მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილს „ინსტიტუციური კრიზისის მიზანმიმართულად შექმნაში“ სდებს ბრალს და გადაწყვეტილი აქვს, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს. ასეთ შემთხვევაში, „ოცნება“ ეროვნული ბანკის გასაკონტროლებლად ალტერნატიულ გზას გაიკაფავს.
ამ სტატიაში აგიხსნით:
- რატომ არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტი მნიშვნელოვანი;
- რა ხდება სინამდვილეში ეროვნულ ბანკში;
- ვის ან რის გამოა შექმნილი კრიზისი.
ეროვნული ბანკი და მისი პრეზიდენტი
საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ-ი) - სახელმწიფოს ცენტრალური ბანკი - ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და გავლენიანი ინსტიტუციაა. შეიძლება ითქვას, - „მეოთხე ხელისუფლება“.
სებ-ის, - და, შესაბამისად, მისი საბჭოსა და პრეზიდენტის, - გადაწყვეტილებებს შეუძლია, გააუმჯობესოს და გააუარესოს მოქალაქეების ცხოვრება. მაგალითად, როდესაც ისინი მაღალ ინფლაციაზე წუხან, სწორედ ეროვნული ბანკია ის ინსტიტუცია, რომელიც მოქალაქეების უკმაყოფილების სამიზნე უნდა იყოს.
ეროვნული ბანკის ფუნქციებს შორისაა:
- ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა, - უფრო მარტივად, მისი ფუნქციაა, არ დაუშვას ფულის მსყიდველობითუნარიანობის მკვეთრი მერყეობა და შეინარჩუნოს დაბალი ინფლაცია;
- ფინანსური სტაბილურობის ზედამხედველობა , - საფინანსო სექტორის, ბანკების ზედამხედველობა, - რათა ისინი არ გაკოტრდნენ;
- ფულის ბეჭდვა, რაც ასევე მოქმედებს ინფლაციაზე;
- საერთაშორისო რეზერვების მართვა, - რაც მოქმედებს ვალუტის კურსის გამყარება-გაუფასურებაზე.
ეროვნულ ბანკს ყველაზე გავლენიან ინსტიტუციად საკუთარ ხელში ამ და სხვა ბერკეტების კონცენტრაცია აქცევს. ამ გავლენის გათვალისწინებით, საქართველოს კონსტიტუცია ადგენს, რომ ეროვნული ბანკი „თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია“, - დამოუკიდებელი ამა თუ იმ მოთამაშის პოლიტიკური, ფინანსური თუ სხვა სახის გავლენისაგან.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხელფასი საჯარო მოსამსახურეებს შორის გამორჩეულად მაღალია - წლიურად 200 000 ლარზე მეტი (2022 წელს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხელფასმა, გადასახადების ჩათვლით, 214 518 ლარი შეადგინა).
რატომ არ ჰყავს ეროვნულ ბანკს პრეზიდენტი?
ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს უფლებამოსილების ვადა 2023 წლის 2 მარტს ამოეწურა, - ზუსტად 7 წლის თავზე მისი ამ პოზიციაზე დამტკიცებიდან.
მოქმედი წესით, სებ-ის ახალი პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებიდან ერთ-ერთი უნდა გახდეს.
სებ-ის საბჭო არის ამ უწყების უმაღლესი და, ამავე დროს, საზედამხედველო ორგანო. მას საუკეთესო შემთხვევაში 9 წევრი უნდა აკომპლექტებდეს. 9 წევრს შორის არის ბანკის პრეზიდენტიც (ბანკის პრეზიდენტი ავტომატურად ხდება საბჭოს პრეზიდენტი).
