„საქართველო სტალინის წინააღმდეგ“ - როგორ მოვკლათ ჩვენი წილი სტალინი

ერთი შეხედვით, თითქოს რა მარტივია შეთანხმება იმაზე, ვინ იყო იოსებ სტალინი და რა გაუკეთა მან საქართველოს, თუმცა, როგორც ლაშა ბუღაძის ავტორობით „სოვლაბის“ მიერ ახლახან გამოცემული წიგნის, „საქართველო სტალინის წინააღმდეგ“ პრეზენტაციაზე ითქვა, საქართველოს საზოგადოებას ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი დღემდე არ გაუცია.

რატომ არის სტალინის ფენომენი ჯერ კიდევ განსახილველი? ზოგჯერ საკითხი ასეც ისმის ხოლმე - რაღა დროს სტალინია! ამ წიგნის რედაქტორი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტის მენეჯერი გიორგი კანდელაკი, წიგნის წინასიტყვაობაში შენიშნავს, რომ დღემდე არ არსებობს საერთო პასუხი, სტალინი „ბოროტების იმპერიის შემქმნელი იყო თუ მეორე მსოფლიო ომის მომგები, რომლის სადღეგრძელოებიც უნდა შეისვას ქორწილებსა და ქელეხებში...

მილიონობით ადამიანის მკვლელი თუ ფარული ქრისტიანი, როგორც ამას ამტკიცებენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წამყვანი იერარქები“.

იოსებ სტალინის ფოტოები წიგნიდან „საქართველო სტალინის წინააღმდეგ“.

გიორგი კანდელაკი

ეს კონფლიქტი, ამბობს გიორგი კანდელაკი, დღემდე გრძელდება, რადგან გრძელდება კონფლიქტი საქართველოს, როგორც ქვეყნის, ორ ხედვას შორის - საქართველო, როგორც თანამედროვე, დემოკრატიული, თანასწორობაზე დაფუძნებული სახელმწიფო თუ ქვეყანა, როგორც ეთნოგრაფიული ერთეული, „სადაც ტრადიციები სადღეგრძელოებზე, სმა-ჭამასა და ტაშ-ფანდურზე დაიყვანება“.

რითაც რუსული საინფორმაციო ომის მანქანა ხეირობს.

ხუმრობა არ არის, რომ სტალინს, როგორც ისტორიულ ფიგურას, რუსეთი, დეზინფორმაციული დღის წესრიგის იარაღად იყენებს და თან, წარმატებულად, - გიორგი კანდელაკის აზრით, „სტალინის ხატის“ („დიახ, ეს ჩემთვის სტალინის ხატია და არა მატრონასი“ - გ.კ.) ირგვლივ ბოლო დროს საქართველოში განვითარებულმა ამბებმა კარგად აჩვენა, რომ რუსეთი დიდი ხანია სტალინისგან ქმნის ქართულ პატრიოტულ სიმბოლოს, რომლითაც თითქოსდა ქართველებმა უნდა იამაყონ. და გამოსდის კიდეც:

„ამ მხრივ მათ წარმატების მაგალითები უკვე დაუგროვდათ. შარშან გამოქვეყნებული ერთ-ერთი სოციალური გამოკითხვის თანახმად, 12%-ით გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ საბჭოთა კავშირის დროს ქართული კულტურა უკეთ იყო დაცული. სხვა კვლევა მოწმობს, რომ ამ ქვეყანაში მოსახლეობის 40%-ს სჯერა, რომ სტალინი მორწმუნე იყო. მათთვის ასეთი სისულელის დაჯერება - წარმატებაა და დროა, ამას თვალი გავუსწოროთ და ვუპასუხოთ“, - თქვა გიორგი კანდელაკმა.

„საქართველო სტალინის წინააღმდეგ“, რომელიც აქამდე ცნობილ და ასევე ფართო საზოგადოებისათვის უცნობ დოკუმენტურ მასალას ეყრდნობა, სწორედ ამ ორი, სტალინს და მის მიერ არჩეულ პოლიტიკურ გზასა და საქართველოს მოდერნიზაცია-დემოკრატიზაციის გზას შორის არსებული კონფლიქტის სურათს აღადგენს.

ლაშა ბუღაძის წიგნი „საქართველო სტალინის წინააღმდეგ“ აქამდე ცნობილ და ასევე ფართო საზოგადოებისათვის უცნობ დოკუმენტურ მასალას ეყრდნობა.

ეს კონფლიქტი კი ნაჩვენებია წიგნის დასაწყისშივე, ახალგაზრდა სემინარიელ სოსო ჯუღაშვილისა და ნოე ჟორდანიას შეხვედრისას ჟურნალ „კვალის“ რედაქციაში.

