ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი და ვლადიმირ პუტინის უახლოესი მოკავშირე, ალიაქსანდრ ლუკაშენკა, რუსეთისგან განსხვავებით, არ აღიარებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას და ამის მიზეზად ასახელებს „დამატებითი სანქციებისა და ბელარუსის ეკონომიკის კოლაფსის“ საფრთხეს, რაც, მისი თქმით, უთუოდ გაიზრდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის ცნობის შემთხვევაში.
ამის მიუხედავად, 2022 წელს ლუკაშენკა ჯერ თვითონ ეწვია თვითგამოცხადებულ აფხაზეთის რესპუბლიკას, შემდეგ კი დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტი ასლან ბჟანია მიიღო თავისთან მინსკში.
ამ უცნაური ურთიერთობების დეტალები აქამდე არ გახმაურებულა. სულ ახლახან ბელარუსის საგამოძიებო ცენტრმა (Belarusion Investivgative Center – BIC) ჟურნალისტური გამოძიებით გაარკვია, რომ ლუკაშენკამ ბელარუსის და საქართველოს ინტერესების საზიანოდ კინდღში, ზღვის პირას 20 ჰექტარი (200 000 კვ. მეტრი) ფართობის მიწა შეიძინა.
როგორც BIC-ის გამოძიებიდან ჩანს, ლუკაშენკასკენ მიმავალ ჯაჭვში ფიგურირებენ მისი დაცვის ყოფილი თანამშრომელი და მნე - ე.წ. ზავხოზი. ბელარუსის საგამოძიებო ცენტრის საიტიდან ასევე ირკვევა, რომ მასალა მომზადდა ბელარუსის სამართალდამცავი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლების გაერთიანების BelPol-ისა და ტელეარხ Belsat-ის პარტნიორობითა და CyberPartisan-ის მხარდაჭერით.
2022 წლის სექტემბერში ალიაქსანდრ ლუკაშენკა მოულოდნელად ესტუმრა აფხაზეთს და შეხვდა ასლან ბჟანიას. ასე იქცა ლუკაშენკა რუსეთის შემდეგ რიგით მეორე საერთაშორისოდ აღიარებული ქვეყნის ლიდერად, რომელიც ჩავიდა არაღიარებულ (მათ შორის ბელარუსის მიერაც) რესპუბლიკაში.
მანამდე ლუკაშენკას არაერთხელ ჰქონდა ნათქვამი, რომ აფხაზეთის აღიარება მინსკს დიდ ზიანს მიაყენებდა, ხოლო რუსეთის მხარე არ იყო მზად მოსალოდნელი შედეგების კომპენსირებისთვის. თუმცა, როგორც ბელარუსის საგამოძიებო ცენტრის (Belarusion Investivgative Center – BIC) მკვლევრები ამტკიცებენ, მიაკვლიეს „მიზეზს“, რომლის მნიშვნელობამ ლუკაშენკასთვის გადაწონა რისკები.
ასევე ნახეთ „ორი არაღიარებული პრეზიდენტი ერთ ოთახში“ - რატომ ჩავიდა ლუკაშენკა ოკუპირებულ აფხაზეთში?დაპირებები, რომლებიც აფხაზეთის ბიუჯეტზე მეტია
ალიაქსანდრ ლუკაშენკას აფხაზეთში ვიზიტის შემდეგ მხარეებმა გაცვალეს განცხადებები თანამშრომლობის განვითარების განზრახვის შესახებ. თუმცა, ამ გეგმის დეტალები არ გახმაურებულა. სამაგიეროდ მალევე, 2022 წლის 29 სექტემბერს, გამოქვეყნდა ე.წ. აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილება, რომელმაც ნათელი მოჰფინა ლუკაშენკას სტუმრობის მიზეზს: არაღიარებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც შპს „ჟემჩუჟინა 2010“-ს გადაეცა ზღვის პირზე მდებარე 20 ჰა მიწის ნაკვეთი.
2022 წლის ოქტომბრის ბოლოს აფხაზეთის ტელევიზიის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც ლაპარაკი იყო დიდი საინვესტიციო პროექტის განსახორციელებლად 20 ჰექტარი მიწის გამოყოფის შესახებ, რომ ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღში უნდა აშენდეს სანატორიუმი და საკურორტო კომპლექსი.
„ინვესტიციის მოცულობა 15 მილიარდი რუბლია. შპს „ჟემჩუჟინა 2010“ რეგისტრირებულია აფხაზეთში და მისი 90%-ის მფლობელია ბელარუსის მოქალაქე, ხოლო 10%-ისა - აფხაზეთის მოქალაქე“, - ჰყვებოდნენ სატელევიზიო სიუჟეტში.