2023 წლის დასაწყისისთვის ეროვნული ბანკის საბჭოს 8 წევრი აკომპლექტებდა, - ერთი ადგილი ვაკანტური იყო. გვენეტაძის უფლებამოსილების გასვლის შემდეგ საბჭოში 7 წევრი დარჩა:
სამი ვიცე-პრეზიდენტი:
- არჩილ მესტვირიშვილი, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2023 წლის დეკემბერში გასდის;
- პაპუნა ლეჟავა;
- ნიკოლოზ გაგუა, ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე;
და დანარჩენი ოთხი წევრი:
- ნათია თურნავა, ყოფილი ეკონომიკის მინისტრი;
- ეკატერინე მიქაბაძე, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე;
- ეკატერინე გალდავა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მრჩეველი, წარსულში „ქართუს“ აუდიტის დეპარტამენტის უფროსი;
- რობერტ სინგლეტარი, საფინანსო სექტორის განვითარების სპეციალისტი. მასაც დეკემბერში გასდის უფლებამოსილების ვადა.
სტანდარტული პროცედურა ასეთია:
- ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატს ეროვნული ბანკის საბჭო არჩევს საკუთარ წიაღში, საბჭოს მოქმედი წევრებიდან;
- შერჩეულ კანდიდატს სებ-ის პრეზიდენტად ქვეყნის პრეზიდენტი ამტკიცებს.
ესე იგი, პრეზიდენტ ზურაბიშვილის ხელშია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნა.
ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ხდება მხოლოდ ის, ვინც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრია. საბჭოს წევრად არჩევა ცალკე პროცედურაა, თავისი წესებით - და ეს პროცედურაც სალომე ზურაბიშვილის ხელშია.
წესების თანახმად, საბჭოს წევრს უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს და პარლამენტის უმრავლესობა (76 დეპუტატი) ამტკიცებს.
მას შემდეგ, რაც „ქართულ ოცნებასა“ და პრეზიდენტ ზურაბიშვილს შორის დაძაბულობა გაიზარდა, (ამ დაძაბულობას, თავის მხრივ, განაპირობებს განსხვავებული შეხედულებები საგარეო პოლიტიკაზე, დანიშვნები მართლმსაჯულების სისტემაში, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება და სხვა), პროცესები ასე არ განვითარდა.
„ოცნება“ შიშობდა, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი არც ეროვნული ბანკის საბჭოს მოქმედი წევრებიდან აუნთებდა „ოცნების“ სასურველ და საიმედო კანდიდატს მწვანე შუქს და არც „ოცნების“ სასურველ და საიმედო ახალ კანდიდატს წარადგენდა საბჭოში.
ამ რისკის დაზღვევის მიზნით, „ოცნების“ საპარლამენტო გუნდმა კობა გვენეტაძის უფლებამოსილებას გასვლამდე ერთი თვით ადრე კანონმდებლობა დაჩქარებულად შეცვალა და ზურაბიშვილის პრეზიდენტობის პირობებში ბანკის კონტროლის ალტერნატიული გზა შეიმუშავა.
ცვლილებები და ვეტო
კობა გვენეტაძის ხელმძღვანელობის პირობებში ეროვნულ ბანკს სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდა, თანაბარი უფლებებით.
გვენეტაძის შემდეგ, - სანამ სებ-ის ახალი პრეზიდენტს აირჩევდნენ, - ეროვნული ბანკის შიდა რეგულაციებით, სამი ვიცე-პრეზიდენტიდან ერთ-ერთი გახდებოდა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი (ასეც მოხდა - პრეზიდენტის მოვალეობას ახლა ასრულებს არჩილ მესტვირიშვილი, რომელიც 2009 წლის შემდეგ საბჭოს წევრია).
„ოცნებისეულმა“ ცვლილებებმა შემოიტანა „პირველი ვიცე-პრეზიდენტის“ ცნება და, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემთხვევაში, მას დააკისრა ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების პასუხისმგებლობა.
