როგორ ვიმუშავე ქსელურ მარკეტში და რა გავიგე დასაქმებულთა უფლებებზე

ლანა კოკაია ჯერ თბილისისა და რეგიონების დიდ სუპერმარკეტებში სხვადასხვა დროს დასაქმებულ 30-ზე მეტ ახალგაზრდას ესაუბრა, ბოლოს თვითონ იმუშავა ერთ-ერთ ქსელურ მაღაზიაში, რათა გადაემოწმებინა და თავად გამოეცადა ის, რასაც რესპონდენტები უყვებოდნენ.

საქართველოს ქსელურ სუპერმარკეტებში დასაქმებული მუშახელი იმაზე იაფი, სამუშაო პირობები იმაზე რთული, მაღაზიაში დასაქმებულთა უფლებები კი იმაზე დაუცველია, ვიდრე წარმოგედგინათ. 

მარიამ ლუტიძე 5 თვე მუშაობდა "ორ ნაბიჯში" ადმინისტრატორად, 2023 წლის თებერვლიდან ივნისამდე. ამ პერიოდში ის ფაქტობრივად ერთადერთი ადმინისტრატორი იყო და ამბობს, რომ მისი სამუშაო დღე, 8-ის ნაცვლად, ხან 16 საათსაც გრძელდებოდა. თავიდან მენეჯერი ინაწილებდა საქმეს, მერე ახალი ადმინისტრატორიც დაიმატეს, მაგრამ იმას პირობები არ მოეწონა და ერთ თვეში წავიდა. მარიამი მაღაზიაში ისევ მარტო დარჩა.

მარიამი ჰყვება, რომ მაღაზიის მაცივრის დალაგების გამო ხელები სისტემატურად დაკაწრული ჰქონდა.

"თანამშრომლების ცვლებს ვწერდი, სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმებს ვაკეთებდი, ფასებს ვცვლიდი, ყოველ ოთხშაბათს მინიმუმ 300 სააქციო ფასი იცვლება. ვალაგებდი, იატაკს ვხეხავდი. ყოველდღე ვაკეთებდი პროდუქტების აღწერას. მეუბნებოდნენ, ქურდებს უნდა გაეკიდო, ქურდები უნდა დაიჭირო, ქურდობა არ უნდა გვქონდეს, თორემ მერე ბონუსს ვერ ავიღებთო", - ჰყვება მარიამი.

"2 ნაბიჯის" ყოფილი ადმინისტრატორი ამბობს, რომ 5 თვის განმავლობაში უძილობის, ნახევრად უჭმელობისა და გადაღლილობის გამო შფოთვები დაეწყო დაძინებისას. ესმოდა, თითქოს ვიღაცა ელაპარაკებოდა. ხელები უოფლიანდებოდა, ყველაფერი აღიზიანებდა, სულ ცუდზე ფიქრობდა და პანიკურ შეტევებს ვეღარ უმკლავდებოდა.

"[ერთხელ] 2 კვირის განმავლობაში 16 საათი ვიმუშავე დასვენების გარეშე. მხოლოდ ორჯერ გამიშვა მენეჯერმა 2-3 საათით სახლში, გამოიძინეო. რა თქმა უნდა, ვერ გამოვიძინე იმიტომ, რომ სახლში ძალიან ბევრი საქმე მქონდა. დედა ჩემ გარეშე ვერ გადაადგილდება. ყოფილა შემთხვევა, მაღაზიაში მთელი ღამე გამიტარებია, როცა ფასების ცვლილების დღე იყო… რამდენჯერ მიფიქრია სუიციდზე, იცით?"

ერთ დღესაც მარიამი სამუშაოზე ცუდად გახდა. სისხლში შაქრის დონე დაუვარდა და სასწრაფოს გამოძახება მოუწია. 112-ის ექიმებმა საავადმყოფოში გადაყვანა ურჩიეს, თუმცა, როგორც მარიამი ჰყვება, მაღაზიაში მისი შემცვლელი არავინ იყო და მენეჯერმა სამსახურიდან არ გაუშვა. ორ საათში ისევ ცუდად გახდა და საბოლოოდ მაინც საავადმყოფოში აღმოჩნდა.

მარიამი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში.

ამ დღის შემდეგ მარიამი სამსახურში აღარ დაბრუნებულა. გადაღლილობისა და სტრესის ფონზე შფოთვა და სხვა ფსიქოლოგიური აშლილობები დაუდგინდა.

"ქვეყანაში ისე მიმდინარეობს ლეგალიზებული ჩაგვრა, რაიმე სამართლებრივი ან საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა მენეჯმენტისთვის არ დგება", - ამბობს "ღია საზოგადოების ფონდის" (OSGF) სოციალური სამართლიანობის პროგრამის მენეჯერი ანანო ცინცაბაძე და განმარტავს: - "მძიმე პირობების გამო სუპერმარკეტებში არცერთი დასაქმებული ამ საქმეს არ უყურებს როგორც გრძელვადიან დასაქმების პერსპექტივას და რადგან ადამიანები მუდმივად გაედინებიან, პროფკავშირის შექმნაც ვერ ხერხდება, წინააღმდეგობა მენეჯმენტისთვის ძალიან იშვიათად იქმნება. ამან ჩამოაყალიბა პრაქტიკა, "თუ არ მოგწონს, წადი". მენეჯმენტი ერთ დასაქმებულს მეორით მარტივად ცვლის, არ იცვლება შრომის მძიმე პირობები".

საცალო ვაჭრობაში დასაქმებულთა ნახევარზე მეტი სამსახურს ისე ტოვებს, რომ მაღაზიაში ერთ წელსაც არ ატარებს, - დაადგინა პროფკავშირების 2022 წლის კვლევამ.

იმავე კვლევით დასტურდება, რომ ზეგანაკვეთურად მუშაობა მოლარე-კონსულტანტების 68%-ს უწევს.

