როგორ მოუწყო სტალინმა რეპრესიები საკუთარ ნათესავებს

1953 წლის 5 მარტს გარდაიცვალა იოსებ სტალინი, ადამიანი, რომელიც საბჭოთა კავშირს თითქმის 30 წელი ედგა სათავეში. მის სახელს უკავშირდება რეპრესიები, დაპატიმრებები, კატორღა, მრავალწლიანი იზოლაცია... მრავალი ადამიანის სასიკვდილო განაჩენზე ხელი პირადად სტალინმა მოაწერა. რეპრესიები შეეხო ინტელიგენციას, მეცნიერებს, სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს. გამონაკლისი არც თავად სტალინის ოჯახი იყო. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა სხვადასხვა წლებში დააკავა სტალინის პირველი ცოლის ძმა და მისი მეუღლე; მეორე ცოლის და და მისი ქმარი. დააპატიმრა სტალინის ქალიშვილის ყოფილი ქმარი, ვაჟიშვილის ცოლი.

სვანიძე: „იოსები მუდამ ტკბილად იღიმოდა“

სტალინის პირველი ცოლი ეკატერინე სვანიძე ქართველი დიდგვაროვანის ოჯახიდან იყო. სოსო და მისი ძმა ალექსანდრე სემინარიაში ერთად სწავლობდნენ.

სოსო და ეკატერინე 1906 წელს დაქორწინდნენ. წლისთავზე შვილი შეეძინათ, იაკობი. ბავშვი წლისაც არ იყო, როდესაც ეკატერინე ტიფით გარდაიცვალა. ბიჭი ქართველმა ნათესავებმა გაზარდეს.

ეკატერინე სვანიძე

ალექსანდრე სვანიძე (პარტიული ფსევდონიმით ალიოშა სვანიძე) და მისი ცოლი მარია წლების განმავლობაში მეგობრობდნენ სტალინთან. ალექსანდრე გამოჩენილი ბოლშევიკი იყო, საქართველოს სსრ ფინანსთა სახალხო კომისარი, შემდეგ - საგარეო ვაჭრობის ოპერაციების სახელმწიფო ბანკის თავმჯდომარის მოადგილე. მარია ოპერის მომღერალი გახლდათ. სვანიძეები ბელადს სახლშიც სტუმრობდნენ და აგარაკზეც. თავადაც მიიწვევდნენ ხოლმე, ბავშვებზე, საერთო ნაცნობებზე საუბრობდნენ, საჩუქრებს ცვლიდნენ. შემორჩენილია მარია სვანიძის დღიური, რომელსაც 1934-1937 წლებში წერდა.

„ხალისიანად ვსადილობდით. კარგ ხასიათზე ვიყავი, ანეკდოტებს ვყვებოდი და ი. (იოსებ სტალინი) ბევრს იცინოდა. სადღეგრძელოებს ვსვამდით“, - წერდა ის 1935 წლის ივნისში. იმავე წლის აგვისტოს ჩანაწერში კი ჰყვება, როგორ მოინახულეს სტალინთან ერთად მოსკოვის ახლად აშენებული მეტრო: „ი. მუდამ ტკბილად იღიმოდა. კეთილი თვალები ჰქონდა, კეთილი და ალერსიანი. ვფიქრობ, მიუხედავად მისი ფხიზელი გონებისა, მაინც გულზე ხვდებოდა ხალხის ყურადღება... ერთხელ ახსენა ოვაციები, რომლითაც შეხვდნენ - ხალხს მეფე სჭირდება, ადამიანი, ვისაც თაყვანს სცემენ, ვისთვისაც იცხოვრებენ და იმუშავებენო“.

1936-1937 წლებში სვანიძის დღიურში ბრაზიანი ჩანაწერები ჩნდება, ჯერ კიროვის მკვლელებზე, შემდეგ - „ტროცკისტებზე“, რომლებიც დიდი ტერორის დასაწყისში მოსკოვში გაასამართლეს.

