რამდენიმე დღის წინ, რადიო თავისუფლებას რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან დაუკავშირდნენ. იქ მცხოვრებმა ადამიანმა, რომელმაც მისივე უსაფრთხოების გამო, ანონიმად დარჩენა გვთხოვა, გვითხრა, რომ გულრიფშის რაიონში მდებარე ძველი ქრისტიანული ტაძრის, დრანდის იერსახე რუსული გავლენის ქვეშ გამოუსწორებლად იცვლება. ტერიტორიაზე მშენებლობა დროდადრო ისევ გრძელდება, რაც დრანდას მის თავდაპირველ, ავთენტიკურ სახეს საბოლოოდ დაუკარგავს და მას, ფაქტობრივად, რუსულ სამონასტრო ცენტრად აქცევს.
დრანდის ტაძრის საკითხი ქართულ და აფხაზურ სამეცნიერო წრეებში ბოლოს 2014 წელს გახდა აქტუალური. მაშინ, ეს თემა სოხუმის კულტურის ცენტრშიც კი განიხილეს. მეცნიერები შეშფოთებულები იყვნენ, რომ ე.წ. რეკონსტრუქციამ შეიწირა დრანდის ეკლესიის მე-7 საუკუნით დათარიღებული უნიკალური სანათლავი ემბაზი.
აფხაზმა მეცნიერებმა ჯერ კიდევ მაშინ დაანაშაულეს ილორისა და დრანდის ტაძრების მღვდლები უნებართვო მშენებლობასა და უძველესი სალოცავისადმი უყურადღებო დამოკიდებულებაში. მოითხოვდნენ, რომ უძველეს ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოები სპეციალისტებს წარემართათ. თუმცა მას შემდეგაც, როგორც ჩვენი წყაროც გვეუბნება, ეკლესიის ტერიტორიაზე მშენებლობების, „ტერიტორიის მოწესრიგების“, გათხრების პროცესი არ შეწყვეტილა.
2014 წლის შემოდგომაზე საქართველოს პარლამენტშიც მსჯელობდნენ იმაზე, თუ რა სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლების უმრავლესობას, მათ შორის დრანდას და როგორ მიზანმიმართულად იშლებოდა იქ ქართული ისტორიული კვალი.
დაახლოებით ერთი წლის წინ, იუტუბის არხზე გამოქვეყნებულ ამ ფილმშიც - სახელწოდებით „ცხოვრება დრანდის მონასტერში“, მღვდელი ანდრეი სტრუცკი და მისი მრევლი - ე.წ. ტრუდნიკები (ეკლესიაში ნებაყოფლობით მუშაკები - რ.თ) ჰყვებიან, როგორ შეცვალეს იქაურობა უკეთესობისკენ, როგორ გადარჩა ტაძარი, როგორ გაკეთდა სადრენაჟო სისტემა, როგორ აღარ სველდება კედლები, როგორ ამოთხარეს ძველი საფლავები და სხვაგან გადაიტანეს.
ჩვენ ვეცადეთ აფხაზეთშიც მოგვეკითხა, რა ხდება დღეს ტაძრის ტერიტორიაზე და გრძელდება თუ არა იქ თვითნებური სამშენებლო სამუშაოები. გვაინტერესებდა აფხაზი ხელოვნების ისტორიკოსების აზრიც, მათ შორის, იმ ადამიანების, ვინც რამდენიმე წლის წინ დრანდის ბედზე ხმამაღლა ღელავდა, მაგრამ მათგან კომენტარი ვერ მივიღეთ. თუმც კი დაგვიდასტურეს, რომ დღეს ეკლესიის წინამძღვარი თავად წყვეტს, რა უნდა აშენდეს ტაძრის ტერიტორიაზე და ის ამ გადაწყვეტილებებს ადგილობრივ ძეგლთა დაცვის სამსახურთან აღარ ათანხმებს.
რას ვიგებთ ვიდეოდან დრანდის ტაძრის შესახებ?
თითქმის ერთსაათიან ვიდეოში დრანდის ტაძრის ცხოვრებაზე, ვეცნობით ტაძრის წინამძღვარს - მღვდელ ანდრეის, რომელიც, მისივე სიტყვებით, „გამოგზავნილია“ ამ მხარეში, რუსეთის ეკლესიის მიერ და თავის ირგვლივ იკრებს მლოცველებს - უმეტესწილად რუსებს. თუმცა მათ შორის აფხაზებიც არიან.
