რუსეთში მოზარდები კრემლის პროპაგანდის მთავარი სამიზნეა. საშუალო სკოლებში ბავშვების იდეოლოგიური დამუშავებისთვის შემოღებულია ახალი საგანი - „საუბრები მნიშვნელოვანის შესახებ“, ახალი სასწავლო წლიდან კი იგეგმება დაწყებითი სამხედრო მომზადების დაბრუნება უფროსკლასელებისთვის, რომლებიც ახალ საგანში ავტომატის დაშლა-აწყობასა და ხელყუმბარების გამოყენებას ისწავლიან. რუსეთის მთავრობა ომის მოწინააღმდეგე მოქალაქეების შვილებზეც ზრუნავს: ასეთ ოჯახებს, როგორც წესი, მეურვეობის სახელმწიფო სამსახურები აკითხავენ ცხადი და მუქარანარევი მინიშნებით. რუსეთის ხელისუფლებას უყურადღებოდ არც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები და უკრაინიდან რუსეთში გაყვანილი უკრაინელი ბავშვები რჩება.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასულ კვირას 2023 წელი დამრიგებლისა და პედაგოგის წლად გამოაცხადა.
„ სამამულო განათლების სისტემის ისტორიული მისია ყოველთვის იყო მოქალაქეობისა და პატრიოტიზმის აღზრდა, ქვეყნის ბედზე პასუხისმგებლობის გრძნობის გამომუშავება. ამ ფასეულობებს ხორცი აქვთ შესხმული როგორც მსოფლიოში აღიარებული დიდი რუსი პედაგოგების მაკარენკოს, სუხომლინსკისა და სხვათა ნაშრომებში, ასევე სამამულო ომის თაობის პედაგოგების გმირულ, ყოველდღიურ შრომასა და მრეწველობისთვის ოსტატების აღზრდაში. სწორედ ამის საშუალებით მოხერხდა ომის შემდგომ ქარხნებისა და საწარმოების აღდგენა“, - თქვა ვლადიმირ პუტინმა სატელევიზიო მიმართვაში.
პუტინის ამ განცხადებიდანაც ჩანს, რომ ომის დროს რუსეთის ხელისუფლება სწორედ პედაგოგებში ხედავს ომის მომავალი მონაწილეების, დისციპლინირებული ჯარისკაცების აღმზრდელებს, რომელთა შორის „საუკეთესოებს“ - მეურვეობისა და ზრუნვის სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლებს, ჩაბარებული აქვთ არაკეთილსაიმედო ანუ უკრაინასთან ომის მოწინააღმდეგე მოქალაქეების ოჯახებში მცხოვრები ბავშვები. Amnesty International-ის რუსეთის ფილიალის ხელმძღვანელი ნატალია ზვიაგინა ამბობს, რომ რეპრესიების ახალი ტალღა, შეეხება ყველა „არაკეთილსაიმედო“ მოქალაქეებსა და მათ შვილებს.
„ეს, რა თქმა უნდა, ახალი ბერკეტია. სკოლა იმთავითვე საკმაოდ რეპრესიული და ავტორიტარული ინსტიტუტია, - ამბობს ნატალია ზვიაგინა, - ნახევარი წლის წინ გვქონდა ერთ-ერთი სკოლის მოსწავლის, ვარვარას საქმე. გოგონა გაკვეთილიდან გაიყვანა პოლიციამ იმის გამო, რომ გამოაქვეყნა ამერიკული "ჯაველინების" ფოტო. ათწლეულებია მასწავლებლები მუშაობენ განათლების განყოფილებისა და პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ, პედაგოგები რეგულარულად იღებენ რაღაც მითითებებს, ინსტრუქციებს... რაც ახლა ხდება, სწორედ ამ ჯაჭვის რგოლებია. მასწავლებლები, რომლებსაც წასასვლელი არსად აქვთ, იძულებული არიან დამორჩილდნენ ზემდგომთა მითითებებს“.
ნიშნავს თუ არა დევნისა და ზეწოლის ახალი ტალღის დაწყება იმას, რომ ომის რეალური მხარდაჭერა დაბალია და ამიტომ ხელისუფლება იძულებულია ეძებოს უფრო გრძელი მათრახი?
