ასე გამოეკიდა ჰაერში ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი წინადადება - „ის, რომ მამაკაცების საპირფარეშოებში ჰიგიენურ ხელსახოცებს დებენ, ის, რომ მამაკაცის რძე იგივეა, რაც დედაკაცის“, - და ასე იქცა 21 ოქტომბერს ეს ფრაზა ქართულ სოციალურ ქსელში ყველაზე განხილვად თემად, რომელსაც თან სდევდა სარკასტულ-იუმორისტული ელფერი.
აი, რამდენიმე მაგალითი ფეისბუკზე დაწერილი ხუმრობებისა:
მალე ბაზარში: “ქალის არ შემომაპაროთ, ბავშვისთვის მინდა”.
“მაინც რა კარგია რო შენი რძე გაქვს კაცს და დილის ყავისთვის ყიდვა არ გიწევს”.
“საჯარო ადგილებში ბავშვის კვება უნდა ნორმალიზდეს. არ უნდა შეგვრცხვეს, კაცებო”.
„მეზობლის კაცი ბღავის, მოსაწველი დარჩათ ალბათ”.
„მაწვნის დედა არასდროს ერქმევა მაწვნის მამას“.
„ეს ქალი ქალია, კაცი კაცია გავიგე და რა რძე?"
21 ოქტომბერს, ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი თემა - „დედა დედაა და მამა მამაა“, ანუ „გადაშენების წინააღმდეგ ბრძოლის“ კამპანია კიდევ უფრო ვრცლად გაშალა, „უცხოური მაგალითებიც“ მოიყვანა და დასძინა, რომ მართალია მას „არაფერი აქვს საწინააღმდეგო ლგბტ საზოგადოების“ მიმართ, თუმცა, არ დაუშვებს „პროპაგანდასა და აგიტაციას“:
„რა თქმა უნდა, ეს ხალხი არის ჩვეულებრივი ხალხი, არავითარი პრეტენზია არ შეიძლება ამ ხალხთან გვქონდეს, ისინი საზოგადოების ჩვეულებრივი ნაწილია, გარკვევით მინდა რომ ვთქვა და ლომის წვლილი მე მაქვს, რომ „ანტიდისკრიმინაციული კანონი“ მივიღეთ, იმიტომ რომ კანონმდებლობასთან რაღაც დაპირისპირებაში მოდიოდა. მაგრამ პროპაგანდას რაც შეეხება, ბოდიში მომიხდია, საკუთარ სახლში ვისაც რა უნდა ის გააკეთოს, არავინ არ შედის და არავინ არავის არ მისდევს, მაგრამ პროპაგანდამ და აგიტაციამ რაც გამოიწვია, ნახეთ...
რატომ მიდის ამხელა პროპაგანდა და რატომ იხარჯება უზარმაზარი თანხები? უზარმაზარი თანხები იხარჯება ამ პროპაგანდაში... რასაც ჩვენ გვეუბნებიან – რა მოხდა, ქუჩაში გამოვიდნენ, რატომ უშლით ქუჩაში გამოსვლას? ესე იწყება ყველგან და ყველაფერში, ამ მარტივით იწყება. ეს ქუჩაში გამოსვლა, ნახეთ ფოტოები, საშინელებები ხდება უკვე იმ ქუჩაში მათი გამოსვლის დროს, ჩვენთვის საშინელებები – ვიღაცისთვის ნორმაა და ნორმად აწესებენ. პატარა ბავშვები მხარზე შემოსმული, 2-3 წლის – ყველანაირი ტიპის ორგია მიდის ქუჩაში...
აი, აქ მიდის ეს, ნელ-ნელა რომ დაიწყოთ, მარტივი ქუჩის მიტინგი, სადაც გასდით, აქ აჰყავთ უკვე, აქ მიდის. ის, რომ მამაკაცების საპირფარეშოებში ჰიგიენურ ხელსახოცებს დებენ, ის, რომ მამაკაცის რძე იგივეა, რაც დედაკაცის“...
„რა მამაკაცის რძე?“
ამ კითხვას 22 ოქტომბრის დილას (ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუდან რამდენიმე საათში) უპასუხა პროსახელისუფლებო ტელევიზია „პოსტივიმ“.
