როგორ ემხობიან ძეგლები საქართველოში

საქართველოს ძეგლების დადგმის, გადატანისა და ჩამოგდების მოკლე, მაგრამ მდიდარი ისტორია აქვს. თბილისში აღმართული პირველი ძეგლიც კოლონიური ძალაუფლების სიმბოლო იყო, თითქმის ისეთივე, როგორებსაც დღეს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში - აშშ-ში, ინგლისში, ბელგიასა და სხვა ქვეყნებში ებრძვიან.

ბრინჯაოს მეფისნაცვალი

საქართველოში აღმართული პირველი ძეგლი პირდაპირ კავშირშია რუსულ კოლონიალიზმთან. მეფისნაცვალ მიხაილ ვორონცოვის ბრინჯაოს („ორსართულიან სახლზე მაღალი“) ქანდაკება, თბილისში 1867 წლის 25 მარტს დადგეს. სწორედ ამ დღეს თქვა გრიგოლ ორბელიანმა, „არის კიდევ სხვა ძეგლი ვარანცოვისა... ეს ძეგლი დიდი ხანია, რაც აღმართულია ჩვენს გულშიო“.

ვორონცოვის ძეგლი თბილისში

თუმცა გულში აღმართული, რა თქმა უნდა, არ ითვლებოდა, ქალაქში აღმართულმა კი ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს გაძლო და მხოლოდ XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში დატოვა კვარცხლბეკი... უფრო სწორად დაატოვებინეს.

„რევოლუციის, შემდეგ - ეს ძეგლი მე ვნახე ისტორიული მუზეუმის ეზოში. ფოლადის ფეხები გადახერხილი ჰქონდა“-ო, ვკითხულობთ გალაკტიონ ტაბიძის დღიურში.

შესაძლოა, ვორონცოვის ძეგლი აიღეს I რესპუბლიკის დროს (აქტიურად იცვლებოდა ქუჩებისა და უბნების სახელდება), შესაძლოა აიღეს ბოლშევიკებმა. ოფიციალურადაც, აღების თარიღად მითითებულია 1922 წელი.

სიმბოლურია, რომ ახალმა დამპყრობლებმა, მოედანს, სადაც ვორონცოვის ძეგლი იდგა, თავიანთი ბელადის, კარლ მარქსის სახელი უწოდეს, კიდევ ერთი ბელადის, ლენინის ბეტონისგან ჩამოსხმული ბიუსტი კი 1921 წლის 21 სექტემბერს დადგეს რუსთაველის გამზირისა და გრიბოედოვის ქუჩის შესაყართან. ეს ამბავი, ცხადია, შემთხვევით არ მომხდარა, თბილისისა და საქართველოს ,,გასაბჭოებაში'' დიდი როლი უნდა შეესრულებინათ ძეგლებს. შესაბამისად, დაპყრობის შემდეგ საქართველოზეც გავრცელდა 1918 წლიდან რუსეთში ამოქმედებული ე.წ . ,,მონუმენტური პროპაგანდის'' ლენინისეული გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა „ბოლშევიკური რეჟიმისა და იდეოლოგიის მოსახლეობის ფართო ფენებში ,,პოპულარიზაციას'' ქუჩა-მოედნების გაფორმებისა და მონუმენტური ხელოვნების (ქანდაკების, დეკორატიული პანოების, მემორიალური დაფების ) მეშვეობით.გეგმის თანახმად ამხობდნენ ,,მეფეებისა და მათი მსახურების'' ძეგლებს და სამაგიეროდ, აღმართავდნენ ცნობილი რევოლუციური მოღვაწეებისა და მოვლენების აღსანიშნავ მონუმენტებს“ („ტერორის ტოპოგრაფია“, საბჭოთა თბილისი. sovlab 2017 )

ლენინი. მოქანდაკე პინჩუკი

ასევე სიმბოლურია ის ფაქტიც, რომ ბიუსტი მე-11 არმიასთან ერთად საქართველოში ჩამოსულმა მოქანდაკემ ვ. სერგეევმა დაამზადა, თუმცა სულ მალე ლენინის ათობით ძეგლს არა ბეტონში, არამედ სპილენძსა და ბრინჯაოში ჩამოასხამენ და საქართველოს ყველა ქალაქსა და სოფელში დადგამენ, მათ შორის დადგამენ ქვეყნის მთავარ მოედანზე, რომელიც იმ დროისთვის, თავისუფლების მოედნიდან ლენინის მოედნად იყო გადანათლული.

