როგორ ითქვა უარი სიკვდილით დასჯაზე

1997 წლის ნოემბერში, როცა საქართველო აღნიშნავდა ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 160 წლისთავს, პარლამენტმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება: 11 ნოემბერს მხარი დაუჭირა პრეზიდენტის ინიციატივას, სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიების - სიკვდილით დასჯის სრული გაუქმების შესახებ. 1996 წლიდან, ფაქტობრივად, ისედაც შეჩერებული იყო სასიკვდილო განაჩენის აღსრულება, კანონის მიღებამდე ოთხი თვით ადრე კი, 1997 წლის 25 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა ყველა, 54-ვე სიკვდილმისჯილი, რომლებიც განაჩენის „სისრულეში მოყვანას“ მრავალი წლის განმავლობაში ორთაჭალის ციხის საკნებში ელოდნენ. როგორც მაშინდელი ქართული გაზეთები წერდნენ, სიკვდილით დასჯის გაუქმებამ უმუშევარი დატოვა შს სამინისტროს სამი შტატიანი ჯალათი.

ილიას ოცნება

1997 წლის ნოემბრის ქართული პრესის ფურცლებზე ილია ჭავჭავაძისა და სიკვდილით დასჯის გაუქმებისადმი მიძღვნილ სტატიებს, ირიბად თუ პირდაპირ, ერთმანეთთან აკავშირებდა როგორც ილიას განსაკუთრებული დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, ასევე ილიას ქვრივის, ოლღა გურამიშვილის საქვეყნოდ ცნობილი შუამდგომლობა, არ დაეხვრიტათ ილიას მკვლელები, რომელთა ნაწილს მეფის რუსეთის სამხედრო სასამართლომ სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტა.

„სიცოცხლეში ჩემმა ქმარმა მთელი თავისი სულიერი ძალ-ღონე, ღვთის მიერ მასზე მოვლენილი მაღალი ნიჭი შესწირა ადამიანის სულში ადამიანურ გრძნობის, კაცთა შორის სიყვარულის განმტკიცებას. მე ღრმად მრწამს, დღეს რომ ჩემი ქმარი ცოცხალი იყოს, შეუნდობდა იმათ, რომელთაც სასიკვდილოდ გაიმეტეს იგი, და თავის უბედურ, გზა-დაბნეულ ძმებად მიიჩნევდა. დღეს კი ჩემი ქმრის თხოვნა საქართველოს ერის სულიერ ცხოვრებაში, იმის მკვლელთა სიკვდილით დასჯით დაიჩრდილება, ეს საზარელი სასჯელი დაარღვევს იმ ღვაწლს სიყვარულისას, ცხოვრების მასწავლებელ ქრისტეს იმ საუკუნო მცნებას, რომლითაც ცოცხლობდა ჩემი განსვენებული ქმარი, მოგმართავთ თქვენ გულწრფელისა და მხურვალე თხოვნით ნუ დაამტკიცებთ სასამართლოს განაჩენს ამ უბედურთა სიკვდილით დასჯის შესახებ“, - წერდა ოლღა გურამიშვილი.

ოლღა გურამიშვილი და ილია ჭავჭავაძე

ცნობილია, რომ ილია ჭავჭავაძე, როგორც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრი, ენერგიულად იბრძოდა რუსეთის იმპერიაში სიკვდილით დასჯის კანონის წინააღმდეგ. სწორედ ილიას პოლიტიკური მრწამსითა და ჰუმანური სულისკვეთებით იყო გაჟღენთილი პარლამენტის მიერ 1997 წლის 11 ნოემბერს ლამის ერთხმად მხარდაჭერილი კანონის პრეამბულა:

გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა". 1997 წლის 11 ნოემბერი

„ხელმძღვანელობენ რა იმ პრინციპით, რომ სიცოცხლე წარმოადგენს უზენაეს ღირებულებას, და აგრეთვე, ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ჰუმანური ტრადიციებით, საქართველოში დემოკრატიის შემდგომი განმტკიცების აუცილებლობით, ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისკენ საქართველოს სწრაფვით, საქართველოში სიკვდილით დასჯის აღსრულებაზე მორატორიუმის მოქმედების გამოცდილებით, საქართველოს აწმყოსა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის შეგნებით, საქართველოს პრეზიდენტი გამოდის ინიციატივით, ხოლო საქართველოს პარლამენტი მხარს უჭერს რა ამ ინიციატივას, აცხადებს სიკვდილით დასჯას გაუქმებულად“.