სოციოლოგ ვიქტორ ვახშტეინის თქმით, არავინ იცის, როგორია რუსეთში ომის რეალური მხარდაჭერა, რადგან სამხედრო ცენზურის პირობებში აზრს მოკლებულია რაოდენობრივი სოციოლოგიური კვლევები. ომის დროს, მკაცრი სამხედრო ცენზურის არარსებობის შემთხვევაშიც კი, გამოკითხვები იძლევა დიდ უზუსტობას.
„ოქტომბრის რევოლუციის წინა დღეს, რეპრეზენტატიული შერჩევით რომ გამოკითხულიყო ხალხი, მხარს უჭერთ თუ არა მეფე-იმპერატორის პოლიტიკასო, მივიღებდით მდგრად მხარდამჭერ უმრავლესობას, - ამბობს ვიქტორ ვახშტეინი, - სხვა საქმეა, რომ მეურვეობის ორგანო უდავოდ რეპრესიული დაწესებულებაა მშობლის უფლებების ჩამორთმევის რეპრესიული პრაქტიკით, მაგრამ რატომღაც არავინ ლაპარაკობდა მათზე მთელი ამ წლების განმავლობაში, ახლა კი, როცა მთელი ძალით ამოქმედდა როგორც სადამსჯელო ფსიქიატრია, ასევე სადამსჯელო ზრუნვა-მეურვეობა, ყველას გაახსენდა, რომ სახელმწიფოს აქვს ზეწოლის ასეთი ინსტრუმენტიც“.
რუსეთის ფედერაციაში განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს მართლაც ატერორებენ მშობლის სტატუსის ჩამორთმევის მუქარით. „მე ომის წინააღმდეგი ვარ!“ - ამ შინაარსის ტრანსპარანტის გამო მეურვეობის ორგანოებმა ერთმანეთს დააშორეს ტულის ოლქში მცხოვრები მამა-შვილი:
ალექსეი მოსკალიოვი, რომელიც მარტო ზრდიდა ქალიშვილ მაშას, ეჭვმიტანილია სისხლის სამართლის დანაშაულში („არმიის დისკრედიტაცია“), რაც გამოიხატა სოციალურ ქსელებში ანტისაომარი შინაარსის ტექსტების გამოქვეყნებაში. მაშამაც ხატვის გაკვეთილზე დახატა სურათი, რომელსაც დააწერა თანამედროვე რუსეთისთვის ყველაზე საშინელი ორი სიტყვა: „არა ომს“. მამის წინააღმდეგ საქმის აღძვრის შემდეგ გოგონა ბავშვთა თავშესაფარში გადაიყვანეს, არადა, ალექსეის სასამართლომ შინაპატიმრობა მიუსაჯა. არ არის გამორიცხული, ალექსეის მამის უფლებები ჩამოართვან. მსგავსი ამბავი მოხდა ბურიატიაში, ულან-უდეშიც, სადაც 61 წლის ნატალია ფილონოვა დააკავეს ანტისაომარ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისათვის. ნატალიას 16 წლის შვილობილიც, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის პირია, ასევე გადაიყვანეს თავშესაფარში.
რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ჟურნალისტის, ივან ვორონინის თქმით, რუსეთის ზოგიერთ სკოლაში მილიტარიზმის იდეოლოგიამ თავი იჩინა ჯერ კიდევ უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე, თუმცა ახლა სკოლის კარს ფართოდ უღებენ სულ სხვა „მასწავლებლებს“. ადრე თუ რუსეთის სკოლებში სამამულო ომის ვეტერანებს იწვევდნენ, ახლა რუს მოსწავლეებს სამშობლოს დაცვისკენ კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ მებრძოლები - ყოფილი პატიმრები მოუწოდებენ.
„მე ჩვეულებრივი ზეკი (პატიმარი) ვარ. გადავწყვიტე ჩემი დანაშაულის გამოსყიდვა, ჩვენი და თქვენი სამშობლოს სხვა შვილებთან ერთად. მე მიმიღეს, მიგიღებენ თქვენც. ამიტომ, ბიჭებო, თან მოვიტანე ანკეტა. შეავსეთ და თქვენს დამრიგებელს მიეცით", - ეუბნება ნიღბიანი ჯარისკაცი სკოლის მოსწავლეებს ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
რუსეთის სკოლებში ხშირად ეწყობა მსგავსი შეხვედრები, ხშირად იხსნება ომში დაღუპული ყოფილი მოსწავლეების მემორიალური დაფები. ერთ-ერთი ასეთი „გმირი“, რომელიც უკრაინასთან ომში დაიღუპა და, რომლის მემორიალური დაფაც გახსნეს მის მშობლიურ სკოლაში, „ვაგნერელი“ და ყოფილი პატიმარია, რომელიც დედის მკვლელობის გამო იხდიდა სასჯელს.
