გა(უ)მჭვირვალობა - როგორ მალავენ სამთავრობო უწყებები მრავალმილიონიან კონტრაქტებს და არღვევენ კანონს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მთავრობის და პრეზიდენტის ადმინისტრაციები, ეს არასრული სიაა უწყებების, რომლებიც არ აქვეყნებენ გამარტივებული შესყიდვების სრულ ინფორმაციას, რაც კანონით, საჯარო უნდა იყოს. რადიო თავისუფლებამ ჯამში მხოლოდ ბოლო 15 თვეში, მხოლოდ ერთ უწყებაში, 20 მილიონი ლარის დამალული კონტრაქტი დაითვალა.

ამ სტატიაში გიყვებით, როგორ არღვევენ სახელმწიფო უწყებები შესყიდვების კანონმდებლობის წესებს, კანონის დარღვევით მალავენ დოკუმენტაციას და ხარჯავენ მილიონობით ლარს გაუმჭვირვალედ. რადიო თავისუფლებას ინფორმირებული წყარო უყვება, რომ შსს-ს და კიდევ რამდენიმე უწყების ხელშეკრულებები ხელოვნურად, განზრახ იმალება.

შსს - გაუმჭვირვალობის ლიდერი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ მაისის თვეში ტენდერის გარეშე, 3 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. ეს არ იყო საიდუმლო შესყიდვა, რომლის გასაჯაროება კანონით არ შეიძლება. საუბარია “უცხოეთის აგენტების” კანონის წინააღმდეგ გამართული მასობრივი საპროტესტო აქციებისთვის გამოყვანილი პოლიციელების კვებაზე, პატრულის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტებისთვის ახალი მიკროავტობუსების შეძენასა და 31 მაისს პოლიციის დღის აღნიშვნის საზეიმო ღონისძიებების ხარჯებზე.

როგორ დახარჯა 3 მილიონი? ვისგან და რა ხარისხის პროდუქცია იყიდა? ხომ არ გადაიხადა საბაზრო ფასზე მაღალი და ხომ არ მოხდა კორუფციული გარიგება? ამ კითხვებზე პასუხს ვერ ვიღებთ - შინაგან საქმეთა სამინისტრო შესყიდვების კანონმდებლობას არღვევს და გაფორმებულ ხელშეკრულებებს მალავს.

რადიო თავისუფლებამ შეკრიბა ღია მონაცემები და დაითვალა, რომ შს სამინისტრომ გამარტივებული შესყიდვებით, ბოლო 15 თვეში 20 მლნ ლარზე მეტი დახარჯა. ყველა ამ შესყიდვის ხელშეკრულება საჯარო უნდა იყოს, მაგრამ შსს კანონს არღვევს და მათ მალავს.

პოლიციის დღის აღნიშვნა. თბილისი, 31 მაისი, 2024

როგორ უნდა იხარჯებოდეს ბიუჯეტის ფული - რას ამბობს კანონი?

ყველა სახელმწიფო უწყება საბიუჯეტო თანხას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული სისტემის გავლით ხარჯავს.

კანონით, ამ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია სისტემის შექმნიდან, 2010 წლიდან საჯაროა. ვებგვერდზე რეგისტირებულ თუ არარეგისტრირებულ მოქალაქეს შეუძლია თვალი მიადევნოს, რომელი სახელმწიფო უწყება რას, რა ფასად და რა ხარისხისას ყიდულობს - დაწყებული პრინტერის ქაღალდის ერთი შეკვრიდან, დამთავრებული ასეულ მილიონად ღირებული ავტობანის მშენებლობით.

სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის გამჭვირვალედ მუშაობა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვალდებულებაა. სააგენტო, კანონით, დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტია, მის ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს, სააგენტო მხოლოდ მთავრობის წინაშეა ანგარიშვალდებული.

საბიუჯეტო შესყიდვები 2 ძირითად ნაწილად იყოფა:
ელექტრონული ტენდერი და გამარტივებული შესყიდვა.

ტენდერი - როცა სახელმწიფო დაწესებულება წინასწარ გეგმავს, რას იყიდის, აცხადებს ტენდერს, კომპანიები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინც უფრო დაბალ ფასს და ხარისხიან საქონელს ან მომსახურებას შესთავაზებს, ის იმარჯვებს. ტენდერის პროცედურა ხანგრძლივია და ზოგჯერ რამდენიმე თვეც გრძელდება.

