როგორ უნდა ფინანსდებოდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი? ცვლილებების განხილვა დროებით შეჩერებულია

საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესის ცვლილებას პარლამენტი განიხილავს.

შემცირდება თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი, ჯერჯერობით უცნობია. დაფინანსების წესის ცვლილებაზე მსჯელობა პარლამენტის წევრების მიერ მომზადებულმა კანონპროექტმა განაახლა. ცვლილებები არა ოპოზიციამ, არამედ მმართველი პარტიის წევრებმა მოითხოვეს. ოპოზიციამ ინიციატივა მოიწონა.

საზმაუს მენეჯმენტი “დამოუკიდებლობის დაკარგვაზე” ალაპარაკდა. მაუწყებლის პირველი არხი ჯამში 30-ზე მეტ გადაცემას ამზადებს, ასევე შეძენილი აქვს გარე წარმოების პროდუქტებიც, ასეთია, მაგალითად, კულინარიული შოუ “მასტერშეფი”. მსოფლიო სპორტის მოვლენების, მათ შორის ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლირებისთვის კი, შარშან მაუწყებელმა, ჯამში, 2 მლნ ლარზე მეტი გადაიხადა.

ამ სტატიაში აგიხსნით, როგორ ფინანსდება მაუწყებელი, რას შეცვლიდა კანონპროექტი, მიიღებენ თუ არა ამ ცვლილებებს და ვინ რა საფრთხეს ხედავს დაფინანსების ახალ მოდელში.

პირველი - შეიცვლება თუ არა მაუწყებლის დაფინანსების წესი, ამ ეტაპზე ბუნდოვანია. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში გვითხრეს, რომ კონსულტაციების გამო კანონპროექტის განხილვა დროებით შეჩერებულია. არადა, ცვლილებებს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. კონსულტაციები საზოგადოებრივ მაუწყებელთან ამის შემდეგ დაიწყო.

რატომ ითხოვენ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესის შეცვლას?

ათი დეპუტატის მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტში 31 ოქტომბერს შევიდა, 15 ნოემბერს კი პირველი მოსმენით მიიღეს.

არსებული მოდელით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიუჯეტიდან ფინანსდება ყოველწლიურად მშპ-ს არანაკლებ 0.14%-ით. ეკონომიკის ზრდასთან ერთად მაუწყებლის ბიუჯეტიც იზრდება.

ცვლილებების კანონპროექტის ავტორები ამ წესის შეცვლას აპირებენ, თუმცა იქვე მიუთითებენ, რომ მაუწყებლის ბიუჯეტი წინა წელზე ნაკლები არ უნდა იყოს - დაფინანსების შემცირება მხოლოდ სამეურვეო საბჭოს თანხმობით იქნება შესაძლებელი.

თუ დავუშვებთ, რომ კანონპროექტს წელსვე მიიღებენ, მაშინ 2024 წელს მაუწყებლის ბიუჯეტი (თუ სამეურვეო საბჭო ცვლილებას არ მოითხოვს) დაახლოებით 101 მლნ ლარი იქნება, რადგან 2023 წლის გეგმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი ამ მოცულობის უნდა იყოს.

“საქართველოში არსებობენ დამოუკიდებელი ინსტიტუტები მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლო, აუდიტის სამსახური, პარლამენტი, პროკურატურა.. რაც ამ ორგანოებს აქვთ, იგივე სისტემაზე გადავდივართ. დაფინანსებას, რა მთავრობაც არ უნდა მოვიდეს, ვერ შეუმცირებენ, ხოლო ზრდის კუთხით თუ დასაბუთდება, შესაძლებელი იქნება. ანუ გადავდივართ იმ მოდელზე, რაც აქვს ყველა დამოუკიდებელ ინსტიტუციას ქვეყანაში”, - ასე ხსნის კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე, ცვლილებების იდეას.

კანონპროექტის ავტორების მთავარი არგუმენტი ბიუჯეტის თანხის დაზოგვაა - დაფინანსების მათ მიერ შეთავაზებული წესი თუ დამტკიცდა, ბიუჯეტი მართლაც დაიზოგება.

განმარტებით ბარათში წერია, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის ზრდიდან გამომდინარე, ბოლო ოთხ წელში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი 60%-ით [69.6 მლნ ლარიდან - 110 მლნ ლარამდე] გაიზარდა.

“ზრდა განპირობებულია არა მაუწყებლის წინაშე არსებული რეალური საჭიროებით, არამედ კანონში არსებული დაფინანსების წესიდან [გამომდინარე] - ამ პერიოდის მაღალი ეკონომიკური ზრდით”, - განმარტავენ კანონპროექტის ავტორები.

მართლაც, თუ პანდემიურ 2020 წელს არ ჩავთვლით, როცა საქართველოს ეკონომიკა თითქმის 7%-ით შემცირდა, 2021 წლიდან საშუალოდ დაახლოებით 9% ეკონომიკური ზრდა აქვს.

კანონპროექტში ასევე წერია 2027 წლის ჩათვლით საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლებიც, რაც აღებულია მთავრობის მიერ მომზადებული დოკუმენტიდან “ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2024-2027 წლებში”.

მაუწყებლის ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლები ასეთია:

როგორ ფინანსდება მაუწყებელი?

დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ძირითადი წყარო ბიუჯეტია. კანონის მიხედვით, ბიუჯეტი წინა წლისთვის განსაზღვრული მშპ-ს არანაკლებ 0.14% უნდა იყოს. მიღებული თანხა აჭარის ტელევიზიასა და რადიოზეც ნაწილდება. აჭარის ტელევიზია და რადიო ბიუჯეტის 16%-ს იღებენ, თუმცა კანონში უკვე შესული ცვლილებებით 2026 წლიდან 17%-ს მიიღებენ.

