არტიომ უსის „დიდი გაქცევა“ იტალიიდან რუსეთში 2023 წლის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მოვლენა იყო. უსს, რომელსაც სანქციების გვერდის ავლით ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიის კონტრაბანდას ედავებოდნენ, შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია ემუქრებოდა.
ამ სტატიაში ვარკვევთ:
- ვინ არის დმიტრი ჭირაქაძე და რა აკავშირებს საქართველოსთან;
- რა როლი შეასრულა მან არტიომ უსის გაქცევაში;
- ვინ არის არტიომ უსი, რას და რატომ ედავება მას აშშ.
დავიწყოთ ბოლოდან.
ვინ არის არტიომ უსი
არტიომ უსი რუსი ბიზნესმენია.
რუსეთის კრასნოიარსკის მხარის აწ უკვე ყოფილი (2017-23) გუბერნატორის, ალექსანდრ უსის ვაჟი. რუსეთის მოქალაქე.
მამამისი, ალექსანდრ უსი გავლენიანი ადამიანია რუსეთში, - დაკავშირებული სახელმწიფო ნავთობის გიგანტ კომპანიასთან, „როსნეფტთან“ და პირადად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
ამჟამად ალექსანდრ უსი კრასნოიარსკის მხარის ფედერაციის საბჭოს წევრია. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, ფლობს მდიდრულ ქონებას იტალიაში, მათ შორის სასტუმროს სარდინიაში, ასევე, ვენახსა და სხვა უძრავ ქონებას.
უმცროს უსზე ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას ორი წელია, ძებნა აქვს გამოცხადებული რამდენიმე ბრალდებით.
ბრალდებებს შორისაა ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიის და ვენესუელური ნავთობის რუსეთში კონტრაბანდა, ასევე ფულის გათეთრება.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის სიტყვებით, არტიომ უსი არის „კრემლის მარიონეტი“, რომლიც „ეხმარება რუსეთს უკრაინაში ომის წარმოებაში“ და რომელიც სანქციების გვერდის ავლით რუს ოლიგარქებს უწყობს ხელს.
აშშ-ის ნაფიც მსაჯულთა დიდმა ჟიურიმ არტიომ უსს 2022 წლის სექტემბერში წაუყენა ბრალი.
2022 წლის 17 ოქტომბერს იგი იტალიელმა სამართალდამცავებმა დააკავეს მილანის აეროპორტში.
აქედან ხუთიოდე კვირაში მილანის სასამართლომ, ნაცვლად მისი პატიმრობაში დატოვებისა, უსი შინაპატიმრობაში გაუშვა. უსი შინაპატიმრობაში პრესტიჟულ დახურულ დასახლებაში იმყოფებოდა მილანის სამხრეთ გარეუბანში.
2023 წლის 21 მარტს იტალიურმა სასამართლომ მწვანე შუქი აუნთო მის აშშ-ში ექსტრადიციას. მაგრამ მეორე დღეს, როდესაც პოლიცია უსის სახლში შევიდა, იგი აღარ დახვდათ.
4 აპრილს კი რუსულ სამთავრობო მედიაში გამოქვეყნდა მისი განცხადება: „მე რუსეთში ვარ“!
იტალიელი სამართალდამცავების თანახმად, უსს გაქცევაში რუსეთის სპეცსამსახურები დაეხმარნენ - სერბული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხელით.
უსის მამამ, კრასნოიარსკის გუნერნატორმა, შვილის მოსკოვში გაქცევის შემდეგ „განსაკუთრებული მადლობა“ გადაუხადა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.
რა შუაშია დმიტრი ჭირაქაძე?
ქართული წარმოშობის რუსი ბიზნესმენი, შვეიცარიის მოქალაქე დმიტრი ჭირაქაძე სწორედ არტიომ უსის გაქცევის საქმეზე დააკავეს იტალიელმა სამართალდამცავებმა.
იტალიის პროკურატურის თანახმად, ჭირაქაძემ უსის გაქცევის ორგანიზებაში „დიდი როლი“ ითამაშა.
ბრალდების მტკიცებით:
- ჭირაქაძემ შეიმუშავა არტიომ უსის გაქცევის გეგმა და და ამ გეგმის შესრულების ორგანიზება საკუთარ თავზე აიღო;
- „გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით“, ის წინასწარ დაუკავშირდა დანაშაულებრივი დაჯგუფის წევრებს, რომლებმაც შეასრულეს გაქცევის გეგმა;
- ჭირაქაძეს ჰქონდა „მუდმივი კონტაქტი არტიომ უსის ოჯახის წევრებთან“;
- იგი „ექსფილტრაციის შემდეგ (იგულისხმება უსის იტალიიდან გაპარება - რ.თ.), დაჯგუფების წევრებს არაერთხელ შეხვდა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე“.
ხუთი ადამიანი, - დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომლებმაც, სავარაუდოდ, უსი იტალიიდან გააპარეს, - უკვე დაკავებულია.
დაჯგუფების ერთ-ერთი წევრია ბოსნია-ჰერცეგოვინის მოქალაქე, ვლადიმირ იოვანჩიჩი, - ტიკტოკზე მეტსახელად vorzakon-ი („კანონიერი ქურდი“).
რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახურის ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც 2024 წლის აპრილში გამოქვეყნდა, გამოკვეთს, თუ რა როლი ჰქონდა იოვანჩიჩს დანაშაულებრივ სქემაში.
ასევე ნახეთ არტიომ უსის დიდი გაქცევაიტალიური პრესის ცნობით, იოვანჩიჩმა იტალიელ გამომძიებლებს უთხრა, რომ „რუს ჯენტლმენს, რომელიც ჩვენთან ერთად იყო... ყველაფერი ჰქონდა გამზადებული… ის ხელმძღვანელობდა ოპერაციის მიმდინარეობას“.
ჭირაქაძის კავშირები უსებთან
54 წლის დმიტრი (დიმა) ჭირაქაძე რუსეთის კემეროვოს ოლქის ყოფილი ვიცე-გუბერნატორია. არის საინფორმაციო სისტემის, Pravo.ru-ს დამფუძნებელი.
არის შვეიცარიის მოქალაქე.
ჭირაქაძე სარდინიიდან ახალი დაბრუნებული იყო, როდესაც მილანის აეროპორტში დააკავეს.
სარდინიაში - სადაც უსებს ასევე აქვთ უძრავი ქონება - ჭირაქაძესა და თავის მეუღლეს სასტუმრო აქვთ.
ჭირაქაძე, მედიის თანახმად, კრასნოიარსკში ფლობს სამონადირეო მეურნეობას, რომელიც ალექსანდრ უსის საყვარელი ადგილია.
ჭირაქაძის ცოლი, ლიუბოვ ორლოვა, ფლობს კომპანიის, Luxury Sardinia S.R.L-ის საკონტროლო წილს. კომპანიას სარდინიაში მდიდრული სასტუმრო და კერძო პლაჟი აქვს.
2021 წლიდან ამავე კომპანიის გარკვეულ წილს ფლობს კვიპროსული კომპანია. ამ კვიპროსულ კომპანიას კი, თავის მხრივ, ფლობს ალექსანდრ უსის ქალიშვილი, არტიომ უსის და, ალექსანდრა უსი.
იტალიური გამოძიების თანახმად, ჭირაქაძე არაერთი რუსული კომპანიის მეწილეა უსები ოჯახის წევრებთან ერთად.
ვინ არის დმიტრი ჭირაქაძე
რადიო თავისუფლების ცენტრალური სამსახურის 2001 წლის არქივში ასეთი ცნობები მოიძებნა დმიტრი ჭირაქაძეზე:
„დიმიტრი ჭირაქაძე 1970 წელს დაიბადა მოსკოვში.
ორ წელიწადში მშობლები დაშორდნენ. მამამ, ზურაბ ჭირაქაძემ … საქართველოში გაიტაცა…
ორი წელიწადი ქუთაისში გაატარა, მამის ნათესავებთან, თუმცა ოჯახური დავა სახელმწიფოს ჩარევით, დედის სასარგებლოდ გადაწყდა და მოსკოვში დედასთან დააბრუნეს“.
ამ ინფორმაციის გარდა, საჯაროდ არ იძებნება ცნობები, რაც ჭირაქაძეს თანამედროვე საქართველოსთან აკავშირებს.
ამავე წყაროს თანახმად, ჭირაქაძე მოსკოვში უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, საბჭოთა არმიაში მსახურობდა.
არმიაში მსახურობის შემდეგ კი გაიცნო იური ჟივილო, - მეტალურგიული კომპანია MIKOM-ის მომავალი პრეზიდენტის, მიხაილ ჟივილოს ძმა. აქედან დაიწყო მისი კარიერა ჯერ ბიზნესში, შემდეგ კი პოლიტიკაშიც.
მიხაილ ჟივილომ ჭირაქაძე კომპანიაში დაასაქმა. მოგვიანებით კი განხეთქილება მოუვიდათ.
1990-იანი წლების რუსული მედია ჭირაქაძეს „ქართველ თავად“ მოიხსენიებს.
აი, რა სათაურით აქვეყნებს რუსული „კომერსანტი“ 1997 წელს სტატიას ჭირაქაძეზე: „ქართველი თავადი რუსული მეტალისთვის იბრძვის“.
უფრო უახლოეს წარსულში მოიძებნება ისეთი სტატიებიც, სადაც ჭირაქაძეს აკრიტიკებენ.
ასე, მაგალითად, რუსული გამოცემა „დანაშაულებრივი რუსეთი“ (Преступная Россия) 2024 წლის 5 ივნისს წერს, რომ დმიტრი ჭირაქაძე არის „ფსევდო თავადი“, რომელმაც ძმები ჟივილოები „გაყიდა“, და მას რუს ოლიგარქ ოლეგ დერიპასკასთან გარიგებაში ადანაშაულებს.
[ოლეგ დერიპასკა რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ჟურნალმა Forbes-მა 2022 წელს მისი ქონება 1,7 მილიარდ დოლარად შეაფასა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მას დასავლეთმა სანქციები დაუწესა. დერიპასკამ სანქციებით მიყენებულ ზარალს 7,5 მილიარდ დოლარად აფასებს]
პლატფორმა Pravo.ru, რომელიც 2008 წელს პარტნიორთან, დეველოპერ ალექსეი პელევინთან ერთად დააფუძნა, რუსეთის სამართლებრივი სისტემიდან გასაჯაროვებულ დოკუმენტებს უყრის თავს.