მარიამ ლუტიძე სტუდენტია. საქართველოს სუპერმარკეტებში დასაქმებულთა უმეტესობა სწორედ სტუდენტები არიან, ძირითადად 35 წლამდე ახალგაზრდები.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა, რომელიც ბოლო 6 თვის განმავლობაში დიდ სუპერმარკეტებში ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა დროს დასაქმებულ 30-ზე მეტ ადამიანს ესაუბრა, ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში, ბოლოს თავადაც იმუშავა ერთ-ერთ ქსელურ მაღაზიაში, რათა გადაემოწმებინა და თავად გამოეცადა ის, რასაც მისი რესპონდენტები ჰყვებოდნენ.

პირველი დღე "ორ ნაბიჯში" - 8 აგვისტო

ჟურნალისტური კვლევისთვის "ორი ნაბიჯის" მაღაზია შევარჩიეთ, რადგან თავისუფლების ყველაზე მეტი რესპონდენტი შრომითი უფლებების შელახვაში სწორედ ამ კომპანიას ადანაშაულებს.

"ორ ნაბიჯში", ისევე, როგორც საქართველოს სხვა ქსელურ სუპერმარკეტებში, მუშაობის დაწყება რთული არ არის.

როგორც კი მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე გამოგონილი რეზიუმე გავაგზავნე, მეორე დღესვე დამირეკეს და გასაუბრებაზე დამიბარეს.

მაღაზიაში დილის 10 საათზე მივედი. მენეჯერმა სამუშაო გამოცდილებაზე მკითხა. სუპერმარკეტებში არასდროს მიმუშავიაო, რომ ვუთხარი, ეგ რა პრობლემაა, ყველაფერს მალე ისწავლიო, - მითხრა.

Jobs.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ეწერა, რომ "ორი ნაბიჯის" მოლარე-კონსულტანტის მოვალეობები იქნებოდა:

  • სალაროს ოპერაციების წარმოება;
  • მომხმარებლების მომსახურება;
  • პროდუქციის მიღება-განლაგება;
  • თაროების დალაგება;
  • მაღაზიაში სისუფთავის დაცვა.

მენეჯერთან დავაზუსტე, მომიწევდა თუ არა მაღაზიის გამოგვა-მოწმენდა. კი, დამლაგებელი არ გვყავსო, - მიპასუხა. ასევე მითხრა, რომ ერთსაათიანი შესვენება მეკუთვნოდა, მაგრამ საჭმელად გარეთ ვერ გავიდოდი - მაღაზიაში უნდა მეჭამა: თანამშრომლებს გარეთ მარტო სიგარეტის მოსაწევად უშვებდნენ.

კონსულტანტის 8-საათიან გრაფიკს თუ ავარჩევდი, კომპანია თვეში 750 ლარს გადამიხდიდა, 4 საათში - 375-ს. დამპირდნენ ბონუსებსაც.

4-დღიანი სტაჟირების კონტრაქტი იმავე დღეს გამიფორმეს, თუმცა ხელშეკრულების ასლი არ მოუციათ. მენეჯერს თითქოს გაუკვირდა კიდეც, დოკუმენტი რომ მოვითხოვე.

მუშაობა 8 აგვისტოს დავიწყე. ამ დროს თბილისში განსაკუთრებით ცხელა. სამუშაოზე თხელი კაბითა და სანდლებით მივედი. მენეჯერმა დამინახა თუ არა, მირჩია - სამსახურში შარვალი და დახურული ფეხსაცმელი ჩამეცვა. ასე უფრო მოსახერხებელი და უსაფრთხო იქნებაო და "ორი ნაბიჯის" მწვანე უნიფორმაც მომცა.

როგორც კი მაისურს ხელი მოვკიდე, ოფლის სუნი ვიგრძენი, მაგრამ პირველივე წუთებში უკმაყოფილების გამოხატვა მომერიდა, გავიფიქრე, იქნებ დღეს როგორმე გავძლო-მეთქი.

მენეჯერმა ადმინისტრატორს დაავალა, დარბაზში მუშაობის ძირითადი წესები აუხსენიო. ისიც უხალისოდ მიხსნიდა, სად რა პროდუქცია უნდა დამელაგებინა. ორ წუთში საუბარი გავაწყვეტინე, სამსახურის ფორმას საშინელი სუნი ასდის და ასე მუშაობის გაგრძელება აღარ შემიძლია-მეთქი. მენეჯერმა - მაისური სახლში წაიღე და გარეცხეო, იმ დღეს კი ფორმის გარეშე მუშაობის ნება დამრთო.

მას შემდეგ, რაც დარბაზში მუშაობა ამიხსნეს, თანამშრომლებს გაფუჭებული ხილით სავსე ყუთების გარეთ ნაგვის ურნაში გადაყრა დაგვავალეს და თან როგორც "ახალი" გამაფრთხილეს - ნაგვის ყოველ გადაყრაზე "ორი ნაბიჯის" მაისური უნდა გაიხადოო. რამდენიმე დღეში, როცა ისევ მომიწია ნაგვის გატანა, ადმინისტრატორს ვკითხე, რატომ იხდიდნენ ყოველ ჯერზე უნიფორმას თანამშრომლები.

აღმოჩნდა, რომ კონტეინერი, სადაც ნაგავს ვყრიდით, მუნიციპალიტეტს ეკუთვნოდა და მაღაზიას არ ჰქონდა უფლება, იქ ნარჩენები ყუთებით გადაეყარა.

ნაგვის კონტეინერები, სადაც მაღაზიის ნაგვის ნარჩენებს ვყრიდით.

პირველსავე დღეს ფეხზე დგომით ისე დავიღალე, მივხვდი, რომ დაბალი თაროების დახარისხებისას წელში მოხრა დასვენების ტოლფასი იყო. ჩემი სტაჟირების პირველი დღის 6 საათი იწურებოდა.