მეფის რუსეთის პერიოდიდან „საბჭოთა საქართველოს“ შემორჩება მხოლოდ მოქანდაკე ფელიქს ხოდოროვიჩის მიერ დამზადებული ორი ბიუსტი: ალექსანდერ პუშკინისა (1892 წ) და ნიკოლაი გოგოლისა (1903 წ), თუმცა გოგოლის ბიუსტს, რომელიც 9 აპრილის ბაღში იდგა, მოიპარავენ და უგზო-უკვლოდ გააქრობენ 1990 წელს.

ჯერ ყველგან, მერე არსად

1927 წელს ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგურის ტერიტორიაზე დაიდგა საბჭოთა კავშირში ლენინის ერთ-ერთი პირველი მონუმენტური ძეგლი (მოქ. ივანე ივანოვ-შადრი, არქ. ს. ჩერნიშოვი):

ლენინის ძეგლი ზაჰესში (გ. ქართველიშვილის კოლექცია)

7 მეტრი სიმაღლის ბრინჯაოს ლენინი იდგა ღია რუხი ფერის გრანიტით მოპირკეთებულ 15 მეტრის სიმაღლის კვარცხლბეკზე, თუმცა, შთამბეჭდავი ზომებისა და მოქანდაკის ოსტატობის მიუხედავად, ივან შადრის ეს მნიშვნელოვანი ნამუშევარი, ცხადია, არ იყო საბჭოთა საქართველოს „მთავარი ლენინი“. მთავარი ლენინი ქვეყნის მთავარ მოედანზე უნდა მდგარიყო!

და, აი, 1956 წლის 21 აპრილს თბილისში, ლენინის სახელობის მოედანზე საზეიმო ვითარებაში გაიხსნა კომუნისტური პარტიის გენიალური ბელადის, მსოფლიოში პირველი სოციალისტური სახელმწიფოს დამაარსებლის ვლადიმერ ილიას ძე ლენინის მონუმენტი, - ასე წერდნენ საბჭოთა გაზეთები.

ლენინის ძეგლის გახსნა თბილისში

„...ძეგლს ნელა მოეხსნა თეთრი საბურველი, შეკრებილთა თვალწინ წარმოდგა ვ.ი. ლენინის დიდებული ფიგურა, რომელიც დადგმულია მაღალ კვარცხლბეკზე. ლენინი გამოსახულია იმ მომენტში, როცა იგი სიტყვას ამბობს, წინ ხელგაწვდილი. 7,5 მეტრი სიმაღლის სკულპტურა დადგმულია ლამაზი ყავისფერ-წითელი გრანიტის 11,5 მეტრი სიმაღლის კვარცხლბეკზე. კვარცხლბეკი ეყრდნობა გრანიტის საფეხურებიან საფუძველს. სკულპტურული ფიგურის კომპოზიცია გამოხატავს კომუნიზმისაკენ წინსვლის იდეას, გადმოგვცემს ბელადის სიდიადეს, მის დაუცხრომელ ენერგიასა და შეუდრეკელ ნებას“, - ვკითხულობთ1956 წლის ჟურნალ „დროშის“ მე-5 ნომერში.

თბილისელებმა ლენინის „სიდიადესა და შეუდრეკელ ნებას“ 1990 წლის 29 აგვისტოს ღამის 1 საათსა და 20 წუთამდე უყურეს, სწორედ ამ დროს დასრულდა ძეგლის დემონტაჟი, რომელშიც ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ხალხიც მონაწილეობდა.

