როგორ იმოქმედებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები ვაშინგტონის პოლიტიკაზე ირანის მიმართ?

ისლამური რესპუბლიკის მხარდამჭერებმა დაწვეს აშშ-ის დროშა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების მიმართ პროტესტის ნიშნად,  დაეტოვებინა 2015 წლის ბირთვული შეთანხმება.  თეირანი, 2018 წლის მაისი.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს ვაშინგტონის პოლიტიკაზე ირანის მიმართ.

ანალიტიკოსების აზრით, კამალა ჰარისს სურს, თავი წარმოაჩინოს, როგორც სანდო ლიდერმა, რომლის პოლიტიკა ასახავს ამერიკელთა უმრავლესობის აზრს, ხოლო დონალდ ტრამპის არაპროგნოზირებადობამ ის ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება წაიყვანოს.

აშშ-ის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებს, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ვაშინგტონის პოლიტიკაზე ირანში.

ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, სავარაუდოდ, გააგრძელებს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დიპლომატიაზე ორიენტირებულ პოლიტიკას, ამბობენ ექსპერტები.

ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, შეიმუშავა „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკა თავისი პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს და უფრო მოსალოდნელია, რომ ე.წ. ქორული აირჩიოს, ამბობენ ანალიტიკოსები.

ჰარისის გათვლილი სიხისტე?

ოქტომბრის დასაწყისში, ჰარისმა წარბის აწევით დაასახელა ირანი ვაშინგტონის „უდიდეს მოწინააღმდეგედ“ რუსეთსა და ჩინეთზე წინ.

ალექს ვატანკა, ირანის პროგრამის დირექტორმა ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტში, ამბობს, რომ მისი კომენტარები პირდაპირ არ უნდა იქნეს გაგებული. ჰარისმა თქვა ის, „რაც უნდა ეთქვა“ აშშ-ის საშინაო პოლიტიკის გამო და პროისრაელური ლობის დასამშვიდებლად.

დამკვირვებლები აცხადებენ, რომ კამალა ჰარისის „ქორული” კომენტარები ირანის შესახებ, კამპანიის დროს პირდაპირ არ უნდა გავიგოთ.

ჰარისის კამპანიას სურს, „ის გარკვეულწილად ტრამპის მარჯვნივ დააყენოს ისეთ საკითხებში, როგორიცაა ირანი“, თქვა გრეგორი ბრიუმ, აშშ-ში დაფუძნებული Eurasia Group-ის უფროსმა ანალიტიკოსმა.

ჰარისი, „სავარაუდოდ, გააგრძელებს ბაიდენის მიდგომას, განაგრძობს დიპლომატიას დიდი დათმობების შეუთავაზებლად და სიფრთხილეს გამოიჩენს, რომ ზედმეტად ბევრი არ გააკეთოს და უარყოფითი რეაქცია არ გამოიწვიოს ქვეყნის შიგნით“, - ამბობს ბრიუ.

ექსპერტების თქმით, კონფლიქტმა ახლო აღმოსავლეთში, სადაც ისრაელი ღაზის სექტორსა და ლიბანში ომს აწარმოებს შეიარაღებულ დაჯგუფებებთან, რომელთაც ირანი უჭერს მხარს, შეიძლება აფიქრებინოს ჰარისს უფრო აგრესიული პოლიტიკის შემუშავება თეირანის მიმართ.

ექსპერტები თვლიან, რომ დიპლომატია თეირანთან დარჩება შესაძლო ვარიანტად, მაგრამ ნებისმიერი მოლაპარაკება, დიდი ალბათობით, ორიენტირებული იქნება რეგიონულ საკითხებზე და არა ირანის ბირთვულ პროგრამაზე.

რას აირჩევს ტრამპი, დიალოგს თუ განზე გადგომას?

თავისი პრეზიდენტობისას, 2017-2021 წლებში, ტრამპმა აშშ გამოიყვანა თეირანსა და მსოფლიო სახელმწიფოებს შორის ბირთვული შეთანხმებიდან, კვლავ მძიმე სანქციები დაუწესა ირანს და ბრძანა ირანელი უმაღლესი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მოკვლა.

თუმცა გაურკვეველია, გაჰყვება თუ არა ტრამპი „ქორულ” პოლიტიკას“ ირანის მიმართ, მისი ხელახლა არჩევის შემთხვევაში, ამბობენ ექსპერტები და აღნიშნავენ ყოფილი პრეზიდენტის არაპროგნოზირებადობას.

თავისი პრეზიდენტობის პერიოდში დონალდ ტრამპი ატარებდა „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკას ირანზე

წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ტრამპმა მტკიცებულებების გარეშე განაცხადა, რომ ირანი მონაწილეობდა ბოლო დროს მის წინააღმდეგ განხორციელებულ მკვლელობის მცდელობებში და დაიმუქრა, რომ ქვეყანას „გააცამტვერებდა“.

თუმცა ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს ისიც თქვა, რომ ღიაა ირანთან მოლაპარაკებებისთვის, მათ შორის, ბირთვული შეთანხმების შესახებაც.

ბრიუს თანახმად, ტრამპის პრეზიდენტობის დროს, თეირანის მიმართ დიპლომატიის შესაძლებლობაც შემცირდება და ინტერესიც.

მისი თქმით, რესპუბლიკელებს შორის „მეტი მზადყოფნაა, აიტანონ ირანის მიმართ საომარი მოქმედებები“, განსაკუთრებით 26 ოქტომბერს, ისრაელის მხრიდან, ისლამურ რესპუბლიკაზე პირველი, ღია თავდასხმის შემდეგ. მაგრამ იმის ალბათობა, რომ აშშ-ს ჩაითრევენ ომში ირანის წინააღმდეგ, ნაკლებია.

ვატანკას ძნელად თუ წარმოუდგენია, რომ „აშშ-ის ისტორიის ამ ეტაპზე ამ ქვეყნის რომელიმე პრეზიდენტი დიდ ომს გეგმავდეს“.

ვატანკა ფიქრობს, რომ ირანი შეიძლება მეტად იყოს მზად ტრამპთან მოსალაპარაკებლად, რადგან ყოფილ პრეზიდენტთან საქმის დაჭერა უფრო იოლია, „თუ მის ეგოს გამოიწვევთ“.

მთლიანობაში, ირანის მიმართ ამერიკის პოლიტიკა, თუ ჰარისი იქნა პრეზიდენტი, უფრო იქნება „ამერიკის ძირითადი აზროვნების და ინსტიტუციური კონსენსუსის ამსახველი“, ხოლო ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში ის დაეყრდნობა „ერთი ადამიანის ინტუიციასა და გუმანს“.