როგორ იცავს პერსონალი კორონავირუსისგან დაცვის წესებს?

დღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ერთ-ერთი გადაწყვეტილება იყო კაფეების, რესტორნებისა და ბარებისთვის რეკომენდაციის გაცემა, რომ დროებით შეზღუდონ მომხმარებლების უშუალო მომსახურება და მხოლოდ ე.წ. გატანის სერვისი ამუშაონ.

მომსახურების სფეროს სხვა ობიექტებისა და მათი პერსონალისთვის კონკრეტული რეკომენდაციები ან შეზღუდვები მთავრობას ჯერ არ გამოუცხადებია.

როგორ იცავს თავს საზოგადოებასთან მომუშავე პერსონალი კორონავირუსისგან და როგორ იქცევიან არსებულ სიტუაციაში თავად დამსაქმებლები?

რესტორანი

თორნიკე ერთ-ერთ რესტორანში მიმტანად მუშაობს. როგორც რადიო თავისუფლებას ეუბნება, რაიმე ტრენინგი უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით არ ჰქონიათ, მაგრამ მაგიდებს, სახელურებსა და მთლიანად ობიექტს სპეციალური ხსნარით ამუშავებენ, თუმცა სპეციალური სადეზინფექციო ხსნარი პერსონალის ხელების დასამუშავებლად არ აქვთ.

„მშვიდად არავინ გრძნობს თავს. იმდენ ხალხთან გვაქვს ურთიერთობა, რა თქმა უნდა, მშვიდად ვერ იქნები. თან უცხოელები ხშირად შემოდიან, თუმცა, ზოგადად, მომხმარებლების ნაკადი შემცირებულია“, - ამბობს თორნიკე.

გაითვალისწინებს თუ არა რესტორნის ადმინისტრაცია მთავრობის რეკომენდაციას, მისთვის უცნობია. სავარაუდოდ, ასეთ სიტუაციაში უხელფასოდ დარჩენა მოუწევთ.

სასტუმრო

თათია გითოლენდია სასტუმროში მუშაობდა. რამდენიმე დღეა, სამსახურიდან თავისი მიზეზით წამოვიდა. როგორც რადიო თავისუფლებას ეუბნება, კორონავირუსის გავრცელებიდან მალევე ადმინისტრაციისგან ანტიბაქტერიული ხსნარები დაურიგდათ და ყოველი ცვლის გადაბარების შემდეგ ტერიტორიას დეზინფექცია უტარდებოდა.

„სტანდარტების მიხედვით, „დესკზე“ პირბადე არ შეიძლება, მაგრამ გვეკეთა ხოლმე. დაახლოებით, 30 თანამშრომელი ვიყავით. დღეს დირექტორმა გამოაცხადა, რომ ჯავშნები არ მიეღოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ აპრილის დასაწყისში სასტუმრომ შეიძლება ფუნქციონირება შეწყვიტოს მინიმუმ ორი კვირით. მაქსიმუმ როდემდე გაგრძელდება, არ ვიცით“.

მარკეტი

ნათია უბნის პატარა მარკეტში მუშაობს. როგორც ამბობს, ხელებს სალაროდან გამოსვლის შემდეგ ისედაც იბანს, პირბადე კი ხუთავს, ამიტომ ხუმრობს, რომ „კორონავირუსი მოკლავს თუ პირბადე, მნიშვნელობა არ აქვს“. როგორც გვითხრა, არც მენეჯერისგან ყოფილა რაიმე სახის მოთხოვნა.

მარიამი გუდაურში ერთ-ერთი ქსელური სუპერმარკეტის თანამშრომელია. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ბოლო სამი დღეა, სამსახურში მისულს, პირბადე, ხელთათმანები და სადეზინფექციო ხსნარი ხვდება. გაზრდილი შემთხვევებიდან გამომდინარე, პერსონალიც მობილიზებულია, რომ ყველა ნორმა დაიცვას - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ გუდაურში მყოფ უცხოელს კორონავირუსი დაუდგინდა.

ჰიგიენური საშუალების ქსელური მაღაზიის ერთ-ერთმა კონსულტანტმა, ნინომ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კორონავირუსის საქართველოში გავრცელების შემდეგ მათთვის ის შეიცვალა, რომ ახლა სადეზინფექციო ხსნარი, პირბადე და ხელთათმანები აქვთ, ოღონდ ისიც თავიანთი შეძენილი და მოტანილი, პროდუქციის ჩასალაგებლად განკუთვნილ კალათებს კი, რომლებსაც მომხმარებლები ყოველდღიურად ეხებიან, დეზინფექცია არ უტარდება.

ზოგიერთ აფთიაქში შეხვდებით ასეთ წარწერასაც: „გთხოვთ გაიაროთ სადეზინფექციო ხალიჩა“.

თუმცა იქამდე, სანამ ოფიციალური რეკომენდაცია ან რეგულაცია დაწესდება მომსახურების სფეროში მომუშავე პერსონალისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებული ზოგადი რეკომენდაციის დაცვა კონკრეტული კომპანიების თუ, ზოგ შემთხვევაში, თავად მომსახურების სფეროში მომუშავე პირის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.