148 მომხრე, 1 წინააღმდეგი...

საქართველოში სიკვდილით დასჯის გაუქმებას მხარი დაუჭირა IV მოწვევის პარლამენტის 148 დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 1.

ელენე თევდორაძე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ვერ იხსენებს, ვინ იყოს ის ერთი დეპუტატი, რომელიც სიკვდილით დასჯის შენარჩუნებას ითხოვდა, თუმცა კარგად ახსოვს, რომ ამგვარ პოზიციაზე იდგა საქართველოს მაშინდელი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი.

„მუდმივად ვატარებდით სოციოლოგიურ გამოკითხვებს საზოგადოებაში. გვაინტერესებდა, როგორი იყო ხალხის პოზიცია. უცბათ დავიჭირეთ მომენტი, როცა საზოგადოებრივი აზრი იყო 50/50-ზე ანუ მოსახლეობის ნახევარი თანახმა იყო სიკვდილით დასჯის გაუქმებისა. ეს იყო ზურაბ ჟვანიას გუნდის ინტენსიური პროპაგანდის შედეგი. კანონპროექტი მზად გვქონდა, მალევე შევიტანეთ, კენჭი ვუყარეთ და მივიღეთ. ვიმეორებ, მთავარი იყო საზოგადოების განწყობა, რომელიც იმ მომენტში იყო fifty/fifty“, - უთხრა ელენე თევდორაძემ რადიო თავისუფლებას.

ელენე თევდორაძე

საქართველოს IV მოწვევის პარლამენტი 235 დეპუტატისგან შედგებოდა. შესაბამისად, კენჭისყრის ოფიციალური შედეგი სრულად ვერ ასახავს იმ წინააღმდეგობას, რომელიც, სიკვდილით დასჯის გაუქმებასთან დაკავშირებით, იმდროინდელ საზოგადოებაში არსებობდა.

ელენე თევდორაძის თქმით, „სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიების - სიკვდილით დასჯის სრული გაუქმების შესახებ“ კანონის მიღება, როგორც აუცილებელი პირობა, წინ უსწრებდა საქართველოს მიღებას ევროპის საბჭოში, რაც შესაძლებელი გახდა საქართველოს პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას დიდი ძალისხმევით.

ზურაბ ჟვანია: „ჩვენ მხოლოდ ვაგრძელებთ ძველ ტრადიციებს, ვდგავართ იმ ფესვებზე, რომელსაც ქართული დემოკრატიის მდიდარი და მნიშვნელოვანი გამოცდილება ჰქვია. ხელისუფლება დღევანდელ გადაწყვეტილებამდე თანმიმდევრულად მივიდა. ამ გადაწყვეტილებას ჩვენ მთელი საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით ვიღებთ, ვიღებთ იმის დასტურად, რომ ვცხოვრობთ სახელმწიფოსა და საზოგადოებაში, რომელსაც მიაჩნია, რომ თვით სახელმწიფოსაც კი არ აქვს ადამიანის ხელყოფის უფლება“.

ზურაბ ჟვანია

სიკვდილით დასჯის გაუქმებას აქტიურად ლობირებდა მაშინდელი პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილი:

„სიკვდილით დასჯის გაუქმება სახელმწიფოებრივი ოპტიმიზმის და ერის კულტურული დონის გამოვლენაა. არავინ იფიქროს, რომ სიკვდილით დასჯის გაუქმებით ვინმე რამეს პატიობს. სასჯელის ეს ფორმა უვადო თავისუფლების აღკვეთით შეიცვალა, რაც უბრალო სასჯელი არ არის“.

სიკვდილით დასჯის გაუქმების ინიციატივას ენთუზიაზმის გარეშე შეხვდა მაშინდელი ოპოზიციის ნაწილი.

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი: თუ სიკვდილით დასჯას გავაუქმებთ, შესაძლოა იმატოს ლინჩის წესით გასამართლებამ“.