მეორე დღე: 9 აგვისტო

მეორე დღეს მაღაზიაში დილის 10-საათიდან საღამოს 4-მდე დავყავი. სალაროსთან მუშაობა მასწავლეს და რამდენიმე გაფრთხილებაც მომცეს: თუკი დღის ბოლოს თანხის დანაკლისი აღმოჩნდება, ხელფასიდან მოგიწევს ფულის დადებაო. მყიდველის არყოლის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ სალაროდან დარბაზში უნდა გახვიდე და თაროებზე პროდუქცია დაამატოო.

მოკლედ, თავისუფალი 1 წუთიც არ უნდა მქონოდა.

მაღაზიაში ორი საშუალო ასაკის ქალის გარდა, თანამშრომლები, ძირითადად, 16-17 წლის სკოლის მოსწავლეები იყვნენ, რომლებიც 4-საათიან ცვლაში მუშაობდნენ.

"შენთვის ეს პირველი სამსახურია?" - ვეკითხები ერთს.

"კი, და დარწმუნებული ვარ, სუპერმარკეტში უკანასკნელი".

"ერთი თვეა რაც დავიწყე მუშაობა. სკოლა როგორც კი დაიწყება, წავალ და იმედი მაქვს, არასდროს გავეკარები სუპერმარკეტებს", - მეუბნება მეორე მოზარდი.

მათ გარდა კიდევ ერთ თანამშრომელს გამოველაპარაკე გასაცნობად, ზედაპირულად, თან თაროს ვალაგებდი. ადმინისტრატორმა მაშინვე მისაყვედურა - თუ ასე გააგრძელებ სხვებთან ლაპარაკს, ზარმაცობას მიეჩვევიო.

არადა, განცხადებაში ეწერა, ჩვენი ერთ-ერთი უპირატესობა მეგობრული სამუშაო გარემოაო.

მესამე დღე: 10 აგვისტო

მესამე დღეს ჩემი ცვლა საღამოს 5-ზე იწყებოდა და ღამის 11-ზე მთავრდებოდა. იმ დღეს ძირითადად სალაროსთან ვიდექი, როცა მყიდველი არ იყო, დარბაზში გავდიოდი.

ღამის 10:30-ისთვის დარბაზის მოწმენდა დავიწყე. ამ დროს კლიენტები ისევ გვყავდა და იატაკი სწრაფად ისვრებოდა. მაღაზიას, რომელიც დღეში რამდენიმე ათას ლარზე მეტს ვაჭრობდა, იატაკის ხის საწმენდი ჯოხი ჰქონდა და ტილოს ხელით ვწურავდი, დღეში 7-8-ჯერ მაინც.

სუპერმარკეტის საპირფარეშო, რომლის დალაგებაც შედიოდა ჩემს მოვალეობებში.

დარბაზის და საწყობის მოწმენდის შემდეგ ყველაზე რთული, ტუალეტის ჯერი დგებოდა. სივრცე იმდენად ვიწროა, დალაგებისას ცხვირით ლამის უნიტაზს ვეხებოდი. თან ტუალეტში გახეული ხელთათმანი დამხვდა და ტილოს რეცხვისას ხელი მესვრებოდა.

20 წლის ნატალი ოჩიგავაც ითავსებდა კონსულტანტისა და დამლაგებლის ფუნქციას. სუპერმარკეტი "ნიკორა" მისი პირველი სამსახური იყო. გასაუბრებაზე არ უთხრეს, რომ მთელი ფილიალი, სალაროს ჩათვლით, მისი - ერთი კონსულტანტის კისერზე იქნებოდა და საწყობის დალაგება და სიმძიმეების აწევა მოუწევდა. კომპანია ნატალის და "ნიკორაში" დასაქმებულ სხვა თანამშრომლებს მკაცრად სთხოვდა სამსახურში დროზე მისვლას, თუმცა ჩემთან ინტერვიუში სუპერმარკეტის ყოფილი თანამშრომლები ჰყვებოდნენ, რომ სისტემატურად აგვიანებდნენ სამუშაო დღის დასრულებას.
"მომხმარებლები ბოლო წუთამდე მოდიოდნენ და ფილიალის 11 საათზე დაკეტვას ვერ ვახერხებდით. ამის შემდეგ დარბაზი და საწყობიც იყო დასალაგებელი, იატაკი მოსახვეტი, მოსაწმენდი. მინიმუმ ნახევარი საათი ვყოვნდებოდით და ყოფილა შემთხვევები, ერთი საათის დაგვიანებით გამოვსულვართ", - იხსენებს ნატალი.

სუპერმარკეტის თანამშრომელთა ციტატები.

ის და "ნიკორას" სხვა თანამშრომლები ამბობენ, რომ კვირაში ერთ დღესაც ვერ ისვენებენ. ერთი შეხედვით, ნატალისაც და სხვა თანამშრომლებსაც კვირაში 6 დღე უნდა ემუშავათ, თუმცა თუ ერთი დღე დაისვენებდნენ, შემდეგ ერთი დღე უხელფასოდ უნდა ემუშავათ.

მეოთხე დღე, 11 აგვისტო:

მე-4 დღეს სტაჟირების ბოლო დღე მქონდა. როგორც კი სამსახურში მივედი, ადმინისტრატორმა მაგიდაზე ხელმოსაწერად ახალი ხელშეკრულება დამიდო.

სტაჟირების დასრულების შემდეგ "ორ ნაბიჯში" მუშაობის გაგრძელების 2 ვარიანტი მქონდა: ან 8-, ან 4-საათიანი გრაფიკი უნდა ამერჩია. მენეჯერმა 8-საათიანი ჯობია, 4-იან ცვლებს უფრო ვტვირთავო. რადგან მაღაზიაში ჭამას ვერ ვახერხებდი, მაინც 4-საათიანი ცვლა ვარჩიე.

საჭმელი საწყობში უნდა გვეჭამა, იქვე სადაც პროდუქტები აწყვია, სხედან მენეჯერი და ადმინისტრატორი, რომელიც მაღაზიის ვიდეოკამერების გამოსახულებას ადევნებს თვალს.