1990 წლის 30 აგვიტოს გაზეთ „თბილისის“ მიხედვით, ლენინის ქანდაკების აღების „ოპერაციას“ თბილისის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე, ნიკო ლეკიშვილი ხელმძღვანელობდა:

ლენინის ძეგლის ნაშთი თავისუფლების მოედანზე

„ერთი პიროვნების [ლენინის] ამდენ ქანდაკებას იშვიათად შეხვდებით სხვაგან. ისიც, ცნობილია, რომ ბოლო დროს რამდენჯერმე იყო ძეგლის აღების თვითნებური მცდელობა, რის გამოც დაზიანდა ქანდაკების კვარცხლბეკი. როგორც ჩანს, ქვეყნის სხვა ქალაქებში ლენინის ძეგლების აღებამ ჩვენთანაც [თბილისში] წარმოშვა იგივე სურვილი. ...ყოველდღიურად ამ ადგილს იცავდა მილიციელთა გაძლიერებული რაზმი. ადამიანებთან მილიციის სისტემატური შეხლა-შემოხლა უარყოფითად მოქმედებდა ქალაქის ცხოვრების რიტმზე. ყველაფერ ამის გათვალისწინებით საქალაქო საბჭოს პრეზიდიუმმა მიიღო დადგენილება „ლენინის მოედნის რეკონსტრუქციისა და კეთილმოწყობის შესახებ“, რომელიც ძეგლის გატანას ითვალისწინებს.“

ლენინი. მოქ. ვ. თოფურიძე

სულ მალე “რეკონსტრუქცია, რომელიც ძეგლის გატანას ითვალისწინებს”, ჩატარდება თბილისის ყველა რაიონის ყველა მოედანზე, ქუჩასა და სკვერში და ეს რეკონსტრუქცია თბილისის საჯარო სივრცეებიდან გააქრობს არა მხოლოდ ლენინის, არამედ საბჭოთა ოკუპაციასთან კავშირში მყოფი ყველა ისტორიული პირის ძეგლსა და სკულპტურულ კომპოზიციას.

თუმცა, საბჭოთა პერიოდის ყველა ეს ძეგლი (შექმნილი მნიშვნელოვანი მოქანდაკეების მიერ) გაქრა არა მხოლოდ თბილისის საჯარო სივრცეებიდან, არამედ ფიზიკურადაც განადგურდა, არადა, როგორც ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია ამბობს, თუკი შეუძლებელია ძეგლი დარჩეს ცოცხალ გარემოში, სადაც თანამედროვე, ცოცხალი საზოგადოება ერთიანდება, მაშინ ძეგლი უნდა იქცეს სამუზეუმო ექსპონატად.

ძეგლთა დამხობა 90-იანებში...

ნიკო ლეკიშვილი გაკვირვებას გამოთქვამდა თბილისში ლენინის ძეგლების სიმრავლის გამო. და მართლაც, იმ დროისათვის თბილისში იდგა მიხეილ ჭიაურელის ბეტონის ლენინი (მუშტაიდის ბაღი), თეიმურაზ ასათიანის ბრინჯაოს ლენინი (ქალაქი ბორის ძნელაძე), სერგო იაკიმოვიჩის ბრინჯაოს ლენინი (პოლიტექნიკური ინსტიტუტის წინ), დავით ურუშაძის ქვის ლენინი (ცოტნე დადიანის ქუჩა), მიხეილ ყიფიანის ქვის მჯდომარე ლენინი (სახელმწიფო კანცელარიის წინ), ივან შადრის ბრინჯაოს ლენინი ავჭალაში და ვალენტინ თოფურიძის ბრინჯაოს ლენინი თბილისის მთავარ მოედანზე.

დომხობილი "სერგო ორჯონიკიძე" (გ. ქართველიშვილის კოლექცია)

ცხადია, ლენინის ძეგლებთან ერთად აიღეს, სხვა ბელადებისა და საბჭოთა იდეოლოგიის მიერ თავსმოხვეული ისტორიული პერსონაჟების ძეგლები. კერძოდ, აიღეს:

ორი სერგო ორჯონიკიძე: ქვის, რომელიც იდგა მუშტაიდის ბაღში და ბრინჯაოსი გაბაშვილის ქუჩაზე;

ნესტორ კალანდარიშვილი - ლისის ტბაზე სკვერში, დაიკარგა 1991 წ;

ქვის ფელიქს ძერჟინსკი, რომელიც იდგა მ. ჯავახიშვილის ქუჩის სკვერი. დაიკარგა 1990 წ;