„ამ ქამელეონებმა, რევოლუციის მე-20 წლისთავზე მთელი თავისი სიყალბე გამოააშკარავეს. ელემენტარული წესიერება არა აქვთ, არც პატრიოტიზმი, ცხოველური მიჯაჭვულობაც კი არა საკუთარი სახელმწიფოსადმი“, - ეს ერთ-ერთი უკანასკნელი ციტატაა სვანიძის ჩანაწერებიდან. ის 1937 წლის 7 აგვისტოთი თარიღდება. ოთხი თვის შემდეგ მისი ქმარი ერთ-ერთ ასეთ „ქამელეონად“ შერაცხეს.

გამოძიება 1940 წლამდე გრძელდებოდა. ალექსანდრე სვანიძეს ესპანელ ტროცკისტებთან კავშირი და გერმანიის სასარგებლოდ შპიონაჟი ედებოდა ბრალად. დახვრიტეს 1941 წელს. რეაბილიტაცია სიკვდილის შემდეგ, 1956 წელს, შეეხო.

სანამ საქმეს იძიებდნენ, დააპატიმრეს მისი მეუღლეც, შემდეგ კი და - მარო. ორივე ერთ დღეს, 1942 წლის 3 მარტს დახვრიტეს.

ალილუევები

სტალინის მეორე ცოლის, ნადეჟდას მამა მუშა იყო, სერგეი ალილუევი. ალილუევს იდეალური წარმომავლობა ჰქონდა, დედა - მოახლე, მამა - მეეტლე. 12 წლიდან თბილისის რკინიგზის სახელოსნოებში მუშაობდა, შემდეგ მემანქანის დამხმარედ. 1917 წელს სტალინი მასთან ცხოვრობდა პეტროგრადის კონსპირაციულ ბინაში. 16 წლის ნადეჟდაც სწორედ იქ გაიცნო. ერთ წელიწადში დაქორწინდნენ.

ნადეჟდა ალილუევამ სტალინს ორი შვილი გაუჩინა - ვასილი და სვეტლანა, 1932 წელს კი თავი მოიკლა. მისი უფროსი ძმა პაველი წითელი არმიის უმაღლეს სარდლობაში შედიოდა, ჯავშანტექნიკის ბიუროს ხელმძღვანელი იყო. დიდი ტერორის დროს პაველ ალილუევმა სხვა სარდლებთან ერთად სტალინს თხოვნით მიმართა, წითელ არმიაში რეპრესიები შეწყვიტეო. 1938 წლის 2 ნოემბერს ის თავის კაბინეტში მკვდარი იპოვეს - გული გაუჩერდა. ამბობდნენ, რომ ალილუევი მოწამლეს.

ნადეჟდა ალილუევა და ვასილი

9 წლის შემდეგ, 1947 წელს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა მის მეუღლეს ევგენია ალილუევას მიაკითხა და ბრალად ქმრის მოწამვლა წაუყენა. ექსჰუმაციის შედეგად საწამლავის კვალი ვერ იპოვეს, მაგრამ ევგენია მაინც გაუშვეს ბანაკში. მალევე დაიჭირეს მისი მეორე ქმარი, ნიკოლაი მოლოჩნიკოვი. მათ ბანაკს გაუძლეს, მაგრამ გათავისუფლების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. მოგვიანებით ორივეს რეაბილიტაცია შეეხო.

სტალინი, 1945 წელი.

ბანაკში აღმოჩნდა კირა ალილუევაც, პაველისა და ევგენიას ქალიშვილი. ის მცირე თეატრის მსახიობი იყო. კირა 1948 წლის იანვარში დააპატიმრეს. უმცროსი ალილუევა ჯაჭვის სუსტი რგოლი გამოდგა. ის ნათესავების წინააღმდეგ იძლეოდა ჩვენებებს, მათ შორის საკუთარი დეიდის ანა რედენსის (ნამდვილი გვარი: ალილუევა) წინააღმდეგაც.

