8 აპრილს, თბილისში, ლერმონტოვის ქუჩაზე სახლი ჩამოინგრა და ნანგრევებში 3 მუშა მოყვა.
„დაზღვეული არავინაა, რაც არ უნდა უსაფრთხოების წესები დაიცვა, ხდება ხოლმე ასეთი შემთხვევები, სამწუხაროდ“, - თქვა ქალაქის მერმა, კახა კალაძემ ამ შემთხვევის შემდეგ და დაამატა, რომ დაშავებული მუშები იმ კომპანიას ჰყავდა დაქირავებული, რომელიც ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობს.
მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის მერი ამბობს, კომპანიები, რომლებსაც ქალაქის ძველი უბნების რეაბილიტაციას ვანდობთ, ყველაზე გამოცდილები არიან და დასაქმებულების უსაფრთხოების ზომებსაც მაქსიმალურად იცავენო, ადგილობრივი მოსახლეობა თვლის, რომ ლერმონტოვის 3 ნომერში მდებარე შენობის ნგრევა „იმ არაპროფესიონალური და რისკების გათვლის გარეშე წარმოებული სამუშაოების შედეგია, რასაც თბილისის მუნიციპალური ფონდი გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის სახელით უკვე რამდენიმე წელია აწარმოებს“.
„არსებული უსაფრთხოება არის ფიქტიური და ნომინალურად ემსახურება მხოლოდ უფროსი ხელმძღვანელობის ვიზიტებს, დანარჩენი პერიოდი ხალხი დადის ღამე, სამშენებლო ნაგვით სავსე ბნელ ქუჩებში, სადაც ტალახში და ღრმულებში ვარდებიან და ზედ, საუკეთესო შემთხვევაში, ხან მტვრის (შენობები არ არის შეფუთული) და ხან მძიმე ნარჩენების დაცემას არიდებენ თავს. ბავშვები კვლავ შთანთქავენ სამშენებლო მტვერს, მოწყვეტილები ელემენტარულ სუფთა ჰაერით სუნთქვის უფლებას. და ეს ყველაფერი მერიის დაკვეთით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, სადაც მოსახლეობა 2007 წლიდან აგრძელებს მეამბოხე რეჟიმში ცხოვრებას. პროექტი კი, რომელიც მთლიანობაში უნდა მომსახურებოდა ტურიზმის განვითარებას, უკვე მეხუთე წელია მიმდინარეობს და ბოლო მას არ უჩანს“, - ჩივის ნატალია იანჩუკი, რომელიც ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ადგილობრივების კომუნიკაცია წლიდან წლამდე რთულდება და კითხვებზე, რომელსაც პროცესი აჩენს, პასუხებს ვერ იღებენ.
გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია რამდენიმეწლიანი სამოქალაქო აქტივიზმის შედეგად ქალაქის ხელმძღვანელობამ რამდენიმე წლის წინ დაიწყო. 2018 წლის გაზაფხულზე ითქვა, რომ 50 მილიონის ღირებულების პროექტი 2019 წლის ბოლოს დასრულდებოდა და რეაბილიტაციის ფარგლებში 30-მდე შენობა სრულად აღდგებოდა. ადგილობრივები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში უყურებენ, როგორ მიმდინარეობს რეაბილიტაცია, დღეს უკვე ხმამაღლა საუბრობენ იმ დიდ და პატარა ხარვეზებზე, რაც ამ პროცესს თან ახლავს.
ნატალია იანჩუკი, რომელიც ახოსპირელის მესამე ჩიხში ცხოვრობს, რეაბილიტაციის თანხმლები პრობლემების და დარღვევების ჩამოთვლისას აქცენტს რამდენიმე საკითხზე აკეთებს:
- რეაბილიტაციის პროცესი დუნედ და ნაკლებკვალიფიციურად მიმდინარეობს. თუკი საგანგებო მდგომარეობის შემოღებამდე რიგ დღეებში აქ თითქმის არავინ მუშაობდა, საგანგებო მდგომარეობის დროს გამალებულად მიდის შენობების დემონტაჟი;
- გაწელილი სამუშაოები, რაც გულისხმობს ადგილობრივი მცხოვრებელების სამშენებლო მტვრისა და ხმაურის ქვეშ ცხოვრებას, ზიანს აყენებს მათ.
- მას შემდეგ, რაც გუდიაშვილის მოედანი კონსერვაციის ზონად გამოცხადდა, რამდენჯერმე შეიცვალა სარეაბილიტაციო ნაგებობების დასახელება და რაოდენობა; ასევე საკონსერვაციო გეგმის არეალი. ერთიანი პრინციპი და ლოგიკა შენობების ჩანაცვლებაში არ ჩანს.
- თბილისის განვითარების ფონდი, რომელიც პროექტის განხორციელებაზეა პასუხისმგებელი, ადგილობრივებთან დიალოგის გარეშე იღებს გადაწყვეტილებებს და როცა მოსახლეობა კითხვებს სვამს ან შეხვედრას ითხოვს, პასუხს ვერ იღებს.
- თბილისის განვითარების ფონდი რამდენიმე წელია აღარ აქვეყნებს გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით სატენდერო მასალებს, რაც პროცესისთვის თვალყურის დევნებას ართულებს.