ამ ცვლილებებით, „პირველი ვიცე-პრეზიდენტი“ შეიძლებოდა გამხდარიყო ნათია თურნავა (ეკონომიკის ექსმინისტრი), ეკატერინე მიქაბაძე (თურნავას ყოფილი მოადგილე), ეკატერინე გალდავა (წარსულში „ქართუს“ აუდიტის დეპარტამენტის უფროსი) ან რობერტ სინგლეტარი. პოლიტიკურ ველში არსებული მოლოდინით, ყველაზე რეალური კანდიდატურა ნათია თურნავა იყო.
„ეს არის გზა, როგორ გახდე პრეზიდენტი ისე, რომ არ გახდე პრეზიდენტი“, - ასე შეაფასა „გირჩის“ პარლამენტარმა, ეკონომისტმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა პარლამენტის მიღებული ცვლილებები თებერვალში გამართულ პლენარულ სესიაზე.
პარლამენტის მიერ დაჩქარებულად მიღებულ ცვლილებებს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 23 თებერვალს ვეტო დაადო.
მოქმედი ფინანსთა მინისტრი ბანკის საბჭოში?
„ოცნება“ იძულებული გახდა, ამ საკითხზე პრეზიდენტთან კონსულტაციები გაემართა.
მმართველმა პარტიამ მოისურვა, ეროვნული ბანკის საბჭოში განეწესებინა მოქმედი ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი (ეს ინფორმაცია, რაც მანამდე მედიაში ვრცელდებოდა, „ოცნების“ პოლიტსაბჭომ 7 ივნისს დაადასტურა).
„ოცნების“ განცხადებით, თავდაპირველად ზურაბიშვილი მზად იყო, პარლამენტისთვის ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარედგინა იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტი ვეტოს არ დაძლევდა.
მმართველი პარტიის გავრცელებული განცხადების თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების არჩევის საკითხზე პრეზიდენტთან ბოლო კომუნიკაცია 6 ივნისს შედგა, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ის პარლამენტს არცერთ კანდიდატურას არ წარუდგენს.
ამ გადაწყვეტილების გამო „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს ბრალი დასდო სებ-ის „გამართული ფუნქციონირებისთვის ხელშეშლაში“.
პრეზიდენტს პირადად არ გაუკეთებია კომენტარი „ოცნების“ ბრალდებაზე. თუმცა მისმა საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობა პრეზიდენტის ნაბიჯებით არ ზიანდება:
„ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას დღეს ასრულებს ერთ-ერთი კვალიფიციური და პროფესიული კადრი [არჩილ მესტვირიშვილი]“.
„კითხვები დამოუკიდებლობაზე“
მსხილაძემ დაადასტურა, რომ ზურაბიშვილი მოქმედი მინისტრის, ხუციშვილის წარდგენას განიხილავდა, თუმცა არსებობდა კითხვის ნიშნები „ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კრიტერიუმზე - კანდიდატის დამოუკიდებლობაზე“.
ლაშა ხუციშვილი 2014-21 წლებში, რამდენიმე ფინანსთა მინისტრის პირობებში, მინისტრის მოადგილე იყო, 2021 წლის აპრილიდან კი მინისტრის პოსტს იკავებს.
მინისტრის მამა, ნუგზარ ხუციშვილი „ქართული ოცნების“ თანადამფუძნებელია, - ბიძინა ივანიშვილის თანამებრძოლი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროიდან.
- აუდიტის სამსახურის ცნობების თანახმად, 4 სხვადასხვა საარჩევნო პერიოდში ნუგზარ ხუციშვილის 100 000 ლარი აქვს შეწირული მმართველი გუნდისათვის.
- აქედან 10 000 ლარი სალომე ზურაბიშვილის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაიხარჯა. ზურაბიშვილი „ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატი იყო.