„აქ ათი წლის წინ მოვხვდი პირველად. გარშემო სულ ნაგავი იყო. გზა არ იყო და ჩვენც გადავწყვიტეთ, აქ ჩამოვსულიყავით და გვეშრომა. თავიდან რვანი ჩამოვედით.... ბავშვებს, ვინც აქ ჩამოდიოდნენ, უნდოდათ, ან სამხედროები გამხდარიყვნენ, ან ექიმები - მათ სურდათ, მშობლებს კი არა, მამა ანდრეის დამსგავსებოდნენ“, - ერთ-ერთი „მშრომელის“ და მრევლის წევრი ქალის ამ მონათხრობით იწყება ფილმი.
„ჩვენი მთავარი ძალა მშრომელები არიან, რომლებიც აფხაზეთიდან და მთელი რუსეთიდან მოდიან აქ, - ამბობს დრანდის წინამძღვარი, - წვიმა რომ მოდიოდა, მუხლამდე წყალი დგებოდა და სადრენაჟო სისტემა უნდა გაგვეკეთებინა“.
შემდეგ ჰყვება, როგორ დაიწყეს ტაძრის გარშემო მიწის მოხსნა და როგორ აღმოჩნდა იქ უამრავი საფლავი. ათასამდე ნეშტი.
„4 წელი ვხსნიდით ამ მიწას ეკლესიის გარშემო, ვიღებდით ფრთხილად, მერე ცალკე ორი მეტრი-ორ მეტრზე ორმოს ვთხრიდით აქვე ახლოს და იქ ვმარხავდით „სკილეტიკებს“. მერე გავაკეთეთ ეს სადრენაჟო სისტემა და ეკლესიაში ნესტის პრობლემაც გადაწყდა“.
ვიდეოში ჩანს, რომ ტაძრის ტერიტორიაზე ახალი ნაგებობები შენდება.
„ეს აბაზანა-სამრეცხაოა. ეს ქალების მხარეა. იქით კაცების. აქ ტუალეტებია“.
ერთ-ერთი შენობა რემონტდება - ვიდეოში ჩანს, როგორ მუშაობენ მის ფასადზე ე.წ. ტრუდნიკები.
მერე ბავშვების ჯგუფი ჩნდება, რომლებიც რიგში მწყობრად დგანან და მოიმღერიან: „ჩვენ არ გვეშინია შრომის“...
„საუზმეზე ყველას თავის დავალებას ვაძლევ და დღის განმავლობაში ვაკონტროლებ როგორ ასრულებენ“, - ამბობს ანდრეი სტრუცკი.
„დასასვენებელი ბანაკი“? - რა ჩანს ვიდეოში ასახული „აღმშენებლობითი“ პროცესის უკან
ეს ვიდეო ნანახი ჰქონდა ისტორიის დოქტორს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორს, ლია ახალაძეს, რომელსაც ვიდეოს შინაარსის შეფასება ვთხოვეთ.
„ვხედავთ, რომ იქ, სადაც საუკუნეების მანძილზე არსებობდა ქართული საეპისკოპოსო, რუსულ-აფხაზურ სამონასტრო ცენტრს ქმნიან მაშინ, როდესაც საეკლესიო იურისდიქციით, აფხაზეთი და სამურზაყანო შედის საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში და წარმოადგენს პირადად საქართველოს პატრიარქის სამწყსოს“, - გვითხრა ლია ახალაძემ.
მისი ყურადღება მიიქცია მონასტერში გახსნილმა სახელოსნომ და კაფე-ბარის ტიპის დაწესებულებამ, რომელსაც ემსახურებიან მლოცველები და აღნიშნა, რომ მონასტრის ტერიტორიაზე ამ ტიპის დაწესებულების არსებობა დაუშვებელია:
„მონასტრის ეზოში, თითქოს ერთ-ერთი შენობის რესტავრაცია მიმდინარეობს, სინამდვილეში ეს არის შენობის რემონტი თანამედროვე საშენი მასალებით. რესტავრაცია ნიშნავს ძველი ტაძრის, შენობის თავდაპირველი იერსახის შენარჩუნებას იმავე სამშენებლო მასალებით, მეთოდებითა და ტექნოლოგიებით, რომლითაც ის თავის დროზე აიგო. ტაძრის ირგვლივ მიდის უკანონო მშენებლობები, რომლის დროს აღმოჩნდა ეკლესიის ეზოში დასაფლავებული საეკლესიო პირებისა და აფხაზთა და ოსმალთა შემოსევების დროს, მონასტრის დაღუპულ დამცველთა ძვლები, რომლებიც ერთ სამარხში მოათავსეს, რაც კანონიკური სამართლის მიხედვით დაუშვებელია“, - გვეუბნება ლია ახალაძე.