7-წუთიან სიუჟეტში - „კაცის რძე ჩვილებისთვის - ჰორმონოთერაპია, რომელმაც ქალის ლაქტაცია უნდა ჩაანაცვლოს“, ავტორი ჰყვება, რომ მას შემდეგ, რაც საზღვარგარეთ მცხოვრებმა ტრანსგენდერმა ადამიანებმა სქესის შეცვლისა და შემდეგ ქორწინების უფლებები მიიღეს, „ჯერი ძუძუებამდე მიდგა“:
„ტრანსებს უპირატესობა აქვთ. რძის მოსასვლელად მათ შვილის გაჩენა არ სჭირდებათ. თუ მოსწონთ და უნდათ, ნებისმიერ დროს შეუძლიათ ნებისმიერი მკურნალობა ჩაიტარონ, მაგრამ აქ არის ერთი თუმცა, ჯერ არავინ იცის, როგორი ეფექტი ექნება ტრანსების რძეს ბავშვებზე“, - ჰყვება სიუჟეტის ავტორი, „პოსტივის“ ჟურნალისტი გურანდა ბილიხოძე.
ბიძინა ივანიშვილი არ ყოფილა პირველი, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, „მამაკაცის რძის“ საკითხი აღელვებს. 2024 წლის 3 მარტს, ტელეკომპანია „აჭარისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, „ქართული ოცნების“ მოკავშირე „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი, გურამ მაჭარაშვილი ამბობდა:
„დიდ ბრიტანეთში, ჯანდაცვის სამსახურმა პირდაპირ გამოაცხადა, რომ ტრანსგენდერი ქალის რძე იგივეა, რაც დედის რძე“.
რა წერია სამეცნიერო გამოკვლევებში?
ტრანსგენდერი ქალის მიერ ჩვილის ძუძუთი კვების სულ რამდენიმე ფაქტია აღწერილი სამედიცინო ლიტერატურასა და სამეცნიერო კვლევებში. ერთ-ერთი პირველი ასეთი შემთხვევა აღიწერა 2018 წელს, ნიუ-იორკში, როდესაც 30 წლის ტრანსგენდერმა ქალმა სპეციალური მედიკამენტოზური თერაპიის შემდეგ, 6 კვირის განმავლობაში შეძლო მისი პარტნიორის ჩვილის ძუძუთი გამოკვება.
ნიუ-იორკში, ტრანსგენდერთა მედიცინისა და ქირურგიის თანამშრომლები, თამარ რეისმანი და ზილ გოლდსტეინი ამ მაგალითზე დაყრდნობით ამბობდნენ, რომ „ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ტრანსგენდერმა ქალმა შეძლოს ზომიერი ლაქტაციის უზრუნველყოფა“.
ტრანსგენდერი ქალის ლაქტაციის კიდევ ერთ ფაქტს აღწერს „ძუძუთი კვების საერთაშორისო ჟურნალი“. სამეცნიერო კვლევის შედეგები 2024 წლის მარტშია გამოქვეყნებული. კვლევა ეფუძნება 37 წლის ტრანსგენდერი ქალის მცდელობას, ძუძუთი გამოეკვება ბავშვი - კვლევის ავტორები წერენ, რომ ორი კვირის შემდეგ, ძუძუთი კვების პროცესი შეწყდა რძის სიმცირისა და ჩვილის წოვის უნართან დაკავშირებული პრობლემების გამო:
„გამოკვლევის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ ლაქტაციის ის პროტოკოლები, რომლებიც გამოიყენება ზოგადად ქალებისთვის, ასევე შესაძლოა ეფექტიანი იყოს ტრანსგენდერი ქალებისთვისაც. თუმცა, რძის სიმწირის გამო, შესაძლოა ვერ მოხერხდეს ჩვილის სათანადოდ გამოკვება. მიუხედავად ამისა, ეს პროცესი დაკავშირებულია არა მხოლოდ ძუძუთი კვების შესაძლებლობასთან, არამედ ხელს უწყობს ჩვილისა და მშობლის კავშირს“.
გამოკვლევის ავტორები ამასთანავე წერენ, რომ „ტრანსგენდერ ქალებში ლაქტაციის შესახებ ინფორმაცია მწირია და, შესაბამისად, როდესაც ამ საკითხზე მედიკოსებს რჩევას ეკითხებიან, მათ შესაძლოა თავდაჯერებული პასუხი ვერ გასცენ“.
რაც შეეხება გურამ მაჭარაშვილის მიერ ნახსენებ „ბრიტანულ ჯანდაცვის სამსახურს“, - აქ, სავარაუდოდ, იგულისხმება სასექსის ჰოსპიტალთა NHS Trust-ის წერილი, რომელმაც 2024 წლის თებერვალში, ბრიტანულ მედიაში გაჟონა და სადაც ნათქვამი იყო, რომ რძე, რომელსაც ტრანსგენდერი ქალები გამოიმუშავებენ მედიკამენტოზური მკურნალობის შედეგად, „მსგავსია იმ რძის, რომელიც ბავშვის დაბადების შემდეგ ჩნდება“.