საწყობშივე ვინახავდით ცარიელ ყუთებს და გადასაყრელ პროდუქციას. იქვე იყო ტუალეტიც, მაგრამ საწყობში არ იდგა მაგიდა, რაზეც შეიძლებოდა საჭმელი გვეჭამა.

კონტრაქტით კვირაში 6 დღე უნდა მემუშავა, მაგრამ მენეჯერთან მაინც დავაზუსტე, კვირას ხომ ნამდვილად დავისვენებდი. ვერაო, მითხრა - კადრები არ მყოფნისო.

მაღაზიაში მუშაობის მე-9 დღეს ზურგი ამტკივდა. სასმელების, რძის პროდუქტებისა და გაყინული პროდუქციის განყოფილებებში ძალიან ციოდა. თაროებზე სასმელების დამატებისას ხშირად ლუდის და გაზიანი სასმელების 12-კილოგრამიანი ყუთების აწევა მიხდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ "ორ ნაბიჯში" მაღაზიაში მუშაობა ჟურნალისტური კვლევისთვის დავიწყე, მონდომებით ვასრულებდი ყველა დავალებას, ვცდილობდი შენიშვნა არ მიმეღო, თუმცა მენეჯერები მეც და სხვა თანამშრომლებსაც მხოლოდ მკაცრი ტონით გველაპარაკებოდნენ. თითქმის ყოველ დილით მესინჯერის საერთო ჩატში მენეჯერი თანამშრომლებს შენიშვნებს უხეშად აძლევდა; იქვე გვთხოვდა, მეტი ყურადღებით ვყოფილიყავით და თითქმის ყოველდღე ვიდეოკამერის ჩანაწერებს გვიზიარებდა, სადაც ჩანდა, როგორ იპარავდნენ კლიენტები პროდუქციას.

მენეჯერების და ადმინისტრატორების მხრიდან დამამცირებელ, უხეშ დამოკიდებულებაზე ჰყვებიან სხვა ქსელური სუპერმარკეტების თანამშრომლებიც, რომელთაგან ბევრს, ასეთი მოპყრობის გამო, სამსახურის დატოვებაც მოუწია.

"მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირ საქმეს ვაკეთებდით, მაინც უკმაყოფილოები იყვნენ. მონებად აღგვიქვამდნენ. როცა 24 საათის განმავლობაში მონურად გექცევიან, ავტომატურად ისეთი განცდა მეუფლებოდა, რომ უსუსური ვიყავი და ვერ გავუწევდი სათანადო წინააღმდეგობას", - ამბობს ნატალი, რომელიც უკეთესი პირობების იმედით, ერთ-ერთ უმსხვილესი ქსელის მაღაზიაში, "ნიკორაში" მუშაობდა, 3-თვიანი მუშაობის შემდეგ კი სუპერმარკეტ "ლიბრეში" გადავიდა, თუმცა 2 თვეში იქიდანაც წამოვიდა, იმავე პრობლემების გამო. ნატალი პროფესიით ფარმაცევტია, მაგრამ სპეციალობით არ უმუშავია - ამ სფეროშიც ძალიან დაბალი ხელფასებია.

თეონა გაბისონია

თეონა გაბისონია, რომელიც "ნიკორაში" 2019-2022 წლებში მუშაობდა, ჰყვება, რომ მენეჯერის სიუხეშის გამო საქმის კურსში კომპანიის დამფუძნებლებიც ჩააყენა, მაგრამ ცვლილებას ვერ მიაღწია.
"ადმინისტრატორი ისე კიოდა, ერთხელ პოლიციის გამოძახება დამჭირდა… როცა ვეუბნებოდი, რატომ ყვირი-მეთქი, ასე მავალებენო, შენც რომ იყო, იმავეს იზამდიო", - ამბობს თეონა.

ბოლო დღე და 133 ლარი

ბოლო დღემდე ძალიან დაძაბული ვიყავი. გონება მხოლოდ მაშინ ისვენებდა, როცა ნაგავს 80-იოდე ნაბიჯში მდგარ ნაგვის ურნაში ვყრიდი. ცხადია, უნიფორმის მაისურის გარეშე.

მე-11 სამუშაო დღეს, კვირას ცვლის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მივედი მაღაზიაში და ადმინისტრატორს "ორ ნაბიჯში" ჩემი მისვლის ნამდვილ მიზეზსა და მიზანზე მოვუყევი. გავუზიარე 10 დღის განმავლობაში მიღებული დაკვირვებები და ინტერვიუ ვთხოვე, რაზეც ადმინისტრატორმა და მერე მენეჯერმა მიპასუხეს, რომ ჟურნალისტებთან საუბრის უფლება არ აქვთ.

ვინაიდან მუშაობის გაგრძელებას არ ვაპირებდი, მენეჯერმა გამაფრთხილა - ხელშეკრულება დაარღვიე და ხელფასს არ გადაგიხდიანო.

სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტის ასლის გადმოცემა ხელმოწერისას ვითხოვე, "ორი ნაბიჯიდან" არც სტაჟირების და არც სამუშაოდ აყვანის დამადასტურებელი დოკუმენტი ჩემთვის არასდროს მოუციათ.

სამსახურის დატოვებიდან რამდენიმე დღეში ჩემს ანგარიშზე მოულოდნელად 133 ლარი ჩაირიცხა. ეს "ორ ნაბიჯში" 10 სამუშაო დღის ანაზღაურება იყო. (ეს თანხა ბავშვთა ჰოსპის "ციცინათელების ქვეყანაში" გადავრიცხეთ).

25 წლის სოფო სოფრომაძე "ორი ნაბიჯიდან" იმიტომ წამოვიდა, რომ დამატებით ანაზღაურებას დაჰპირდნენ, მან ცვლები გადააბა, თუმცა ფული არ გადაუხადეს.