„ანტისაბჭოთა ფაბრიკაციები“, „სტალინის დაკნინება“ - როდესაც ანა რედენსი 1948 წელს დააკავეს, ეს ჩვენებები მის საქმეში მტკიცებულებად ჩადეს. რედენსს ბრალი შპიონაჟში ედებოდა. რამდენიმეწლიანი პატიმრობის შემდეგ ანა ციხიდან ფსიქიკურად დაავადებული გამოვიდა. ვერ ცნობდა შვილებს, ყველაფრის მიმართ აპათიური იყო. ის 1964 წელს, კრემლის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

როდესაც რედენსი დააპატიმრეს, მისი ქმარი - ძერჟინსკის მომხრე პოლონელი ბოლშევიკი - უკვე ათი წლის დახვრეტილი იყო. დიდი ტერორის დროს სტანისლავ რედენსი მოსკოვის რეგიონში რეპრესიებს აწყობდა. 1938 წელს ის ყაზახეთის სსრ-ში შს სახალხო კომისრად დანიშნეს, მერე კი, როგორც „ხალხის მტერი“, ამ თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

1956 წელს რედენსს ყველა ბრალი მოუხსნეს, ოღონდ უკვე სიკვდილის შემდეგ. „ცოდვა დავიდე კისერზე რედენსის რეაბილიტაციით“, - ამ სიტყვებს გენერალ-მაიორ ბორის ვიქტოროვს მიაწერენ, რომელიც მთავარი სამხედრო პროკურატურის საგანგებო ჯგუფში შედიოდა. სტალინის კულტის დამხობის პერიოდში ეს ჯგუფი რეპრესირებულების რეაბილიტაციით იყო დაკავებული. ამბობენ, უშუალოდ ნიკიტა ხრუშჩოვის მითითება რომ არა, რედენსის რეაბილიტაციას არავინ დააპირებდა.

საყვარელი ქალიშვილი და არცთუ საყვარელი ვაჟი

სვეტლანა ალილუევა - სტალინის უმცროსი და საყვარელი ქალიშვილი - პირველად 1944 წელს, ჯერაც სტუდენტი გათხოვდა. მისი რჩეული გრიგორი მოროზოვი გახდა, პარფიუმერიის ფაბრიკის კომერციული დირექტორის იოსებ მოროზოვის ვაჟი. ის სვეტლანას ძმის ვასილის თანაკლასელიც იყო. ქორწინებამ სამ წელს გასტანა. ალილუევა შემდეგ წერდა, რომ შვილის არჩევანით სტალინი უკმაყოფილო დარჩა, სიძის ებრაული წარმომავლობა არ მოსწონდა. 1948 წელს სვეტლანას მამამთილი დააპატიმრეს. წყვილი ერთმანეთს დაშორდა. გრიგორის პასპორტი წაართვეს და ახალი მისცეს, უკვე ქორწინების ჩანაწერის გარეშე. იოსებ მოროზოვი გაათავისუფლეს 1953 წელს, სტალინის სიკვდილის შემდეგ.

სტალინი და სვეტლანა

1957 წელს სვეტლანა ალილუევა ცოლად გაჰყვა ჯონი სვანიძეს, ალექსანდრე და მარია სვანიძეების შვილს. 1938 წელს, როდესაც ჯონის მშობლები დააპატიმრეს, ბავშვზე ნათესაობამ უარი თქვა და ის ყოფილმა ძიძამ გაზარდა. დაკითხვებზე 11 წლის ბიჭს მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას სთხოვდნენ. 16 წლისა ციხესთან არსებულ ყაზანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში აღმოჩნდა. იქ სამი წელი დაჰყო, შემდეგ 5 წლით ყაზახეთში გადაასახლეს. მოსკოვში ჯონი 1956 წელს დაბრუნდა. რეაბილიტირების შემდეგ მეცნიერი გახდა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდა.

სვეტლანა ალილუევასთან მისი ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა.