ორი ბრინჯაოს ბორის ძნელაძე - ერთი 1930 წლიდან იდგა გ. ლეონიძის ბაღში, მეორე, 1978 წლიდან, - ქალაქ ბორის ძნელაძეში, ორივე აიღეს 1990 წ;

ბრინჯაოს სერგეი კიროვი, რომელიც 1939 წლიდან იდგა ვერის ბაღში. აიღეს 1989 წ;

ვასილ კიკვიძე, რომელიც 1958 წელს დაიდგა ვარაზის ხევისა და გმირთა მოედნის გადაკვეთაზე. 1965 წელს გადაიტანეს კიკვიძის სახელობის პარკში. აიღეს 1991 წ;

ქვის კამო, უზნაძის ქუჩაზე. აიღეს 1990წ;

ბეტონის როზა ლუქსემბურგი ნაძალადევის კ/დ პარკიდან, სადაც 1923 წლიდან იდგა ვიდრე 1990 წლამდე;

ბრინჯაოს ალიოშა ჯაფარიძე ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე სკვერიდან - 1991 წ.

სკულპტურული კომპოზიცია პარლამენტის წინ: „მუშა და კოლმეურნე ქალს“.

გარდა ამ ძეგლებისა, კვარცხლბეკებზე თავი ასევე ვერ შეიმაგრა არაერთმა სკულპტურულმა კომპოზიციამ. ერთ-ერთი პირველი დაეცა (1989 წ) „შრომა, მეცნიერება, ტექნიკა“ (მოქანდაკეები ვ. თოფურიძე, შ, მიქატაძე), რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 1958 წლიდან იდგა და მისი ორივე ნაწილი მნახველს ახსენებდა საბჭოთა ეპოქის ყველაზე ცნობილ სიმბოლოს, ვერა მუხინას „მუშა და კოლმეურნე ქალს“.

სულ რაღაც 9 წელი გაძლო ზურაბ წერეთლის „მეგობრობამ“ დავით აღმაშენებლის ხეივანში, საიდანც 1990 წელს აიღეს. ერთი წლის შემდეგ იგივე ბედი გაიზიარა კიდევ ერთმა „მეგობრობამ“ - ბეტონისგან ჩამოსხმულმა სკულპტურულმა კომპოზიციამ, რომელიც ვიდრე 1991 წელს არ აიღეს, ავლაბრის მეტროს სადგურის წინ იდგა.

"მეგობრობა". ზურაბ წერეთელი

ბევრად ადრე, 1961 წელს აიღეს იოსებ სტალინის ბრინჯაოს ძეგლი (მოქ. სილოვან კაკაბაძე), რომელიც თბილისში, სანაპიროზე იდგა 1939 წლიდან. ცხადია, ქართული წარმომავლობის ბელადის ძეგლის აღება ხალხს არ მოუთხოვია, უფრო პირიქით, ხალხის ნება რომ ყოფილიყო ძეგლს კიდევ დიდი ხანი არ აიღებდნენ, რადგან სტალინს ჯერ კიდევ უმღეროდნენ ასეთ სიმღერებს:

იცოცხლე დიდხანს, სტალინო,
პროლეტარების ბელადო,
შენა ხარ მოვლინებული
დაჩაგრულების მხსნელადო
პროლეტარების მფარველად,
იმათ სარჩლად და მცველადო.

ამიტომაც იყო, რომ სულ რაღაც ხუთი წლით ადრე, 1956 წლის 9 მარტს ხალხმა სისხლიც კი დაღვარა „პროლეტარების მფარველისა და დაჩაგრულების მხსნელის“, დიდი სტალინის „პიროვნების კულტით“ შელახული სახელის დასაცავად.

სოციოლოგ ემზარ ჯგერენაიას თქმით, საზოგადოება ძეგლებს იმის გამო ერჩის, რომ სამყაროში მუდმივად მიმდინარეობს ღირებულებების გადაფასება.