გამარტივებული შესყიდვა - როცა სახელმწიფო უწყებას რაღაცის შეძენა გადაუდებელი აუცილებლობით, სწრაფად სჭირდება, ტენდერის დრო არა აქვს, პოულობს კომპანიას და პირდაპირ, რამდენიმე დღეში უფორმებს ხელშეკრულებას.

2023 წელს 10,5 მილიარდი ლარი ბიუჯეტიდან ამ სისტემის გავლით დაიხარჯა. 90%-მდე - ტენდერებით. 11% - გამარტივებული შესყიდვებით.

გამჭვირვალობა - ტენდერის და გამარტივებული შესყიდვის დოკუმენტაცია, კანონით, სრულად საჯაროა, თუმცა სახელმწიფო უწყებების ნაწილი კანონის ამ მოთხოვნას ხშირად არღვევს.

როგორ ხარჯავენ ბიუჯეტის ფულს - რა ხდება რეალობაში?

გამარტივებული შესყიდვების წესით, 2023 წელს სახელმწიფო დაწესებულებებმა 1 მილიარდი ლარი დახარჯეს.

როცა სახელმწიფო უწყებას უწევს მოკლე დროში ისეთი რამის შეძენა, რაც წინასწარ დაგეგმილი არ ჰქონდა, იყენებს გამარტივებული შესყიდვის წესს. წესის მიხედვით, შემსყიდველი, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში - რასაც SMP მოდული ჰქვია, აქვეყნებს ინფორმაციას, რომ სასწრაფოდ სჭირდება ამა თუ იმ საქონლის შესყიდვა, ანდა უკვე შეისყიდა, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე.

ასეთი შესყიდვების ნაწილს სააგენტოს თანხმობა სჭირდება, ზოგ შემთხვევაში მხოლოდ გამოქვეყნებაა საკმარისი.

ამის შემდეგ, ყველა სახელმწიფო უწყება ვალდებულია, გამარტივებული შესყიდვის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულება, მისი დანართები, დამატებითი დოკუმენტაცია, მიღება-ჩაბარების აქტები და ა.შ. საჯაროდ გამოაქვეყნოს, ისევ შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში, ოღონდ - CMR-მოდულში.

ამ დოკუმენტების ნახვა ყველა დაინტერესებულ პირს უნდა შეეძლოს.

როგორ მოიქცა შინაგან საქმეთა სამინისტრო? SMP-მოდულში ატვირთა ზოგადი ინფორმაცია, რატომ დახარჯა მაისის თვეში გამარტივებული შესყიდვით 3 მილიონი ლარი, მაგრამ არ გამოაქვეყნა CMR-მოდულში ხელშეკრულებები და მისი დანართები.

შესაბამისად, დაინტერესებული მოქალაქე ვერ გაიგებს, შსს-მ 3 მილიონად რომელი კომპანიებიდან რა სახეობის, რა ხარისხის, რა მოცულობის საქონელი და მომსახურება იყიდა.

შსს-მ ბოლო კონტრაქტი შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში 2019 წელს გამოაქვეყნა.

ამით შინაგან საქმეთა სამინისტრო არღვევს შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის #13 ბრძანებას, რომელიც აწესებს გამარტივებული შესყიდვისას, ხელშეკრულებების გაფორმებიდან 10 დღეში მათი გამოქვეყნების ვალდებულებას.

შს სამინისტრომ რადიო თავისუფლებას მოთხოვნის შემდეგაც არ მიაწოდა ხელშეკრულებები, რომლებიც საპროტესტო აქციების პერიოდში სამართალდამცავებისთვის საკვების შესაძენად გააფორმა და კანონით ვალდებული იყო საჯაროდ გამოექვეყნებინა.
14 მაისს გაგზავნილ წერილზე სამინისტრომ არ გვიპასუხა. საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის კანონით დადგენილი ვადა უკვე გავიდა.

10-წლიანი „ტექნიკური ხარვეზი“?