ვ. ახმეტელი, ფრაქცია „იმედი“: „განა უმჯობესი არ არის, ქვეყანაში ისეთი პირობები შევქმნათ, კაცი მკვლელად რომ არ ვაქციოთ?“

ვახტანგ რჩეულიშვილი: „სიკვდილით დასჯის გაუქმება ეს არის ევროსაბჭოს მოთხოვნა იმ ქვეყნისადმი, რომელიც მისი ოჯახის წევრია... იმ ქვეყნებში, სადაც გაუქმებულია სიკვდილით დასჯა, გახლავთ ალტერნატიული დასჯის მწყობრი სისტემა. არც ყველაფრის ევროსაბჭოზე აგება მიმაჩნია მართებულად, რადგან საქართველომ, უმჯობესია, საკუთარი, ეროვნული ინტერესები დაიცვას. ხშირად ნაჩქარევად ვღებულობთ უმნიშვნელოვანეს კანონებს, რაც ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს და შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს მისი სიმწარეც ვიწვნიოთ“.

მიხეილ სააკაშვილი და ნინო ბურჯანაძე

ლევან თედიაშვილი, დეპუტატი: „ამ საკითხს მე რაღაცნაირად სკეპტიკურად ვუყურებ და მეშინია, რომ ჩვენს მიერ გამოტანილი კანონის მერე ხალხში არ დაიწყოს ლინჩის წესის პოპულარიზაცია. არ ვიცი, რატომ ვართ მოწინავეები ყველაფერში და სულ გვინდა ვაჩვენოთ, თითქოს ჩვენ ვართ ყველაზე ჰუმანური და ჭკვიანი ხალხი. რას ვედრებით ამერიკის შეერთებულ შტატებს, სკანდინავიის ქვეყნებს? მოდი, ჯერ მივიდეთ მათ განვითარებამდე და მერე დიდი სიამოვნებით, ვინ არის წინააღმდეგი? ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება ნაადრევია და, ამიტომაც, "პაკაზუხურს" ვეძახი!“

გასული საუკუნის 90-იანი წლების მძიმე კრიმინალური ვითარებისა (1997 წელს მიმდინარეობდა „მხედრიონის“ წევრების ხმაურიანი სასამართლო პროცესი) და სამართალდამცავ ორგანოებში არსებული კორუფციის მაღალი დონის გამო, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი იზიარებდა ოპოზიციური პარტიების შიშებს.

„ადამიანს შვილს, ძმას, მეგობარს რომ მოგიკლავენ და ხედავ, რომ მკვლელი დაუსჯელი დასეირნობს ქუჩაში, ნუთუ ძნელი წარმოსადგენია, რა შედეგს შეიძლება ველოდოთ? სამწუხაროდ, აქ უკვე აღარ მოქმედებს "არა კაც კლა"-ს პრინციპი, ახლა ნახეთ თავების მოჭრაო, ასეთი იყო საზოგადოების წარმომადგენელთა პირველი რეაქცია, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა მოსაზრება, რომ "ხელისუფლებამ სისხლისგან ხელები დაიბანა", - წერდა გაზეთი „ახალგაზრდა ივერიელი“.

შევარდნაძის პოზიცია

ოფიციალურად სწორედ საქართველოს მეორე პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე იყო 1997 წლის 11 ნოემბრის „ისტორიული გადაწყვეტილების“ ინიციატორი, სწორედ მის საკანონმდებლო ინიციატივას დაუჭირა მხარი პარლამენტმა.

„ჩვენი კანონმდებლობის განვითარების ამგვარი ტენდენცია შეესაბამება მსოფლიო ქვეყნების პრაქტიკას, მეტადრე კი ქართული სამართლის ტრადიციებს, მართლმადიდებლურ კულტურას“, - ვკითხულობთ პარლამენტისადმი ედუარდ შევარდნაძის მიერ გაგზავნილ წერილობით მიმართვაში.