არც სტალინის ვაჟს იაკობ ჯუღაშვილს ჰქონდა ბედი ქორწინებაში. 1938 წელს მან ცოლად მოყვანა ბალეტის მსახიობი იულია მელცერი. იულია იაკობის მესამე ცოლი იყო, იაკობი მისი მეხუთე ქმარი (ასე წერია მარია სვანიძის დღიურში. უნდა ვთქვათ, რომ მარიას იულია თვალში არ მოსდიოდა). წლისთავზე გოგონა შეეძინათ, გალინა. ორი წლის მერე, 1941 წელს, იაკობი გერმანელებს ჩაუვარდა ტყვედ. ამ ფაქტთან და მასთან დაკავშირებით სტალინის რეაქციაზე დღემდე ლეგენდები დადის. მათ შორის არის ვერსია, რომ სტალინს შესთავაზეს შვილი ფელდმარშალ პაულუსში გაეცვალა.

იაკობ ჯუღაშვილი დაიღუპა 1943 წლის გაზაფხულზე ბერლინთან მდებარე ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში.

სწორედ ამ დროს გამოუშვეს ციხიდან მისი ქვრივიც. იულია მელცერმა ციხეში ორი წელი გაატარა. სვეტლანა ალილუევა წერს, რომ მისი დაპატიმრება პირადად სტალინმა ბრძანა, განაცხადა რა, რომ მელცერი ქმარზე ცუდ გავლენას ახდენდა და სწორედ ამ გავლენის გამო ჩაბარდა ტყვედ იაკობი.

სტალინის გასვენება

მამის საქმეზე პასუხს შვილი აგებს

სტალინის უმცროსი ვაჟი, კრემლის „ოქროს ბიჭუნა“, ერთადერთი იყო, ვისაც რეპრესიები არა სტალინის სიცოცხლეში, არამედ მისი სიკვდილის შემდეგ შეეხო.

1953 წლის 26 მარტს, სტალინის სიკვდილიდან სამი კვირის შემდეგ, ვასილ სტალინი, გენერალ-ლეიტენანტის ჩინით თადარიგში გაუშვეს, ერთი თვის შემდეგ კი დააპატიმრეს. მას ბრალად სახელმწიფო ქონების მითვისება და საბჭოთა მთავრობის წინააღმდეგ „ცილისმწამებლური ფაბრიკაცია“ ედებოდა. ვასილს რვა წელი მიუსაჯეს და „ვლადიმირსკი ცენტრალში“ გაამწესეს, სადაც განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები იხდიდნენ სასჯელს. უმცროსი სტალინი ციხეში გამოგონილი სახელითა და ბრალდებით ჩასვეს. ვასილ პავლოვიჩ ვასილევი ერქვა, ოსტატი „იყო“ და ბრალად გაფლანგვა ედებოდა.

ვასილ სტალინი, კრემლის დაცვის უფროსი ნიკოლაი ვლასიკი და იოსებ სტალინი.

ვასილი 1960 წელს, დროზე ადრე გაათავისუფლეს. მაგრამ წელიც არ იყო გასული, ისევ დაიჭირეს. ამჯერად იმას ედავებოდნენ, რომ თითქოსდა ჩინეთის საელჩოში საბჭოთა კავშირი აუგად მოიხსენია. გადაასახლეს ყაზანში. სტალინის შვილმა იქ დიდხანს ვერ იცოცხლა და 1962 წელს ალკოჰოლური მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლო წლებში მას აკრძალული ჰქონდა მოსკოვში ცხოვრება და გვარის - სტალინის - ტარება. მას ახალი პასპორტი ჯუღაშვილის გვარზე მისცეს.

1999 წელს ვასილ სტალინი ნაწილობრივ იქნა რეაბილიტირებული რუსეთის უმაღლესი სასამართლოს მიერ.

"ნასტოაშჩეე ვრემიას" სტატიის მომზადებისას გამოყენებულია ვალერი ტორჩინოვისა და ალექსეი ლეონტიუკის ისტორიულ-ბიოგრაფიული ცნობარი „სტალინის გარშემო“, სვეტლანა ალილუევას მოგონებები „20 წერილი მეგობარს“, მარია სვანიძის დღიური და ოლეგ ხლევნიუკის წიგნი „სტალინი. ერთი ბელადის ცხოვრება“.