სოფო სოფრომაძე

"შევედი მენეჯერთან და ვუთხარი: ეს პირობები, რასაც ვუძლებთ, გასაგებია, მაგრამ რაც მეკუთვნის, ის 350 ლარიც რატომ არ მერიცხება-მეთქი. დანაკლისების გამოო. რაღაც პროდუქტს ვადა თუ გაუვა და გაფუჭდება, კიტრი ან პომიდორი თუ დალპება, მე რატომ უნდა ჩამომჭროდა თანხა? 6 თვის განმავლობაში 5 წუთიც არ შემისვენია… თუ შევიდოდი 5 წუთი საწყობში ყავის დასალევად, ან რამე ორცხობილა რომ მეჭამა, დარბაზიდან მომხმარებლები გვიყვიროდნენ: აქ არავინ არის? ეს როგორი მაღაზიაა, სალაროსთან არავინ არ არის?", - ჰყვება სოფო. დღეს სოფო საქართველოში აღარ ცხოვრობს, იტალიაში გადასახლდა შარშან.

მარიამ მღებრიშვილი 16 წლის იყო, როცა 2021 წელს "ორ ნაბიჯში" დაიწყო მუშაობა. ისიც მოლარე-კონსულტანტი იყო, როგორც მე, თუმცა მუშაობის პერიოდში თვეში 300 ლარზე მეტი ანაზღაურება არ აუღია, არადა, ფაქტობრივად შესვენებაზეც კი არ გავსულვარო.

"შესვენების დროს ხალხი თუ შემოვიდოდა, პირში ლუკმაც რომ გქონოდა, უნდა გაქცეულიყავი და მომსახურებოდი. მერე გვითხრეს, რომ თუ შევისვენებდით, ერთი საათი ზედმეტად დარჩენა მოგვიწევდა".

რადიო თავისუფლება "ორი ნაბიჯის" 16 ყოფილ თანამშრომელს ესაუბრა და მათი ისტორიები თუ ჩივილი ერთმანეთს ემთხვევა და იგივეა, რა პრობლემებიც მე ვნახე საკუთარი თვალით.

სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, კონფიდენციალურობის დაცვის გარანტიით "ორი ნაბიჯის" ერთ-ერთი ფილიალის ადმინისტრატორს ვესაუბრე. ნინომ (სახელი შეცვლილია) იმ პრობლემებზე, რაზეც მეკითხები, უფროსებთან მეც ბევრჯერ მილაპარაკიაო.

"თათბირებზე არაერთხელ წამომიწევია მე პირადად თუნდაც მაღაზიაში დამლაგებლის აყვანის საკითხი, თუმცა მენეჯმენტი ამის სურვილს არ იჩენს… ბინას ვქირაობ, თან სტუდენტი ვარ და რომ გავაპროტესტო, სამსახურს დავკარგავ. მინიმუმ ბინის 3 თვის ქირის თანხა უნდა მქონდეს, რომ ღია ცის ქვეშ არ დავრჩე. ამდენ დანაზოგს კი მიზერული ხელფასების ფონზე ვერ ვაგროვებთ", - მითხრა მან.

ყოფილი დასაქმებულების პრეტენზიებსა და შენიშვნებზე, ისევე როგორც იქ ჩემი მუშაობისას გაჩენილ შეკითხვებზე არაერთხელ ვთხოვე ინტერვიუ "ორი ნაბიჯის" ქსელის მენეჯმენტს, მაგრამ უშედეგოდ.

2009 წელს "ორი ნაბიჯი"კომუნიკაციების კომისიის ამჟამინდელმა თავმჯდომარე კახი ბექაურმა ორ პარტნიორთან - გოჩა ცქიტიშვილთან და გიორგი ჩხეიძესთან ერთად დააფუძნა. 33.33% წილის მფლობელმა ბექაურმა კომუნიკაციების კომისიაში მუშაობა 2014 წლიდან, მმართველი პარტია "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან ორ წელიწადში დაიწყო. მანამდე ის "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ტელევიზიას, "მეცხრე არხს" მართავდა.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ დანიშვნისას ბექაურს დიდი ქონება და მნიშვნელოვანი დანაზოგი დეკლარირებული არ ჰქონდა. მის მიერ შევსებული ოფიციალური დოკუმენტებით ირკვევა, რომ მისი გამდიდრების წყარო კომუნიკაციების კომისიაში მაღალ ანაზღაურებასთან ერთად, თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში გაფართოებული ბიზნესი გახდა.

ასევე ნახეთ კახა ბექაურის ორი ნაბიჯი მილიონერობამდე 

როდესაც FinSpot-მა 2023 წელს საქართველოს 15 ყველაზე მაღალშემოსავლიანი კომპანია გამოავლინა, შემოსავლების მიხედვით "ორი ნაბიჯი" იქ "ნიკორასა" და "კარფურთან" ერთად აღმოჩნდა, რომელთა წლიური შემოსავალი 570-დან 750 მილიონ ლარამდე მერყეობს.

"ორ ნაბიჯს" საქართველოს მასშტაბით დღეისთვის 400-მდე მაღაზია აქვს გახსნილი. 2023 წლის 31 მაისს გამოქვეყნებული დეკლარაციის მიხედვით, კახი ბექაურმა მის მიერ დაარსებული სუპერმარკეტების ქსელიდან 14 მილიონ ლარზე მეტი მოგება მიიღო. კომუნიკაციების კომისიიდან კი მისი ანაზღაურება წელიწადში 200 ათას ლარზე მეტია.

კახი ბექაურმა რადიო თავისუფლებას მხოლოდ ის უთხრა, რომ კომუნიკაციების კომისიაში მუშაობა ხელს უშლის მისი ფინანსური შემოსავლების გაუმჯობესებასა და ბიზნესის განვითარებას.

"ვარ აქციონერი. ორ ნაბიჯს ვუთმობ იმდენ დროს, რამდენიც აქციონერისთვის კანონით მონიჭებული უფლებამოსილების განხორციელებას სჭირდება და რასაც კანონი არ ზღუდავს", - მოგვწერა ბექაურმა.