ედუარდ შევარდნაძე, საქართველოს მეორე პრეზიდენტი

15 ნოემბერს, კანონის მიღებიდან ოთხი დღის შემდეგ, პრეზიდენტმა შევარდნაძემ ასევე წერილობით მიმართა „ქართველ ხალხს და საქართველოს მოქალაქეებს“. მიმართვა გაზეთმა „საქართველოს რესპუბლიკამ“ გამოაქვეყნა:

„სიკვდილით სასჯელის გაუქმება არის ჩვენი ჰუმანისტი წინაპრების იდეალების ხორცშესხმა, ჩვენი დიდი სახელმწიფოებრივი და სამოქალაქო კულტურის დადასტურებაც და თითოეული ჩვენგანის მაღალი პასუხისმგებლობაც... მოსახლეობას შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ სიკვდილით სასჯელის გაუქმება არავითარ შემთხვევაში არ გახდება თვითნებობის, უსამართლობისა და დამნაშავეობასთან შეგუების საფუძველი. ხელისუფლებისა და სახელმწიფოს უმთავრესი მიზანია ჰუმანიზმისა და კანონიერების პრინციპების განუხრელი დაცვით მყარი კრიმინოგენული, საზოგადოებრივი და პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა. როგორც ქვეყნის პრეზიდენტი და საქართველოს მოქალაქე, ბედნიერი ვარ ამ ჭეშმარიტად ისტორიული გადაწყვეტილების მიღებით და იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოს დღევანდელი და მომავალი ხელისუფლება რეალურად უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის სიცოცხლის ხელშეუხებლობას“.

ე. შევარდნაძის მიმართვა ქართველ ხალხს სიკვდილით დასჯის გაუქმებასთან დაკავშირებით

6 წლის შემდეგ, 2003 წლის აგვისტოში, როცა ედუარდ შევარდნაძის მთავრობა უკანასკნელ თვეებს ითვლიდა (ჟვანია და სააკაშვილი ოპოზიციაში იყვნენ გადასული), მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე შევარდნაძემ განაცხადა, დანაშაულებათა დონის შემცირების მიზნით ქვეყანაში კანონი უნდა გამკაცრდესო:

„რომ არა ევროპის საბჭო, ჩვენ არ გავაუქმებდით სიკვდილის დასჯას. მე ვხედავ, რომ რუსუდან ბერიძე [ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ადამიანთა უფლებების დაცვის საკითხებში] გაკვირვებით მიყურებს, მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ კრიმინალებს აღარ ეშინიათ სასჯელის. ციმბირში ხომ ვერ გავასახლებთ?!“

ედუარდ შევარდნაძის ნათქვამის შერბილება სცადა შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა:

„პრეზიდენტმა არ იგულისხმა, რომ სიკვდილით დასჯა საჭიროა. მან მხოლოდ ხაზი გაუსვა იმას, რომ კანონი უნდა გამკაცრდეს და მე მას სავსებით ვეთანხმები“.

ედურად შევარდნაძე, საქართველოს კომპარტიის ცკ-ს პირველი მდივანი. 1972 წ.

სწორედ ედუარდ შევარდნაძის სახელს, უფრო ზუსტად შევარდნაძის საქართველოს კომუნისტური პარტიის ცკ-ის პირველი მდივნობის პერიოდს უკავშირდება დახვრეტის ყველაზე გახმაურებული საქმე. იგულისხმება 1983 წლის 18 ნოემბერს სამგზავრო თვითმფრინავის გატაცება, რომელიც 1984 წლის 3 ოქტომბერს საქმის ოთხი ფიგურანტის (კახა ივერიელის, პაატა ივერიელის, გეგა კობახიძისა და მამა თეოდორეს) დახვრეტით დასრულდა.

რის გამო ხვრეტდნენ?

საქართველოში სიკვდილით დასჯის აღსრულებაზე მორატორიუმი 1996 წლის 10 დეკემბერს გამოცხადდა. ცნობილია, რომ ბოლო სასიკვდილო განაჩენი, რომელიც სისრულეში იქნა მოყვანილი, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იმავე წლის 16 თებერვალს გამოუტანა ადრე მკვლელობისთვის ნასამართლებ ვ.გ.-ს, რომელმაც მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში ჩაიდინა.

საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსი

1997 წლის 11 ნოემბრის „ისტორიული გადაწყვეტილების“ მიღების წინ, საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 1400-მდე პატიმარი, მათ შორის, 54 სიკვდილმისჯილი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისთვის იყო მსჯავრდებული.

