2019 წლის პირველ ცხრა თვეში თბილისის მერიამ ქუჩის ხელოვნების განვითარების მიზნით 120 000 ლარი დახარჯა. თანხა, რომელსაც ქალაქი ქუჩის ხელოვნებაში იხდის, მზარდია.
2018 წელს ეს იყო 51 000, 2017-ში - 2 760 ლარი.
2016 წლიდან ფუნქციონირებს ქუჩის ხელოვნების ფედერაციაც, რომლის მიზანიც „საზოგადოების სწორად ინფორმირება და ინსტრუქტაჟია, რომ გაევლოს ზღვარი ვანდალიზმსა და საჯარო ხელოვნებას შორის“. თბილისის მერია და ქუჩის ხელოვნების ფედერაცია ფესტივალების ორგანიზებისას თანამშრომლობენ ხოლმე. ქუჩის ხელოვნების ფედერაციის გარდა, მასობრივ პროექტებს ახორციელებს ქუჩის ხელოვნების მოძრაობა „ნიკოც“, რომელიც მათ ღონისძიებებში ჩართულ მხატვრებს რამდენიმე შეზღუდვას უწესებს: ნახატებში არ უნდა იკითხებოდეს პოლიტიკური ან რელიგიური შინაარსი და არ უნდა შეიცავდეს უხამს სიტყვებს.
თბილისის გარდა ქუჩის ხელოვნებას „განსაკუთრებულ“ ყურადღებას აქცევენ ბათუმშიც, სადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ყოველწლიურად მართავს ქუჩის ხელოვნების ფესტივალს, რომელიც სხვადასხვა წელს 25 ათასიდან 40 ათას ლარამდე თანხით ფინანსდება ბიუჯეტიდან. სხვადასხვა წელს ამ ფესტივალში მონაწილეობდნენ ევროპიდან ჩამოსული მხატვრებიც. სატენდერო წინადადებებში ხაზგასმით წერია, რომ ამ ფესტივალების ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების თემატიკა და კონცეფცია უნდა შეესაბამებოდეს გარემოს ლანდშაფტს და იკითხებოდეს ერთიან კონტექსტში, ესკიზები კი წინასწარ უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან, ანუ მთავრობასთან.
თბილსერვის ჯგუფი, რომელიც თბილისის მერიის დაქვემდებარებული ორგანიზაციაა და რომლის ერთ-ერთ ფუნქციაც თბილისში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა-პატრონობაა, ქუჩის მხატვრებს უკვე არსებული ნახატების გადასახატად ეძებს. ასე, მაგალითად, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელის მოსახატადაც ივანე ჯავახიშვილის და თსუ-ის სხვა დამფუძნებლების უკვე არსებული ნამუშევრის გადახატვაში თბილსერვის ჯგუფი 7 600 ლარს იხდის.
ქუჩის ხელოვნება პროტესტის ხელოვნებაა, რომელიც ხშირად ყველაზე მძაფრი და ეფექტური რეფლექსიაა მიმდინარე სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენებზე.
ქუჩის ხელოვნება არაფორმალური და არაკონიუნქტურული ხელოვნებაა, რომელიც ზოგჯერ შესაძლოა „ხულიგნობის“ შთაბეჭდილებასაც კი ტოვებდეს, თავისი არსით გამორიცხავს ინსტრუქტაჟის მიხედვით წინასწარ შეთანხმებული ესკიზებით მუშაობას და გარემოს „გალამაზების“ ფუნქციას. ის უნდა იყოს ბასრი, მკაფიო, აქტუალური და შთამბეჭდავი.
ასე გაჩნდა თბილისში სხვადასხვა დროს, მაგალითად, მარიამ ნატროშვილის ნამუშევრები საპატრიარქოსთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილ 25 მილიონზე, ჰაერში არსებულ ტყვიასა და 20 ივნისის აქციის დროს დათხრილ თვალებზე. მარიამსვე ეკუთვნის ნაწყვეტი დემურ სტურუას ანდერძიდან, რომელიც მან თვითმკვლელობამდე დატოვა.
მარიამი დღეს ამბობს, რომ „ჩვენმა სოციალურმა და პოლიტიკურმა სისტემამ მოახერხა ის, რომ მოათვინიერა ეს სფერო და წინააღმდეგობის იარაღი აქცია დეკორატიულ ხელოვნებად, რომელიც ალამაზებს ვიღაცისთვის მახინჯ და უსახურ შენობებს“.