ქსელურ სუპერმარკეტებს, რომლებიც საქართველოში 2000-იანი წლებიდან გამოჩნდა, ამ კომპანიების მფლობელებისთვის დღემდე დიდი მოგება მოაქვთ. სუპერმარკეტებში დასაქმებულთა რაოდენობაზე ცალკე კვლევა არ არსებობს. თუმცა, საქსტატის მონაცემებით, საცალოდ მოვაჭრე არასპეციალიზებულ მაღაზიებში (სუპერმარკეტები, უნივერმაღები, უბნის მაღაზიები და სხვ.) დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 2021 წელს 50 603 იყო.

სააქციო საზოგადოება "ნიკორა ტრეიდი" ბაზარზე "ნიკორა სუპერმარკეტის" და "ლიბრეს" ბრენდების ქვეშ მუშაობს. "ნიკორას" ქსელი, რომელიც საბითუმო და საცალო ვაჭრობის სფეროში მომუშავე კომპანიებს და ხორცპროდუქტების საწარმოს აერთიანებს, ბაზარზე 2000 წელს გამოჩნდა და დღეს 7000-ზე მეტი დასაქმებული ჰყავს.

2022 წლის აპრილიდან "ნიკორა ტრეიდის" აღმასრულებელი დირექტორი თემურ ალექსანდრიაა. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და "ნიკორას" ერთ-ერთი დამფუძნებელი ვასილ სუხიაშვილია. სამეთვალყურეო საბჭოში შედიან ასევე ტარას ნიჟარაძე, ირაკლი ბოქოლიშვილი, გია პეტრიაშვილი.

2021 წლის მონაცემებით, ყველაზე შემოსავლიანი საცალო სავაჭრო ქსელი საქართველოში "ნიკორა ტრეიდია".

"ნიკორა", ისევე როგორც სუპერმარკეტთა დიდი ნაწილი, თანამშრომლებს დანაკლისების თანხას ხელფასიდან უქვითავს - ორი მიზეზით: სალაროსთან მუშაობისას თანხის ცდომილების გამო, ან ვადაგასული პროდუქციის აღმოჩენის შემთხვევაში.

"ნიკორას" ყოფილი თანამშრომლები ჰყვებიან, რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც ვადაგასული პროდუქტები ან გაუყიდიათ, ან თავად დაუდიათ ფული:

"იმიტომ რომ მოთხოვნა იყო ასეთი, გაყიდე, უკან ვერ დავაბრუნებთო", - ჰყვება მარიამ გელაშვილი, რომელიც "ნიკორაში" 2021-2023 წლებში მუშაობდა.
"ვუხსნიდი მენეჯერს, რომ ჩემი 600-ლარიანი ხელფასიდან 50 და 100 ლარი "ნიკორაში" რომ დავტოვო, ფიზიკურად არ მიღირს-მეთქი. ღამის ცვლაში ქურდობა მოხდა თუ სხვა რამე, ვერ გავიგეთ, მონიტორინგი ხმას არ იღებდა და სიგარეტების კატასტროფული დანაკლისი იყო, რომლის გადახდას ჩვენ გვავალდებულებდნენ. მივმართე დამფუძნებელს. მეთქი, მონიტორინგი თუ მირეკავს იმაზე, რომ 4-სანტიმეტრიანი ბეიჯი არ მიკეთია, როგორ შეიძლება გამორჩეთ ის, რომ ვიღაცა სიგარეტს იპარავს, ან არასწორად ყიდის. იძულებული გავხდი, წამოვსულიყავი", - ამბობს თეონა გაბისონია.

მსგავს პრობლემებზე საუბრობენ "სპარის" ყოფილი თანამშრომლები. მარიამი, რომელიც "სპარის" გურამიშვილის გამზირის ფილიალში მუშაობდა, ამბობს, რომ თანხას მაღაზიაში ქურდობის შემთხვევაშიც აჭრიდნენ: დანაკლისები ცვლაში მომუშავე ადამიანთა რაოდენობაზე იყოფოდა. თვეში თითოეულზე ხან 20 ლარი, ხან 50 გამოდიოდა. ერთხელ 70 ლარი ჩამოაჭრეს. მაშინ მარიამი სტუდენტი იყო და ღამის ცვლაში მუშაობდა. ხელფასი სულ 400 ლარი ჰქონდა.

"სალაროსთან მუშაობისას მე პირადად არასდროს მქონია დანაკლისი, დარბაზის დანაკლისებს გვიქვითავდნენ. ფაქტობრივად, გვაიძულებენ, ვიღაც ქურდს გავკიდებოდით, რომელიც არც ვიცოდით რას დაგვიშავებდა", - ამბობს მარიამი.

სააქციო საზოგადოება "ფუდმარტი" დღეს ბაზარზე ორი ბრენდის - "სპარისა" და "იოლის" მაღაზიებით ოპერირებს. 1932 წელს, ჰოლანდიაში ადრიან ვალ ველის მიერ დაარსებული კომპანია SPAR საქართველოს ბაზარზე 2005 წელს გამოჩნდა, რომელსაც დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით 670-მდე მაღაზია აქვს.

"სპარის" ერთ-ერთი სუპერმარკეტი

საჯარო რეესტრის ამონაწერით, "ფუდმარტის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან - იოჰანნეს დე ვრიეს, უჩა უგულავა, ნინო გეგუჩაძე, არმანდს ფომიჩევსი. თავმჯდომარე გიორგი ჩუბინიშვილია. კომპანიის გენერალური დირექტორი არის 2008-2012 წლებში პარლამენტის დეპუტატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" არჩილ გეგენავა. გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს უჩა უგულავა და არჩილ ნიკოლაძე იკავებენ.

დასაქმებულთა შრომით უფლებებზე კითხვებზე პასუხებისგან თავი შეიკავა "სპარმაც".