15 მილიარდი რუსული რუბლი (თითქმის 260 მილიონი დოლარი 2022 წლის 29 სექტემბრის მდგომარეობით) მეტია მთელი აფხაზეთის წლიურ ბიუჯეტზე, რომლის ხარჯვითმა ნაწილმა 2022 წელს დაახლოებით 13,3 მილიარდი რუსული რუბლი შეადგინა. შედარებისთვის, 2015 წელს საავტომობილო ქარხნის, „ბელჯის“ მშენებლობისთვის ჩინეთმა ბელარუსს 100 მილიონი დოლარით ნაკლები კრედიტი მისცა.
„ბელჯი“ (СЗАО «БЕЛДЖИ») - ბელარუსულ-ჩინური ერთობლივი საწარმო, რომელიც აწყობს ჩინური Geely სამგზავრო ავტომობილებს. ქარხნის დაგეგმილი სიმძლავრე 120 ათასი ავტომობილი/წელიწადში.
ლუკაშენკას ყოფილი მცველი და იდუმალი აფხაზი
BRC-მ გაარკვია, თუ ვის ეკუთვნის “ჟემჩუჟინა 2010”. აფხაზეთის იურიდიულ პირთა ერთიანი სახელმწიფო რეესტრის ამონაწერში მითითებულია ორი მფლობელი: ბელარუსული კომპანია „ტერმალია“ და აფხაზეთის მოქალაქე დათო რაულის ძე კვიცინია.
„ტერმალია“ დარეგისტრირებულია მინსკში 2022 წლის 22 ივლისს - ლუკაშენკას აფხაზეთში ვიზიტამდე ორი თვით ადრე. მისი დირექტორი და ერთადერთი მფლობელი აღმოჩნდა ალიაქსანდრ რომანოვსკი, ალიაქსანდრ ლუკაშენკას უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი.
ასევე ნახეთ აფხაზეთში ლუკაშენკას ჩასვლის გამო საქართველოს საგარეო უწყებამ ბელარუსის ელჩი დაიბარაერთ-ერთ წინა გამოძიებაში BRC-მ გაარკვია, რომ რომანოვსკი ასევე იყო თანამფლობელი შპს „გლობალკასტომისა“, რომელიც ასოცირდება ვიქტორ შეიმანთან - ლუკაშენკას უახლოეს თანამოაზრესა და მისი ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელთან.
ბელარუსმა გამომძიებელმა ჟურნალისტებმა რომანოვსკისგან კომენტარი ვერ მიიღეს - კომპანია „ტერმალიას“ არ აქვს ელექტრონული ფოსტის მისამართი და მან არ უპასუხა სატელეფონო ზარებს.
Belarusion Investivgative Center-ის (BIC) მკვლევრების თქმით, ღია წყაროებში პრაქტიკულად არ არის ინფორმაცია "ჟემჩუჟინა 2010"-ის მეორე მფლობელის, დათო კვიცინიას შესახებ.
„ერთადერთი ხსენება, რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ, დაკავშირებული იყო მის დაკავებასთან ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო, 2017 წელს. კვიცინიას არასაჯაროობამ გვაფიქრებინა, რომ შესაძლოა კვიცინია იყოს კომპანიის ნომინალური მფლობელი, რომლის ზურგს უკან იმალებიან სხვა, მნიშვნელოვანი პირები“, - წერია BIC-ის გამოძიებაში.
გავლენიანი ადგილობრივი კლანი კრიმინალური კავშირებით
დათო კვიცინიამ BRC-ის ჟურნალისტთან საუბარში აღიარა, რომ კომპანიას არ მართავს და, რომ მისი მონაცემები მხოლოდ დოკუმენტების გასაფორმებლად იყო საჭირო.
„საერთოდ არ ვარ საქმის კურსში... საბუთები, მგონი, ჩემზე გაფორმდა. მე არც კი ვიცი, რას აკეთებენ იქ და რას არ აკეთებენ”, - განაცხადა „ჟემჩუჟინა 2010“-ის თანამფლობელმა, რომელმაც ასევე დასძინა, რომ მას მცირე თანხა გადაუხადეს საქმეში ფორმალური მონაწილეობისთვის: „გზის ფული მომცეს, მომსახურების ხარჯები... რამე განსაკუთრებული, დიდი რაოდენობით თანხა არ მოუციათ”.
