფლების მცირე ექსპერიმენტში სამი ოჯახი ჩაერთო, თითოეული მათგანი სამი დღის განმავლობაში აგროვებდა პლასტმასის ნარჩენებს, რომლებსაც მანამდე ნაგავში ყრიდა. აი, რა მივიღეთ შედეგად:
ჯერ საკუთარ თავზე ვიტყვი. მე მარტო ვცხოვრობ (კატა არ ითვლება). როცა რამეს ვყიდულობ, იშვიათად ვფიქრობ იმაზე, ეს გარემოს ზიანს მოუტანს თუ არა, ანუ ჩვეულებრივი, სტანდარტული ადამიანი ვარ. სამი დღის განმავლობაში ნაგავიც სტანდარტული დამიგროვდა: სველი ხელსახოცები, შესაფუთი ცელოფანი... ჩემი სახლი ქარიშხალში მოხვედრილ ხეს ჰგავდა, ტოტებზე პარკები რომ აქვს გამონასკვული.
აი, ჩემი ნაგავიც: წამლის შეფუთვა, ლიკანის ბოთლი, კოკა-კოლას ბოთლი, ნამცხვრის კონტეინერი, ხაჭოს კონტეინერი, ყავისა და ქიშმიშის შესაფუთი, ჭურჭლის სარეცხი ჟელეს კონტეინერი, ათამდე პარკი და ჯინსის შარვალი. ვინც აქამდე არ იცოდით, გეტყვით, რომ ტანსაცმლის უმეტესობა სწორედ პლასტმასისგან არის დამზადებული. ჰო, კატის წილი აქედან მხოლოდ ერთი პარკია, რომლითაც მისი საკვები მოვიტანე. ამიტომ, როგორც ზევით ვთქვი, კატა არ ითვლება.
ბარათაშვილები
ექსპერიმენტის მეორე მონაწილე ბარათაშვილების ოჯახია - რუსო, გიორგი და მათი სამი ბავშვი: თეკლა, კატერინა და დანტე. დიდი ძაღლიც ჰყავთ, მაგრამ, ჩემი კატის არ იყოს, ნაგავი არც მას დაუტოვებია. ყველაზე მეტ „პრობლემას“ ოჯახის ყველაზე პატარა წევრი, დანტე, ქმნის, უფრო სწორად - მისი პამპერსები.
„პამპერსი თუ პლასტმასი იყო, არც ვიცოდი. ახლა უფრო ყურადღებით ვაკვირდები, რაში არის პლასტმასი და რაში არა. აღმოჩნდა, რომ ყველაფერშია, მთლიანად თუ არა, რაღაც დეტალი მაინც აქვს“, - ამბობს რუსო.
აი, მრავალშვილიანი ოჯახის ნარჩენები: დანტეს პამპერსები, რძის ბოთლი, წყლის ექვსი ბოთლი, მაწვნის კონტეინერები, კვერცხის კონტეინერი, სათამაშო და წამალი თავისი შპრიცით...
როგორ შევამციროთ პლასტმასი
ექსპერიმენტის მესამე წევრი წესიერი ადამიანია, გარემოსდამცველი ქეთი გუჯარაიძე. იცის, რომ პლასტმასის ნივთების გახრწნას ასწლეულები სჭირდება და ამიტომ მაღაზიაში ნაჭრის ჩანთით დადის. ქეთი პროდუქტებს შეუფუთავად ან მუყაოს შეფუთვით ყიდულობს, იმდენს ახერხებს, რომ მან და მისმა ძაღლმა თანაბარი ოდენობის ნაგავი დააგროვეს: პლასტმასის ორი კონტეინერი ქეთიმ და საჭმლის ერთი შესაფუთი - ძაღლმა.
„ამერიკაში არის მაღაზიები, სადაც შენი კონტეინერით მიხვალ და რისი ჩამოსხმაც და ჩადებაც შეუძლიათ, ჩამოგისხამენ და ჩაგიდებენ. მაგალითად, ჩამოგისხამენ შამპუნს. საყოველთაოდ გავრცელებული იქაც არ არის, მაგრამ ჩვენთან ასეთი რამ არ ხდება“, - ამბობს ქეთი.
Your browser doesn’t support HTML5
დაბოლოს, რამდენიმე მარტივი გზა პლასტმასის შესამცირებლად:
- თუ წყალს ალუმინის ბოთლით ატარებთ, დღეში პლასტმასის რამდენიმე ბოთლით ნაკლები ნაგავი დაგროვდება.
- ნაჭრის ჩანთა საყიდლებისთვის კომფორტულიცაა და სასარგებლოც.
- აუცილებელი არ არის ყველაფერი შეფუთული იყოს.
- უპირატესობა მიანიჭეთ ბუნებრივ მასალას.
- კარგად წაიკითხეთ შემადგენლობა, ხშირად პლასტმასა იქაც კია, სადაც ვერაფრით წარმოიდგენდით.