1898 წელია, ნოე ჟორდანია ჟურნალ „კვალის“ რედაქტორია, მასთან ახალგაზრდა კაცი მიდის, სასულიერო სემინარიის სტუდენტი ჯუღაშვილი და მოსმენას სთხოვს. მას პროპაგანდისტობა სურს, მუშებთან შეხვედრა. ნოე ჟორდანია გადაწყვეტს, გაიგოს, რა იცის ამ ახალგაზრდამ და ეკითხება: „რას კითხულობთ?" პასუხი ვერ არის დამაკმაყოფილებელი.
ამ შეხვედრას, ნოე ჟორდანია, მოგვიანებით გაიხსენებს და დაწერს, როგორ ურჩია ახალგაზრდა ჯუღაშვილს კიდევ ერთი წელი სემინარიაში დარჩენა და თვითგანვითარება...
თუმცა, როგორც წიგნის ავტორი შენიშნავს, „ცოდნის სიმწირეზე მინიშნება სტალინს არ უყვარდა“. სტალინს რომ წლობით შეეძლო ბოღმის ტარება, ამას ნოეც მალევე მიხვდა:
„კობა... რას ფიქრობდა, არავინ იცოდა. შეურაცხყოფაზე მაშინვე არას გიპასუხებდათ, მაგრამ ის არ ავიწყდებოდა და უცდიდა მოთმინებით ხელსაყრელ მომენტს სამაგიეროს გადასახდელად“, - წერდა ნოე ჟორდანია.
ამ შეხვედრიდან 20 წლის შემდეგ ნოე ჟორდანია „სემინარისტის“ მიერ შემოყვანილ რუსულ ჯართან ერთთვიანი ბრძოლის მერე მარცხდება“.

ათწლეულების შემდეგ კი ის სტალინზე დაწერს:

„სტალინი არასოდეს არ ყოფილა ვინმეს მეგობარი.. მისი ძირითადი მიდრეკილებაა იყოს ბატონი. მბრძანებელი. წრის, პარტიის თუ სახელმწიფოს, სადაც კი ამას შეძლებს, მაგრამ არასოდეს სხვისი თანასწორი, სხვაზე დამოკიდებული… მას სრულიად არ აინტერესებს ადამიანი... ის მისთვის არის მხოლოდ მასალა, საფეხური, რომლითაც უნდა ამაღლდეს და თავზე დააჯდეს“.

პრეზენტაციაზე დისკუსიის მოდერატორმა, ჟურნალისტმა დავით პაიჭაძემ ასეთი რამ თქვა - სტალინი თითქოს „ბოლომდე არ მომკვდარა“, ლაშა ბუღაძის ეს წიგნი კი მკითხველს სწორედ „თავისი წილი სტალინის მოკვლაში დაეხმარებაო.

Your browser doesn’t support HTML5

ლაშა ბუღაძე კითხულობს ნაწყვეტს თავისი ახალი წიგნიდან "საქართველო იოსებ სტალინის წინააღმდეგ"

ლაშა ბუღაძე კი, რომელმაც ამ წიგნზე „სოვლაბთან“ ერთად ერთი წლის განმავლობაში იმუშავა, ამბობს, რომ ამ წიგნში მკითხველი აღმოაჩენს ახალ ამბებს საქართველოს ანექსიის და ოკუპაციის შესახებ და კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ სტალინმა, რუსებთან ერთად, საქართველოს წაართვა მეოცე საუკუნეც და ართმევს დღევანდელობასაც:

„დიახ, სტალინი არ მომკვდარა, რადგან ნეოსტალინური რეჟიმის გამოხატულებაა პუტინიც, რომელიც მისი ერთგვარი მოწაფეა, რომელიც იმავე პრინციპით მოქმედებს, როგორც სტალინი: არის ადამიანი, არის პრობლემა, არ არის ადამიანი - არ არის პრობლემა. ჩვენი ერთადერთი ინსტრუმენტი კი არის ის, რომ მითებს დავუპირისპიროთ ჭეშმარიტება. სხვათა შორის, ამ წიგნის ერთგვარი ქვესათაური არის საქართველო რუსული მითების წინააღმდეგ“.

„ტანით პატარა, გამხდარი, მუდამ გაუპარსავი, სახე ნაყვავილარი, ცივი, ვიწრო ნაცრისფერი თვალები, არაფრის გამომხატველი, უსუფთაოდ და უგემურად ჩაცმული, შეჩვეული მატერიალურ გაჭირვებას... გრძნობათა სიძუნწე მისი დამახასიათებელი თვისება იყო. ჰყავდა თუ არა მას პირადი ამხანაგები, მეგობრები? ... არ ჰყოლია“, - ასე ახასიათებდა ძველი ბოლშევიკი, სერგო ქავთარაძე სტალინს და წერდა, ის თავის შეცდომას - სხვას გადააბრალებდა, თვითონ მართლად გამოჰყავდა თავიო.