ამ წერილს, რომლის გასაჯაროებაც არ იგეგმებოდა, მაშინვე გამოუჩნდნენ კრიტიკოსები, მათ შორის, ლოტი მური, დიდი ბრიტანეთის ქალთა და თანასწორობის მინისტრთან არსებული თანასწორობის ჰაბის მეცნიერ-თანამშრომელი. ის ამბობდა, რომ NHS Trust-ის განცხადება არის „დაუბალანსებელი და ნაივური“.
მალევე, NHS Trust-მა წაშალა ვებსაიტი, სადაც აღწერდა ტრანსგენდერი ქალებისთვის ლაქტაციისთვის საჭირო მედიკამენტოზური მკურნალობის დეტალებს, თუმცა განაცხადა: „ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც წერილში იყო მოყვანილი“.
არც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასა (WHO) და არც ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრს (CDC) ტრანსგენდერი ადამიანების ლაქტაციის თაობაზე განცხადება არ გაუვრცელებია.
რას ნიშნავს „მამაკაცების საპირფარეშოებში ჰიგიენური ხელსახოცები?“
„მამაკაცის რძესთან“ ერთად ბიძინა ივანიშვილმა 21 ოქტომბრის ინტერვიუში, კაცების საპირფარეშოებში „ჰიგიენური ხელსახოცების“ შეტანის „ფაქტებზეც“ ილაპარაკა.
სავარაუდოდ, ის გულისხმობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, კამალა ჰარისის მეწყვილის, ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატის, მინესოტის გუბერნატორის, ტიმ უოლზის ინიციატივასა და ამ ინიციატივას მოყოლილ დეზინფორმაციულ კამპანიას, რომელსაც სათავეში ჩაუდგნენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის, ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოკავშირეები.
„ის ავადაა. უოლზი აიძულებს სკოლებს, რომ ბიჭების საპირფარეშოებში შეიტანონ ტამპონები. ტამპონები მეოთხეკლასელი ბიჭების საპირფარეშოებში. რა უცნაურია. რაში სჭირდებათ ბიჭებს ტამპონები?“ - თქვა Fox News-ის წამყვანმა და კონსერვატორმა პოლიტიკურმა კომენტატორმა ჯეს უოტერსმა მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში. სწორედ იმ დღეს, როდესაც კამალა ჰარისმა ტიმ უოლზი მეწყვილედ წარადგინა. პოლიტიკური კომენტატორის სიტყვები მალევე აიტაცეს ტრამპის მხარდამჭერებმა. შეიქმნა არაერთი მიმი და ვიდეორგოლი.
ეს გზავნილი მცდარია.
რეალურად, ლაპარაკია მინესოტაში, 2023 წლის მაისში ხელმოწერილ დოკუმენტზე, რომელიც დიდი საგანმანათლებლო კანონპროექტის ნაწილია და რომლის თანახმადაც, სკოლები ვალდებულები არიან, მეოთხე-მეთორმეტე კლასების მოსწავლეები უზრუნველყონ მენსტრუალური საჭიროებებისთვის საჭირო უფასო პროდუქციით.
კანონი არ ყოფს მოსწავლეებს გენდერისა და სქესის მიხედვით. კანონში წერია, რომ პროდუქტი ხელმისაწვდომი უნდა იყოს „ყველასთვის, ვისაც მენსტრუაცია აქვს“.
ამ კანონის მიღებით, მინესოტა გახდა მეთექვსმეტე შტატი, სადაც სკოლებში უფასოდ რიგდება მენსტრუაციული საჭიროებების პროდუქტები - მათ შორის, ჰიგიენური საფენები და ტამპონები.
საარჩევნო კამპანია - დედა დედაა, მამა მამაა
საპარლამენტო არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე, 21 ოქტომბერს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასულ ინტერვიუში, ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად 78 წუთის განმავლობაში ილაპარაკა იმაზე, რომ:
- „გლობალური ომის პარტიას“ საქართველოს ომში ჩათრევა სურს.
- რომ ოპოზიციას დასავლური ძალები მართავენ და კიდევ ერთხელ გაიმეორა მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი დაპირება, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, „ქართული ოცნება“ ოპოზიციას გაასამართლებს და აკრძალავს.
- რომ საერთაშორისო პარტნიორების "შანტაჟმა" და სანქცირებამ "უკუშედეგი გამოიღო".