რადიო თავისუფლებამ შესყიდვების სააგენტოსაც ჰკითხა, რატომ არ არის საჯაროდ გამოქვეყნებული შსს-ს კონკრეტული ხელშეკრულებები. 24 მაისს, გვიპასუხეს, რომ ეს ტექნიკური ხარვეზია და სააგენტო მის მოსაგვარებლად მუშაობს.

„ტექნიკური ხარვეზი“ მრავალი წელია გრძელდება, შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე შს სამინისტრომ გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება CMR-მოდულში ბოლოს თითქმის 5 წლის წინ, 2019 წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა.

დოკუმენტურად დასტურდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო 500-ზე მეტ ხელშეკრულებას მალავს, ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტის რამდენიმე ათეულ მილიონ ლარზეა საუბარი.

რატომ ვერ მოაგვარეს „ტექნიკური ხარვეზი“, რომელიც საჯარო წყაროებში მოპოვებული ინფორმაციით, დაახლოებით 10 წელია არსებობს? სისტემის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოქვეყნებული აქვს 2012-დან 2015 წლამდე პერიოდის ხელშეკრულებები, შემდეგ არის წყვეტა და გამოქვეყნებულია 2018-19 წლების ხელშეკრულებები, თუმცა რთული სათქმელია, რამდენად არის სრულყოფილი ამ წლების მონაცემებიც. ბოლო ხელშეკრულება შსს-მ 2019 წელს გამოაქვეყნა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ 2017-დან 2023 წლებში გამოცემული რამდენიმე კვლევა ადასტურებს, რომ გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტების გასაჯაროებას შესყიდვების სააგენტო მაშინაც ტექნიკურ პრობლემას უკავშირებდა.

გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს მთავრობის და პრეზიდენტის ადმინისტრაციებიც არ ასაჯაროებენ.

ინფორმირებული წყარო რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ შსს-ს გამარტივებული ხელშეკრულებები შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში ატვირთულია, მას მოხელეები ხედავენ, თუმცა საჯაროდ არ ჩანს - სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს დავალებული აქვს მათი დაფარვა.

რადიო თავისუფლებამ სისტემაში SMP-მოდულში ნახა ამ ხელშეკრულებების უნიკალური CMR-კოდები, რაც ადასტურებს წყაროს ინფორმაციას, რომ ხელშეკრულებები სისტემაში ატვირთულია. მაგრამ ამ კოდების შესაბამის საძიებო ველში ჩაწერის შემდეგ სისტემა მათ ვეღარ პოულობს - არ აჩვენებს.

„ბოქლომი“ გამჭვირვალობას


რადიო თავისუფლებამ წყაროს ინფორმაციის გადასამოწმებლად კიდევ ერთ ხერხს მიმართა - სააგენტოს ცხელი ხაზის ოპერატორს რიგით მომხმარებლად გაეცნო და რამდენიმე ხელშეკრულების კოდი მოიკითხა.

„სისტემაში ხელშეკრულება დევს, ვხედავ, უბრალოდ “ბოქლომი ადევს”, მისი ნახვა მხოლოდ შემსყიდველს და მიმწოდებელს შეუძლია“, უთხრა სააგენტოს ცხელი ხაზის ოპერატორმა რადიო თავისუფლებას.

სააგენტოს ოპერატორმა გვითხრა, რომ ჩვენ მიერ მითითებულ ყველა ხელშეკრულებას ხედავს და დოკუმენტებსაც ხსნის, ხედავს მიმწოდებელ კომპანიებს და სხვა დეტალებს, მაგალითად, შსს-ს მიერ მაისში შეძენილი ლანჩის ნაკრებების ხელშეკრულებას სააგენტოს თანამშრომელი ხედავს, მოქალაქეები - ვერა.

ცხელი ხაზის თანამშრომელმა გვითხრა, რომ მიზეზი შსს-თან და სააგენტოს ხელმძღვანელობასთან უნდა გაგვერკვია.

რატომ მალავენ ხელშეკრულებებს? სახელმწიფო შესყიდვებში ინფორმირებული წყარო რადიო თავისუფლებას უყვება, რომ ეს წლების წინ დადგენილი მანკიერი პრაქტიკაა და მისი მიზანი ისეთი შესყიდვების დამალვაა, რომელიც მედიის და საზოგადოების ინტერესს გამოიწვევდა - მაგალითად, რუსული წარმოშობის საქონლის უტენდეროდ პირდაპირ შეძენა, ძვირადღირებული ფუფუნების საგნების ყიდვა, ხელშეკრულების პირდაპირ გაფორმება ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პირებთან და ა.შ.