ემზარ ჯგერენაია

„ჩვენი საზოგადოებიდან გავაძევეთ ლენინის ძეგლი, გავაძევეთ სტალინის ძეგლი - ესეც ღირებულებათა გადაფასების შედეგია ანუ რა ღირებულებებიც გაიმარჯვებს საზოგადოებაში, იმ ღირებულებების შესაბამისად შეიცვლება დამოკიდებულება ძეგლებისადმი, თუმცა ჩვენ არასოდეს არ ვიცით ზუსტად, რა ღირებულებები წამოვა წინ. ხშირად ისეთი ხალხის ძეგლი დგას, რომელთა ეპოქაში სხვა ღირებულებები იყო და იმ ეპოქაში დადგეს, რომლშიც ასევე დღევანდელისგან განსხვავებული ღირებულებები იყო, სხვა პოლიტიკური სისტემები იყო, შეფასების სხვა სისტემები არსებობდა“, - ამბობს ემზარ ჯგერენაია.

მოპარული, მოძალადე და პატრონიანი ძეგლები

ცხადია, ძეგლებს მხოლოდ შინაარსისა და შეცვლილი ღირებულებების გამო არ ერჩიან, ძეგლის მტერი შეიძლება იყოს როგორც მისი ესთეტური მხარე, ასევე ბანალური ვანდალიზმი ან ქურდობა, რასაც შეეწირა კიდეც თბილისისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი სკულპტურა - ფელიქს ხოდოროვიჩის ბრინჯაოს „ნიკოლაი გოგოლი“ (1904 წ) , რომელიც 1990 წელს მოიპარეს. ასევე გაქრა (1993 წ) ბრინჯაოში ჩამოსხმული მირზა-ფათალი ახუნდოვის ბიუსტი, რომელიც კოტე აფხაზის ქუჩის რეკონსტრუქციას ემსხვერპლა.

მოსაპარად გამზადებული ბიუსტი. გ. წიბახაშვილის წიგნიდან "ზამთარი გადატანილია"

უცნაური თავგადასავალი აქვს მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერს, სადაც 1981-1990 წლებში პირველი ჩეკისტის, ფელიქს ძერჟინსიკის ძეგლი იდგა. ძერჟინსკის ძეგლი 90-იანი წლების ტალღაში მოჰყვა, ოთხი წლის თავზე კი ამ სკვერში ბრინჯაოს ბიუსტი დაუდგეს ცნობილ ფრანგ ქართველოლოგს, მარი ფელისიტე ბროსეს, რომელიც მშვიდად იდგა 2004 წლამდე, ვიდრე არ მოიპარეს. გავიდა თერთმეტი წელი და ბროსეს კვარცხლბეკზე ცნობილი რეჟისორის, გიგა ლორთქიფანიძის ბიუსტი აღმართეს, ფრანგი მეცნიერის ძეგლი კი (ჩამოსხმული დაკარგული ბიუსტის ყალიბში), 2016 წელს დედაენის ბაღში დადგეს.

ყოფილა შემთხვევა, როცა ერთ ძეგლს მეორის გაძევებაც კი უცდია. ცნობილი მოქანდაკე, ელგუჯა ამაშუკელი იხსენებდა, როგორ თხოვდა ერთი პარტიული მუშაკი „ქართვლის დედისთვის“ ადგილის შეცვლას, რადგან ხმლიანი ქალი თურმე თავზე ედგა ლენინის ძეგლს და დიდ უხერხულობას ქმნიდა, თუმცა, ქართვლის დედამ, მოქანდაკის თქმით, წარმატებით დაიცვა თავი და ფეხი არ მოიცვალა სოლოლაკის ხეივნიდან.

თბილისში ძეგლების ამოძრავების ყველაზე გახმაურებული ისტორია უკავშირდება დავით აღმაშენებლის ქანდაკებას. მერაბ ბერძენიშვილის „დავით აღმაშენებელი“, რომელიც 1997 წლიდან იდგა სასტუმრო „ივერიის“ წინ, 2005 წელს, რესპუბლიკის მოედნის რეკონსტრუქციის გამო, თბილისის მერიამ აღმაშენებლის ხეივანში გადაიტანა.