- 2012 წელს, - როდესაც ბიძინა ივანიშვილის „ქართუსთან“ დაკავშირებული კომპანიის, „ქართუ მშენებლის“ თანამშრომელი იყო, - საარჩევნოდ „ქართულ ოცნებას“ 20 000 ლარი შესწირა. მაშინდელმა მარეგულირებელმა, კონტროლის პალატამ განაცხადა, რომ ხუციშვილმა ამ თანხის შეწირვა „უჩვეულოდ დიდი პრემიის ჩარიცხვის“ შედეგად მოახერხა, ეს „უკანონო სქემად“ შეაფასა და 200 000 ლარით დააჯარიმა.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, პრეზიდენტის კითხვები ხუციშვილის დამოუკიდებლობის შესახებ „გამყარდა მთავრობის მხრიდან ლაშა ხუციშვილის წარდგენის კატეგორიული მოთხოვნით, პრეზიდენტზე მუდმივი ზეწოლითა და შანტაჟით“.
ვეტოს დაძლევის მოლოდინში
„ოცნებამ“ ასევე განაცხადა, რომ „საბჭოს შემადგენლობის სულ მცირე ერთი წევრით [ლაშა ხუციშვილსი სახით] შევსების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნაც გახდებოდა შესაძლებელი“. თუმცა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა „ქართულ ოცნებას“ მიუთითა, რომ „ბანკის საბჭოს დღესვე შეუძლია წარმოადგინოს ბანკის ხელმძღვანელის კანდიდატურა“. საბჭოს წევრებს პრეზიდენტის კანდიდატურა დღემდე არ წარმოუდგენიათ.
„ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ არსებულ ვითარებაში „პარლამენტს მოუწევს ვეტოს დაძლევა“ და ამ პროცედურას პარლამენტი მომდევნო სასესიო კვირაში დაასრულებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეფასებით, ვეტოს დაძლევა დააზიანებს ეროვნული ბანკისა და ქვეყნის რეპუტაციას.
ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის საბჭოში გაჩნდება კიდევ ერთი („პირველი“) ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციას არჩილ მესტვირიშვილისგან გადაიბარებს.
იგი კიდევ ერთ პრობლემას გააჩენს, რაზეც თავად ეროვნული ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიუთითებდნენ:
- ეროვნული ბანკის საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი საზედამხედველო ორგანოა;
- ასეთ ორგანოში მნიშვნელოვანია, არააღმასრულებელი წევრების რაოდენობა მეტი იყოს, ვიდრე აღმასრულებლებისა.
- ვეტოს დაძლევის შემდეგ, საბჭოში, სულ მცირე, 2023 წლის დეკემბრამდე, იქნება 4 არააღმასრულებელი და 5 აღმასრულებელი წევრი;
- შეუძლებელია, აღმასრულებელი წევრების უმრავლესობით დაკომპლექტებულმა საბჭომ ზედამხედველობის ფუნქცია შეასრულოს.
2022 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ დოკუმენტში საერთაშორისო სავალუტო ფონდი წერდა, რომ „საბჭოზე ზედამხედველობის დამოუკიდებელ პროცესს აფერხებს საბჭოში აღმასრულებელი წევრების უმრავლესობა“ და „საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები ამ ნაპრალის ამოსავსებად“. ცვლილებები და ვეტოს დაძლევა ამ პრობლემას არათუ აგვარებს, არამედ ამწვავებს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი, ჯეიმს ჯონი 17 თებერვალს გამოქვეყნებული განცხადებით აკრიტიკებდა ცვლილებას და წერდა: „საქართველოს ეროვნული ბანკის კანონში ცვლილების შესატანად გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯები, რაც სებ-ის მართვის სტრუქტურას ცვლის, აჩენს რისკს, დაიკარგოს თავდაუზოგავი შრომით მოპოვებული სანდოობა. სებ-ის მმართველობის სტრუქტურის ნებისმიერ ცვლილებას განსაკუთრებული დაფიქრება სჭირდება და იგი შინაარსობრივი კონსულტაციების საფუძველზე უნდა განხორციელდეს, რათა უზრუნველყოფილ იქნას ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობა და სანდოობა“.