ჯანმრთელობის ნიშნით დისკრიმინაციაზე საუბრობს 27 წლის მაშო დავითულიანი. ის ქსელურ სუპერმარკეტებში 16 წლიდან მუშაობდა. 2013 წელს იყო "სპარში", შემდეგ "ორ ნაბიჯში", ბოლოს კარფურში. მაშო პროფესიით ექთანია, თუმცა საკუთარი სპეციალობით არ მუშაობს - დაბალი ხელფასის გამო.

მაშო დავითულიანი

ის ქსელურ სუპერმარკეტში ბოლოს ცინცაძის ქუჩაზე, კარფურში მოლარედ მუშაობდა, 2019-2020 წლებში. მაშოს ბავშვობიდან ეპილეფსია აქვს. ამბობს, რომ მედიკამენტების დახმარებით დაავადებას აკონტროლებს და რამდენიმე წელია კარგად გრძნობდა თავს. ჰყვება, რომ კარფურში მუშაობის პერიოდში წამლის მიღება ახალი დაწყებული ჰქონდა და მის რამდენიმე ხელმძღვანელთან შეთანხმებულიც იყო, რომ ზუსტად 16:00 საათზე წამლის დასალევად სალაროდან უნდა ამდგარიყო.

მაშო ამბობს, რომ სამსახურში ახალი ხელმძღვანელი აიყვანეს, რომელიც ასევე დაითანხმა, რომ მედიკამენტის მისაღებად გასულიყო, მაგრამ ერთხელ წამლის დასალევად არ გაუშვეს, რის გამოც მეორე დღეს ცუდად გახდა და სამსახურის გაცდენა მოუწია.

"ფიზიკურად ვერ მივედი. ამის გამო გამიშვეს სამსახურიდან. 3 დღე ვიყავი ცუდად. ამის შემდეგ კარფურიდან ვიღაც ფრანგმა, ზედა ეშელონიდან ბოდიში მომიხადა, მაგრამ ბოდიშის მეტი არაფერი იყო. არცერთი კარფური არ მიღებს ამის მერე", - ამბობს მაშო.

ია გელაშვილი 18 წლიდან მუშაობს. მან ჯერ გურამიშვილის, შემდეგ კი ბოჭორიშვილის ქუჩაზე კარფურის ფილიალებში იმუშავა 2022-2023 წლებში. იასაც იგივე გამოცდილება აქვს, რაც სხვებს - ტომრების თრევა, 8-საათიანი სამუშაო შესვენების გარეშე, ხელფასის დაკლება.

ია გელაშვილი

"შრომის ინსპექციაში ვუჩივლე და მინიმალური თანხა ამინაზღაურეს. ეგ მაინც დავამტკიცე, რომ რაღაც თანხა დამაკლეს და დამირიცხეს. თავიდან ხელშეკრულებასაც არ მაძლევდნენ, სანამ სპეციალური სამსახური არ ჩავრთე", - ჰყვება ია და დასძენს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტში 40 საათი ეწერა, კვირაში 48 საათს ამუშავებდნენ.
"ჩვენს დიასახლისს შვებულება ეკუთვნოდა, მაგრამ არ უშვებდნენ და ძეხვების სექციის გოგოს 300 ლარი გადაუხადა, მისი მოვალეობა რომ გადაებარებინა და თვითონ შვებულებაში გასულიყო", - იხსენებს ია.

კარფური ფრანგული საერთაშორისო კომპანიაა, რომელსაც საქართველოში Majid Al Futtaim Group-ი წარმოადგენს. კარფურის პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში 2012 წელს გაიხსნა. თანამშრომლების ბრალდებებზე პასუხის გაცემა არც კარფურში ისურვეს რადიო თავისუფლების მრავალი მცდელობის მიუხედავად.

29 წლის სალომე ქობალიამ 7 წლის განმავლობაში სხვადასხვა სამსახური გამოიცვალა საქართველოში. მუშაობდა "ნიკორაში", "ორ ნაბიჯში". 2022 წელს კი უკეთესი სამუშაო პირობების საძებნელად გერმანიაში წავიდა.

სალომე ქობალია

ახლა გერმანიაში შტუტგარტში ცხოვრობს და მე-3 თვეა, ერთ-ერთ რესტორანში სუშის ამზადებს. სალომე დილის 5 საათზე დგება, დღეში 7 საათს მუშაობს, აქედან ნახევარსაათიანი შესვენება აქვს. მეორე სამსახურსაც ითავსებს, სადაც 2 საათს მუშაობს. დადის გერმანულის გაკვეთილებზეც, მაგრამ გერმანიაში ისე არ იღლება, როგორც საქართველოში.

"არ ვნერვიულობ იმაზე, რას მეტყვის უფროსი. ჩემი უფროსი ქალი სულ აქეთ მახსენებს, საჭმელი ჭამეო. აქ შეუძლებელია, დამსაქმებელმა შესვენებაზე არ გაუშვას თანამშრომელი. წინააღმდეგ შემთხვევაში დასაქმებულს თავისუფლად შეუძლია კომპანიას უჩივლოს, ან შესვენების თანხა მოსთხოვოს. 2-3 დღე გაციების ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემის გამო სამსახურში რომ არ მიხვიდე, ექიმის ცნობა არ გჭირდება", - ამბობს სალომე.

რადიო თავისუფლების 30-ზე მეტი რესპონდენტიდან სუპერმარკეტში დარღვეული უფლებების დასაცავად სასამართლოს მხოლოდ ოთხმა მიმართა.

ქუთაისში მცხოვრებმა მაია კუპრავამ რეგიონული სუპერმარკეტების ქსელ "დეილის" უჩივლა, ნინო ფოსურმა - "ევროპროდუქტს", მარიამ წამალაშვილმა - "სპარს", გიორგი მაზმიაშვილმა - "კარფურს".