- რომ საპარლამენტო არჩევნებში მათ არა უბრალოდ მოგება, არამედ „საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებათ“.
ამ ჩამონათვალს შორის აღმოჩნდა თემა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ საკვანძო „პრობლემად“ აქცია.
უკანასკნელ თვეებში, არ ჩაუვლია, ფაქტობრივად, არცერთ შეხვედრას მოსახლეობასთან თუ საჯარო გამოსვლებსა და ინტერვიუებს, სადაც მმართველი გუნდის რიგით წევრებსა თუ პირველ პირებს, ამ საკითხზე განსაკუთრებული აქცენტი არ გაეკეთებინოთ.
ისეც ხდებოდა, რომ საქართველოს სხვადასხვა დიდ ქალაქში, მოსახლეობასთან დაგეგმილ წინასაარჩევნო შეხვედრებს, მმართველი გუნდის ლიდერები სწორედ ამ საკითხზე საუბრით ხსნიდნენ. ასე იყო, მაგალითად, ოზურგეთში, 31 აგვისტოს.
„მოგესალმებით, გურულებო“-ს შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ოზურგეთის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას ასე მიმართა:
„როგორ გინდა, გურულებს მშვიდობის მნიშვნელობაზე ესაუბრო და აუხსნა ეს ყველაფერი. თუმცა, სალაპარაკო სხვა არის ძალიან ბევრი და მშვიდობასთან ერთად ბრძოლით გასატანი სხვა საკითხებიც ბევრი გვაქვს. მაგალითად, ყველასთვის ცნობილია, რომ დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაა და ამ თემაზე უკვე ვეღარც გვეკამათებიან, მაგრამ ცდილობენ, მისი მნიშვნელობა დააკნინონ. სინამდვილეში, ის, რაც ვერ მოახერხა ვერცერთმა დამპყრობელმა საქართველოში, რომ გადაეშენებინა ქართველი ერი, შეიძლება სულ რამდენიმე თაობაში მოახერხონ ამ გზით და ამიტომ ამას განსაკუთრებულად უნდა აღვუდგეთ წინ“.
ხუმრობისა და სარკაზმის საბაბი გახდა ამავე თემით ინსპირირებული კასპის მერის, ვახტანგ მაისურაძის შეხვედრა ერთ-ერთი სოფლის ამომრჩევლებთან, სადაც მან თქვა:
„უნდა აიკრძალოს ერთსქესიანთა ქორწინება ჩვენ რაიონში. უნდა აიკრძალოს ერთსქესიანთა ოჯახებში ბავშვის აყვანა. დარწმუნებული ვარ, კასპის მოსახლეობა დაუდგება "ქართულ ოცნებას" გვერდში. 60 პროცენტზე მეტი ხმებია იმისთვის საჭირო, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ავიღოთ და ის კანონები მივიღოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეგვიძლია ჩვენ. 65, 80 და 90% თუ იქნება, მით უკეთესი“.
„კასპში არასოდეს ყოფილა მსგავსი შემთხვევა. ისიც კი არ გაგვიგია, რომ აქ თუნდაც ერთი გეიწყვილი იყოს. უბრალოდ ამომრჩეველთან სხვა სალაპარაკო თემა არ აქვთ“, - უთხრა მაშინ კასპელმა სამოქალქო აქტივისტმა ირაკლი მილაძემ რადიო თავისუფლებას მერის დაპირებაზე.
მანამდე იყო „ლგბტ პროპაგანდასთან“ დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვები და ამ განხილვების საორგანიზაციო კომისიის წევრების შეხვედრები მოსახლეობასთან.
ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობდა:
„ჩვენი დაკვირვებაა, რომ ლგბტ პროპაგანდა სულ უფრო და უფრო მეტად იკიდებს ფეხს სამყაროში, ცვლის ტრადიციულ ურთიერთობას, ქცევის წესებს, გარკვეულწილად, ცვლის დამოკიდებულებებს, აღქმებს, უწესებს ისეთ ვალდებულებებს საზოგადოების სხვადასხვა წევრებს, როგორიც ტრადიციულად, როგორც წესი, საზოგადოებაში არ იყო ხოლმე. ლგბტ პროპაგანდის თემა არის წყალგამყოფი ქვეყნის პატრიოტ პოლიტიკურ ძალებსა და იმ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის, რომლებიც დღის წესრიგს გარედან მიღებული მითითებებით აწყობენ“.