- მოსახლეობის ნაწილი ჯერაც რჩება ავარიულ სახლებში და სიცოცხლის რისკის ქვეშ ცხოვრობს გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე ნაგებობებში.
იმას, რასაც ადგილობრივები ჩივიან, ადასტურებს თბილისის განვითარების ფონდის დოკუმენტაცია და ქალაქის ხელმძღვანელობის საჯარო განცხადებები. ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებულ საეჭვო საკითხებზე, მათ შორის, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციისთვის სამშენებლო სამუშაოების პირდაპირი წესით შესყიდვაზე, საუბარია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშშიც. საია მიუთითებდა იმაზეც, რომ გუდიაშვილის მოედანზე სამუშაოს ასრულებს მეტწილად არაკვალიფიციური პერსონალი, რაც მშენებლობის ხარისხსა და ვადებზე აისახება. წინასწარი შეთანხმების და გაფრთხილების მიუხედავად, სამშენებლო სამუშაოს პროცესში, ბეტონის ჩასხმის შედეგად, დაზიანდა და განადგურდა არქეოლოგიური ფენების ნაწილი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საუბრობდა იმაზეც, რომ დაბალია ინტერესი აღმოჩენილი არქეოლოგიური ფენების და არტეფაქტების მიმართ. სამუშაოები არქეოლოგების მეთვალყურეობის გარეშე მიმდინარეობს, გუდიაშვილის მოედანზე აღმოჩენილი მასალების მუზეუმის პროექტის შესახებ საუბრები შეწყვეტილია.
2015 წლის ნოემბერში, როცა ქალაქის მმართველობამ გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა, ითქვა, რომ გამაგრდებოდა 35 ნაგებობა.
„ჩვენ ვახორციელებთ 35 სახლის გამაგრებას, რომლის შემდეგაც დავიწყებთ მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციას. დეკემბრამდე დასრულდება სამუშაოების პირველი ეტაპი და ამის შემდეგ დაიწყება სრული რეაბილიტაცია“, - თქვა მაშინ ლაშა აბაშიძემ, ქალაქის ვიცე-მერმა. ამ დროისთვის ამბობდნენ, რომ 35 სახლიდან 11 მისამართზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა.
ამ დროს შეიქმნა დოკუმენტი, რომელშიც გუდიაშვილის მოედნის კონსერვაციის გეგმის პროექტის შედგენაზე საკონკურსო პირობებს მოიცავს და სადაც ჩამოთვლილია ის 30 ობიექტი, რომელიც პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდებოდა. აქვეა მოცემული საკონსერვაციო გეგმის არეალი, სადაც მკაფიოდ ჩანს პირველ და მეორე ეტაპზე შესასრულებელი სამუშაოების საზღვრები:
კონსერვაციის გეგმა “იკომოს საქართველომ” მოამზადა და, როგორც მასში ვკითხულობთ, გეგმა 4 ჰექტარზე განთავსებულ 72 შენობას, მათ შორის, 31 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს აერთიანებს.
2019 წლის სექტემბერში ქალაქის მერი 30 შენობის რეაბილიტაციის ნაცვლად უკვე 26 შენობაზე საუბრობდა.
„იცით, რომ ჩვენ გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია გასულ წელს დავიწყეთ. დაახლოებით 14 შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მათ კიდევ დაემატა 12 შენობა-ნაგებობა. საუბარი გვქონდა პრემიერ-მინისტრთან და არის თანხმობა დაფინანსებასთან დაკავშირებით, რაც ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 26 შენობიდან, რომელზეც მე ვსაუბრობ, 22 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია“, - თქვა კახა კალაძემ 2019 წლის 19 სექტემბერს. ამ დროისთვის გადაწეულია პროექტის დასრულების ვადაც. 2019 წლის ბოლოს ნაცვლად სახელდება 2020 წლის შემოდგომა.
2020 წლის იანვარში მერის განცხადებებიდან ცხადი ხდება ის, რომ გაიზარდა პროექტის თავდაპირველი ღირებულება და ის თავდაპირველად ნათქვამი 50 მილიონი ლარის ნაცვლად 62 მილიონი ლარი გახდა. პროექტის დასრულებამ 2020 წლის შემოდგომიდან წლის ბოლომდე გადაიწია.
ადგილობრივები ამბობენ, რომ კარგ შემთხვევაში, დათქმული დროისთვის 9 შენობა შეიძლება დასრულდეს. მშენებლობის გაწელილ პროცესში კი კიდევ უფრო დაინგრა და დაზიანდა სხვა მნიშვნელოვანი შენობები, რომელიც გუდიაშვილის მოედნის გარშემო მდებარეობს.
ასე მიმდინარეობდა სამუშაოები 8 აპრილს გუდიაშვილის მოედნის მიმდებარედ, საგანგებო მდგომარეობის პირობებში.
Your browser doesn’t support HTML5
რადიო თავისუფლება შეეცადა, თბილისის მერიისგან გაეგო 8 აპრილს დაშავებული მუშების ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია. თბილისის განვითარების ფონდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს შსს იძიებს.