კვიცინიამ BRC-ის გაუმხილა იმ ადამიანის ვინაობა, რომელზეც გაფორმდა გენერალური მინდობილობა. ზორიკ ჭყონია გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთში მომხდარი კონფლიქტის დროს საველე მეთაური იყო. მინიჭებული აქვს ე.წ. აფხაზეთის გმირის წოდება და ამჟამად დაბა კინდღის გამგებელია. სწორედ ამ დაბაშია „ჟემჩუჟინა 2010“-ისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი. ზორიკ ჭყონია ასევე არის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული არაფორმალური საკონსულტაციო ორგანოს წევრი.
„არის სხვა ფაქტებიც, რომლებიც მიუთითებს ჭყონიას კავშირზე ასლან ბჟანიასთან. ორივე ოჩამჩირის რაიონიდან არიან. ბჟანია დაიბადა სოფელ ტამიშში, რომელიც მდებარეობს კინდღიდან 5 კილომეტრში. 2017 წელს საპარლამენტო არჩევნების დროს ასლან ბჟანია სწორედ კინდღში იყრიდა კენჭს, ადგილობრივ საარჩევნო კომისიას კი ზორიკ ჭყონია ხელმძღვანელობდა“, - წერენ ბელარუსი გამომძიებელი ჟურნალისტები, რომლებმაც ჭყონიასთან დაკავშირებაც სცადეს, თუმცა მან არ უპასუხა არც სატელეფონო ზარებს და არც შეტყობინებებს.
როგორც გაირკვა, ჭყონიას ოჯახი ფლობს უმთავრეს აქტივს ამ ტერიტორიაზე - თერმულ წყაროებს, რომლებითაც განთქმულია კინდღი. საკურორტო კომპლექსი, რომელიც ამ წყაროების გარშემო აშენდა, სწორედ ბჟანიასთან დაახლოებულ ზორიკ ჭყონიას ძმას, ნუგზარს ეკუთვნის.
1980 წელს კინდღის ტერიტორიაზე ნავთობის ძებნის დროს 3 კმ სიღრმეზე ჩასვლისას ნავთობის ნაცვლად ამოხეთქა 120° ტემპერატურის თერმულმა წყალმა. მაშინ ამ ჭაბურღილმა გეოლოგები არ დააინტერესა, თუმცა იქვე მცხოვრებმა ადამიანებმა ფართოდ დაიწყეს ცხელი წყლის გამოყენება როგორც სახლების გასათბობად, ასევე სათბურების მოსაწყობად.
ნუგზარმა აფხაზეთი 1992-1993 წლების ქართულ-აფხაზურ კონფლიქტამდე დატოვა, თუმცა რეგიონს დღემდე რეგულარულად სტუმრობს. მედიაში მას ასახელებენ კრიმინალური ავტორიტეტის, მეტსახელად „პოლტავას“ ნდობით აღჭურვილ პირად. გავრცელებული ინფორმაციით, „პოლტავა“ ოდესაში ქურდული სამყაროს ე.წ. ობშიაკს (სერთო ფულს) აკონტროლებდა 2017 წლის სექტემბრამდე.
გარკვეული დროის განმავლობაში „ოდესაში“ ცხოვრობდა „ჟემჩუჟინა 2010“-ის ფორმალური თანამფლობელი დათო კვიცინია, რომელიც სოციალური ქსელების მიხედვით, ძმები ჭყონიების ახლო ნათესავი უნდა იყოს. ზორიკ ჭყონიას, სავარაუდოდ, დამთავრებული აქვს ოდესის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი.
ოდესასთან ასოცირდება ვიქტორ შეიმანიც, ლუკაშენკას უახლოესი გარემოცვის წევრი, რომლის ვაჟი სწორედ ამ ქალაქშია დაბადებული. შეიმანის მეუღლის ყოფილი ნათესავებიც დღემდე ამ ქალაქში ცხოვრობენ. ერთ-ერთ მათგანზე, ანა ხმელევსკაიაზეა რეგისტრირებული შეიმანთან დაკავშირებული კომპანია „გლობალკასტომი“.
შეიმანის "მარგალიტი"
სწორედ ვიქტორ შეიმანი და მისი ხალხი ფლობენ და მართავენ „ჟემჩუჟინა 2010“-ს და არა ჭყონიას კლანი ან ალიაქსანდრ რომანოვსკი. ამას მოწმობს მიმოწერა აფხაზეთის ოფიციალურ პირებთან. ამის შესახებ BRC-მ შეიტყო ბელარუსის სამართალდამცავი უწყებების ყოფილი თანამშრომლების გაერთიანების, BelPol-ის მიერ მიწოდებული დოკუმენტების წყალობით.
