დამჯერები და დაუმორჩილებლები. როგორ სრულდება რეკომენდაციები გორში

სახლში დამრჩა, მეკეთა და მოვიხსენი, ვერ ვსუნთქავ,  კორონა არ არსებობს და რატომ უნდა გავიკეთო? - ეს არის იმ ეგრეთ წოდებული არგუმენტების არასრული ჩამონათვალი, რითაც მოქალაქეები რეკომენდაციების შეუსრულებლობას ამართლებენ.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია ტრანსპორტში პირბადის ტარება და ფიზიკური დისტანციის დაცვაა. საზოგადოებრივ ტრანსპორტში კი თავად მძღოლები არღვევენ ამ რეკომენდაციას და არც მგზავრებს მოუწოდებენ მისი დაცვისკენ - პირბადეს მხოლოდ მაშინ იკეთებენ, როცა პოლიციელებს, ჟურნალისტებს ან სხვა შენიშვნის მიმცემ პირებს დაინახავენ.

მგზავრთა ნაწილიც მოდუნდა და საერთოდ აღარ აქცევს ყურადღებას მთავრობის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. ავტობუსში თავმოყრილ მგზავრებს შორის ხშირად კამათიც იმართება: ზოგს სჯერა, რომ ვირუსი არსებობს და საშიშია, ზოგს კი ეს ყველაფერი მოგონილი ჰგონია. კამათი ყოველთვის უშედეგოდ სრულდება.

ასევე ნახეთ გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები იზრდება

მოქალაქეთა ერთი ნაწილი კი თავად მოუწოდებს მეორე ნაწილს წესების დაცვისკენ.

საქალაქო ტრანსპორტში რეკომენდაციებს ასე თუ ისე იცავენ, რადგან ქალაქში მეტი მაკონტროლებელია, სოფლებისკენ მიმავალ ტრანსპორტში კი საქმე უფრო ცუდადაა. ერთ-ერთი თვითმხილველი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ქალაქიდან გასულ ტრანსპორტში პირბადეს მძღოლებიც და მგზავრებიც იხსნიან, ხოლო შემოსვლისას იკეთებენ. კიდევ ერთი დაკვირვება: წესების შესრულებაზე კონტროლი წინა თვეებში უფრო მკაცრი იყო და ბევრად მეტ ადამიანს აჯარიმებდნენ, ახლა კი, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მაკონტროლებლები უფრო მეტად სიტყვიერი გაფრთხილებით იფარგლებიან. ამომრჩევლის არგანაწყენების პოლიტიკამ კი შესაძლოა მძიმე შედეგები მოიტანოს, მით უმეტეს, რომ გორის მუნიციპალიტეტში ყოველდღიურად იზრდება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები, თუმცა ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ კონტროლი გამკაცრებულია.

გორის ადგილობრივი თვითმართველობის შენობა

სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი ზურაბ ჭეჭელაშვილი ამბობს, რომ მძღოლები მკაცრად არიან გაფრთხილებული თავადაც მუდმივად ეკეთოთ პირბადე და დაუმორჩილებელი მგზავრები ტრანსპორტში არ აუშვან. კომპანიის ხელმძღვანელი მოქალაქეებს მოუწოდებს ნებისმიერი დარღვევის შესახებ აცნობონ და თავად მიიღებს გადამჭრელ ზომებს.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულები არიან ბავშვები. სამივე გადაყვანილია სპეციალიზებულ კოვიდკლინიკაში. დადგენილია ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფთა ვინაობა და ამჟამად მიმდინარეობს ეპიდკვლევა.

„რაც შეეხება სოფელ ტირძნისში ზომების შესაძლო გამკაცრებას, ამ ეტაპზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება და, შესაბამისად, მოქმედი რეგულაციების გარდა, დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება. ეს ბავშვები იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში, ვინაიდან მათი ოჯახის წევრს 15 სექტემბერს დაუდასტურდა კოვიდინფიცირება, გაგზავნილი იყო ნიმუშები და ველოდებოდით პასუხებს“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა.

ბოლო ერთ კვირაში გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევა დაფიქსირდა. ამჯერად ინფიცირებულები სოფელ ტირძნისში მცხოვრები 6, 11 და 14 წლის ბავშვები არიან.