მერაბ ბერძენიშვილი

ცნობილია, რომ არაქონებრივი უფლებები მუდმივად რჩება ავტორს და, რომ ამ უფლებების მიხედვით, ავტორს უფლება აქვს დაიცვას ნაწარმოები ყოველგვარი დამახინჯებისაგან ან სხვაგვარი ხელყოფისაგან, რომელმაც შეიძლება შელახოს ავტორის პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია.

ბევრი დღემდე მიიჩნევს, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლის გადატანით ეს უფლება შეილახა, თუმცა, მრავალწლიანი ბრძოლის მიუხედავად, ვერც თვითონ ძეგლმა და ვერც მისმა თაყვანისმცემლებმა ვერ აღიდგინეს ეს უფლებები და ვერც ბრინჯაოს დავითი დააბრუნეს თბილისის ცენტრში.

„ქანდაკება იდგმება იმისათვის, რომ ადამიანებს სიამოვნება მიანიჭოს, მის შემქმნელს კი - უსიამოვნებაო“, - წერდა მერაბ ბერძენიშვილი ჯერ კიდევ 1979 წელს, - „უმეტეს შემთხვევაში ასეა და ამ ხვედრს მოქანდაკე გაუძლებს, შეეგუება, ხოლო იმას, რომ ვიღაც მედროვეს უფლება აქვს ქანდაკების ავკარგიანობაზე აზრი გამოთქვას და ხელი შეუშალოს მის დადგმას - არასოდეს“.

დიდების მემორიალი ქუთაისში

ნათქვამის საწინააღმდეგოდ, მოქანდაკემ თავისი თვალით ნახა, 2009 წლის დეკემბერში, როგორ დაანგრიეს (ააფეთქეს) ქუთაისში ოთარ (ტონი) კალანდარიშვილის "დიდების მემორიალი", რომლის 46 მეტრიანი პანო და მხედრის ქანდაკება მერაბ ბერძენიშვილის მიერ იყო გაკეთებული და, რომელიც 1982 წელს დაიდგა საბჭოთა კავშირის ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავად.

„უშუალოდ კონსტრუქციის პირდაპირ, ცხენზე ამხედრებული შიშველი ჭაბუკი დგას. ეს ახალგაზრდა საქართველოს მომავალია, რომელიც წინ მიიჭრება და თავის სამშობლოს თავისუფალ, მებრძოლ ბუნებას განასახიერებს. თუ კარგად დააკვირდებით, ვერც ერთ საბჭოთა სიმბოლოს ვერ ნახავთ. ძეგლი ქართული ორნამენტებითაა გაფორმებული. შესაბამისად, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ავტორმა ამით არა საბჭოთა კავშირის, არამედ საქართველოს დიდება ასახა“, - წერდა მაშინდელი პრესა.

2000 - იანები და დამხობის მეორე ტალღა

უკვე დაწყებული იყო ძეგლთა დამხობის ახალი ტალღა, რომელიც რუსეთთან 2008 წლის ომმაც გააძლიერა: ქუთაისში „დიდების მემორიალის“ აფეთქებამდე, 2010 წის 18 თებერვალს გორის ცენტრალური მოედნიდან აიღეს იოსებ სტალინის მონუმენტი (მოქანდაკე შოთა მიქატაძე, არქიტ. ზ. და ა. ქურდიანები), რომელიც 1952 წელს, ბელადის სიცოცხლეშივე აღიმართა: ბრინჯაოს ექვსმეტრიანი ქანდაკება იდგა გრანიტის 9 მეტრიან კვარცხლბეკზე, რომელიც ამავე დროს ტრიბუნის ფუნქციასაც ასრულებდა...

სტალინის ძეგლი გორში

ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონიას თქმით, შეცვლილ კულტურულ-პოლიტიკურ დღის წესრიგი, ბევრი ფასეულობა ძეგლი და სკულპტურა აღმოჩნდა ისეთი, რომელსაც შინაარსობრივად აღარ ეთანხმება საზოგადოება, რომლებიც იწვევენ კონფლიქტს.