რუსეთში Gen-Z -ის „Z პროპაგანდა“ მამების თაობასთან აბრუნებს და სკოლებში ავტომატის დაშლა-აწყობას, ყუმბარების სროლასა და აირწინაღის ხმარებას ასწავლის. სკოლის მოსწავლეები წერილებს სწერენ ფრონტზე მყოფ ჯარისკაცებს და სანგრებში მყოფი ჯარისკაცებისთვის სანთლებს ასხამენ.
- პეტერბურგში, „ვაგნერ-ცენტრში“ გაიხსნა ახალგაზრდული კლუბი „ვაგნერიონოკი“, რომელიც ახალგაზრდებს სამხედრო-პატრიოტულ მომზადებას სთავაზობს.
- 2022 წლის 1 სექტემბრიდან სკოლის მოსწავლეები გადიან ახალ საგანს - „გაკვეთილები მნიშვნელოვანის შესახებ“ - რაც სხვა არაფერია, თუ არა პროპაგანდა. სკოლების გარდა ეს გაკვეთილები გადაიცემა რუსეთის ტელევიზიის პირველი არხით. მიწვეულ „მასწავლებელთა“ შორის არიან სახელმწიფო მოხელეები, სასულიერო პირები, ცნობადი სახეები.
- 2023 წლიდან ბავშვების სამხედრო-პატრიოტულ აღზრდაზე რუსეთის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოიყოფა 4 მილიარდი რუბლი; მზადდება სასწავლო პროგრამა, რომელიც საფუძვლად დაედება ახალ საგანს „დაწყებით სამხედრო მომზადებას“.
რუსეთის განათლების სამინისტროს დაკვეთით იქმნება ისტორიის ახალი სახელმძღვანელოები, რომლებშიც დიდი დრო ეთმობა 2014 წელს უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებას, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ისტორიას, სპეცოპერაციას... ლიტერატურის სახელმძღვანელოში დააბრუნეს ოსტროვსკის „როგორ იწრთობოდა ფოლადი“ (რომლის მთავარი გმირი ჩეკისტია) და „ბრესტის ციხე“, რომლის პროპაგანდისტი ავტორი სერგეი სმირნოვი ცნობილია იმითაც, რომ აქტიურად მონაწილეობდა ჯერ პასტერნაკის, შემდეგ კი სახაროვის დევნაში.
„დიდი პატრიოტი ხარ თუ არა, მარტივად შესამოწმებელია. მზად ხარ სიკვდილისთვის? არა? ე.ი. შენ საერთოდ არ ხარ პატრიოტი“, - ამბობს ერთ-ერთ საბავშვო გადაცემაში კონსტანტინ მალოფეევი - პუტინის მხარდამჭერი მილიარდერი და „რუსული სამყაროს“ იდეოლოგიის ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი.
თუ „პატრიოტი“ არ ხარ, პრობლემები გექნება. პერმის მხარეში 2023 წლის 23 თებერვალს ერთმა მოსწავლემ დაიგვიანა საზეიმო მოწყობაზე, რის გამოც მასწავლებელმა ღალატში დასდო ბრალი. „გარეწარი და მოღალატე ხარ! იცი, შენნაირი რამდენია უკრაინაში?“ - მიმართავს მოსწავლეს ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი.
სოციოლოგ ვიქტორ ვახშტეინის თქმით, ამგვარი პროპაგანდა რუსულ სკოლებში გაჩნდა არა საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, არამედ გაცილებით ადრე:
„იყო ორი ძირითადი დღესასწაული - 23 თებერვალი და 9 მაისი, რომლებიც წარმოადგენდნენ პროპაგანდისტული გავლენის ცენტრებს. ეს კეთდება მინიმუმ 2015 წლიდან. მოსკოვის სკოლებშიც კი, სადაც იდეოლოგიური დიქტატი ყოველთვის შესამჩნევად ნაკლებია, 23 თებერვალს მოსწავლეები სამხედრო ფორმით და წმინდა გიორგის ლენტებით მიდიოდნენ და საომარ სიმღერებს მღეროდნენ. მილიტარიზმი უკვე დიდი ხანია დამკვიდრდა რუსულ სკოლებში. სხვა საქმეა, რომ ეს არის ყალბი, ფეიკი მილიტარიზმი - ეს არის ის, რასაც სკოლის დირექტორები იყენებენ, როგორც ერთგვარ ინდულგენციას, რათა პრობლემები არ შეექმნათ. ისევე, როგორც "საუბრები მნიშვნელოვანის შესახებ" დამოკიდებულია კონკრეტულ სკოლაში შექმნილ ატმოსფეროზე - ეს არის მიმიკრია. ბევრი რამ არის დამოკიდებული დირექტორის პიროვნებაზე, ასევე იმ ოჯახების სტატუსზე, რომელთა შვილებიც სწავლობენ ამ სკოლაში. მეორე ფაქტორი არის ის, თუ რა სტრატეგია აირჩია ადგილობრივმა განათლების დეპარტამენტმა“.