ამ წიგნში თხრობა მეცხრამეტე საუკუნის ბოლო წლებში იწყება და 1922 წლამდე გრძელდება - მოვლენების ნაწილი მეტ-ნაკლებად ცნობილია, ნაწილი კი ახლად აღმოჩენილ ან მივიწყებულ წყაროებზე დაყრდნობით დაიწერა - ერთ-ერთი ასეთი ამბავი - 1921 წლის 5 ივლისს, ახლად ოკუპირებულ საქართველოში ჩამოსული სტალინის შეხვედრაა მუშებთან, ნაძალადევის თეატრში - ის მათთთან საუბარს რუსულად იწყებს, მაგრამ ლაპარაკს აწყვეტინებენ და აიძულებენ ქართულზე გადავიდეს.

იმ შეხვედრას, ასე იხსენებდა ძველი სოციალ-დემოკრატი, პორფილე მეხუზლა:
„...მან თავისი მოხსენება რუსულად დაიწყო და 6 სიტყვაც არ ჰქონდა ნათქვამი, როდესაც ამოდენა აუდიტორიის ხალხი, ერთად, ყველანი წამოიმართა და პროტესტის გამოცხადებით ყვირილით შეხვდნენ... სტალინი მოულოდნელობით განრისხებული სახტად დარჩა... განრისხებული ყვირილით რუსულად ამბობს სტალინი: ჩტო ეტა ტაკოი, ჩტო ზა ბეზაბრაზიე, ზაჩემ ნე დაიუტ მნე ვაზმოჟნოსტ დაკლად სდიელატ.... მას ისიდორე რამიშვილი უპასუხებს ქართულ ენაზე: ამხანაგო კობა! ეს ხალხი მართალია და ნუ ღელავ... თქვენ თვითონ ამბობთ - დემოკრატიული სახალხო რესპუბლიკა საბჭოთა წყობილებით შეიცვალა, მაგრამ საქართველო თავისუფალია და ამ პირობებში ქართველმა კაცმა თავის ენაზე უნდა ილაპარაკოს და არა რუსულად. აი, ამიტომ ხალხი პროტესტს აცხადებს, არ უნდა მოგისმინოსო“.
საბოლოოდ სტალინმა მოხსენება ქართულ ენაზე წაიკითხა.
ლაშა ბუღაძე წერს, რომ სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ დასცდა სტალინს ეს სიტყვები: საქართველო წაღმა-უკუღმა უნდა გადავხნათო, სხვათა მოწმობით, რევოლუციის ცხელი უთოთი გადავუაროთო“.

და გადაუარა კიდეც - თუ როგორ, ამას წიგნშიც წაიკითხავთ.

კიდევ ერთი საკვანძო ამბავი, რომელზეც წერს ლაშა ბუღაძე ამ წიგნში, არის ის, თუ როგორ ლობირებდა სტალინი საქართველოსთან ომის სწრაფად დაწყებას და როგორი იყო 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის თავდასხმის შესახებ მოსკოვში მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება და მასში სტალინის როლი.

სტალინის ფონდში ინახება სტალინის დეპეშა, რომლითაც სტალინი იძლევა საბედისწერო ბრძანებას, რომ სერგო ორჯონიკიძე და წითელი არმია თბილისს დაესხან თავს. დეპეშა რუსულ ენაზეა დაწერილი, თუმცა მთავარი სიტყვები - ახლავე შეუტიე - რუსული ასოებით, ქართულად არის დაწერილი, რადგან „სერგო ორჯონიკიძემდე ქართულად უნდა მისულიყო სტალინისეული რევანშის ფორმულა“.
Ахлаве шеутие! - რამდენიმე რამ ძევს ამ სიტყვებში, - წერს წიგნის ავტორი:
„ახლავე შეუტიე - პირველობა რომ უნდოდა და არც ძალა ჰქონდა ამის, არც შესაძლებლობა.
ახლავე შეუტიე - ნოე ჟორდანიამ რომ დაიწუნა რევოლუციონერად...
ახლავე შეუტიე - რომ სძულდა ყველა, ვინც მას არ აღიარებდა.
ახლავე შეუტიე - ქართველების დამორჩილებისა და განადგურებისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ

თუმცა, წერს ავტორი, 1921 წლის თებერვლის ბრძოლები მარტამდე გაგრძელდა. 25 თებერვალს, როცა თბილისში მე-11 წითელი არმია შევიდა, ჯერ კიდევ არ იყო ყველაფერი დასრულებული.