სოფო კილასონია

„ეს ძეგლები ფასეულობას ინარჩუნებენ მაშინ, თუკი ისტორიული ეპოქა, რომელშიც ისინი შეიქმნენ ან კულტურული ინფორმაცია, რომელსაც ისინი ატარებენ, ისტორიული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია. თუკი მოაქვთ გარკვეული სარგებელი ინფორმაციის, ცნობიერების ამაღლების სახით, რაც საზოგადოების საკეთილდღეოდ მუშაობს. ვგულისხმობ კულტურული მეხსიერების შენარჩუნებას, თანამშრომლობის გამოცდილების ისტორიას და ა.შ. მაგრამ, როცა ძეგლი, მონუმენტი დგას საერთო სივრცეში, საზოგადოება მასში ხედავს მნიშვნელოვან ფასეულობას, საკუთარ გამაერთიანებელ კომპონენტს. ამაშია პრობლემა, როცა სტალინის ძეგლზე ვსაუბრობთ. ქალაქის ცენტრში მისი არსებობა ავტომატურად გულისხმობს, რომ ქალაქი მას საერთო ღირებულების მატარებლად მოიაზრებს და ამიტომ იყო მნიშვნელოვანი მისი გადატანა“, - უთხრა სოფო კილასონიამ რადიო თავისუფლებას.

ორთაჭალჰესი. სტალინის ბარელიეფი

სტალინის ძეგლის აღებიდან მალევე, 2011 წლის 31 მაისს კი მიღებული იქნა „თავისუფლების ქარტია“, რომლის ერთ-ერთი მიზანი იყო, „კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრა, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა“. სწორედ ამ პერიოდში ორთაჭალჰესის ძირითადი კორპუსიდან ამოანგრიეს სტალინის ბარელიეფი, რამაც ბევრს გაახსენა შორეულ 90-იან წლებში იმელის შენობიდან იაკობ ნიკოლაძის ბარელიეფის მონგრევის ფაქტი.

ორთაჭალჰესი სტალინის ბარელიეფის მოსპობის შემდეგ

„არ მგონია, რომ ბარელიეფის მოხსნას იმელის შენობის ფასადიდან რაიმე რაციონალური ახსნა ან გამართლება ჰქონდა. ის იყო შენობის ნაწილი და შენობა რჩებოდა. შენობა უნდა შენარჩუნებულიყო ორიგინალური სახით, როგორც მუზეუმი საბჭოთა იდეოლოგიისა. ამგვარად გამოყენება, ამგვარად გაცოცხლება იქნებოდა პრაგმატულადაც სწორი ისეთ ქალაქში, რომლის ისტორია ადგილობრივებსაც აინტერესებს და - უცხოელსაც ამ ისტორიის პარადოქსულობის გამო“, - ამბობს სოფო კილასონია.

ძეგლები მესამე ტალღის მოლოდინში

ამჟამად ძეგლთა ჩამოგდების მეორე ტალღაც თითქმის გადავლილია, მოაღწევს თუ არა საქართველომდე მესამე ტალღა, რომელმაც ანტირასისტული მოძრაობის ფონზე აშშ, ინგლისი, ბელგია, ჩეხეთი და მსოფლიოს ბევრი სხვა ქვეყანა მოიცვა და, რომელიც წალეკვით ემუქრება რასიზმისა და კოლონიალიზმის სიმბოლოებს, ძნელი სათქმელია. საქართველოში კვლავინდებურად ბევრი ძეგლი დგას, მათ შორის დგას ქართველი მეფეებისა, არაერთგვაროვნი პოლიტიკური რეპუტაციის რუსი პოეტებისა, ქართული წარმომავლობის რუსი და საბჭოთა გენერლებისა და, როგორც ირკვევა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში საეჭვო დამსახურებების მქონე ისტორიული პერსონაჟებისა...

პეტრე ბაგრატიონი, რუსეთის არმიის გენერალი. მოქ. მოქანდაკე მერაბ მერაბიშვილი

თუმცა, როგორც ემზარ ჯგერენაია ამბობს, ძეგლის აღება, რთული და მრავალკომპონენტიანი საკითხია:

„მაგალითად ვინმემ შეიძლება თქვას, რომ პუშკინის ძეგლი ნიშნავს რუსულ იმპერიალიზმს („დამორჩილდი კავკასია, ერმოლივი მოდის“), მაგრამ პუშკინი ასევე არის ამ სიტყვების ავტორი:

Товарищ, верь: взойдет она,
Звезда пленительного счастья,
Россия вспрянет ото сна,
И на обломках самовластья
Напишут наши имена!