ისტორიკოსს ასევე დაუშვებლად მიაჩნია მონასტრის ეზოში ნებადაურთავი მიწის სამუშაოების წარმოება და ამბობს, რომ ამ პროცესში ნაპოვნი ნივთები უნდა გადაეცეს მუზეუმს და ისინი არქეოლოგებმა, ხელოვნებათმცოდნეებმა, პალეოგრაფებმა და სხვა დარგის მეცნიერებმა უნდა შეისწავლონ.
„არქეოლოგიური გათხრებით უნდა დადგინდეს, რამდენად მნიშვნელოვანია საუკუნეების მანძილზე არსებული საეპისკოპოსოს ისტორიის შესწავლისთვის ტაძრის ირგვლივ მიწისქვეშა არქეოლოგიური ზოლი. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო სამონასტრო ცხოვრებისთვის საჭირო სამუშაოები. ამ ვიდეოდან კი ჩანს, რომ დრანდის მრავალსაუკუნოვანი ქართული საეპიკოპოსო კათედრის ტაძარი და მის ირგვლივ სამონასტრო სივრცე, დღეს გადაქცეულია დასასვენებელ ბანაკად“.
ისტორიკოსი შენიშნავს, რომ ტაძარში ღვთისმსახურების აღდგენა ტაძარს კი ფიზიკურად გადაარჩენს, მაგრამ მის გარშემო მიმდინარე სამუშაოები და ე.წ. რესტავრაციები მას თავდაპირველ სახეს უკარგავს.
დრანდის ტაძრის ისტორია - მოკლედ
სოხუმიდან 18 კილომეტრში მდგარი დრანდის ეკლესია, როგორც ლია ახალაძემ გვიამბო, ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა და ხელოვნების ისტორიკოსმა გიორგი ჩუბინაშვილმა მცხეთის ჯვრის ტიპის ტაძრად მიიჩნია, რომელშიც ქართულ-ბიზანტიური ხუროთმოძღვრული ფორმები გვხვდება. ტაძარი დათარიღებულია VI-VIII საუკუნეებით. საეპისკოპოსო კათედრა იქ X საუკუნიდან არსებობდა.
დრანდის ტაძარი რამდენჯერმე გადააკეთეს. მათ შორის, რუსეთის იმპერიამ მე-19-მე-20 საუკუნეების მიჯნაზე ტაძრის „რესტავრაციის“ დროს მას ფორმები შეუცვალა.
მე-19 საუკუნეში, ქართველი ისტორიკოსისა და ეთნოგრაფის, დიმიტრი ბაქრაძის იქ მოგზაურობის დროს, ტაძარში ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო ფრესკული მოხატულობა, რომელიც, სავარაუდოდ, „რუსული რესტავრაციის“ დროს განადგურდა.
მე-20 საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს, არიტექტორ-რესტავრატორ ვახტანგ ცინცაძის ხელმძღვანელობით, ტაძარს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები, ძეგლი გაიწმინდა და ის თავდაპირველი სახით აღადგინეს.
დრანდის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, აღიარებულია საქართველოს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად, რაც ნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ძეგლზე მუშაობა, აღდგენა-რესტავრაცია, არქეოლოგიური სამუშაობის ჩატარება და ა.შ. შეუძლებელია განხორციელდეს საქართველოს ოფიციალური ნებართვის გარეშე.
„მიუხედავად ამისა, დღეს, რუსული ოკუპაციის პირობებში, ტაძარი კიდევ ერთხელ „გარემონტდა“ და გადაკეთდა, სანათლავი ემბაზი და მისი მიმდებარე ადგილები მეტლახით მოაპირკეთეს, რამაც ტაძარს დაუკარგა ავთენტურობა. ტაძარი მთლიანად გადათეთრებულია რუსული საეკლესიო ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელი თეთრი ფერით“, - ამბობს ლია ახალაძე.
2006 წელს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, დრანდის ტაძარს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
2011 წელს კი, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ 40-მდე ტაძარი, მათ შორის დრანდაც, ე.წ. აფხაზურ ეკლესიას უვადო სარგებლობაში გადასცა.
„ეს უკვე დაკარგული ისტორიაა“
„მთავარი პრობლემა როგორც დრანდის, ისე აფხაზეთში მდებარე სხვა ტაძრების შემთხვევაშიც, არის ის, რომ ყველაფერი გადადის რუსულ ყაიდაზე და ეს აფხაზეთშიც ბევრისთვის მიუღებელია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას კონფლიქტოლოგმა, თანასწორობის საკითხებში საქართველოს ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა.