საბიუჯეტო დაფინანსების გარდა, საზოგადოებრივ მაუწყებელს გარკვეული შეზღუდვებით, თუმცა სარეკლამო შემოსავლის მიღების უფლებაც აქვს.

სათამაშო ბიზნესისთვის რეკლამის აკრძალვის გამო 2022 წელს კომერციული სარეკლამო შემოსავალი შემცირდა, რადგან ეს კომპანიები ტელევიზიების მსხვილი დამფინანსებლები იყვნენ. შედეგად, სატელევიზიო კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავალი მედიაბაზარზე 73 მლნ ლარამდე შემცირდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის წილი რეკლამიდან მიღებულ შემოსავალში დაახლოებით 4% იყო.
ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, მაუწყებლის ბიუჯეტი 2022 წელს თითქმის 81 მლნ ლარი იყო, აქედან 32 მლნ ლარზე მეტი შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯა. ახალი შენობის მშენებლობის გამო კი მაუწყებლის კაპიტალური ხარჯები 8 მლნ ლარს შეადგენს. ეთერში სპორტული მოვლენების, კონცერტების და სხვადახვა დაჯილდოების გაშვების ლიცენზიისთვის 3 მლნ ლარამდე დახარჯა.

რა პოზიცია აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს?

დაფინანსების შეთავაზებული წესი არ მოსწონს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს და მას სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად აფასებს.

“არ შეიძლება, მაუწყებელმა საკუთარი სარედაქციო პოლიტიკა დაიცვას ისე, რომ პარლამენტს ყოველწლიურად დამატებითი დაფინანსება სთხოვოს”, - ამბობს გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი.

პირველი მოსმენით მიღების შემდეგ ღია მიმართვა გაავრცელეს მაუწყებლის თანამშრომლებმაც და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვედრა სთხოვეს. შალვა პაპუაშვილი და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გენერალურ დირექტორსა და სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელს მართლაც შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტია დაუბრუნდება დაფინანსების მოდელზე მსჯელობას.

“დარწმუნებულნი ვართ, რომ საბოლოო მოდელზე შევჯერდებით”, - განაცხადა პაპუაშვილმა.

Როგორი იქნება საბოლოო მოდელი, ჯერ უცნობია.

“ფიქსირებული თანხა, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს აიძულებდა დამატებითი ბიუჯეტი ეთხოვა, ეს მოდელი განხილული აღარ იქნება”, - დარწმუნებულია თინათინ ბერძენიშვილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე ამბობს, რომ მოიძებნება ისეთი ვარიანტი, რომელიც მაუწყებლის დამოუკიდებლობას არ შეეხება.

ვასილ მაღლაფერიძესა და თინათინ ბერძენიშვილთან დამატებითი კითხვებით დაკავშირება ვცადეთ. მათ არც ზარებს და არც შეტყობინებას არ უპასუხეს.

როგორ უნდა დაფინანსდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი?

პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან მედიის ადვოკატირების კოალიციაშიც და ეთანხმებიან მაუწყებლის მენეჯმენტს, რომ საზმაუ ფინანსურ დამოუკიდებლობას დაკარგავს, რადგან მისი ბიუჯეტიც სხვა სახელმწიფო უწყებების მსგავსად დაიგეგმება.

“პირდაპირ უქმნის საფრთხეს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას, და ძირს უთხრის პერსპექტივას, რომ ის რეალურად გახდეს სახელმწიფო უწყებებისაგან და პოლიტიკური გავლენისაგან თავისუფალი”, - აცხადებენ კოალიციაში.

რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის დირექტორი ნათია კუპრაშვილი გვეუბნება, რომ დაფინანსების მთლიან შიდა პროდუქტთან მიბმა უნდა შენარჩუნდეს, რადგან ასე ბიუჯეტი მთავრობის ჩარევის გარეშე ფორმირდება.

“სწორედ ამიტომ იყო მოფიქრებული ეს მოდელი, რომ ხელისუფალს არ გადაეწყვიტა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების საკითხი. ცალკე თემაა, რა ოდენობის გახდა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება. ის რომ მაუწყებლის გარანტირებული მხარდაჭერა სარეკლამო ბაზრის ჯამურ მოცულობას აჭარბებს, ეს კერძო მედიებზე ზეწოლას იწვევს და კონკურენციას შეუძლებელს ხდის”, - ამბობს კუპრაშვილი.

მისივე თქმით, მაუწყებლის ბიუჯეტის გარკვეული ნაწილი მედია ბაზარზე გარე წარმოების დაფინანსებას უნდა ხმარდებოდეს, მათ შორის ადგილობრივი მედიების მხარდაჭერასაც.

“საზოგადოებრივი მაუწყებელის დაფინანსების სქემა კი არა, მისი ხარჯვითი ნაწილი და პრიორიტეტებია მისახედი. ასევე გასაზრდელია ანგარიშვალდებულება. ამ კუთხით გვჭირდება მუშაობა, რათა კარგი პრაქტიკა შეიქმნას, რომ ეს თანხა, რომელიც ხალხმა მედიისთვის გაიღო, იხარჯებოდეს კარგი მედიისთვის. ამაზე გვაქვს სამუშაო და არა ფორმულის შეცვლაზე. ფორმულის შეცვლა დაგვაკარგვინებს იმას, რაც გვაქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც ინსტიტუციის სახით”, - ამბობს კუპრაშვილი.