ა. პუშკინის ძეგლი თბილისში

ანუ თავისუფლების პოეტია და მისი ძეგლიც უნდა იყო დაცული იმიტომ, რომ გამოხატავს საერთო ადამიანურ ღირებულებას, რაც ადამიანებისთვის ძვირფასია, მაგრამ თუ ჩვენ ტირანის ძეგლზე ვლაპარაკობთ, მაშინ, ცხადია, დავუჭერდი მხარს მათ გადასახლებას მუზეუმში, განადგურებას არა. ჩვენ გვინდა კარგი, მაგრამ ცუდიც ცხოვრების ნაწილია და მასაც რაღაც ტიპის გარსი სჭირდება ანუ სადღაც უნდა იყოს ჩვენს მეხსიერებაში“.

მესამე ტალღის მოლოდინში ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ ძეგლები, რომლებსაც ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია ბიჟუტერიას უწოდებს. რადიო თავისუფლების არქივში შემორჩენილია 2016 წლის ჩანაწერი, რომელშიც ხელოვნებათმცოდნე ამბობს:

„თავისუფლების მოედანზე დადგმული მონუმენტი და მისი სტილის სხვა ქმნილებები ბიჟუტერიაა, რომლებიც აფუჭებენ სივრცეებს. გაივსო ქალაქი ნაგვით! ერთხელ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, თბილისში დგას ცუდი, ძალიან ცუდი და კოშმარული ძეგლები!“

წმინდა გიორგის 40 მეტრიანი ქანდაკება თავისუფლების მოედანზე

რომელი ძეგლი ბიჟუტერიაა და რომელი - შედევრი, ცხადია, ამასაც პროფესიონალები უნდა აფასებდნენ მრავალი კომპონენტით: როგორია გადაწყვეტის მეთოდი, სტილისტიკა, მასალასთან მუშაობის პრობლემების დაძლევა, როგორა ეწერება ლანდშაფტში, რამდენად სჭირდება გარემოს ეს სკულპტურა და რა ეფექტს იწვევს როგორც ვიზუალურად, ასევე მხატვრულად, თუმცა როგორც სოფო კილასონია ამბობს, ამავდროულად ხელოვნებათმოცდნეებმა უნდა გაიაზრონ სკულპტურის, ძეგლის ისტორიული როლიც.

კ. ლესელიძე, საბჭოთა არმიის გენერალი. მოქ. იაკობ ნიკოლაძე

„ქალაქს აქვს ჩვენზე მეტად დიდი ბიოგრაფია, მას აქვს რამდენიმე თაობაზე დიდი ბიოგრაფია. მგონია, რომ ჩვენ გვაქვს ვალდებულება, ეს ბიოგრაფია შევუნარჩუნოთ ქალაქს თუნდაც ძეგლების სახით, მთავარია ეს ძეგლი არ იწვევდეს დესტრუქციულ განწყობას და არ ქმნიდეს არასწორ წარმოდგენას საქართველოს თანამედროვე საზოგადოებაზე. ამავდროულად სივრცე ურბანულად უნდა იყოს ისეთი, რომ თანამედროვე ადამიანს აძლევდეს თავისუფლად სუნთქვის და კარგად ყოფნის საშუალებას. ავიღოთ პუშკინის ბიუსტი. რუსეთთან გარკვეულ ეპოქაში, გარკვეული კულტურული ურთიერთობა გვქონდა და რატომ უნდა გავაქროთ მისი კვალი? მთავარია, კვლევა და ადეკვატური შეფასება. მთავრია, ჩვენ ვიყოთ ჯანსაღი საზოგადოება და ძეგლი ვერ გახდება ბოროტება, ის შეიძლება იყოს ისტორიის, განვლილი გზის მტკიცებულება და არ შეიძლება იყოს ბოროტება, თუ ჩვენ არ დავტვირთავთ ბოროტი შინაარსით“, - უთხრა სოფო კილასონიამ რადიო თავისუფლებას.