მისი აზრით, ტაძარი დანგრევას და ნესტს შესაძლოა ისე გადაარჩინო, რომ იერსახე არ შეუცვალო, თუმცა დრანდა, - გვეუბნება პაატა ზაქარეიშვილი, - მკაფიო მაგალითია იმისა, რომ რუსეთის ეკლესიას სურს მოსახლეობას დაუკარგოს მეხსიერება აფხაზეთის ტაძრების მიმართ და შეუქმნას განცდა, რომ ეს არის რუსული კულტურის ნაწილი.
„რაც შეეხება ასობით საფლავის ამოთხრას და წესების დაუცველად, ნეშტების ჩაყრას ერთ ორმოში, ეს ამბავი მეც ცოტა ხნის წინ გავიგე და ნამდვილი ვანდალიზმი მგონია. არქეოლოგია ხომ იმიტომ არსებობს, რომ ასეთ დროს ხდება ძვლების პატივისცემით დალაგება, გაწმენდა, კვლევა. რამდენი რამის გაგება შეიძლებოდა ასეთ შემთხვევაში. რამდენი მასალა შეემატებოდა ისტორიას, მედიცინას, არქეოლოგიას. ეს უკვე დაკარგული ისტორიაა“.
რა იცის დრანდაში მიმდინარე სამუშაოების შესახებ საქართველოს საპატრიარქომ და როგორია მისი პოზიცია?
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გვითხრა, რომ აფხაზეთიდან მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ დღეს ტაძარში სამშენებლო სამუშაოები არ მიდის, რომ ტაძარი კეთილმოეწყო (აღარ არის ტალახი და არ ჩადის წყალი), რომ მღვდელმსახურებას რუსი მღვდელი უძღვება და იქ ყოველთვის ხალხმრავლობაა.
„სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ბერკეტი, რომ ვიმოქმედოთ. შეშვებით, ცხადია, ჩვენ იქ არ გვიშვებენ. თუ იქ დღეს მოსკოვის საპატრიარქოს სასულიერო პირი მსახურობს, ესეც დარღვევაა, რადგან ეს ტერიტორია ჩვენი იურისდიქციის ქვეშაა. რაც შეეხება საფლავებს, ძველი, უსახელო საფლავების აღმოჩენის შემთხვევაში, მათი სხვა ადგილას გადატანა და მოწესრიგება დარღვევად არ ითვლება, თუმცა, იმასაც გააჩნია, რა მდგომარეობაში იყო ეს საფლავი. თუ ასეთ დროს მოტივაცია ქართული კვალი წაშლა და გაქრობაა, ეს, რა თქმა უნდა, დანაშაულია“.
დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჩვენთან საუბარში ისიც გაიხსენა, რომ წლების წინ, როდესაც ჯერ კიდევ იმართებოდა შეხვედრები მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს შორის, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ არაერთხელ დასვა ეს საკითხი - მაშინ, ამ საუბრების დროს, რუსეთის ეკლესიის არგუმენტი იყო, ჩვენ თქვენს იურისდიქციას ვცნობთ და პოლიტიკურად რომ იყოს ეს საკითხი მოგვარებული და იქ გიშვებდნენ, ჩვენ არანაირი პრეტენზია არ გვექნებოდა, მაგრამ რაკი თქვენ იქ ვერ შედიხართ, ხალხს ხომ სჭირდება ლოცვა, ზიარება, აღსარება, ასე ხომ არ დავტოვებთო.
„როცა ჩვენ ვეუბნებოდით, რომ იქ თქვენი იურისდიქციის ქვეშ მყოფი მსახური ასრულებს წესებსო, პასუხი იყო - ეს ჩვენი კურთხევით არ ხდება, ალბათ ვიღაც თვითნებურად არის ჩასულიო. ფაქტია, დღეს დრანდის ტაძარში რუსულად მიდის მღვდელმსახურება. არ ვიცი, რამდენად მუდმივია ეს, მაგრამ პერიოდულად რომ ეს ხდება, ეს ზუსტად ვიცით“.
დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ასევე გვითხრა, რომ კიდევ უფრო გამოხატული პრობლემა არსებობს სამაჩაბლოს ტერიტორიაზე, სადაც მათ გარეშე ააშენეს ახალი ეკლესია და აკურთხეს კიდეც: „ეს საერთოდ გაუგონარი რამ არის, როცა სხვის იურისდიქციაში მყოფ ტერიტორიაზე ეკლესიას აკურთხებ, მაგრამ აქაც გვიპასუხეს, ეს ბაზის ტერიტორიაა, ეკლესია ბაზაზე ავაშენეთო“, - უთხრა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ რადიო თავისუფლებას.
ასევე ნახეთ ოკუპირებული მემკვიდრეობა - რა მოსდის ძეგლებს ომის შემდეგ