რუსეთში ყოფილა შემთხვევები, როცა მოსწავლეებმა დაასმინეს ომის წინააღმდეგ განწყობილი მასწავლებლები. ერთ-ერთ მათგანს, პენზის საშუალო სკოლის პედაგოგს, პირობითი მსჯავრი აქვს დადებული.
რატომ აკეთებენ ამას მოსწავლეები - იმიტომ, რომ ტელევიზორში თქვეს, ირგვლივ მტრები არიან და სიფხიზლე გმართებთო? თუ ცალ-ცალკე უნდა განიხილებოდეს ასეთი შემთხვევები?
„პენზის ამბავი საგულისხმოა, თუმცა, ყოველ ასეთ მაგალითს შეიძლება დავუპირისპიროთ დიამეტრულად განსხვავებული მაგალითი, როცა ბავშვებმა საჯარო გახადეს მასწავლებლის გიჟური, მილიტარისტული დავალება, რომლის გამჟღავნების შემდეგ მასწავლებელს, კოლეგების მძაფრი რეაქციის გამო მოუწია სკოლიდან წასვლა. რუსული სკოლის ევოლუციამ ბოლო 20 წლის განმავლობაში შექმნა ზემოქმედების უზარმაზარი ბერკეტები, რაც აქვს როგორც მშობელთა, ისე მასწავლებელთა საზოგადოებას. არ არის აუცილებელი, ყველა მათგანი აღვიქვათ, როგორც მორჩილი მასალა, რომლისგანაც სახელმწიფო გამოძერწავს იმას, რასაც უნდა“, - ამბობს ვიქტორ ვახშტეინი.
Amnesty International-მა გასული წლის მაისში გაავრცელა დეტალური ანგარიში და განცხადება რუსეთის საგანმანათლებლო სისტემაში ომის მოწინააღმდეგეთა დევნის შესახებ. საუბარია მასწავლებლებზე, პროფესორებზე, მოსწავლეებსა და სტუდენტებზე. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი ნატალია ზვიაგინა ამბობს, ანგარიშის გამოქვეყნებიდან თითქმის ერთი წლის თავზე ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა: ხშირად მასწავლებლებს არ აქვთ არჩევანი, რაზე ისაუბრონ, იღებენ მზა საგაკვეთილო პროგრამებს.
ივან ვორონინის თქმით, რუსეთის ხელისუფლება და მისი პროპაგანდა ასევე ინტენსიურად მუშაობს ანექსირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ბავშვების წინააღმდეგ: რაკეტებისგან გადარჩენის საბაბით, უკრაინელი ბავშვები გაჰყავთ უკრაინიდან რუსეთში. ამ დანაშაულებრივი პროცესის შესახებ ვრცელი რეპორტაჟი მოამზადა ტელეკომპანია „დოჟდის“ ჟურნალისტმა ნიგინა ბეროევამ, რომლის თქმითაც, რუსეთის ხელისუფლება არაფრად აგდებს ჟენევის კონვენციას და ზოგადად საერთაშორისო სამართალს.
