რუსეთს “ვიცავთ იმ სიბნელისგან, რომელიც მსოფლიოში სულ უფრო ვრცელდება”, - თქვა სახელმწიფო სათათბიროს, იგივე პარლამენტის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა 17 ოქტომბერს. 10 დღეში კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცეს. დარჩა კიდევ ორი მოსმენა.
რა იკრძალება?
“არატრადიციული ურთიერთობების პროპაგანდა”. არსებითად კი ჰომოსექსუალების ან ტრანსგენდერების ხსენება. მათ შორის, ფილმებში, წიგნებში ან საჯარო გამოსვლებში.
რუსეთში მცხოვრები ქვიარები ამბობენ - ეს “ჰომოფობიის ლეგალიზებას” ნიშნავს. აქამდეც მტრულ გარემოში ცხოვრობდნენ, მაგრამ ახლა მათთვის ქუჩაში გასვლაც კი სახიფათო გახდება.
“ნებისმიერ მომენტში შეიძლება კუდიანებზე ნადირობა დაიწყოს და ვერავინ დაგვიცავს. ადამიანები აქამდეც მაქსიმალურად შეუმჩნევლად ცხოვრობდნენ”, - უთხრა “რადიო თავისუფლების” ინგლისურ სამსახურს ციმბრის ქალაქ ნოვოსიბირსკში მცხოვრებმა ლესბოსელმა ქალმა.
რატომ ახლა? “იმიტომ, რომ ომი კარგად ვერ მიდის”, - ამბობს ვსევოლოდ გალკინი, რუსული ლგბტ ჟურნალის “ქვიარის” ყოფილი ფოტოგრაფი.
“ამიტომაც, ისინი ცდილობენ გადაიტანონ საზოგადოების ყურადღება რაღაც სკანდალურ, გამხლეჩ თემებზე. ეს პირველად არ ხდება, ამას ვხედავთ შვიდ წელიწადზე მეტია”, - დაამატა მან.
ჯერ ბავშვები
ახალი კანონპროექტი 2013 წელს მიღებულის მემკვიდრეა. სწორედ მაშინ დადგა პირველად კრემლი “ტრადიციული ურთიერთობების" სადარაჯოზე და “პროპაგანდისგან” არასრულწლოვნების დაცვა დაიწყო.
ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, დენ ჰილი, რომელიც წლებია რუსეთში ჰომოფობიას იკვლევს, ამბობს, რომ კრემლმა თემა განგებ დაუკავშირა ბავშვებს.
“[რუსეთში], უმრავლესობაში… იმაზე ფიქრი, რომ მათი შვილი შეიძლება აღმოჩნდეს გეი, ლესბოსელი ან ტრანსგენდერი, ნეგატიურ ემოციებს აღძრავს”, - უთხრა მან გამოცემა "ქარენთ თაიმს".
პროფესორმა ისიც გაიხსენა, რომ 2013 წელსვე დაიწყო ჰომოსექსუალობის გაიგივება პედოფილიასთან. “ყველას, ვინც აკრიტიკებდა გეი-პროპაგანდის კანონს, პედოფილიის ლობირებაში ადანაშაულებდნენ”.
ასევე ნახეთ რუსეთში „გეი პროპაგანდის“ საქმეზე იუთუბერი იური დუდი დააჯარიმესიქიდან მოყოლებული, ქვიარებზე ძალადობა და თავდასხმები საგრძნობლად გახშირდა. კანონი კი ათეულობით ლგბტ-აქტივისტის დასაჯარიმებლად და დასადუმებლად გამოიყენეს.
ომი “ტრადიციული ღირებულებებისთვის’
სხვადასხვა გამოკითხვის თანახმად, რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობა ცუდი თვალით უყურებს ქვიარებს. 2021 წელს, ორგანიზაცია “ლევადა ცენტრს” გამოკითხულთა 53%-მა უთხრა, რომ ადამიანს არ აქვს უფლება, სექსი ჰქონდეს თავისივე სქესის ადამიანთან.
ამას კრემლი სათავისოდ იყენებს. ვლადიმირ პუტინი წლებია იმეორებს, რომ აშშ და ევროკავშირი ცდილობენ რუსეთის “გადაგვარებას” და იქ შობადობის შემცირებას.
სწორედ “არატრადიციული ღირებულებებისგან დაცვა” დაასახელა რუსეთის პრეიზიდენტმა უკრაინაში შეჭრის მოტივად 24 თებერვალს.
იგივე გაიმეორა 21 სექტემბერსაც, როცა უკრაინის 4 რეგიონის ანექსიას აწერდა ხელს. “განა გვინდა, რომ აქ, ჩვენს ქვეყანაში, რუსეთში, დედ-მამის ნაცვლად, გვყავდეს “მშობელი ნომერი ერთი”, “ნომერი ორი”, ნომერი სამი“ - სულ გარეკეს მანდ?” - თქვა მაშინ პუტინმა.
მისი თქმით, დასავლეთი ცდილობს, რუს და უკრაინელ ბავშვებს თავს მოახვიოს “რაღაც გენდერები” და სქესის შეცვლის ოპერაციები შესთავაზოს. “ეს უკვე იძენს “უკურელიგიის”, სატანიზმის ნიშნებს”, - დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინს ეთანხმება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, კირილეც. ჯერ კიდევ 10 მარტს მან თქვა, უკრაინაში ომი იმიტომ დაიწყო, რომ დონბასის მოსახლეობა გეი-აღლუმების ჩატარებას ეწინააღმდეგებაო.
რუსეთში ვარაუდობენ, რომ კანონს “ლგბტ-პროპაგანდის” შესახებ ნოემბრის ბოლოს დაამტკიცებენ.