Your browser doesn’t support HTML5

ის დღე, 25 თებერვალი

სიმბოლურია, რომ სწორედ ამ დღეს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში, აკაკი ჩხენკელი პარიზში იმყოფებოდა საფრანგეთის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადასაცემ ცერემონიაზე. ორ დღეში, 27 იანვარს, საქართველომ მიიღო დამოუკიდებლობის დე იურე სრულფასოვანი აღიარება, საქართველო იქცა საერთაშორისო სამართლის სრულფასოვან სუბიექტად და, როგორც გიორგი კანდელაკი შენიშნავს, ეს უკვე ნიშნავდა ერთა ლიგის წევრობას, ერთა ლიგა კი იყო კოლექტიური უსაფრთხოების კომპონენტის მქონე გაერთიანება...

ასევე ნახეთ "დამოუკიდებლობა, აი, პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას": აკაკი ჩხენკელი, დიპლომატი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკიდან

ირაკლი ხვადაგიანი

სოვლაბის მკვლევარი, ამ წიგნის სამეცნიერო რედაქტორი ირაკლი ხვადაგიანი ხსნის, რატომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმაზე მსჯელობა, რა იყო სინამდვილეში საბჭოთა რუსული ტოტალიტარიზმი და რუსული ოკუპაცია, როგორ შეცვალა სისტემურმა დანაშაულმა ქვეყანა და მისი თითოეული ადამიანი.

„მაშინაც კი, როცა საბჭოთა კავშირი იშლებოდა, ყველა ეროვნულ მოძრაობას გულშემატკივრობდა და ჩართულიც იყო ამ პროცესებში, საღებავებს ასხამდნენ ლენინის და ორჯონიკიძის ძეგლებს, სტალინზე ყველა დუმდა. რთულია მოძებნოთ იმ დროის კრიტიკა მასზე - თითქოს ის ჩრდილში დარჩა, რადგან მისი კულტი იყო ძალიან ძლიერი. ვერც ლიდერები ბედავდნენ საჯაროდ მასზე დისკუსიას შიშით, რომ მხარდამჭერებს დაკარგავდნენ“.

სამაგიეროდ, 90-იანი წლების ბოლოს, დაიწერა უამრავი წიგნი პატრიოტულ საბურველში გახვეული სტალინის ფიგურაზე და ამას ჰქონდა თავისი მიზეზი, ამბობს ირაკლი ხვადაგიანი, - ეს იყო ყველაფერი ერთად: „პატარა ერის კომპლექსი, ჯადოსნური ზღაპრის სიუჟეტი - მეწაღის შვილი პატარა ქალაქ გორიდან, რომელიც გახდა მსოფლიოს მეექვსედის მმართველი“.

ჯანა ჯავახიშვილი

ამ სტალინთან ქართველებს ჩვენი ანგარიში გვაქვს, - ასე ფიქრობს ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილიც, რომლის აზრით, ის, რომ დღეს სტალინის საკითხზე ეროვნული კონსენსუსი არ არსებობს, ძალიან აფერხებს საქართველოს განვითარებას. ის, რაც მოხდა გერმანიის საზოგადოებაში ჰიტლერის შემდეგ, ვერ მოხდა საქართველოში. ის მაინც აღიქმება გამარჯვებულ ქართველად, რომელმაც მიაღწია წარმატებას და რომელიც რუსებს ხელმძღვანელობდა.

„სინამდვილეში, ის, რაც დღეს, სტალინის მითის გარშემო ხდება, პარალელური პროცესია. არ გვეგონოს, რომ ეს მხოლოდ ჩვენი პრობლემაა, ეს ხდება ზუსტად რუსეთშიც, სადაც სტალინის ცნობილი ფრაზა: „ახლავე შეუტიე“, დღესაც აქტუალურია“.

ასევე ნახეთ რუსეთის ახალი ისტორია - „პუტინის იარაღი“ სკოლაში შედის

„საქართველო სტალინის წინააღმდეგ“ სრულდება ბრალდებების სიით ბელადის მიმართ - საქართველო ბრალს სდებს იოსებ სტალინს... 70-წლიანი დამცირებისთვის, რუსეთის იმპერიის ნაწილად ქცევისთვის, 1921 წლის ოკუპაციისა და ანექსიისთვის, ასიათასობით ქართველის განადგურებისთვის, ისტორიიდან ამოგლეჯისთვის, 1924 და 1937 წლების ტერორისთვის და ა.შ. და ა.შ.

ჩამონათვალი, რის გამოც საქართველო იოსებ სტალინის წინააღმდეგია, უსასრულოა.