რაც დრო გადის, მარიამიც და სხვებიც, ვინც წლების წინ ქალაქის ქუჩებსა და შენობებზე თავიანთ კვალს ტოვებენ, უფრო და უფრო იშვიათად იყენებენ ქუჩას სამუშაო სივრცედ, თუმცა თვალს ადევნებენ იმას, როგორ იკავებს ორგანიზებული, სახელმწიფო სტრუქტურებისგან თუ კერძო კომპანიებისგან დაფინანსებული და შეკვეთილი ნამუშევრები ქუჩას და ამბობენ, რომ ის, რაც თბილისში ქუჩის ხელოვნებას დაემართა, ანალოგიურია იმ პროცესებისა, რაც სხვა ქვეყნებში ხდება. განსხვავება ისაა, რომ ქვეყნებში, სადაც ხელოვნება განვითარებულია და მყარად დგას ფეხზე, ცალკეული ჩარევები დრამატულ გავლენას ვერ ახდენს სცენაზე, საქართველოში კი, სადაც სცენა ისედაც მწირია და მასშტაბურ პროექტებზე პატრონობას ხელისუფლება ან ბიზნესი იღებს, სურათი მნიშვნელოვნად იცვლება და ვემსგავსებით სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, სადაც ვნება იმისა, რომ გაკონტროლდეს ყველანაირი საპროტესტო მუხტი, ძლიერია. დაფინანსებულ პროექტებს თან სდევს ცენზურაც.
„ცუდი პროექტები ყველგან კეთდება, უბრალოდ იქ ყველაფერი კეთდება, და აქ როდესაც ცარიელია და სცენა არ არსებობს, თვალში გხვდება ეგრევე და ერთ ცუდად გაკეთებულს მიაქვს მთელი ყურადღება და ყველაფერი“, - ამბობს მხატვარი ბაჩა ხოფერია, რომელიც ნამუშევრებს ძირითადად ეკოლოგიისა და ადამიანის უფლებების თემატიკაზე ქმნიდა. ახლა ბაჩა გრაფიტში მუშაობს, თვლის, რომ ეს ჯერ მეტად ხელშეუხებელი სფეროა და თავისუფლებაც მეტია.
იქ, სადაც ბაჩა ხშირად ხატავდა, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გვირაბში, არაერთხელ გადაღებეს მისი და სხვების ნახატებიც. ახლა ამ გვირაბის შესასვლელებს მერიის მიერ დაფინანსებული ფესტივალის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები „ალამაზებს“.
ბაჩა ამბობს, რომ ის, რაც დღეს თბილისში ხდება ქუჩის ხელოვნების სახელით, ჰგავს შენს ოთახში სხვის მიერ შერჩეული და ნაყიდი სურათის დაკიდებას, სხვისი დღიურიდან გადაწერილ სხვის ამბავს, რომელიც შენთან არაფერ შუაშია. ქუჩის ხელოვნებას კი აზრი მაშინ აქვს, თუკი მისი შინაარსი გასაგები და ახლობელია მისთვის, ვინც მას ხედავს; ის უნდა იკითხებოდეს; გასაგებ ენაზე ლაპარაკობდეს.
რა ხდება მაშინ, როცა ქუჩას ორგანიზებული, დაფინანსებული მხატვრობა იკავებს?
სოციოლოგი ქეთი სართანია, რომელიც უკვე წლებია აკვირდება და აგროვებს ქუჩებში გაკეთებულ სპონტანურ თუ კარგად ნაფიქრ წარწერებს, ამბობს, რომ ხელოვნებისთვის, მათ შორის, ქუჩის ხელოვნებისთვის უცხო არ უნდა იყოს მისი მოხელთების მცდელობები და ვნება და ეს რაღაც მხრივ კარგიც კია ახალი ფორმების მუდმივი ძიებისთვის. ქეთის ქუჩის ხელოვნების მასშტაბური მოთვინიერების წელიც ახსოვს - 2017 წლიდან დაიწყო ეს პროცესებიო, ამბობს და ახალ ფორმად მიიჩნევს მარტივ წარწერებს, რომელთა ნაწილიც გატეხილ გულებსა და დაკარგულ სიყვარულებზეა, ნაწილი კი მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენებს ეხმიანება.
„ანონიმურობის ორგანიზების მცდელობა ხელისუფლების მხრიდან, კითხვებს აჩენს - რატომ ცდილობენ გააკონტროლონ ხელოვნების ის შინაარსი, რომელიც, წესით, ქუჩაშია და პოლიტიკური მნიშვნელობის არ არის? ეს კონტროლის მცდელობა ანიჭებს ამ ნამუშევრებს პოლიტიკურ მნიშვნელობას“, - ამბობს ქეთი სართანია, რომლის თქმითაც, ხელისუფლების მიერ ალტერნატივად შემოთავაზებული დაფინანსებული ნამუშევრები თავისუფალი გზავნილების დაფარვის მცდელობაა.
„ასე ჩანს, რომ კი არ გართმევენ, გაძლევენ, მაგრამ ისე გაძლევენ, რომ მასში არ დევს არანაირი შინაარსი, რაც შეიძლება ახლოს იყოს, ქუჩაში მოსიარულე ადამიანს აწუხებდეს. ეს უშინაარსო სიმბოლიკაც ერთგვარი შინაარსია“, - ასე აფასებს იგი იმ ნამუშევრებს, რაც დღეს საჯარო სივრცეში გვხვდება.
Your browser doesn’t support HTML5