2023 წლის აპრილით დათარიღებულ ერთ-ერთ წერილში აფხაზეთის საგადასახადო სამსახურის უფროსი ნიკოლაი სელივანოვს მოიხსენიებს „ჟემჩუჟინა 2010“-ის მმართველ პარტნიორად. სელივანოვი 7 თვით ადრე ლუკაშენკას საქმეთა მმართველის პირველ მოადგილედ მსახურობდა და მისი უშუალო უფროსი, 2013 წლიდან 2021 წლამდე, სწორედ ვიქტორ შეიმანი იყო.
Belarusion Investivgative Center-ის (BIC) ერთ-ერთ გამოძიებაში თვალსაჩინოდ არის ნაჩვენები, როგორ განაგრძო სელივანოვმა მუშაობა შეიმანზე მას შემდეგ, რაც სახელმწიფო სამსახურიდან წავიდა, სწორედ იგი მართავდა შეიმანის კერძო ბიზნესპროექტებს.
სხვა დოკუმენტში, რომელიც ასევე 2023 წლის აპრილით თარიღდება, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი მიმართავს უშუალოდ ვიქტორ შეიმანს და მას „ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს“ უწოდებს. წერილში განხილულია აფხაზეთის რეზიდენტის - შპს „ჟემჩუჟინა 2010“-ის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების საკითხი.
შეიმანი, რომელსაც ოფიციალური სახელმწიფო თანამდებობები 2021 წლის ივნისის შემდეგ აღარ უკავია, რატომღაც ესწრებოდა ლუკაშენკასა და ბჟანიას შეხვედრას როგორც აფხაზეთში 2022 წლის სექტემბერში, ასევე მინსკში 2023 წლის თებერვალში.
მშენებლობა არ დაწყებულა
2022 წლის ოქტომბერში მიწის გამოყოფის შესახებ დისკუსიისას აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატები აცხადებდნენ, რომ თუ მშენებლობა სამი წლის განმავლობაში არ დაიწყებოდა, შესაბამისი უწყებები განიხილავდნენ ინვესტორისთვის მიწის ჩამორთმევის საკითხს. როგორც ახლა ირკვევა, ტერიტორიის გადაცემიდან ორი წლის შემდეგ, საკურორტო კომპლექსის მშენებლობა არ დაწყებულა.
„2024 წლის აგვისტოს ბოლოს გადაღებული სატელიტური სურათებიდან ჩანს, რომ ტერიტორია ათვისებული არ არის“, - წერენ გამომძიებელი ჟურნალისტები.
ასევე ნახეთ ვინ არის „დესანტი“ და „გენერალი“, ვინც ლუკაშენკას ბიჭვინთაში ახლდა?თუმცა, გაირკვა, რომ პროექტი შეიძლება დაწყებულად ჩაითვალოს მაშინაც კი, თუ აქტივობა ნომინალურია. ასე განუმარტეს BRC-ს კომპანია „აფხაზეთის პროექტების“ წარმომადგენლებმა: „არავინ მოითხოვს, რომ სერიოზული სასტუმრო აშენდეს სამ წელიწადში... საკმარისია ნებისმიერი სახის აქტივობა, თუნდაც ღობის შემოვლება“.
BRC-ის მიხედვით, ჯერჯერობით გაურკვეველია, რის აშენებას აპირებდნენ შეიმანი და მისი პარტნიორები კინდღში. იმაზე, რომ ისინი არ აპირებენ მიწის უკან დაბრუნებას, ირიბად მიუთითებს მიწის გადასახადის რეგულარული დაფარვა: 2023 წლის 9 თვის განმავლობაში „ჟემჩუჟინა 2010“-ს დაახლოებით 4 ათასი დოლარი აქვს გადახდილი.
„ამასთან, ამ ნაკვეთის ღირებულება შეიძლება იყოს მილიონობით დოლარი. სოფელ კინდღის მახლობლად მისი ფასი იცვლება ზღვასთან სიახლოვის მიხედვით. მაგალითად, ნაპირიდან 100 მეტრში 1 ჰექტარი მიწა 31 მილიონ რუსულ რუბლად (დაახლოებით 320 ათას დოლარად) იყიდება. ამ ხარჯიდან გამომდინარე, შესაძლებელია ვარაუდი, რომ 20 ჰექტარი ფართობი დაახლოებით 6,4 მილიონი დოლარი დაჯდება. „ჟემჩუჟინა 2010“ მდებარეობს უშუალოდ შავი ზღვის სანაპიროზე და, სავარაუდოდ, მისი ფასი კიდევ უფრო მაღალია“, - წერენ ბელარუსის საგამოძიებო ცენტრის (Belarusion Investivgative Center) ჟურნალისტები.