კიდევ უფრო მანამდე იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარები იმ „საფრთხეებზე“, რომელსაც ის „ლგბტ პროპაგანდას“ უკავშირებდა:
„ჩემთვის მიუღებელია ბაღებში, სკოლებში ეს ლგბტ პროპაგანდა, ღიად გეუბნებით, მიუღებელია, მეგობრებო, არ შეიძლება. ევროპაშიც და, სამწუხაროდ, ამერიკაშიც, რა ხდება, იცით თქვენც, საჯაროდ არის ინფორმაცია ამის თაობაზე – ბაღებში შევიდა ეს პროპაგანდა, არ შეიძლება, კატასტროფაა ეს“, - ამბობდა ის საპარლამენტო ტრიბუნიდან.
მეტი ეფექტიანობისთვის და ამ „გამოწვევების დასაძლევად“, „ქართულმა ოცნებამ“ ცოტა ხნის წინ, 17 სექტემბერს, ლგბტ უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონიც მიიღო - კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“.
„ეს არ არის ის საკითხი, რომლითაც „ქართული ოცნება“ ამომრჩეველთა გულს მოიგებს. ეს თემა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების ათეულშიც კი ან მოხვდება და ან არა“, - ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.
მისი თქმით, ანტი-ლგბტ გზავნილებით გაჟღენთილი წინასაარჩევნო კამპანიით, მმართველი გუნდი, ერთი მხრივ, მხოლოდ მცირე ამომრჩევლის გადაბირებას შეძლებს, მეორე მხრივ კი, ერთმნიშვნელოვნად დააზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს:
„საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის, იმგვარი მესიჯები, რაც გუშინ მოვისმინეთ, კარიკატურულად, სასაცილოდ გამოიყურება და ეს კარგად გამოჩნდა გუშინაც და კარგად ჩანს დღესაც.
იცით, რაში ცდება ბიძინა ივანიშვილი? მას ჰგონია, რომ ლგბტ თემის საწინააღმდეგო გზავნილებით უმრავლესობის გულის მოგებას შეძლებს. თითქოს საზოგადოების უმრავლესობისთვის ეს მთავარი და პირველხარისხოვანი პრობლემაა. პირველხარისხოვანი პრობლემები დღეს საზოგადოებისთვის სულ სხვა რამაა...სიღარიბე, უმუშევრობა, დაბალი ხელფასები და პენსიები, მაღალი ფასები, ემიგრაცია - ოჯახის წევრები, რომლებიც საზღვარგარეთ წავიდნენ და წლებია არ უნახავთ ერთმანეთი, ინგრევა ოჯახები. აი, ამ ფონზე, სექსუალური უმცირესობების საკითხებით მანიპულირება და ხალხის დაშინება, არ არის აქტუალური.
გარდა ამისა, ასეთი კამპანია, ცალსახად აზიანებს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის პუტინის რუსეთის გზა. ეს არ არის ორბანის (ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი რ.თ.) ევროპა ან ფიცოს (რობერტ ფიცო, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რ.თ.) სლოვაკეთი, ეს არის პუტინის რუსეთი“, - ეუბნება იაგო კაჭკაჭიშვილი რადიო თავისუფლებას.
როგორ ეხმაურება დასავლეთი „ქართული ოცნების“ ჰომოფობიურ გზავნილებსა და ახალ კანონს?
რამდენიმე დღის წინ საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუციაში ევროპარლამენტმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონების მიღებაზე და დაწერა: ევროპარლამენტი „წუხს, რომ საქართველოში, - რომელიც ოდესღაც დემოკრატიული პროგრესისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ჩემპიონი იყო, - საკმაოდ დიდი ხანია, დემოკრატია თავისუფალ ვარდნაშია“.
ოქტომბრის პირველ რიცხვებში, ბუნდესტაგის რეზოლუციაში საქართველოს შესახებ, წერია, რომ მმართველი პარტია სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ „დეზინფორმაციასა და დევნას“ საარჩევნო მიზნებისთვის იყენებს.
ასევე ოქტომბრის დასაწყისში გამოეხმაურა ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონპროექტის მიღებას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო'ბრაიენი და თქვა: "შეშფოთებული ვარ ხელმოწერილი კანონით, რომელიც ზღუდავს თავისუფლებებს და საქართველოს ევროპისგან აშორებს. აშშ ყოველთვის აიმაღლებს ხმას ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური უფლებების დასაცავად".
საქართველოში ბრიტანეთის ელჩი გარეტ უორდი კი აცხადებს, რომ კანონი ხელს შეუწყობს ისედაც მოწყვლადი ჯგუფების მიმართ კიდევ უფრო მეტ დისკრიმინაციას და მარგინალიზაციას.