"ერთად ვდგავართ" - როგორ გამოეხმაურნენ უკრაინელები საპროტესტო ტალღას თბილისში

ევროკავშირის, საქართველოსა და უკრაინის დროშები, საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე. თბილისი, 8 მარტი, 2023 წ.

“როდესაც თბილისში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, უკრაინაში შავი დღეები გვქონდა. ამიტომ, სამწუხაროდ, ასი პროცენტით ვერ ვადევნებდი თვალყურს საქართველოს ახალ ამბებს. ჩემი პატივისცემა ქართველ ხალხს”, - გვითხრა უკრაინელმა მუსიკოსმა ოლეგ კრუპციკმა. “საქართველო - მაიდანი” ეს მუსიკალური კომპოზიცია ოლეგმა მაშინ შექმნა, როდესაც ინსტაგრამსთორებში თბილისში 9 მარტს საპროტესტო აქციის დარბევის დროს სირენის ხმაზე მოცეკვავე ახალგაზრდების ვიდეო ნახა.

“დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს! დიდება გმირებს!”, “უკრაინა ქართველი ხალხის გვერდით დგას. გამაგრდით!” - წერენ უკრაინელები რუსთაველის გამზირზე გადაღებული ფოტოებისა და ვიდეოების კომენტარებში.

“2 ფოტო 9-წლიანი სხვაობით.

ერთი ფოტო გადაღებულია უკრაინაში 2014 წელს. მეორე კი, თბილისში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებზე.

დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!”

“რუსები, როდესაც მათი ქვეყანა გენოციდს სჩადის/ საქართველო, როდესაც არასწორ კანონს იღებენ პირველი მოსმენით”.

“ჩემი ქართველი მეგობარი ნათია რამდენიმე დღის წინ კრაკოვში მესტუმრა და ერთად ვაპროტესტებდით ომს უკრაინაში. ახლა მე ვდგავარ მასთან ერთად”.

“წინ საქართველო! კიდევ ერთხელ: ასე გამოიყურება ერი, რომელიც ტირანიას აპროტესტებს. ის არ გაურბის პასუხისმგებლობას და აკონტროლებს თავის ბედს. უკრაინა თქვენ გვერდით არის დემოკრატიისთვის ბრძოლაში”.

“აგრძელებენ იმას, რაც უკრაინამ დაიწყო. ერთად გავიმარჯვებთ”.

8 მარტს “აგენტების კანონის” მიღების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. “არ არსებობს უკრაინელი, რომელიც ჩვენს მეგობრულ საქართველოს წარმატებას არ უსურვებს. დემოკრატიულ წარმატებას. ევროპულ წარმატებას“, - მიმართვაში ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვისაც საპროტესტო დღეების განმავლობაში საქართველოს ქუჩებში უკრაინის დროშა ეჭირა და უკრაინის ჰიმნს აჟღერებდა. “ეს არის უკრაინისადმი პატივისცემა და მე მინდა საქართველოს მიმართ გამოვხატო გულწრფელი პატივისცემა”, - თქვა ზელენსკიმ.

8 მარტს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა ტვიტერზე გერგეთის სამების ტაძრის ფოტო ატვირთა და უკრაინულად და ქართულად მიაწერა: “უკრაინელი და ქართველი ხალხი ერთად ვართ”.

უკრაინის რადის დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო საქართველოში საპროტესტო გამოსვლებს ტვიტერის საკუთარ გვერდზე გასული დღეების განმავლობაში რამდენჯერმე გამოეხმაურა. “უკრაინელები ყოველთვის თქვენ გვერდით ვიქნებით. ყოველთვის დაგიჭერთ მხარს. დიდება საქართველოს!”

“მამაცო ქართველო ხალხო, მტკიცედ დადექით. თქვენი ევროპული მომავალი თქვენს ხელშია. ჩვენ ვიცით ეს”, - 8 მარტს ტვიტერზე ამ პოსტით და ვიდეოთი გამოეხმაურა უკრაინის პარლამენტის წევრი - კირა რუდიკი პროტესტს რუსთაველზე.

მხარდამჭერი პოსტი ინსტაგრამზე გამოაქვეყნა უკრაინული ჯგუფის “ბუმბოქსის” სოლისტმა - ანდრეი ხლივნიუკმაც. ანდრეიმ თავისი ფოტო ინსტაგრამზე 8 მარტს ატვირთა, მდებარეობად კი რუსთაველის გამზირი მონიშნა და პოსტს საქართველოს დროშის ემოჯი დაურთო.

“საქართველოს მომავალი ევროპაშია”, “არა რუსულ კანონს”, “საქართველო არ არის რუსეთი”, - უკრაინელი ხელოვანების ერთ-ერთი ინსტაგრამგვერდი საპროტესტო გამოსვლების თემატიკაზე სხვადასხვა არტისტის მიერ მომზადებულ ილუსტრაციას უყრის თავს.


“თავისუფლება გვაერთიანებს, ერთობა გვაძლიერებს. საქართველოს ხალხთან ერთად ვდგავართ”, - ამ წარწერით და საქართველოს ჰიმნიდან ციტატით კი ვიდეო გამოაქვეყნეს პლატფორმაზე Ukraine.ua