როგორ მოვექცეთ მარნეულიდან შემოტანილ ხილ-ბოსტანს

საქსტატის მონაცემებით, ქვემო ქართლი ლიდერია ხორცის, რძის, კვერცხისა და ბოსტნეულის წარმოებაში. ქვემო ქართლის ორ რაიონში, მარნეულსა და ბოლნისში, დღეს კარანტინია გამოცხადებული. ექსპერტების თქმით, საკარანტინო ზონიდან გამოტანილი პროდუქტი ჰიგიენის ზოგადი ნორმების დაცვით უნდა დასუფთავდეს.

სურსათის მეშვეობით ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხე ჯერჯერობით მხოლოდ თეორიულია. სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე ამბობს, რომ მსგავსი ფაქტი არათუ საქართველოში, მთელ მსოფლიოში არ დაფიქსირებულა და ამიტომაც არც ერთ ქვეყანას სურსათით ვაჭრობა არ შეუჩერებია:

„ეს ეხება როგორც იმპორტს, ასევე ქვეყნის შიდა გადაადგილებას. თბილისიდან საკარანტინო ზონაში, მარნეულსა და ბოლნისში, შედის პროდუქცია და იქიდანაც გამოდის“.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში საშიშია არა პროდუქტი, არამედ ადამიანები, რომლებსაც ის გადააქვთ. როგორც წესი, ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის. ამის გამო აუცილებელია, საკარანტინო ზონაში შესული პირი, იქნება ეს მძღოლი თუ დისტრიბუტორი, ეკიპირებული იყოს, ანუ ეკეთოს პირბადე, ხელთათმანი, ჰქონდეს სადეზინფექციო ხსნარი.

„მათ მოძრაობას პატრული აკონტროლებს. შევლენ ტერიტორიაზე, დატოვებენ პროდუქტს და დაბრუნდებიან. არა აქვთ უფლება გაჩერდნენ და, ვთქვათ, ჩაი ან ყავა დალიონ. იგივე ხდება საკარანტინო ზონიდან პროდუქტის გამოტანის შემთხვევაშიც“.

რაც შეეხება პროდუქტს, რომელიც მომხმარებელს სავაჭრო პუნქტიდან სახლში მიაქვს, ექსპერტები აცხადებენ, რომ სურსათი, უბრალოდ, უნდა გავრეცხოთ და გავასუფთაოთ.

მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძე ამბობს, რომ არ არის საჭირო ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდნა და პროდუქტის სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება. საკმარისია მისი გარეცხვა:

„კორონავირუსმა არ უნდა გვასწავლოს ეს წესები. ისედაც ასე უნდა ვაკეთებდეთ. მე როდესაც პროდუქტი მომაქვს სახლში, კარტოფილის ჩათვლით, ვრეცხავ ჟელეთი, ვამშრალებ და ისე ვინახავ“.

იგივე რეკომენდაცია აქვს სურსათის შენახვასთან დაკავშირებით თენგიზ კალანდაძეს:

„სასურველია ბოსტნეული გაირეცხოს საპნით. ეს არ სჭირდება კარტოფილს, რადგან მას ვთლით, მაგრამ სჭირდება, ვთქვათ, ვაშლს. ხშირად შეგვიმჩნევია, რომ ვაშლი დაფარულია ცხიმოვანი ფენით. ეს ჩვეულებრივი მცენარეული ზეთია, რომელსაც ხმარობენ იმისთვის, რომ ხილი უფრო დიდხანს შეინახოს. ეს ფენა ცივი წყლით არ მოშორდება, ამიტომ ჯობს საპონი გამოვიყენოთ. უმი ბოსტნეული ჯერ კარგად უნდა გავრეცხოთ, შემდეგ გავთალოთ და ამის შემდეგ შევინახოთ“.

თენგიზ კალანდაძე ასევე აცხადებს, რომ ქვეყანაში სურსათის მინიმუმ ორი თვის მარაგია. ეს ეხება როგორც ზეთს, ბურღულეულსა და შაქარს, ასევერძის ფხვნილსა და ხორცს. თუმცა მოსახლეობის მხრიდან სურსათის მომარაგებას მაინც აქვს აზრი, რადგან ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ჯობს მომხმარებელმა ერთბაშად იყიდოს საჭირო პროდუქტები, ვიდრე ყოველდღე იაროს მაღაზიაში.