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ვალერი გელბახიანმა, რომელიც 1987 წლამდე საბჭოთა პროკურატურის ორგანოებში მუშაობდა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 1960 წლის 30 დეკემბერს მიღებული საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, სიკვდილით დასჯას (დახვრეტას) დანაშაულის დაახლოებით 33 სახეობა ითვალისწინებდა, 1991 წლიდან აღნიშნულ დანაშაულთა რიცხვი თანდათან შემცირდა 7-მდე:

„სიკვდილით დასჯა იყო დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ მკვლელობაზე, სამშობლოს ღალატზე, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მითვისებაზე (96 პრიმა მუხლი), ასეთად ითვლებოდა 100 ათას მანეთზე მეტი თანხა“.

საბჭოთა კავშირში, რომლის ნაწილი იყო საქართველოს სსრ 1921-1991 წლებში, 1962 წლიდან მოყოლებული გამოტანილ იქნა 24 422 სასიკვდილო განაჩენი, რომელთა უმეტესობა სისრულეში მოიყვანეს.

გაზეთი "კომუნისტი". 1921 წ. N191

საბჭოთა სისხლის სამართლის კოდექსი "გამონაკლისს" უშვებდა არასრულწლოვნებისა და ქალებისათვის, კერძოდ, სიკვდილით დასჯა არ შეიძლებოდა მიესაჯათ იმ პირისათვის, რომელსაც დანაშაულის ჩადენამდე არ შესრულებოდა 18 წელი; ქალისთვის, რომელიც დანაშაულის ჩადენის ან განაჩენის გამოტანის მომენტისათვის ორსულად იყო. გარდა ამისა, სიკვდილით დასჯა არ შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო ქალის მიმართ, რომელიც განაჩენის აღსრულების მომენტისათვის ორსულად იყო.

ვალერი გელბახიანის თქმით, სსრკ-ის დაშლამდე ბოლო ათი წლის განმავლობაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ყოველწლიურად საშუალოდ 6-8 სასიკვდილო განაჩენი გამოჰქონდა.

ვალერი გელბახიანი

„აღსრულებამდე სამი ინსტანცია უნდა გაევლო, შემდეგ განსასჯელს შეეძლო მიემართა საკავშირო უმაღლესი სასამართლოსთვის, მაგრამ, გარდა ამისა, ასევე იყო უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, რომლის მდივანს შეეძლო შეეცვალა განაჩენის სასჯელის ნაწილი“, - ამბობს ვალერი გელბახიანი.

საქართველოში სიკვდილით დასჯის განაჩენის აღსრულება ე.წ. ორთაჭალის ციხეში, სასჯელაღსრულების მე-5 დაწესებულების ადმინისტრაციულ კორპუსში ხდებოდა ყველა ინსტანციის გავლიდან არა უგვიანეს 5 დღეში.

მსჯავრდებულს გამოუცხადებდნენ, რომ მისი თხოვნა შეწყალების შესახებ არ იქნა დაკმაყოფილებული და, რომ განაჩენი კანონიერ ძალაში იყო შესული.

აღსრულების პროცესს ესწრებოდნენ ზედამხედველი პროკურორი, იზოლატორის უფროსი, ექიმი და შემსრულებელი - ჯალათი. სიკვდილით დასჯის - დახვრეტის - აღსრულებისას პატიმარს თავში ესროდნენ „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდან. საბჭოთა კანონმდებლობით, დახვრეტილის გვამი არავითარ შემთხვევაში არ გადაეცემოდა ოჯახის წევრებს. გარდა ამისა, სახელმწიფო ბოლომდე საიდუმლოდ ტოვებდა გვამის დამარხვის ადგილს.

შინსახკომის ჯალათები

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ელენე თევდორაძე ამბობს, რომ 1997 წლის 11 ნოემბერს სწორი და აუცილებელი გადაწყვეტილება იქნა მიღებული:

„ერთ ამბავს მოგიყვებით სიკვდილმისჯილ პატიმარზე. ელოდებოდა სასჯელის აღსრულებას, მაგრამ შევისწავლე მისი საქმე და ყველაფერი გავაკეთე, რათა უზენაეს სასამართლოს განეხილა ხელახლა. უამრავი მასალა შევკრიბე, რაც დაადასტურებდა მის უდანაშაულობას. სასამართლოდან პირდაპირ ციხეში წავედი, მაგრამ ჭლექით გარდაცვლილიყო ისე, რომ ვერ შეიტყო, რომ გამართლდა“.