სხვა გაუმჭვირვალე უწყებები

შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა, კანონის დარღვევით არ აქვეყნებს გამარტივებულ შესყიდვების ხელშეკრულებებს კიდევ რამდენიმე უწყება. მათი გამარტივებული შესყიდვების რაოდენობა და თანხის მოცულობა შსს-თან შედარებით მცირეა.

მეტი აჩვენე

წყარო: სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემა (2010-2024წლები)

გაუმჭვირვალობის გამორჩეული ნიმუშია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაც, შესყიდვების ელექტრონული სისტემის მიხედვით, ადმინისტრაციას სულ მცირე 55 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, მაგრამ ერთიც არ გამოუქვეყნებია. პრეზიდენტის ადმინისტრაციას 17 ხელშეკრულებიდან 17-ივე დამალული აქვს.

შესყიდვების კანონმდებლობის მოთხოვნას არღვევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც, სუსს 180 გამარტივებული შესყიდვიდან, მხოლოდ 1 შესყიდვის ხელშეკრულება აქვს გამოქვეყნებული და ისიც 2018 წელს.

შსს-ს მომსახურების სააგენტოს 149 შესყიდვიდან, მხოლოდ 27 ხელშეკრულება აქვს გასაჯაროებული, ბოლოს ხელშეკრულება 5 წლის წინ, 2019 წელს გაასაჯაროვა.

SMP-მოდულის მიხედვით, ყველა ჩამოთვლილი უწყება გამარტივებულ შესყიდვებს დღემდე ახორციელებს, ხელშეკრულებებს კი არ აქვეყნებს.

რადიო თავისუფლებამ სტატიაში მოყვანილ ხუთივე უწყებას 30 მაისს ჰკითხა, რატომ არღვევენ სახელმწიფო შესყიდვების წესებს და რატომ არ უზრუნველყოფენ გამარტივებული შესყიდვების გამჭვირვალობას. ამ დრომდე პასუხები არ მიგვიღია.

მინაწერი: რადიო თავისუფლების შეკითხვა 5 სახელმწიფო უწყებას

ის, რომ ხელშეკრულებები, სადაც ბიუჯეტის თანხის, ჯამში, ათეულობით მილიონი ლარის ხარჯვის დეტალები უნდა ჩანდეს და კანონდარღვევითაა წლების განმავლობაში დაფარული, ცნობილია შესყიდვების სააგენტოსთვის. სააგენტომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ 2023 წელს მისწერა, რომ პრობლემას ეტაპობრივად აგვარებენ და 2025 წლისთვის აღმოფხვრიან.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ 2023 წლის ივნისის კვლევის მიხედვით, 19 სახელმწიფო უწყება არ აქვეყნებს გამარტივებული შესყიდვების ხელშეკრულებებს. კვლევაში წერია, რომ შესყიდვების სააგენტო 6 წელია ამის მიზეზად ტექნიკურ ხარვეზს ასახელებს.

რადიო თავისუფლებამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 30 მაისს რამდენიმე შეკითხვით მიმართა:

  1. რატომ არ ხდება კანონით სავალდებულო საჯაროობის, გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
  2. რა სამართლებრივი სანქციები არსებობს შემსყიდველი უწყებების პასუხისმგებელი პირების მიმართ (თუ არ არსებობს, ხომ არ არის ეს ერთგვარი ხარვეზი).
  3. რა კონკრეტული ღონისძიებები განახორციელა შესყიდვების სააგენტომ ბოლო წლებში ამ პრობლემის გადასაჭრელად.
  4. რადიო თავისუფლებისთვის მოწოდებული ინფორმაციით, CMR ხელშეკრულებების სისტემაში დამალვა, არგასაჯაროება, ხდება შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიერ, ხელოვნურად, კონკრეტული სახელმწიფო უწყებების მოთხოვნის შესაბამისად. ადასტურებთ თუ არა ამას?

სტატიის გამოქვეყნებამდე ამ კითხვებზე პასუხი არ მიგვიღია.