„შარშან პუტინთან მივიდა ბავშვთა უფლებების კომისარი ლვოვა-ბელოვა და უთხრა მას: ბავშვები გამოგვყავს უკრაინიდან: იმ ბავშვებს, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ, ოჯახებში ვანაწილებთ, ვისაც არა აქვს, არ ვანაწილებთ. პუტინმა ჰკითხა: "რა პრობლემაა? ჩვენ ამას სწრაფად მოვაგვარებთო". და პრობლემა მართლაც სწრაფად მოგვარდა: შეიტანეს ცვლილებები და გაამარტივეს მოქალაქეობის შესახებ კანონი. ამ ცვლილებების მიხედვით, საკმარისია ბავშვთა სახლის მასწავლებელმა ან კლინიკის ექიმმა დაწეროს განცხადება, რომ ბავშვმა რუსეთის მოქალაქეობა უნდა მიიღოს და ბავშვი მას ავტომატურად მიიღებს“, - ამბობს ნიგინა ბეროევა, რომლის თქმითაც, მას შემდეგ, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ ოკუპირებული ტერიტორიები რეალურად მისი ტერიტორიებია, განცხადების საჭიროებაც გაქრა:
„ბავშვებს უბრალოდ დაურიგეს რუსული პასპორტები და დაბადების მოწმობები და თქვეს: ესენი არიან რუსეთის მოქალაქეები, რატომ არ შეიძლება, რომ რუსულმა ოჯახებმა იშვილონ? ეს ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ჟენევის კონვენციას, არამედ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს: კონფლიქტის დაწყებიდან არ შეიძლება სამოქალაქო სტატუსის შეცვლა, არ შეიძლება ბავშვების გაშვილება ომის დასრულებამდე“.
უკრაინის სტრატეგიული კვლევებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორის, პაველ ლისიანსკის თქმით, უკრაინიდან რუსეთში გაყვანილი ბავშვების რაოდენობასთან დაკავშირებით არსებობს ორი სახის სტატისტიკა:
- I - ბავშვები (16 ათასზე მეტი), რომელთა მშობლებმა ან მათმა წარმომადგენლებმა ოფიციალურად მიმართეს უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებს.
- II - არაოფიციალური მონაცემებით 200 ათასზე მეტია ისეთი ბავშვი, ვისაც არ ჰყავს ვინმე, ვინც მიმართავდა სამართალდამცავ ორგანოებს. ხელისუფლებას არ აქვს წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც გავლენას ახდენს რუსეთში გადაყვანილი ბავშვების რაოდენობის დადგენის სიზუსტეზე.
პაველ ლისიანსკის თქმით, არსებობს სარწმუნო ცნობები, რომ ბავშვთა სახლში მყოფ ბავშვებს სახელს, გვარსა და მამის სახელს უცვლიან.
„როდესაც ბავშვს რუსული ოჯახი იშვილებს, მას მონაცემებს უცვლიან და მისი პოვნა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება, - ამბობს პაველ ლისიანსკი, - მიმაჩნია, რომ ამ სიტუაციაში რუსეთის ფედერაცია არღვევს ყველა კონვენციას. თუ მათი სურვილი არაა, ამ გზით გაზარდონ სლავური გარეგნობის მოსახლეობის რაოდენობა რუსეთში, არამედ მიზანია ბავშვების გადარჩენა, მაშინ ამის გაკეთება შეიძლება ძალიან მარტივად: ევაკუაციის შემდეგ ომბუდსმენები ცვლიან ბავშვების პერსონალურ მონაცემებს, რომელთა საშუალებით უკრაინა დაუკავშირდება მშობლებს. მაგრამ მსგავსი არაფერი კეთდება, ბავშვები უკონტროლოდ გაჰყავთ რუსეთის ფედერაციაში და უმეტეს შემთხვევაში (არა ყოველთვის) ხდება პერსონალური მონაცემების შეცვლა“.
პაველ ლისიანსკის თქმით, უკრაინული მხარე ამზადებს საჩივარს საერთაშორისო სასამართლოებში, რადგან მოსკოვის ეს ქმედება შეიცავს ომის დანაშაულის აშკარა ნიშნებს:
„მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაო. რასაკვირველია, ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ბავშვები არა მხოლოდ გაჰყავთ, არამედ მათთან იდეოლოგიურ მუშაობასაც ატარებენ. ხოლო იმ ბავშვებთან, რომლებმაც ვერ გაიარეს სამედიცინო ფილტრაცია და დარჩნენ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საოკუპაციო ადმინისტრაციების განათლების განყოფილებები ატარებენ იდეოლოგიურ მუშაობას, რომელიც მიმართულია ეთნიკურ დაპირისპირებასა და უკრაინელების მიმართ სიძულვილზე. მიმდინარეობს ამ ბავშვების ხელახალი აღზრდა პატრიოტიზმის ისეთი ფორმით, როგორიც რუსეთის ხელისუფლების მიერაა შერჩეული“.