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში ამბობენ, რომ სასამართლოში მოგებულ საქმეთა სტატისტიკა 98%-ია.

2021 წლის 1 იანვარს შრომითი კანონმდებლობა ძირეულად შეიცვალა. შრომის ინსპექციას მანდატი გაეზარდა და შრომის ყველა სტანდარტის დაცვის ზედამხედველობას უფლება მიეცა. კანონმდებლობის ბოლოდროინდელი გაუმჯობესების მიუხედავად, საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი წერს, რომ შრომის სამართლიანი პირობები საქართველოში შეშფოთების საგანია.

"ზეგანაკვეთური სამუშაოს რეგულირება სუსტია, სოციალური დაცვა მინიმალური… ხელფასების დაურეგულირებლობა მშრომელებს ექსპლუატაციისაგან დაუცველს ხდის. მინიმალური თვიური ხელფასი, რომელიც 20 ლარია (დაახლოებით 7 აშშ დოლარი), 12-ჯერ ნაკლებია საარსებო მინიმუმზე და 1999 წლის შემდეგ არ გადასინჯულა. დაბალ ხელფასებს ამძიმებს შრომითი კულტურაც, რომელიც ხელფასის მოპარვას ნორმად აქცევს", - ვკითხულობთ 2023 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში.

"ორი ტიპის პრობლემა გვაქვს. ერთი ის, რომ დასაქმებულები შრომით კანონმდებლობას არ იცნობენ, მათი უფლებების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და მეორე, დაცულობა. დაცულობა უნდა იყოს გარანტირებული იმ კუთხით, რომ თუ ვამხელთ კომპანიას, დასაქმებულს პრობლემა არ უნდა შეექმნას. ამ კუთხით კანონმდებლობა კიდევ დასახვეწია. სახელმწიფომ დაცვის მექანიზმის შექმნა უნდა უზრუნველყოს. ამხილონ და დასაქმებულს ეს სამსახურის დაკარგვად დაუჯდეს, პრობლემაა", - ამბობს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი.

კანონმდებლობის კიდევ ერთ პრობლემაზე საუბრობს OSGF-ის სოციალური სამართლიანობის პროგრამის მენეჯერი ანანო ცინცაბაძე.

"სუპერმარკეტებში დასაქმებული ადამიანების ანაზღაურება არათუ საცხოვრებელი ხელფასის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, რაც საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით ადამიანის საშუალო შემოსავალი უნდა იყოს, არამედ ხშირად ვერ აკმაყოფილებს საქართველოში აღიარებული მინიმალური ხელფასის სტანდარტსაც კი", - ამბობს ანანო ცინცაბაძე. საქართველოში დასაქმებულის საშუალო ხელფასი თვეში საშუალოდ 1770 ლარი უნდა იყოს, არადა, სუპერმარკეტებში ხელზე ასაღები საშუალო ხელფასი 1000 ლარით ნაკლებია და 700-800 ლარს არ აღემატება.

დასავლეთ ევროპის ქვეყნები - მაგალითად, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი - სუპერმარკეტის თანამშრომლის საშუალო ხელფასი დაახლოებით 1500 ევროდან 2500 ევრომდეა თვეში.

ხელფასები უფრო მაღალია სკანდინავიურ ქვეყნებში (შვედეთი, ნორვეგია, დანია). სუპერმარკეტში საწყის დონეზე დასაქმებულების ხელფასი 2000-დან 3000 ევრომდე ან მეტია თვეში.

თუმცა ხელფასები უფრო დაბალია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში - პოლონეთი, უნგრეთი, რუმინეთი - დაახლოებით 300-დან 700 ევრომდე თვეში.

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის გასული წლის საქმიანობის ანგარიშში წერია, რომ 2022 წელს შრომის სხვადასხვა სფეროში 2510 ინსპექტირება განხორციელდა. აქედან რამდენი ქსელური სუპერმარკეტი შემოწმდა, ცალკე მონაცემები არ არსებობს.

ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ შრომის ინსპექციის სამსახურს მივმართეთ კითხვებით, თუ რამდენი ქსელური სუპერმარკეტი შემოწმდა გასულ წელს და რა დარღვევები გამოვლინდა. ეს და სხვა კითხვები ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, როგორც წერილობითი, ისე სიტყვიერად მიმართვის მიუხედავად, უპასუხოდ დარჩა.

Რადიო თავისუფლების ექსპერიმენტისა და ათობით ადამიანთან საუბრის შემდეგ, ქსელურ სუპერმარკეტებში საერთო პრობლემების ჩვენი სია კი ასეთია:

  • დაქირავებულებს ამუშავებენ ხელშეკრულებით განსაზღვრულზე მეტს და არ უნაზღაურებენ ზედმეტ საათებს;
  • ზოგიერთი სუპერმარკეტის თანამშრომლებს არ აქვთ დასვენების დღეები;
  • კონკრეტული ფუნქცია-მოვალეობები განსაზღვრული არ არის და თანამშრომლებს ავალებენ ყველაფერს, რაც დასჭირდებათ;
  • დასაქმებულები სრულად ვერ იყენებენ შესვენების დროს;
  • არ აქვთ სივრცე, სადაც საჭმელს შეჭამენ სუფთა და კომფორტულ გარემოში;
  • მოლარეებს ეჭრებათ დანაკლისების თანხა ხელფასიდან და, შესაბამისად, ისინი სრულად თითქმის არასდროს იღებენ კუთვნილ ანაზღაურებას;
  • მაღაზიებში სიმძიმეების აწევის გამო, დასაქმებულთა უმრავლესობას ექმნება ჯანმრთელობის პრობლემები;
  • თანამშრომელთა უმეტესობას არ გადასცემენ ხელშეკრულების ასლს;
  • იმის გამო, რომ მაღაზიაში ქურდების დევნას ავალდებულებენ, დასაქმებულები თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ;
  • მენეჯერები დაქვემდებარებულ თანამშრომლებს უღირსად ეპყრობიან.