სასჯელაღსრულების დაწესებულება

1997 წლის 11 ნოემბრიდან სიკვდილით დასჯა შეიცვალა უვადო პატიმრობით, რაც ელენე თოვდორაძის თქმით, ასევე უმძიმესი სასჯელია.

„შევხვედრივარ უვადო პატიმრებს, რომლებიც მარწმუნებდნენ, რომ სიკვდილით დასჯა ერჩივნათ სამუდამო პატიმრობას. მოგვიანებით შევიტანეთ ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში და მივეცით პატიმარს უფლება, რომ 25 წლის შემდეგ მოითხოვოს შეწყალება. გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს, ეს ვადა 15 წლამდე შემცირდა“, - უთხრა ელენე თევდორაძემ რადიო თავისუფლებას.

2019 წლის მონაცემებით, საქართველოში 73 უვადო პატიმარი იხდის სასჯელს.

ისტორიული ფესვები

24 წლის წინ საქართველოს პარლამენტში ისიც ითქვა, რომ სიკვდილით დასჯაზე უარის თქმა ქართული პოლიტიკური აზროვნების ერთ-ერთი უძველესი და უპირველესი იდეაა, რომ ქართული ხალხის სამართლებრივი თვითშეგნების ჰუმანურობაზე ისიც მიუთითებს, რომ სიკვდილით დასჯა („მესისხლეობა“) ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში, თამარ მეფის დროს იყო გაუქმებული.

„თამარი კიდე-მქონებელი ყოვლისავე მესისხლეობისა და მბნელობლობისა და ასოთა მიღებისა, ტაჯგანაგის დაკვრისაც-კი არავისითვის იმეტებდაო“, ვკითხულობთ თამარ მეფის პირველ ისტორიკოსთან.

ივანე ჯავახიშვილი

ზოგადად კი, ქართულ საისტორიო წყაროებში სიკვდილად დასჯის სხვადასხვა საშუალების შესახებ საკმაო ცნობები მოიპოვება: გვქონია „ძელსა ზედა დამოკიდება“ ან მარტივად „ჩამორჩობა“; „თავის მოკუეთა“ და „კლდითგან გარდმოგდება“.

„საერთოდ სიკვდილად დასჯა იშვიათი სასჯელი იყო საქართველოში. ქართული სისხლის სამართლით ასეთი უმაღლესი სასჯელი მარტო მეფისა და სახელმწიფოს ღალატისთვის არსებობდა, აგრეთვე მეფის პირადი საჯარო სიტყვიერი შეურასხყოფისა და მეკობრობისთვის“, - წერს ივანე ჯავახიშვილი თავის თხზულებების VII ტომში.

სიკვდილით დასჯის გაუქმებაზე იზრუნეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობამ და პარლამენტმა. 1921 წლის თებერვალში მიღებული კონსტიტუციის მე-3 თავის („მოქალაქის უფლებანი“) მე-19 მუხლში ვკითხულობთ:

„სიკვდილით დასჯა გაუქმებულია“

ისტორიკოს ირაკლი ხვადაგიანის თქმით, სიკვდილით დასჯის გაუქმების განზრახვა პირველი რესპუბლიკის მესვეურებს პირველი დღეებიდან ჰქონდათ, თუმცა ნიადაგ ომებში ჩართულ ქვეყანას ხშირად უხდებოდა გამონაკლისის დაშვება, რის გამოც დიდი შეხლა-შემოხლა იმართებოდა მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია

რაც შეეხება საბჭოთა საქართველოსა და ქართველ ბოლშევიკებს. როგორც ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, ბოლშევიკები რუსეთიდან პირდაპირ გამზადებული ინსტრუმენტით - წითელი ტერორით დაბრუნდნენ სამშობლოში, სადაც ათასობით ადამიანი დახოცეს პირველივე დღეებში, თუმცა დახვრეტაზე - ტერორის მთავარ ინსტრუმენტზე, არც მომდევნო წლებში უთქვამთ უარი. საბჭოთა კავშირი ისე დაინგრა, რომ მმართველ კომუნისტურ პარტიას სიკვდილით დასჯაზე ხანმოკლე მორატორიუმიც კი არ გამოუცხადებია.